[თემურ ლენგის პირველი ლაშქრობა საქართველოში]
[edit]საქართველოსაკენ რომ მოემართებოდა თემურ-ლენგმა თავრიზიდან გზად ნახიჭევანი გამოიარა და მიადგა გარნისის ციხეს. მისმა მეომრებმა იგი ადვილად დაიმორჩილეს და ციხისთავი შეიხ ჰასანი ტყვედ იგდეს ხელთ. ამის შემდეგ მისი ჯარი მიადგა სურმალუს ციხეს. სურმალუს დამცველებმა დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს თემურის ჯარს, მაგრამ, ბოლოს იძულებული შეიქმნენ დანებებულიყვნენ. მათი სარდალი თუმან თურქემანი თემურის მეომრებმა შეიპყრეს და გაბაწრული მიჰგვარეს მას. თემურმა სურმალუს ციხე დაანგრევინა და მიწასთან გაასწორებინა თავის ჯარს. ამის შემდეგ თემურმა გეზი ყარსისკენ აიღო.
ყარსის ციხე მთლიანად ქვითკირით იყო ნაშენი და გამოირჩეოდა დიდი სიმკვრივე-სიმტკიცით. მისმა გარნიზონმა სასტიკი წინააღმდეგობა გაუწია თემურის ჯარს, მაგრამ, ბოლოს იქაური ციხისთავი ფირუზ ბახთი იძულებული გახდა ტყვედ დანებებოდა მტერს. თემურმა იგი შეიწყნარა და არა ავნო რა და ციხეც დაუტოვა.
ყარსის შემდეგ თემური გადაუღებელ თოვასა და ყინვაში "ქითუს" (ალგეთის) გზით თბილისს მოადგა. [გვ.100]
თბილისის აღებისა და ბაგრატის დატყვევების შემდეგ ბაგრატი გამუსულმანდა. "ამ ქვეყნის შემწე-ქვეშევრდომთა და ხალხთა უმეტესობამ (რომლებიც ბაგრატს ახლდნენ) ჰანიფის სჯულისადმი მიდრეკილება გამოავლინა და ისლამის ნეტარებას ეზიარნენ". თემურს გამუსლიმანებული ბაგრატისათვის სამეფო ტახტი დაუბრუნებია და სამფლობელოც დაუმტკიცებია სხვა "დამატებებითა და დანართებით".
ამის შემდეგ თემური ყარაბაღის ყიშლაღზე დგას და ატარებს ზამთარს. გაზაფხულზე იგი შეიტყობს დერბენდის გზით ჩრდილოეთ კავკასიიდან თოღთამიშ-ხანის ლაშქრის გადმოსვლას. [გვ.101] მაგრამ ამ დროს იგი თავის ჯარით გოგჩის ტბის მიდამოებში დგას [გვ.102], საიდანაც უფლისწულ მირანშაჰს გზავნის თოღთამიშის უკუსაქცევად, ხოლო თვითონ გაილაშქრებს ყარა მოჰამედ თურქმანის წინააღმდეგ. თემურმა ალყა შემოარტყა ალინჯის ციხეს და ის იყო წყურვილით შეწუხებული მეციხოვნენი დანებებას აპირებდნენ, რომ ბედად მოსულმა წვიმამ წყლის სათავსები აავსო და მეციხოვნეებმაც შეცვალეს გადაწყვეტილება. [გვ.102] თემური ამის შემდეგ, ერთხანს ალინჯის, ბაიაზეთის, ვანისა და სხვა ციხეების დასაპყრობად იბრძოდა და ყველა დაიმორჩილა ალინჯის გარდა, რომელშიც ჯალაირანები იყვნენ გამაგრებული. [გვ.103]. ამ ციხეს თემურმა მოალყეები მიუჩინა და თვითონ ცენტრალური ირანისაკენ გაეშურა. მაგრამ იგი მალე იძულებული შეიქმნა შეეწყვიტა "სამწლიანი ლაშქრობა" და შუა აზიაში დაბრუნებულიყო იქაური საქმეების გართულების გამო. [გვ.105]
[თემურის შემოსევები "ხუთწლიანი ლაშქრობის" დროს]
[edit]1392 წ. გაზაფხულზე თემურმა ამუ-დარია გადმოლახა და ცენტრალური ირანისაკენ გამოემართა უზარმაზარი ჯარით. სხვადასხვა ქალაქების დაპყრობა-გაძარცვის შემდეგ იგი სულთანიეში შეჩერდა შესასვენებლად. [გვ.129]. აქედან იგი ბაღდადისკენ დაიძრა ცოტა შესვენების შემდეგ. გზაში დაიპყრო და გაძარცვა შირაზი, ისფაჰანი, ჰამადანი და სხვა ქალაქები. შემდეგ ბაღდადს მიადგა და ისიც დაიმორჩილა. ამ დროს ეახლა ნიზამ ად-დინი თემურს ქალაქგარეთ და შევიდა მის სამსახურში: "იმ დროს მე ბაღდადში ვცხოვრობდი და უპირველესი კაცი იქაურ მოქალაქეთაგან მე გახლდით, ვინც (თემურს) ფერხთა სამთხვევლად ეახლა". [გვ.139]
ბაღდადის დაპყრობის შემდეგ თემურის ლაშქარმა გადაინაცვლა სირიისაკენ და შეუდგა იქაური ციხე-ქალაქების დაპყრობას. [გვ.152]. ამასობაში შემოდგომაც მიიწურა, თემური სირიიდან გამობრუნდა ალათაღისაკენ და მუშის ველზე დადგა გამოსაზამთრებლად.
გაზაფხულდა თუ არა თემურმა მაშინვე გააგრძელა სამხედრო მოქმედება მიმდგომი ქვეყნების წინააღმდეგ. ბოლოს ისევ ალათაღისაკენ და იქიდან საქართველოსაკენ იბრუნა პირი. წინდაწინ თემურმა გზიდან ოთხი სარდალი გამოგზავნა ახალციხისაკენ, თვითონ უკან გამოუდგა ნადირობა-ნადირობით და თან მოსახლეობის ძარცვა-რბევასა და აწიოკებასაც არ აკლებდა ხელს. [გვ.156]
თემური ამ ყოფით მოვიდა ყარსამდე და ქალაქგარეთ დადგა. აქ მან შეიტყო შვილიშვილის დაბადების ამბავი, რომელიც ბატონიშვილ შაჰროხს შესძენოდა 796 წლის შავალის 28-ს (1394 წ. 26 ივნისი). [გვ.156]. შვილიშვილის გაჩენა თემურს ძალიან ეამა, ყრმას სოლთან იბრაჰიმი შეარქვეს და დიდი ლხინიც გამართეს სიხარულის ნიშნად. ლხინი "მანგულის" (კოლის) მინდორზეც გაგრძელდა, სადაც თემურის ბანაკმა გადაინაცვლა ამ სასიხარულო ამბის შეტყობის შემდეგ. [გვ.157].
სამცხეში გაგზავნილი ჯარის სარდლების სახელებია: ამირ ბორჰან ოღლანი, ამირ სეიფ ად-დინი, ჯაჰან შაჰ ბაჰადორი და ოსმან ბაჰადორი. [გვ.157]
კოლის მინდორიდან თემური არაგვის ხეობისაკენ "მთიანეთის გზით წამოვიდა ნადირობა-ნადირობით და საქართველოს ერთი წყება ვილაიეთები დაიპყრო" [გვ.157]. თემურმა დაამარცხა არაგვის ხეობის მრავალრიცხოვანი დამცველები და მთებიდან დაშვების შემდეგ იქვე სადღაც გაშლილ ველზე დაბანაკდა. აქ მას ლხინი და ღრეობაც გაუმართავს და ერთხანს განცხრომით ატარებდა დროს. [გვ.157]. ბანაკის აშლის შემდეგ თემური თბილისის გავლით შაქისკენ წასულა ნადირობა-ნადირობით. შაქიდან კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთებზე მცხოვრები ტომების აკლება-აწიოკებით აღმოსავლეთისკენ გაუყვა გზას. "ამ დროს თოღთამიშ-ხანისამბავი მოვიდა, რომ მისმა ჯარმა უკვე დერბენდი გამოიარაო." [გვ.157]
ეს ამბავი რომ შეიტყო თემური მაშინვე გაეშურა თოღთამიშ-ხანის შესახვედრად, მაგრამ მოწინააღდეგემ ბრძოლა არ მიიღო და გაბრუნდა უკან. [გვ.157]. თემური კი მდ. მტკვარს დაჰყვა და, რაკი უკვე დაზამთრებული იყო, ყიშლაღად დაბანაკდა მაჰმუდ-აბადს.[გვ.157].
გაზაფხულდა თუ არა თემურმა საჭირო სამზადისი გასწია, დერბენდი გაიარა და მდ. თერგის პირას შეხვდა თოღთამიშის ჯარს. დიდი ბრძოლა თემურის გამარჯვებით დასრულდა. თოღთამიშის ლაშქარმა უწესრიგოდ დაიხია უკან და თემური დაუყოვნებლივ მიჰყვა კვალში უკუქცეულ მტერს. [გვ.157]
თემურმა გადალახა მოწინააღმდეგის მიერ გადამწვარი ყუბანის ველები, გაძარცვა და დაანგრია ოქროს ურდოს დედაქალაქი სარაი-ბერქე, აგრეთვე აზოვი და ასტრახანი, გაძარცვა მოსახლეობა და წამოიყვანა მრავალი ტყვე. [გვ.162]
უკან დაბრუნებისას თემურმა საგანგებოდ დალაშქრა ჩრდილო კავკასიის მთიანეთი, დაუნგრია მათ ქრისტიანული საკულტო ძეგლები და ძალით მიაღებინა ისლამი. [გვ.163-164]
უკან დაბრუნების შემდეგ თემური შირვანში დაბანაკდა. შირვანშაჰმა შეიხ იბრაჰიმმა დიდი ღრეობა გამართა მის საპატივსაცემოდ. თემურმა მას შირვანის მბრძანებლობა ხელახლა დაუმტკიცა. იგი თან ახლდა თემურს თავისი ჯარით ოქროს ურდოს წინააღმდეგ ლაშქრობის დროს. [გვ.165]
სამარყანდში დაბრუნების წინ თემურმა ალინჯის ციხის ალყა ბატონიშვილ მირანშაჰს დაავალა და ჯარიც ბლომად დაუტოვა სულთან სანჯარ სეიფ ად-დინის სარდლობით. [გვ.166]
["შვიდწლიანი ლაშქრობის" დაწყება]
[edit]ინდოეთიდან მობრუნებულ თემურს სამარყანდში აცნობეს, რომ "აზერბაიჯანსა და მის დაქვემდებარებულ ქვეყნებში უწესრიგობას გზა გახსნოდა და ქართველ-სომეხთა ლაშქრისაგან რაიებს დროდადრო ზიანი მოსდიოდათ", ამიტომ თემურმა "ჰიჯრის 802 წელს (1399 წ. სექტემბერი) ძლევამოსილი დროშები ხორასნისაკენ დაძრა". [გვ.212]
[ლაშქრობა "ხამშას ხეობაში"]
[edit]1399 წლის ზამთარში თემურმა ყარაბაღის ყიშლაღში დაბანაკებული ლაშქრიდან შეარჩია ყოველი ათი კაციდან სამი. გარდა ამისა შირვანშაჰ შეიხ იბრაჰიმის მეშვეობით შეირიგა ალინჯის ციხესთან მოკლული შაქისელი სიიდი ალის შვილი სიიდი აჰმედი, მას მამის სამკვიდრო დაუმტკიცა და საქართველოს წინააღმდეგ ლაშქრობაში მონაწილეობა დაავალა შეიხ იბრაჰიმთან ერთად. [გვ.213]
თემურის ლაშქარი მდინარე მტკვარზე გადავიდა ნავებითა და გემებით სახელდახელოდ გამართული ხიდით. აქ მას შეუერთდნენ შეიხ იბრაჰიმი და სიიდი აჰმედი თავიანთი ლაშქრით. შეერთებულმა მხედრობამ შაქი გადაიარა და მიადგნენ საქართველოს საზღვრებს. პირველ რიგში მათ გაილაშქრეს "ხამშას ხეობაზე", რომელიც "ურწმუნოთა ადგილსამყოფელი და საცხოვრებელი ადგილი იყო". [გვ.213] ამ ხეობამდე მისასვლელი გზები გაუვალი და ტყით დაფარული იყო. [გვ.213]. თემურმა მოლაშქრეებს უბრძანა, რომ ხერხით, ხელეჩოთი და ცულებით ტყეში ისეთი გზა გაეწალდათ, რომ ლაშქარს თავისუფლად შეძლებოდა ათი დღის სავალზე მყოფ მტრის ადგილსამყოფელამდე. [გვ.213]
იმ ხანებში განუწყვეტლივ თოვდა ოც დღეს და "მთებსა და ველებს ქაფური ეფრქვეოდა ღრუბლის საცრიდან". ასეთ ყინვა-სუსხში "ისლამის ლაშქარი ცეცხლივით დაატყდა თავს ურჯულოებს და ვინც კი მოიხელთეს, დახოცეს". [გვ.213]. "ხამშა ერთ-ერთი ურწმუნოთაგანი იყო".[გვ.213]. ხამშას დევნაში ჩაღათაელები მივიდნენ ასუნის ხეობამდე. "ხამშამ ყველაფერი მიატოვა და ტყეებში გაუჩინარდა. თოვლმა კი გზები შეკრა. ლაშქრის ჯორ-ცხენი და სხვა ცხოველები დასუსტდა და გაილახა, მაგრამ მეომრებმა უამრავი ცხვარი და ძროხა იშოვნეს დავლად. მათ სახლებს ცეცხლი წაუკიდეს და დასწვეს". [გვ.213] თემურის ჯარმა ამის შემდეგ დაიწყეს ბაღ-ვენახების გაკაფვა და ნაყოფიერი ხეების დაჭრა და შემოტყავება.
[თემურის მეექვსე შემოსევა 1400 წელს]
[edit]"მდელოს ნელსაცხებელთა სავანიდან გაზაფხულის სურნელოვანმა სიომ რომ დაჰბერა" თემურმა თავისი სარდლების, ბატონიშვილების, ნოინებისა და ქვეყნის თავკაცების ყურულთაი შეჰყარა, რომელზედაც კვლავ საქართველოს წინააღმდეგ გალაშქრება იქნა დადგენილი დიდი "ბჭობისა და გამორჩევის" შემდეგ. [გვ.214]. ლაშქრობის დაწყების წინ თემურმა ქვეით მეომრებს ცხენები დაურიგა, ლაშქარში ულუფა და თაღარი გაანაწილა და სხვადასხვა საჩუქრებიც გასცა. [გვ.214].
თემურმა გიორგი მეფეს მოციქული გაუგზავნა და უფლისწულ თაჰერის გადაცემა მოსთხოვა, მაგრამ საქართველოს მეფემ თემურის მოციქული ხელცარიელი გამოისტუმრა და საქმის შედეგებზე კი არაფერი იფიქრა.[გვ.214]. ამის შემდეგ თემურის ლაშქარი საქართველოს შემოესია. მან ყარაბაღის ზამთრის საძოვრებიდან გამოიარა ბარდავი, შემოვიდა საქართველოში და დაიწყო პურის ყანებისა და ხეხილის ბაღების განადგურება. [გვ.215].
"ქართველებს თავი მაღალ მთებსა და გამაგრებულ მღვიმე-ქვაბებისათვის შეეფარებინათ და ძნელადმისადგომ ადგილებში თავშესაფრები და სიმაგრეები აეგოთ თავდაცვის მიზნით. ომში გამოცდილი მეომრები და სახელოვანი ბაჰადორები სიმხნისა და მამაცობის ზღვარს გადადიოდნენ, ზანდუკებში სხდებოდნენ, ზანდუკებს მთიდან თოკით დაბლა უშვებდნენ და გამოქვაბულებს რომ გაუსწორდებოდნენ ისრით, ხმლითა და შუბებით ებრძოდნენ შიგ გამაგრებულ ურწმუნოებს, ცეცხლმოკიდებულ ნავთის ქოთნებს ესროდნენ და უწვავდნენ ხის ნაგებობებს. ურწმუნოებიც თავგანწირვით იბრძოდნენ სიკვდილის შიშით. ბოლოს, გამარჯვების ვარდი ისლამის კოკორისაგან გაიფეთქა ძლევის ქარით და მფარველობის შტო აილორთქა და აღივსო ბედნიერების ნაკადულით: მათი ციხე-სიმაგრეები დაიმორჩილეს, ვინც გამუსლიმანდა ცოცხალი დატოვეს, დანარჩენებს კი ტანიდან თავი გააგდებინეს მოსპობის ხმლით. ასე დაიპყრეს თხუთმეტი ციხე. მეციხოვნეთა უმრავლესობა კი დახოცეს. მერე ხორასნის სპა გამოჰყვეს და თბილისში დასტოვეს გარშემო მიდამოების დასაცავად, მისი უდიდებულესობა საჰებყერანი კი მუხრანის ველზე დაბანაკდა უძლეველი ლაშქრით". [გვ.215].
"მოვლენათა საოცრებანი იმაში მდგომარეობს, რომ მისმა უდიდებულესობა საჰებყერანმა კურდღლის წელიწადს (1399) ინდოეთში რომ გაილაშქრა, მისი კურთხეული ასაკი, დაე საუკუნეებით გრძელდებოდეს იგი, 63 წელი იყო, ახლა კი ნიანგის წელიწადს (1400) კი 64 წლისა გახდა. ამ მცირე დროის მანძილზე ინდოსთანის ქვეყანაში ციხეების, სიმაგრეების და ქალაქების დაპყრობა უკვე დამთავრებული ჰქონდა და ახლა არმენია და გორჯესთანიც დაიპყრო თავგანწირული ბრძოლით. თვით ისქანდერიც რომ ყოფილიყო მის ადგილზე, მისი ბედის ქურანი ათას ადგილას მაინც წაიბორძიკებდა და, თუნდაც ჭენებით ეტარებინა, მარტო გზის დაფარვასაც კი ვერ აუვიდოდა." [გვ.215].
მუხრანის ველზე დაბანაკებულ თემურთან მივიდნენ "ქართველი აზნაურები და იმ მიდამოთა დიდებულები" და მორჩილება გამოუცხადეს მტერს. [გვ.215].
ამის შემდეგ თემურმა მარბიელები გაუსია გარეშემო მოიდამოებს. სეიდ ხოჯამ და ამირ ჯაჰანშაჰმა ქართლი მოითარეშეს და ნადავლად ბევრი ჯოგი და ფარა მოასხეს. [გვ.216]. შემდეგ წარგზავნილ სარდლებს თემურიც უკან გაჰყვა დანარჩენი ჯარით სამთავისის გზით. [გვ.216]. სანამ გორს მიაღწევდნენ თემურის "ლაშქარმა ურიცხვი ქონება იშოვნა დავლად, ურწმუნოთა შენობები დასწვეს, ყანები გაანადგურეს და ეკლესიები კი დააქციეს". [გვ.216]. ასე მიაღწია თემურის ჯარმა "ორდი-ბეგს" (გორის ციხეს) "უაღრესად მკვიდრსა და საგულდაგულოდ გამაგრებულ ციხე-სიმაგრეს". [გვ.216]. თემურმა ეს ციხე იმავე დღეს დაიპყრო და მიწასთან გაასწორა. ამის შემდეგ თემურმა გიორგი მეფის შესაპყრობად ამირები გაგზავნა. მათ "დიდი რბევა განახორციელეს, ურიცხვი ნადავლით დაბრუნდნენ და მთავარ ბანაკს შეუერთდნენ".
ამის შემდეგ თემურის ბანაკი აიყარა, გადალახა მდინარე მტკვარი და "ზარიათის" (მძოვრეთის ანუ ძამის) ციხეზე გაილაშქრა, სადაც ქართველი აზნაურები იყვნენ გამაგრებული. [გვ.216]. ეს ციხე ისეთი მაღალი და მიუვალი იყო, რომ ჯერ არავის სმენია, ვინმეს ოდესმე ძალით აეღოს. ამ ციხისათვის ბრძოლა ხუთ დღეს გაგრძელებულა. [გვ.216]. აქ თემურმა შეიტყო, რომ გიორგი მეფე "სავანეთის" ციხეში იყო გამაგრებული.
[ბირთვისის ციხის აღება]
[edit]ბირთვისის ციხის ციხისთავი იყო ნურალი. ნიზამ ად-დინი თვითონ ესწრებოდა ციხის აღებას: "და ეს მონა იმ დიდებულ ლაშქრობაში თანახმად ბრძანებისა დიდებული უზანგის მხლებლად ვიყავი".
- 1937 წ. პრაღის გამოცემა - გვ.280-281