Jump to content

მოწვევა

From Wikisource
მოწვევა
ავტორი: ალექსანდრე ორბელიანი
1834


ჩემო სიცოცხლევ და
კვალად მარადა.
ეგ შენი სახე
ვით დავივიწყო,
რომ სადაცა ვარ,
ყოველთვის თანმდევს?
ვის შევამზგავსო
ეგ ზეცის სახე!
რომელშიაცა
სული გამიბამს
და ქამანდისგან
ვეღარ მიხსნია?
ამისთვის თხოვნით
შენა მოგმართავ,
და ჩემს საწყალსა
ამ ჩემსა გულსა;
შენსა ლამაზთა
თეთრ ხელთა ზედა
სიხარულითა
მსხვერპლად მოგართმევ,
რათა მოხვიდე,
და მაგ შენისა
გამომხსნელის ხმით
ეს ჩემი სული
შენვე გამოხსნა,
რომ საუკუნოდ
მე დამავალო,
და ამ სოფლისა
შენგნით ვიცოცხლო.

1834-სა წელსა
ალექსანდროვკადგან..