მთას
მთას ავტორი: დუტუ მეგრელი |
მთას
ნეტა შენ, მთაო, ცას რომ სწვდება შენი მწვერვალი,
ღრუბლებს ზევიდან თეთრ-სპეტაკად გამომზირალი,
და დგეხარ შენთვის, დიდებული, თავისუფალი,
არავის მონა, არც არავის ბატონ-უფალი!
დგეხარ დღიდანვე გაჩენისა და კვლავც იდგები;
ვერას გაკლებენ ათასობით მიმქროლი წლები:
მოდგმა მოდგმას სცვლის შენს გარშემო და ერი ერსა,
შენ-კი, რაც იყავ, იგივე ხარ, არ იცვლი ფერსა!
დილას მზის სხივნი ყველაზე წინ შენ გეხვევიან;
ათას ფრად მბრჭყვინავ ძვირფას თვლებად ზედ გებნევიან
და საღამოსაც, რა გვირგვინად დაგედგმებიან,
კვლავ ყველაზედვე უფრო გვიან გეთხოვებიან!
შენთვის ერთია, ავდარია, თუ არის დარი,
მყუდროებაა, თუ ზუზუნებს და კვნესის ქარი;
დღეა მშფოთავი, თუ ღამეა, მშვიდი და წყნარი;
მზე დაგქათქათებს, თუ დაგნათის მთვარე, ნარნარი!
როცა დარია, შორს, შორს სჩანხარ, გაბრწყინვებული,
ზღაპრულ, გამჭვირვალ, ლურჯ პირბადე აფარებული;
როცა ავდარი, _ შავის ნისლით ხარ შებურვილი,
თითქო ცოდნისაც, გარს რა ხდება, არ გაქვს სურვილი!
დე, წვიმდეს, თოვდეს!.. დე, ელავდეს, ქუხდეს გრგვინავდეს!
მთელი ქვეყანა შიშისაგან ძრწოდეს, გმინავდეს
და ცა წალეკვას იმუქროდეს, განრისხებული,
შენ ყურს არ უგდებ, _ დგეხარ ისევ დამშვვიდებული!..
(სხვას არას ართმევ და, რაცა გაქვს, სხვისთვის არა გშურს
ყველა სარგებლობს სიმდიდრითა შენით, ვისაც სურს:
მწერი, ქვემძრომი, ტყის ნადირი და ცის ფრინველი_
ყველასთვის სუფრა გაშლილია, დაულეველი!
და თვითონ კაციც, თავს ბუნების მეფედ რომ სახავს,
თუმც შენს მწვერვალზედ ამოსული არც-კი გინახავს,
და, ძლივს მცოცავი იქ, ძირს სადღაც უფრო მატლსა ჰგავს,
ხან საშოვრისთვის, ხან საამოდ ხშირად მოგმართავს!
და თან ჰგონია, ვით სამყაროს მცირე ნაწილი,
შენც მხოლოდ იმის მოსახმარად ხარ გაჩენილი!..
რა გენაღვლება?.. დე, ოცნებით ამით იცოცხლოს,
სანამ, ვით მატლსვე, არ მოუღებს სიკვდილი ბოლოს!..
ნეტა შენ, მთაო, ცას რომ სწვდება შენი მწვერვალი,
ღრუბლებს ზევიდან თეთრ-სპეტაკად გამომზირალი!
ნეტავ შენ, მთაო, დიდებულო, თავისუფალო,
არავის მონავ, არც არავის ბატონ-უფალო!