ლურჯას
Appearance
ლურჯას ავტორი: ვაჟა-ფშაველა |
1890 წელი |
ლურჯავ, შენც გრძნობა გქონია,
როგორც კაცს, ადამიანსა:
ბარით რო მთაში წამოვალ,
შენ დროს ახანებ გვიანსა,
მუხლში ქარს ჩამაიყენებ,
დაემსგავსები ნიავსა.
არ აბედენებ კლდე-ღრეებს,
მკერდს იქნევ ყალამქრიანსა,
შენც გული გიგებს, ტიალო,
მივალთ სამშობლოს მთიანსა,
კლდეზედაც კარგა მიჰფრინავ,
უგზოს გზასა ჰქმნი გზიანსა.
გულით მაშორებ ვარამსა,
ვარამსა ათასფრიანსა,
არწივის ფრთეებს შეასხამ
ჩემს ფიქრსა მრავალ-ფრთიანსა.
მაყვარვებ უდაბურს ადგილს,
ჭიდროსა, ნადირ-მგლიანსა,
გვიან ზაფხულის მნახველსა,
მწირსა და მოკლე-სთვლიანსა, –
ადგილს უმთვაროს, უმზეოს,
ჩვენ რომ ვეძახით მზიანსა!