Jump to content

ლერწამი რხეული

From Wikisource
ლერწამი რხეული
ავტორი: ვასილ ბარნოვი



1 - უეცრად მოშორდა ეთერი აქაურობას, გაიჭრა მოულოდნელად, შემკრთალი გვრიტივით გაფრთხიალდა ბუდიდან; მოსწყდა ჩვენს არემარეს, როგორც ვარსკვლავი ცის კამარას! - ვინ იფიქრებდა! იყო თავისთვის შრომაში გართული, ლუკმისათვის მუშაობაში. აქვე მოახერხა საქმის პოვნა, შორს ტანტალი აღარ დასჭირდა; ეს ძვირფასი იყო მისთვის და იმის ხელმოკლე ოჯახისათვის. - პატივიც დაიმსახურა პატიოსანმა. - ბოლოს დროს დარდი რამ ემჩნეოდა: გული უჩქროდა, ოხრავდა, საქმეს ერთგულად ვეღარ ეპყრობოდა, ტოლს-სწორს ერიდებოდა; თუ ხალხში მოჰყვებოდა, ღელავდა. - ამბობენ, გვარდა მოუდითო მარგაშვილებს უცნაურობა: ჰხედავთ, სიკეთით არის შემკული ადამიანი და მიდის მშვიდად თავის გაზაზე; მოულოდნელად დაჰკრავს ქარი რამ და საოცარს ჩაადენინებს. - რა სათქმელია! ყველასა სჩვევია უცანაურობა ხანდისხან. მდორე წყალიც შეითამაშებს, შესტყროცნის მოულოდნელ ტალღას. არა, სხვა მიზეზი ჰქონდა ეთერს, სხვა გულის ტკივილი; მას აქეთ დაეტყო ქალს უცნაურობა, რაც დარისპანმა უღალატა. - ჭკუას ახლოა! ისეთი საქმე ცაეშალა მაშინ, სიცოცხლედ უღირდა. - ოღონდაც! - ამბობენ, მეტად იყოვო დაახლოვებული ყმაწვილ კაცთან. - იქნება კიდეც იგემა ნაყოფისაგან ხისა მის ცნობადისა; - თუ ეგრეა, სხვა გზა აღარ ექნებოდა ქალს, აქედან გადაკარგვის მეტი. ასე უბნობდნენ ეთერზე; დიდი მითქმა-მოთქმა დაჰბადა ამ ქალის უეცრად წასვლამ. დიდ ქალაქში ამისთანა ამბავი შეუმჩნევლად დარჩებოდა, რადგან იქ ყველას მხოლოდ თავისი თავი ახსოვს და საქმე არა აქვს მასთან, რა ხდება კედელს უკან. მაგრამ ამისთანა მცირე დაბაში სხვაა, აქ ჭრელ რამ პეპელას გაფრენაც შესამჩნევია, ეთერი კი ჭრელი ფარვანა იყო აქაურობაში და საამო. 2 ღარიბი ქალი იყო ეთერი. მისი მამა გროშს ემსახურებოდა. სწერდა მთელს დღეს, სწერდა განუწყველივ და თან თავის პატარებზე ფიქრობდა: მათ დღიურ გამოკვებაზე დარდობდა. ამაზე შორს ვერა ფრინავდა მისი ფიქრი, რადგან მხოლოდ გამოკვებაც ოჯახისა, პურის მიწოდება, მძიმე ტვირთი იყო მისთვის. ბევრჯერ უნატრია აბრამ მარგაშვილს თუნდ მცირეოდენი ქრთამი ან პოვნა ცოტაოდენის ფულისა, მაგრამ ფულს იმის ბედობაზე არავინ აპნევდა და ქრთამზე ფიქრით კი ამაოდა სცოდავდა მუშაკი გულსა შინა თვისსა: ქრთამის აღების შნო არა ჰქონდა, პატივიცემის გახსენებაზე წითლდებოდა; პატიოსნად იყო გაჩენილი ბუნებით, მხოლოდ ბედს ძალიან მოკლედ დაება და შიმშილით აღრძობდა. - არა გჯერა, რომ ზოგი კაცი ბუნებით იბადება უანგარო? ტყვილად არა გჯერა! ამ კაცს ერთადერთ ნუგეშად ის უჩნდა, რომ შვილები საუცხოოდ სწავლობდნენ და მალე დაიმსახურებდნენ ხოლმე ქველმოქმედების ყურადღებას: შრომის მოყვარეობა ძირითადი თვისება იყო დაუღალავ მუშაკის შვილებისა. აბრამას ქალმა ეთერმა წარჩინებულად გაათავ სასწავლებელი და იმ დღიდან შრომობდა ისიც თავჩაღუნული. უბრალოდ იცვავ-იხურავდა სადა ცხოვრებას შეჩვეული, არ ანებივრებდა თავს და შრომის ნაყოფს თავის ღარიბ სახლში ატრიალებდა. გვერდში ამოუდგა მამას, ტვირთი შეუმსუბუქა, გულს იმედი ჩაუსახა. ოჯახზე ზრუნვით მოცული ქალი შრომობდა განუწყვეტლივ, ბუნება კი თავისას თხოულობდა: ნორჩი იყო და ყვავილოვან სიცოცხლეზე ფიქრობდა, ეშხით ღვივდებოდა, სიყვარულით იმსჭვალებოდა, ბედს ელოდდა, ზღაპრულ იღბალს. მოვა განათლებული, ყოვლად პატიოსანი რაინდი, თვალს გადაავლებს არემარეს და ერთი სეხედვით იცნობს ქალის გულს, მის მოლოდინით გამსჭვალულს ფა აღფთოვანებულს. მოვა, გაუღიმებს, მკლავებს მოჰხვევს ძლიერს და გაიყვანს ბრძოლის მოედანზე, ქვეყნისათვის სანუგეშო ბრძლის არეზედ. მისდევს ეთერი თავის ბედის ვარსკვლავს ეკლიან ჰზაზე, უადვილებს თანაგრძნობით საქვეყნო შრომას, ტანჯულ გულს უხალისებს, უმხნევებს ახალ-ახალი ბრძოლისათვის, მხოლოდ მის სანაცვლოდ ელის მისგან ტკბილ ალერს. - ეთერო ჩემო! ჩემი შრომა და მისწრაფება მხლოდ სხვას უკვალავს გზას, მხოლოდ მოძმებს უნათებს ბნელ სავალს, შენთვის კი, პირად შენთვის, ურგები ვარ; უზრუნველი ყოფა ვერ მოგიპოვე, რომ შენც გაერიოა ტოლ-სწორში და მათთან ერთად მოჰკრიფო ყვავილი ცხოვრებისა. - ნუ, საყვარელო, ნუ! შენი გზა სანატრელია ჩემთვის და სასიქადულო. განა შეიძლება მხოლოდ საჩემოდ გიგულო, როცა შენ მხოლოდ ქვეყნისთვის ფიქრობ! იარე, ნუ შედრკები! ვერავინ სთქვას: სახლზე ზრუნვამ ღონე მიჰხადა ხალხის მუშაკს, - ეტყოდა ეთერი და ტკბილად შეჰხედავდა ოცნებას. რაინდი ჩაეკონებოდა ეთერს, მის ნათელ თვალებიდანა სწოვდა ბოროტთან საბრძოლველად ახალ-ახალ ძალებს. და ეთერი თავის ჩაფიქრებულ თვალებს მიაპყრობდა სარკეს რომ განეცადა მათი სიმშვენიერე, სხვისთვის, იმ რაინდისთვის შექმნილი თვალთა სიმშვენიერე. - მიყვარხარ შენ, მიყვარს შრომა შენი და მსხვერპლად მომირთმევია შენთვის ჩემი არსება! - ოცნებობს ეთერი და სარკეშივე იხედება, რომ კვლავ დარწმუნდეს, რა ღირსი მსხვერპილია მისი მშვენიერი არსება. ბედმა გამიღიმა: ახალგაზრდა, განათლებული, ქვეყნისთვის თავდადებული. გავა ხანი და მთელი ხალხი გაიცნობს მის სახეს, საყვარელ მამულიშვილად დასახავს მას, მადლობის გვირგვინს დაადგამს მის მაღალ შუბლს და შარავანდედი იმ გვირგვინისა გამანათებს მეც. მაშინ დამნატრებს ქალი ქართველი! - ოცნებობდა ეთერი. და სახე უღიმოდა მძიმე ტვირთის ქვეშ, გარეშენი კი ვერ მიმხვდარიყვნენ, რა ჰქონდა ამ შრომის შვილს სამხიარულო, რომ სიამოვნების შუქი გადაჰფენოდა. მისდევდა ზამთარი ზაფხულს, მიმდინარეობდა დრო დაუდგრომლად, ეთერი კი ოცნებობდა და შრომობდა. აგერ სამჯერ მოტრიალდა ბორბალი ცისა მას აქეთ, რაც ეთერი შეებრძოლა ცხოვრების ტალღებს, ქალი კი შრომობდა და ოცნებობდა. სიამის სხივი უფრო და უფრო ნათლად ციმციმებდა მის არსებაში, რადგან მისი ოცნებები უფრო ცხოველსმყოფელნი შეიქმნენ და თავს ევლებოდნენ მშვენიერს. აგერ გამოჩნდა კიდეც ის გმირი, რომელსაც ელოდდა ქალი. 3 მხიარული ზაფხული დაგვიდგა, დიდძალი მოაგარაკე მოაწყდა ჩვენს დაბას. სასეირნო ბაღი და ჭალა, ძლივს იტევდა სტუმარს. ჩვენს პატარა მდინარეს და მის ამწვანებულ ნაპირებს იმდენი უსაქმო ხალხი არ უნახავს. რა ჯურის ტანი არ განიცადეს მაშინ მდინარის მოერვებმა, რა აგებულებას არ ეხვეოდნენ მისი ტალღები! კორდი ხომ არსდა გაუშვეს შეულახავ-შეუბღალავი: მჭვანეს დანატრებული მოსული ეალერსებოდა მედლოს და ძოვნას რომ ვერ ახერხებდა, გორავდა ზედ, სთელავდა, ბდღვნიდა. მიიჩრდილა შინაური ხალხი, მიიჩულა. მოსულიღა ყოყოჩობდა, მას დარჩა ბურთი და მოედანი. ხომ პირველობდნენ მოაგარაკენი და სჩრდილავდნენ ყველას, მაგარმ, როდესაც გამოჩნდა ისეთი სხივოსანი ვარსკვლავი, როგორც იყო დარისპან ანდუყაფარის ძე ჰერეთელი, ისინი იძულებულნი შეიქმნენ უკან ჩამომდგარიყვნენ. ჰერეთელნი თავადები არისნ ჩვენში, დიდი მამულის პატრონი, ცხოვრებისაგან გალაღებულ-გახარებულნი. ოდესმე მთელი ჰერეთის მმართველნი იყვნენ. ამ თავადებს ეხლაც ამაყად უჭირავთ თავი. რომ შეხვიდე მათ სახლში, რამე ღირსება უნდა ჰქონდესუცილებელი: ან ჩამომავლობა, ან სიმდიდრე, ან სამსახური წარჩინებული. სახლი დახშული არა აქვთ, ყველას სიამოვნებით იღებენ, არავის არ არჩევენ გარეგნობით,მაგრამ თუ დააკვირდები, იგრძნობ, ვინ მიაჩნიათ შემთხვევით ნაცნობად და ვინ თავიანთ ყადრ კაცად. ამას წვრილმანში შეატყობთ. თუნდ იმაში, რომ თავიანნთზე მდარეს უფრო ზრდილობიანად, უფრო ფრთხილად და ნაზად ეპყრობიან. რადგან გვარიშვილობას სიმდიდრეც შესწევდა, მისადევარიც საკადრისი იშოვა ანდუყაფარმა: ქალები პირველ თავადებზე დაათხოვა, უფროს ვაჟს დიდი გვარიშვილი და მდიდარი მეუღლე მოჰგვარა. დარისპანისათვისაც არჩეული ჰყავდა საუკეთესო სასძლო: მშვენიერი, ნასწავლი, გვარისშივილი, მდიდარი. თვითონ ანდუყაფარი იცვამდა ენიან კაბას, აბრეშუმის შარვალს. ქულაჯა ძალიან უხდებოდა. ახალგაზრდობაში ვაჟკაცურის სილამაზით ყოფილიყო განთქმული. რომ ჩამოივლიდა შრიალით ყუთმაჯგაყრილი ბეგივით ვაჟკაცი, უნებლიედ თავს უკრავდნენ და სალამს აძლევდნენ ბატონს. ნამდვილი ბატონი იყო ნადუყაფარი, ბატონი უწინდელი, სანიმუშოდ შენახული ცნობისმოყვარეთათვის. სასახლეს უწინდური ედგა, ორივე მხრიდან კოშკებით გამაგრებული. შიგნით კი ახალ გემოვნებაზე ჰქონდა მოწყობილი დარბაზიც და ოთახიც. ვეება ეზო ფარშევანგებით სავსე; გვერდით - კალო-საბძელი და მინდორი, სადაც ირეოდა ხარ-კამეჩები, ძროხა, ხარი, ცხენი თუ მოჯამაგირე, საბძელთან ურემი, კევრები და ათასი სხვა სამეურნეო იარაღი. კამბეჩების საყარი გუბეც ჯერ არ მოეშალა ანდუყაფარს. ამ დოვლათის მქონე კაცს შვილებიც კარგი ჰყავდა და ბედნირადაც გრძნობდა თავს. ნამდვილ თავადად, დიდებულად. აი ამ ანდუყაფარსი შვილი დარისპანი რომ გვესტუმრა, სიცოცხლით სავსე აფიცერი, მაშინვე შენიშნეს ის და ხელისხელ საგოგმანები შეიქმნა. ქალებმა ხომ ნატვრით თვალად დასახეს ჭაბუკი. 4 დარისპანი იმთავითვე ხალისიანი ყმაწვილი იყო, ცნობისმოყვარე, მოსიყვარულე, მაგრამ რბილი რამ, დუნე. დედობაშიაც ეს ხასიათი შერჩენოდა. გულჩახვეული გაცალკევება არ მოსწონდა. ჩამოვიდა თუ არა საზოგადოებაში გაერია. ეთერს ეს ვაჟი ხატობაში შეხვდა, კერის ანგელოზობას და დაუახლოვდა. შეხვდები სულ უცნობ ადამიანს, რომლის სახე-სახსენებელი არ გაგიგონია, რომლის არსებობა აზრადაც არ მოგსვლია, შეხვდები ამისთანა უცხოს და გაუღიმებ, გაეცნობი, გაუცინებ, გულს უჩვენებ, მიენდობი, დაუმეგობრდები, შეითვისებ. რამდენიმე წუთის შემდეგ ვეღარც კი წარმოიდგენ რომ სულ ცოტა ხნის წინათ ის არ არსებობდა შენთვის, არარაობა იყო შენთვის წყვდიადში ჩანთქმული. როგორა ხდება ესა? რა ვიცი! იქნება იყოს ისეთი წარსული რამ უძველესი, ჟამი რამ ადრინდელი, როდეას ეს სულნი იცნობდნენ და ითვისებდნენ ერთმანეთს უწინარეს თავის აწინდელ განხორციელებისა, ვინ იცის! დაინახა თუ არა დარისპანმა ეთერი, მისკენ წავიდა ღიმილით, გაეცნო, ხელი ჩამოართვა, გვერდზედ მოუჯდა, მოუალერსა. ეთერსაც იმის დანახვაზე გულს ვარდი გადაეფინა და ისეთის სიამოვნებით მიიღო ახლაგაზრდა, თითქოს სწორედ იმას ელოდდაო. ქალს მთელი დღე ერთს წუთად ეჩვენა. ისე ჩაიარა ხატობამ, არაფერი არ შეუნიშნავს, არც გაუგონია. გასაგონი და შესანიშნავი კი ბევრი იყო გარშემო: ტოლ-სწორი შურით უყურებდა ქალს და ბევრი მწარე სიტყვა ითქვა იმის შესახებ. ეთერმა ვერ გაიგო ვერაფერი, მისი არსება სავსე იყო ახალის ნაცნობით, არ ესმოდა, რას ამბობდნენ მის გვერდზე, დარისპანის მეტს ვერავის არჩევდა. აქამდის რომ ეთერის აზრი და გრძნობა მისივე ოცნებით შექმნილ რაინდს ევლებოდა თავს, ეხლა ის ოცნება ხორცშესხმული წარსდგა მის წინ და თავისკენ მიხარა თავი. შინ რომ დაბრუნდა ეთერი სიამოვნებით შუქი ისევ უთრდოდა სახეზე. მთელი ღამე დარისპანი ედგა თვალწინ. ესმოდა, დარისპან არ იყო საიმისოდ გაჩენილი: ვინ ის, ქალი ღარიბი, შვილი საწყლისა, და ვინ დარისპანი, თავადი ბრწყინვალე, მდიდარი, მშვენიერი! იცოდა დიდი მზღვარი იყო მათ შორის, მაგრამ მაინც მასზე ოცნებობდა. მაშ რა უნდა ექმნა, როდეას სხვა საგანზე ფიქრი აღარ შეეძლო? ან ვინ რას ართმევდა, რომ ოცნებობდა? თუ სასტიკი სინამდვილე ცხოვრებისა სჩაგრავდა მას და უარჰყოფდა, ფიქრთა საფლობელოში ხო მძლე იყო იგი და თავისუფალი. - ვინ გახდის საჩემოდ, თორემ დარისპანია ჩემი ნანატრი. სამხედრო სამსახურში შესულა! შეცდომით მოგსვლია, ჩემო, გზა აგრევია. სხვა სარბიელზე უნდა მოღვაწეობდე შენ, მაგრამ განა ეს დაუშლის მას შეიქმნეს უძვირფასეს მუშაკად? არა! - ფიქრობდა ქალი და საქმეს დაჰღიმოდა, დაჰღიღინებდა, დამღეროდა. ეთერს რომ საგონებლად დარისპანი გაჰხდომოდა არც ვაჟი იყო მასზე გულცივად. ის გაჰკვირდა, რომ უცნობმა ქალმა ნახვისათანავე ძლიერი შთაბეჭდილება მიიღო მასზე და მაშინვე გულს გამოება გადაფურჩქვნილ ყვავილად. ძალიან ნასიამოვნები იყო ვაჟკაცი. - მითხარ, დედი, ეთერი ბავშვობისას ჩვენს სახლში ხომ არ დაიარებოდა და ნაცნობი ხომ არ იყო ჩვენი. - ვინ ეთერი, შვილო? - არ იცი? ეთერი მარგაშვილი? - უთუოდ აიმ ბეჩავის ქალს ამბობ, აბრამასი? - დიაღ, აბრამის ასული. - არა, შვილო, ვინ ისინი და ვინ ჩვენ?! საიდან იქნებოდა ნაცნობი და ან რად ივლიდა ჩვენსას თუნდ ბალღობაში. ვიცი კი, რომ მარგიშვილის ქალმა სწავლა დაამთავრა და ეხლა შრომობს, ლუკმას შოულობს. - რა ჭკვიანია! რა ეშხიანია, ლამაზი, კეთილი! - ესე უეცრად ყოველმხრივ როგორ გაიცან ქალი?! - ერთი წუთი ხანდისხან ერთ წელს უდრის! ხომ გინახავს, დედიჯან, ის ქალი? - მინახამს, არ კი დამითვალიერებია. ეჰ, ღარიბის სილამაზე გამრჯელობით უნდა გაიზომოს: თუ შრომის უნარი აქვს, არ არის კიდევ განწირული; სიღარიბეში იშვებიან ესენი და გაჭირვებაში უნდა ამოხდეთ სული. - ვინ ეთერზე ლაპარაკობთ, ელისაბედ, აბრამას ქალზე?... - დიახ, იმაზე. - რა საწყალი კაცია მარგაშვილი! თანაც პატიოსნობს: იმ დღეს სამი მანეთი შევაძლიე, ქაღალდები რომ გამიკეთა და როდი აიღო. - მეც მითხრეს, - მიუგო დარისპანმა, - მატიოსანი კაციაო, უანგარო. - უფრო ცუდი იმისთვის! რა მაგისთანა საწყლის საქმეა რამე მაღალი თვისების ქონა?! - სთქვა ანდუყაფარმა და გავიდა. - იჰ, შვილო, არც შენი საქმეა იმისთანა საწყალ ქალების დევნა; შენი ტოლი მონახე ვინმე... ნეტა რა ყველას თავს უყადრებ! - დაათავა დედამ. დარისპანმა ვერაფერი სანუგეშო ვერ შენიშნა მშობლების საუბარში და ჩაგიქრდა. სცადა გულიდან გადეგდო ქალის სახე, მაგრამ ვერ დასთმო: ქალის სურათი აღბეჭდოდა გულის ფიცარზე და აზრიც იქითვე იწევდა, რამდენიც კი გავიდა ხალხში, ეთერის მეტი ვეღარავინ დაინახა; სულ მის გვერდით უნდოდა ყოფნა, მასთან უნდოდა ყოფნა, მასთან უნდოდა საუბარი, მას შეჰხაროდა; იცალკევებდა; მისი კალთა დაიჭირა და აედევნა; ვეღარ გაეძლო უიმისოდ. განა მარტო იმისათვის, რომ მის სილამაზეს დაერთო და დაეტყვევებინა, კიდევ იმისათვის რომ ქალმა ძლიერად დაიმონავა მისი აზრი და გულისთქმა: ეთერს ისე ესმოდა დარისპანის ყოველივე ფიქრი, გრძნობა თუ სურვილი, თითქო ეთერი იგივე დარისპანი იყო, მხოლოდ სხვა სახით განხორციელებული. მაშ რა იყო, რომ ქალი ერთის შეხედვით ვაჟკაცის თუნდ ახლად ჩასახულს აზრს და გულთმისნურად კითხულობდა მის სულის ყოველგვარ მოძრაობას? 5 - ქალო, ელისაბედ, ის ყმაწვილი რას მიჰქარავს? ისე ლაპარაკობს, თითქო წერას აუტანიაო. ახალგაზრდა, ეშხში მოსული და ღობე-ყორეს ედება. განა მართლა იკადრებს თავის დამცირებას. - ცუდ ნიშნებს ვხედავ: ძალიან დაუჟინია. მართლა ხელი არ მოჰკიდოს გოგოს და არ შეარცხვინოს თავისი გვარიშვილობა. - როგორ გაბედავს! შეგნებულია, ადვილად წარმოიდგენს, რა მზღვარია ჩვენსა და იმათ შუა. - გაბედავს და ჩემი სახლის კარი საუკუნოდ იქნება მისთვის დახშული: ვერც აბრამს და ვერც მის მისადევარს მოყვარებად ვერ შემოვუშვებ, გვერდზე ვერ დავისხამ! ღმერთმა ნუ ქნას! კარგო მოუვა, კარგ მძახლებს შემოყრის სახლში! - იცი, ელისაბედ, მე ამ მომავლებისა არა მწამს რა, რაღაცა ფერადი აზრებითა აქვთ თავი გამოტენილი... მოდი, შევრთოთ ცოლი, ჩვენვე ავურჩიოთ, თორემ თითონ მარგილზე გადაეგება სადმე. - მეც მაგ აზრისა ვარ. მაიკოს ხომ მაინც ჩვენ რძალს ვეძახდით და გავამართლოთ. ამ მხარეს საუკეთესო სასძლოა. იმ დღესაც იმისმა დედამ სიტყვა გამოკრა. - მომწონს, ადამიანო, შენი აზრი: ქალი მშვენიერი, გაანთლებული, გვარისშვილი; სწორედ ჩვენი შესაფერი! - ვუთხარით, რომ ქალს შეჰყვარებია და ეს ძალიან იმოქმედებს მასზე. - სწორედ ჭკუის კოლოფი ხარ, ჩემო მშვენიერო! მოდი ერთი გემთხვიო. დედ-მამამ დაასკვნა ჯვარი გადაეწერათ დარისპანისათვის. ეს თავისი გადაწყვეტილება პირდაპირ და მტკიცედ გამოუცხადეს შვილს. რომ გული მოელბოთ ყმაწვილკაცისათვის, დაუმატეს: ქალს შეჰყვარებიხარ და თავს მოიკლავს, თუ უარს ეტყვიო. დარისპანს ამ ამბავმა მოუმზადებელს მოასწრო. ის ჯერ სხივებს ეთამაშებოდა, ლაღობდა. ეს სამძიმო საქმე შორეულ მომავლად მიაჩნდა. არშიყობის შედეგი ჯერ სიგრძე-სიგანით არ გაეზომა, არც მის სიღრმეში ჩაეხედნა და ამ კითხვის პირდაპირმა დაყენებამ ძალიან ჩააფიქრა. - ქალი განათლებული და მდიდარი, დიდი გვარისშვილი და პატივსადები, ლამაზი და შეყვარებული. სწორედ შეყვარებული! განა არა, იმ დღეს აღარ მომწყვიტა თვალი. ნამდვილად შევყვარებივარ! - სთქვა თავისთვის ახლაგაზრდამ კმაყოფილებით და თავმომწონედ გადაისვა ხელი ულვაშებზე. - ეთერი, ეთერისადმი სიყვარული? უყვარს ეთერი, ეტრფის მას, უიმისოდ ვერ გასძლებს, მთ;ად საჭირო შეიქნა ეს ქალი მისთვის. მაგრამ ის სიყვარული ხომ ანაზდად არის შექმნილი და ესე უეცრად აგებულს კოშკს ტრფიალებისას ვაითუ საძირკველი არ გამოადგეს მკვიდრი, ან იქნება, ბოლოს ცალპირი ამოაჩნდეს ის სიყვარული. - მე ხომ მიყვარს, ახლა იმასაც ნამდვილად ვუყვარვარ? იქნება მართლა მის გრძნობას და ქცევას იდუმალი მიზანი ახელმძღვანელებს და სარჩულად უდევს დიდებულ ოჯახში შესვლის სურვილი. ეს ახალი სიყვარული? ცალმხრივია იგი: მხოლოდ მაიკოს შეჰყვარებია, დარისპანს კი გული არ უცემს მისთვის, მაგარმ ამ კავშირს ზედ ერთვის დიდედბული მოყვრობა, სიმდიდრე, დედ-მამის სიხარული, ოჯახის გაპატიოსნება; იმ სიყვარულს კი, ეთერისადმი სიყვარულს, ზედ ერთვის უარი მშობლების მხრივ, ურჩობა შვილის მხრივ, შელახვა დიდებულის სახლისა, დამცირება გვარისა. არა, ეთერი კი ვერავის დაამცირებს, მაგრამ მისი ნათესაობა... განა აქვს დარისპანს უფლება საკუთარ სურვილების მიყოლით შეარყიოს სახლი და ჩაჩრდილოს მისი შარავანდედი? არავითარი უფლება არა აქვს! - თანაც საბრალო ქალი შევყვარებივარ და როგორ შეიძლება სასტიკად მოვექცე, ეხლავე უარი მივახალო პირში, გავუმწარო ყოფა იმასაც, ჩვენებსაც და ქალიანებსაც, - დაასკვნა ჭაბუკმა და არავითარი პასუხი არ მისცა დედას. - ეთერს კი გული მოუკვდება, რომ პირდაპირ უარი ვერა ვთქვი მაიკოზე. ხომ ვერაფერს დავუმალავ მას, ხომ ყველაფერს მიმიხვდება მაშინვე. ის თავისად გამომელის, ბედნიერების მოლოდინშია, მე კი ვღალატობ, - გაიფიქრა დარისპანმა და უღონოდ გადააგდო კისერი, მოიხარა, მოიღვედა, ხელები დაუშვა დუნედ. სულაც არ ჰგვანდა ის ამ წუთში ბრწყინვალე გმირს შემმართებელს. თუმცა საიდანა სჩანდა, რომ ეთერი გამოელოდა დარისპანს სათავისოდ? ამის თაობაზე მათ შორის არაფერი თქმულა. ქალი კოეწონა, გაუარშიყდა, ხელები დაუკოცნა.მერე რაო? მეტი ხომ არა მომხდარა რა მათ შორის, რომ თავისი თავი ზნეობით ვალდებულად ჩასთვალოს? - ეჰ, მოვალედ კი არა, მაგრამ მიყვარს ეთერი, ძალიან მიყვარს! - ამოიკვნესა ჭაბუკმა. 6 ღონდებოდა დარისპანი და თავწყალი ვერ გაედინა. გული დატყვევებული ჰქონდა ეთერისაგან, სურვილი კი ვერ აესრულებინა. გრძნობა ეთერისაკენ იწევდა, გონება კი უხატავდა მის უგვარობას, სიღატაკეს, მისის მისადევრების სიბეჩავეს, დედ-მამის რისხვას, ნათესავთა და სწორთაგან ტუჩის აკვრას. ახ! ვერ მოსდგომოდა ვაჟკაცობა, ერთის დაკვრით გადაეჭრა ეს ყველაფერი და გზა გაეკაფნა. ისევ ამ გამოურკვეველ მდგომარეობაში იყო ვაჟი, როდესაც მივიდა ეთერისას: ძალა რამ მიეზიდებოდა მისკენ. ქალმა ერთის შეხედვით შეატყო გრძნობათა რყევა და გული შეეკუმშა. დარისპანმა ორივე ხელი ჩამოართვა ქალს და თავლებში ჩახედა, მაგრამ ვერ შესძლო მზერა და ბეჩავად აარიდა ხედვის ისარი. - უსიამოვნო რამ შეგმთხვევია, ყმაწვილო, შენს თავზევე ხარ უკმაყოფილო, - უთხრა ქალმა და რომ ვერ მიიღო პასუხი, განაგრძო: - სიფლიდე რამ ხომ არ ჩაგადენინეს უგემური? - სწორედ, გულთმისანო ჩემო! და ღირსი არა ვარ შენის მზერისა. ქალმა იგრძნო, რაც მომხდარიყო, ცხადად წარმოიდგინა, მაგრამ ვერ გაიმეტა თავისი თავი, დაენანა თავისი გული, თავისი ყმაწვილქალობა, ოცნებები და მაშინვე არ გაიმჟღავნა უბედობა, უნდოდა კიდევ რამოდენიმე წუთით მაინც აეცდინა თავიდან შავი ამბავი, ჰსურდა კიდევ იმედის ხავსს რასმე მოსჭიდებოდა და ჩაეკითხა: - გულს კი ვერ უღალატებდი, გრძნობას ვერ დაგათრგუნინებდნენ. - თითქმის ვუღალატე! ვხედავდი, რომ ვათახსირებდი ჩემს საუკეთეოს მისწრაფებას, მაგრამ პირდაპირ ვერ შევებრძოლე. - მე კი ჩემი მეგონე, ჩემი სხიოსანი ოცნება! - სთქვა ქალმა. და ჩაინავლა, ჩაჰქრა ადგილობრივ, დაბეჩავდა; დაჩაგრულის ბავშვის იერი მიიღო. ვაჟს შეებრალა ქალი, მაგრამ თვით ამ სიბრალულმა, თვით იმან, რომ იგი საბრალო შეიქმნა, დაამცირა ქალი იმის თვალში. 7 - მაიკო ამაყად შეხვდებოდა ამისთანა მარცხს, როგორც შეჰფერის ეს წარჩინებულ გვამს, რომელსაც გვარად მოუდის სიმაღლე და სიმტკიცე, ეთერი კი მხოლოდ ჩაიფუფქა, - ფიქრობდა დარისპანი. და თან ღელავდა, ჯავრობდა: ეთერის სიყვარულმა ჩააგდო იგი ამ დღეში. შეურყია თავისადმი ნდობა და რწმენა, შეუმღვრია სუმბუქი ცხოვრება. ეთერის მაგივრად მაიკო რომ შეხვედროდა მას სურვილთა გზაზე, წესზე წავიდოდა ყოველივე, არ მოუნდებოდა განცდა თავის თავისა, არავისთან დასჭირდებოდა ბრძოლა და ასცდებოდა სამარცხვინო დამარცხებას. - მაიკოს რომ მოჰსვლოდა ესეთი შემთხვევა, ვეფხვივით გააფთრდებოდა, თითონვე შეებრძოლებოდა ყველას და თავის ბედს არავის დაანებებდა! ვაკაცს სცხვენოდა თავის ქცევისა, თავისთავად წითლდებოდა მის მოგონებაზე და სცდილობდა დაესაბუთებინა თავისი ღალატი, ოდნავ მაინც შეეცვალნა მისთვის ფერი ბნელი. - სწორედ მაიკო შეეფერება ჩვენს გვარს: მას სისხლში აქვს გამჯდარი ქცევა ამაყი, დიდებული, - ფიქრობდა დარისპანი და უნდოდა ამგვარ ფიქრთათვის შეეფარებინა თავისი გათახსირებული თავი. ის ხატავდა თვალწინ მომავალ ცხოვრებას დიდებულად, გალაღებულად და უტოლებდა მას ეთერის შეუხედავ ნათესავებს: თავადი ბრწყინვალე, დიდის სამსახურის მექონე, მემამულე, მდიდარი და მისი სიმამრი ვიღაც საწყალი აბრამა! მისი განცხრომით ცხოვრება ძვირფასად მოწყობილ სასახლეში და მისი მეუღლის გახუნებულ-დაბეჩავებული ნათესავობა! რა საკადრისია? რა საფერია?! ყოვლად შეუძლებელი იქნება, დასახოს დარისპანმა ისინი თავის სწორად, არ აგრძნობინოს მათ სიმცირე და შეუფერებლობა. მაშ, ეთერს მის სახლში ყოველს წამს წყენა მოელის მის ნთესავების გამო, ხოლო ეს წყენა წამება იქნება მისთვის დაუსრულებელი; მაშინ ოჯახი ეთერისათვის ჯოჯოხეთად გადაიქცევა და მისთვის, დარისპანისათვის, დაუშრეტელ წყაროდ უსიამოვნებისა. სჯობია მომავალი სატანჯველი ეხლავე მოისპოს. ძნელი საქმეა ეს: ამან ქალს სამუდამოდ უნდა მოუკლას გული და დაუწყლულოს, რადგან მოსწონს, ძალიან მოსწონს ეთერი, უყვარს იგი, მასთან ნეტარება სიცოცოხლედ უღირს. მაგრამ სხვა რა უნდა ჰქმნას ახლაგაზრდამ, როდესაც ეს სიყვარული არ გამოდგება სამუდამოდ, საბოლოვოდ?! - სჯობს ამთავითვე შევიჭირვოთ ორივემ და პატიოსნად დავადგეთ ჩვენს გზას; სჯობს ეხლავე გადაჭრით განვუცხადოთ ქალს დაფარული! სურათი დაჩაგრულის ეთერისა ნელ-ნელა მოშორდა დარისპანის გონებას, განზე გადგა იმის გულიდან, შორს დაიწია, თანდათან მიმქრალდა; ხოლო მის გონებაში, გარნა ვერ გაათბო მისი არსება, ლურჯი რამ ციაგი მოჰფინა მას ცივი. გამოვიდა დარსიპანი გრძნობა-ფიქრთ ბარდებიდან, გამოერკვა, გამოივაკა, თავისუფლად ამოისუნთქა და დაადგა სხვისაგან ნაჩვენებ შარას: დასთანხმდა დაენიშნა მაიკო. - ეგრე, შვილო! - უთხრა კმაყოფილებით ანდუყაფარმა, - ჩვენს გვარს მოუდის შორსგამჭვრეტელობა და მოფიქრებით ქცევა. ჩვენთაგანს ჯერ არავის შეურყევია სისხლი, უღირსის შეუღლებით და არ დაუმცირებია გვარი. - ის კი არ გეგონოს, თითონ ეთერსა სთვლიდეს ვინმე უღირსად. ის პატიოსანი, განათლებული და მშრომელი ქალი ყოფილა; მისის სიკეთით მისი საკუთარი ოჯახიც სარგებლობს თურმე. არ არის ჩვენი სახლის შესაფერი: ის სხვა წოდებისა და წრის ადამიანია, ჩვენ სხვისა; ის სხვა ფიქრებზე დგას, ჩვენ სხვაზე; იმას სხვა მისწრაფება აქვს და გულისთქმა, ჩვენ სხვა. დეე, ყველამ თავისი გზა ცხოვრებისა გაიკვლიოს! - უთხრა დედამ და აკოცა შვილს. გაიმართა დარისპანის ნიშნობა და რა ნიშნობა! ბევრ ქორწილს მოუცვდებოდა მასთან. ნიშნობას მოჰყვა დაუსრულებელი მეჯლიში. თავმომწონე ანდუყაფარმა ქუდი ჭერსა ჰკრა. რა დასაძრახისი იყო! შვილს აქორწინებდა, და რაღა დღისთვის შეინახავდა საუნჯესა დაფარულსა?! საუნჯე კი ბევრი ჰქონდა დაფარულ-დახურულიცა და პირახდილიც. მის დოვლათს ეხლაც ემატებოდა მდიდარ სასძლოს მოყვანით სახლში. დარისპანს ჯერ კიედვ დარდის ჩრდილი ედგა გულს და კიდევ სცხვენოდა თავის თავისა, მაგრამ მალე გადაეწმინდა გული. პირველ ხანს სინიდისი ამხილებდა დარისპანს, ეხლა სინიდისმაც მიიძინა. მის მიფერფლას ხელი შეუწყეს თვითნაცნობმა ქალებმა, რომელთაც არა თუ არ დაჰგმეს მისი ქცევა ხენეში, არ გაჰკიცხეს ის, არამედ უქეს მოაზრება და მიულოცეს ბედნირება. კიდეცა სძრახავდნენ ეთერს. - არა, ქალო. ქალბატონობა მოინდომა და! თვალებს დავუბრმავებ ჩემ ტოლ-სროსაო. ეხლა თითონ დაეჩიჩქნა თვალები! - ახია იმაზე! ეად დაუწყო მზეს პირდაპირ მზერა! - არ ერჩივნა, ვინმე თავისი სწორი აერჩივნა? - ოღონდაც რომ ერჩივნა! - ან რა სათქმელია, თვალებს დავთხრიო, ვისთან რა ჰქონდა გასაყოფი? - ისე კი თავს იკატუნებდა, ყველას მოსიყვარულად გვეჩვენებოდა. - ჭრელია ადამიანი, ძნელი გასაგებია მისი ხასიათი; მარტო ამგვარი შემთხვევები ააშკარავებს მის ნამდვილ სახეს. ეთერი კი ვეღარც ჭრელი იყო და ვეღარც წითელი: ის ჩაითუთქა, ჩაშავდა, თავი დახარა და იმის გრძელ წამწამზე აღარ შრებოდა ცვარი ცრემლისა. ან კი რაღა ააშრობდა ამ ნამს, როდესაც მოიცვა იგი წყვდიადმა ცივმა?! 8 ყველაფერს ბოლო აქვს. მოეღო ბოლო ჰერეთლიანთ განცხრომასაც: მოვიდა ბრძანება, რომ დარისპანი უყოვნებლად გამოცხადებულიყო მომქმედ ლაშქარში წასასვლელად. წელი მოსწყდათ დარისპანის მშობლებს. შეკრთა თვით ახალგაზრდაც, შეშფოთდა, თუმცა სცდილობდა თავი შეემაგრებინა და მხნეობა მოეკრიფნა; მიხვდა ეხლა, რომ ლამაზი ტალავარი და ბჭყვიალა ნიშნები მარტო საკოხტაოდ არ ებოძებინათ მისთვის. მიიწივ-მოიწიეს ჰერეთელებმა, მიაწყდ-მოაწყდნენ, რომ როგორმე გადაეხვივნათ გზისათვის და გაენთავისუფლებინათ ყმაწვილი, მაგრამ ყველგან მაღალი ღობე დაჰხვდათ ეკლიანი. უნებლიეთ დაეშო დარისპანი საშიშ გზაზე. გზა კი სწორედ საშიში იყო და სახიფათო, რადგან დარისპანი მიისწრაფებოდა სამოქმედოდ დიდ ბრძოლას წინ, როდესაც ზღვა ლაშქრები დაჰპირებოდნენ ერთმანეთს და აზვირთებულნი აწვებოდნენ ურთიერთს, რომ წაერღ ვნათ და წაელექათ ერთმანეთი. აკი ჰპოვა კიდეც ერთმა მაღგანმა ჟამი და შთანთქა მეორე. დარისპანისაგან ერთი წიგნი მოვიდა ბრძოლის დაწყებამდის: წერილი გულადი იყო და მხიარული, თუმცა აღელვებული. მეორე ამბავი მოვიდა ბრძოლის დაწყებისას და შესწყდა კიდეც ცნობები. ორი კვირა გაგრძელდა უმაგალითო მისვრა. ვიცოდით, რომ დარისპანის რაზმი წინ იდგა და რაღა იმედი უნდა ჰქონოდა მეომრის პატრონს?! ეს უიმედობა იზრდებოდა ჰერთლიანთ ოჯახში დღითიდღე, როგორც მძვინვარდებოდა თვით ბრძოლაც. ცნობების უქონლობას ჯეწრ იმითი ჰხსნიდნენ, რომ გაცხარებილ ომში ვისღა მოაგონდებოდა ამბების გზავნა და ან როგორ მოახერხებდა იმას; მაგრამ გათავდა ვრძოლა, შესწყდა ძლეულთა დევნაც, დარისპანისაგან კი არავითარი ამბავი არ იყო. შეიქმნა ძებნა, დეპეშას დეპეშაზე გზავნიდნენ, თვით მტრის ბანაკამდისაც მიაწვდინეს ხმა, მაგრამ ამაოდ: ჭაბუკი არც ცოცხალი აღმოჩნდა, არც მკვდარი. ბოლოს გამოვიდა ხმა, დარისპანი დაიჭრაო. აღმოჩნდა მნახველიც, რომელმაცა სთქვა, წინა ლაშქარში ვიბრძოდით, დარისპანი ტყვიით გაგმირული დაეცა და მერე თვალთაგან მიმეფარა, რადგანაც მტერმა გადმოგვლახაო. წარმოუთქმელი გოდება დაჰბადა დარისპანის სახლში ამ შავმა ამბავმა. ყველას დაჰნანდა ახალაგაზრდა. ანდერძზე მთელი დაბა შეიკრიბა. მკვდარი არ ესვენა ეკლესიაში, იდგა შუაზე შავით მოსილი ამფიონი და ზედ ვაჟის სურათი ყვავილებში. საშინლად იტანჯებოდა დედა. წარმოდგა წინ დარისპანის დანიშნული მაიკო და დაადგა სურათს ყვავილთაგან შეთხზილი გვირგვინი. თალხებში იყო, მაგრამ მორთული. ამაყი, თვალმშრალი, ყელმოღერებული. ხალხმა გულგრილად მიიღო მისი გლოვა: ის მხოლოდ წესს ასრულებდა, სხვებს კი ნამდვილად გული სტკიოდათ. წარმოდგა ძაძით მოსილი ეთერი, თვალცრემლიანი, სევდად ქცეული; მივიდა ემთხვია მიცვალებულის სახეს, მერე მიუბრუნდა დარისპანის დედას, ხელზე დაეკონა და აქვითინდა მწარედ. დედა მოეხვია ქალს, ცრემლის ღვარად გადაიქცა. ყველას გული აუჩუყდა, ატირდა. 9 არ უგლოვია ამის შემდეგ რამდენასამე დღეს და უეცრად განქრა ეთერი. აი ამის გამო ასტყდა ის მითქმა-მოთქმა, წეღან რომ ვსთქვი. იუბნეს, იყაყანეს და დაჩუმდნენ: დავიწყების მდინარეს მისცეს ახალი ამბავი. დაივიწყეს თითონ ეთერიც. სხვა აუჩნდათ სალაყბო და სასაუბრო. მეც მიმავიწყდა ეთერი, თუმცა პირველად გული მტიკოდა მისთვის: აღარ გამხსენებია მისი სახე და სახსენებელი: სხვა ფიქრებით ვიყავი მოცული, სხვა ყვავილები მეხატებოდა თვალწინ. შემთხვევამ ისევ მიმახედა ეთერისკენ: წიგნი მოვიდა მისგან. ეთერი პირდაპირ ლაშქარში გაჭრილიყო, დაჭრილთ მომვლელებს ხომ სანთლით ეძებდნენ მაშინ და ამით ესარგებლნა. სწორედ სასწაული შეუძლიან გრძნობით თუ აზრით გატაცებულ ადამიანს!.. ზღაპრულ შემთხვევბის შემდეგ მიეგნო იმ ადგილისათვის, სადაც დაცემულიყო განგმირული დარისპანი. სიყვარულის საფლავის ძებნაში თვით სიყვარული ეპოვნა ეთერს, მაგრამ დაჭრილთ-დაშავებული: იქაურებს გადაერჩინათ ახალგაზრდა, შეეფარებინათ. 1908 წ