ლამბალო და ყაშა
ლამბალო და ყაშა ავტორი: მიხეილ ჯავახიშვილი |
ღმერთსაც და კაცსაც დაუწყევლიათ ურმიის უცნაური ტბა. სქელი და მლაშე წყალი არც თევზსს აცხოვრებს, არც ადამიანს იძირავს. მისი ნოყიერი, ნაპირები ალაგ-ალაგ გაპარსული, ხრიოკი და უდაბური, სამხრეთის ფერთა თამაშის გამო მუდამ თვალს სჭრიან ადამიანს: ზაგროსის და სახენდის მთების შიშველი სარტყელი, შუაში ასვეტილი კუნძულები-შაჰხ დაგი, გუნდაგი და უამრავი მცირე კუნძულაკები-დილით-დილამდე ათჯერ იცვლიან ჭრელ სამოსელს: მუქი და თალხი ფერები, ლილა და ლურჯი, ლაჟვარდი და ფირუზი, ჩალა და ფორთოხალი, შინდი და ბროწეული, რუხი და მიხაკი, ვარდი და სპილენძი-ყველა ფერი ასნაირად ეზავება ერთმანეთს და დღეში ათჯერ მაინც იცვლის იერს და ხაზებს. თოთხმეტ მდინარეს ისრუტავს მეწამული ზღვის ღვიძლი ძმა- მკვდარი ურმია, მაგრამ შენავალს ვერ ინელებს. დროგამოშვებით ზღაპრული ბაყაყებით გაიბერება, მოწამლულ წყალს უკანვე გადმოანთხევს, სოფლებს წალეკავს და ბაღ- ვენახებს მყრალ ჭაობად გადააქცევს. ზოგჯერ მისი შხამიანი დორბლი ისე შორს წამოვა, რომ ნაპირებიდან მოყოლებული მეათე სოფელსაც კი შეაფურთხებს ხოლმე. იცნობს ხალხი ამ ჭრელს ლამაზსა და გესლიან გომბეშოს, იცნობს და მის მეზობლობას ერიდება. ამ ტბის სეხნია ქალაქი ურმიაც შეშინდა ტბის ორგულობით და ნახევარი დღის სავალით მოსწყდა დახაშმულ მოძმეს. ამ მზაკვრულ ტბას პტოლომეი „მატხანუს ლაკუსს― უწოდებდა. სტრაბონი-„სპაუტას―, სომხები-„ძოვ კაპუატს―-(ლაჟვარდ ტბას), სპარსნი „შახუშს― ეძახიან, ხოლო დანარჩენნი-ურმიას ან ქებუდს. ვერც ურმიის მიდამოებმა შეინარჩუნეს ერთი მარადიული სახელი. ვისის, რამინისა და ზარატუშტრას სამშობლო ათჯერ მაინც იყო მონათლული: მიდია, ასურეთი, პართია, ადარბადაგანი, აზერბაიჯანი, ადერბაიჯანი და კიდევ რამდენიმე სახელი ჰქონდა-დღეს უკვე დაკარგული და მივიწყებული. ოდესღაც, ოთხიოდე ათასი წლის წინათ, ამ ტბის სანაპიროზე „ბებერმა აქლემმა― ზარატუშტრამ ბეხმარის საღმრთო ცეცხლები დაანთო. მერმე მისი წმინდა სჯული ―ზენდავესტა― ბომბეის და ქირმანის მიდამოებში გადავიდა და ერთი მუჭა სპარსების სულში დადნა, აქ კი, ბებერი აქლემების სამშობლოში, ავესტას მორწმუნე სანთლით საძებნელი გახდა. ოღონდაც რომ აქაც არა არს წინასწარმეტყველი ქვეყანასა თვისსა შინა! იყო დრო, ოდეს ურმიის მიდამოებს მიდიელების განთქმული რაშები, აშურბანიპალის ლომკაცები, პერსიდელები, პართიელები და გირკანელები სთელავდნენ. ახემენიდები რომ მოდიოდნენ, მიდიელების ისარს კვლავ ძველი შემაძრწუნებელი სახელი ჰქონდა შერჩენილი, ხოლო ავესტას ქუხილი კიდით-კიდემდე ისმოდა! მაგრამ რაც არიელთა რაშებს და მშვილდ-ისარს ვერ დააკლეს ასურელებმა, იგი პერსიდელებმა და გირკანელებმა ადვილად შეუსრულეს. ბარის განათლებამ და ფუფუნების ბანგმა ნებივრობის მეოხებით მოდუნებული მიდია შუაზე გახლიჩა: სამხრეთით ეკბატანა დაარსდა, ხოლო ჩრდილოეთით ანტროპატენა და მისი დედაქალაქი ფრაასპი, ანუ ვერა (ნეტა საიდან მოდის ჩვენი უბანი ვერა..მიდიიდან ესპანეთიდან თუ ვერეს ხევიდან!) ბედი-მდევარი უკვე სთვლიდა მიდიელთა დღეებს. ასურელმა სალმანასარმა სასიკვდილო მახვილი დასცა მას. მომაკვდავმა ერთხელ კიდევ წამოიწია: ბაბილონს ხელი მისცა და ორივემ ჯვარზე ასწიეს მძლეთა-მძლე ასურეთი. იმ დღიდან ვერც ერთი ვეღარ წამოდგა მიდია ბრძოლაში გატეხილ ოქროს თასივით გადადიოდა ხელით-ხელში: ალექსანდრე მაკედონელი, მისი მემკვიდრე პარმენიონი და პიფონი, სელევკიდები სირიელნი, ანტიოხი და მიტრიდატი-ყველამ გასთელა და გასწიწკნა წაქცეული რაინდი და მის უზარმაზარ საფლავს თითო მუჭა მიწა მიაყარა. მერმე იმ საფლავს ირანი და ოსმალეთი დაასხდნენ და მისი სამარის წარწერაც კი წაშალეს. მისი სახელი და მიმქრალი დიდება ქურთებმა დაიჩემეს, მაგრამ დღევანდელი მწიგნობრები ამ მემკვიდრეს უბრალო სახელსაც კი არ უმტკიცებენ. კათოლიკე მისიონერმა დეკრომ მიამბო: როდესაც ურიათა მეფის იესოს დაბადების ამბავმა ურმიის ტბას მიაღწია, აქედან სამი პართიელი მოგვი წავიდა იესოს თაყვანისცემისათვის. მეოთხე-მიდიელი ართაბანი-უკვე ჩამორჩა. ამბობენ, ის მოგვი იერუსალემს სწორედ იმ დღეს ჩავიდა, როცა ქრისტე უკვე ჯვარზე ასწიესო. სხვები კი იტყვიან: ართაბანი სრულაც ვერ ჩავიდა და გზაში დაიკარგაო, და ამ ლეგენდას ასე ამთავრებენ ხოლმე: „დაკარგული მოგვი უკანასკნელი მიდიელი იყოო―. ასე იყო ოდესღაც, ხოლო ათიოდე წლის წინათ, როცა დიდი ომის ტალღამ ურმიის ქალაქში გამიტანა,არც ტბის მიდამოებსა და აღარც ქალაქში შორეულის ნატერფალიც კი აღარ დარჩენილიყო,არც ბებერი აქლემი ზენდავესტა და აღარც მიდიელთა თესლი,არც გირკანელნი და აღარც მაკედონელნი. ჯმუხა სამხრელთა მაგივრად მიდიელთა სასაფლაოზე გოგი და მაგოგი მოსულიყვნენ, ხოლო ბებერი აქლემის ავესტას გვამზე მაჰმადის ყურანი და „ისსას― სახარება გადაეშალნათ. საარაკო რაშებზე მიდიელთა აჩრდილები შესხდნენ და უკუნეთს გადაიკარგნენ, ხოლო მათ ნაცვლად ურმიის ტბას დონის ცხენები და ტამბოველი ჩექმები დასტრიალებდნენ. და იმ ჩექმებს ნებსით და უნებლიეთ, ჩანჩალით მისდევდნენ აშურბანიპალის, ტიგრან დიდისა და ვახტანგ გორგასლანის მემკვიდრენი. და გოგსა და მაგოგს, ჰაიკანელებს და ქარდუელებს, დონის ცხენებსა და ტამბოვურ ჩექმებს,ქეთევან წამებულის სოფელს და თამარ მეფის მწვერვალს ხანტახტის კლდიდან გაკვირვებით დასცქერიან ქვის ფიცარზე გამოჭრილი მაკედონელის ლეგიონერები, მათი ფრაკიელები,ბუცეფალები და სამი გადარჩენილი ბერძნული ასო „ა... ოს― - ალექსანდროს. დანარჩენი ასოები კი ან ჟამმა შესჭამა, ან სპარსელებმა ჩამოთალეს. ასიოდე წლის წინათ იმ კლდეზე ჯერ კიდევ იწოდა თურმე შვიდიოდე სიტყვა. „მე ალექსანდროს... ყოველივე აქაური ემორჩილების ნებასა ჩემსა― ახლა კი იმ კლდის მკერდიდან ის სამი ასო ისე მოისმის, როგორც წყალწაღებულის უიომედო ძახილი: - ააა... ო-ო-ო-ო-ოს! მატარებელი ტბის ნაპირს მიადგა. მე ერთი ვაგონიდან გადმოვედი, ხოლო მეორედან დიდი ამალით და ფახით ურმიის ახლად დანიშნული გენერალ-გუბერნატორი – ვალი ითიმად უდ დოულე გადმოვიდა. თურმა თავრიზიდან მოდიოდა და ღამით სოფიანში ჩვენს მატარებელში გადმოსულიყო. მას ამალის გარდა საკუთარ ჰარამხანაც მოსდევდა და შავ ჩადრებშI გახვეულიყო ათიოდე დედაკაცი და ერთი დაღრეჯილი საჭურისი. რუსების მიერ გაყვანილი რკინის გზა ურმიის ტბას ებჯინებოდა. შერიფხანე ახალი ქალაქი და ახალი ნავთსადგური იყო, ისიც რუსებისსაგან ორიოდე წელიწადში გაშენებული. ირგვლივ ერთმანეთს აწვებოდნენ ხისა და თიხის ახალი სახლები, ტილოსი და ნაბდის კარვები, სანოვაგისა დ ახე-ტყის გორები, გაუთავებელი საწყობები, უკვე წყალში ჩაშვებული და დაუმთავრებელი ნავხომალდდები, კომენდატურა, წიტელი ჯვარი, ქალაქთა და ერობათა კავშირები, სალდათები, მეზღვაურები, მუშები და რიცხვით ყველაზე მეტი მოხელენი. ერთი საათის შემდეგ ზღვის საყვირმა იქაურობა შეარყია. მე პატარა გემზე ავედი. ცოტა ხნის შემდეგ უკანვე მიმავალმა მატარებელმა დგრიალით გაგვიარა გვერდით. გემმაც სამჯერ დაიბღავლა, მერმე გმინვით, ოხვრით და ჭრაჭუნით მოსწყდა ფიცრულ ნაპირს და მუქი ლაჟვარდი წყალი თეთრად ააქაფა. გადამწვარ მინდორზე გრძელი მატარებელი წითელი გველივით მიიკლაკნება. ნაპირისაკენ მეორე გველი მოხოხავს, ისიც გრძელი და ყვითელი – ასიოდე აქლემის ქარავანი, - უდაბნოს გემი, დინჯი, ნელი ბებერი. მერმე ვნახე და გავიგე, რომ რუსებს გამოუცდელობით ათი ათასობით დეაცონატე უდაბნოს მადლიანი პირუტყვი: აქლემების ქარავანს თურმე სიცხეში ატარებდნენ და სიგრილეში ასვენებდნენ, ხოლო სამხრელნი სიცხეში აქლემს დღისით ასვენებდნენ და ღამით ამუშავებენ. სუფთა ჰაერი დონის ნახშირსა და ბაქოს ნავთის ბოლით მოიქარგა. ერთმანეთში არეული რუსულ- სპარსული სოფელი და სამხედრო ბანაკი შეირიფხანე ნელ-ნელა გვშორდებოდა. გემს თეთრი ფრინველი დაესია. უცებ უზარმაზარ ფრინველს გავაყოლე თვალი. დაბლა მიფრინავდა. ჰაერში ლარივით გაჭიმულიყო. ორი ადლის სიგრძე იქნებოდა. მკერდი თეთრი, ხოლო ფრთები წითელი და შავი, ფეხები და ყელი – მეტად წვრილი და გრძელი. უცხო ფრინველი ისარივით ცავიდა შაჰდაგის კუნძულისაკენ. ფლამინგო, - მომესმა უკნიდან. მივიხედე. ჩემს წინაში მოღიმარე ითიმად უდ დოულე იდგა. ბოდიშს ვიხდი, მისსიე. პარლე ვუ ფრანსე? – მკითხა. დიაღ, მისსიე ვალი, ფრანგული ვიცი. – ვუპასუხე. ბედნიერი ვარ, დიდად ბედნიერი. გთხოვთ გამიცნოთ. მე ურმიის ვალი ითიმად უდ დოულე გახლავართ, თქვენ კი მგონი ექიმი უნდა ბრძანდებოდეთ, არა? დიაღ, ექსელანს, ექიმი გახლავართ. ხელი ჩამოვართვი და ჩემი გვარიც მოვახსენე. ექიმი, ისიც ქართველი! ჟეორჟიენ? ითიმად უდ დოულეს სიხარულმა არ გამაკვირვა. Aადრევაც ვიცოდი, რომ იმ დროს სპარსელები ქართველებს ,,ყარდაშ-იოლდაშებად‘‘ სთვლიდნენ. მაგრამ თურმე წეღანდელი მისის გაბღენძილი იერი და რუსის გენერლის საბეჭურებით გაამპარტავნებული გამომეტყველება ჩემმა საექიმო ნიშანმა ჩამორეცხა, ვალიმ ფლამინგოს თითი გააყოლა და მითხრა. საუცხოვო ფრინველია, ნეს პა? დიაღ, ექსელანს, იშვიათი ფრინველია. მხოლოდ წინა აზიაში გადარჩა. ასობით და ათასობით ცხოვრობდნენ ერთად. ღოგორც ეტყობა, ეს ფრინველი დანარჩენებს ჩამორჩენილა და ეხლა… მაგრამ ჯერ ერთი რამ უნდა გთხოვოთ. ვუ სავე, მესსიე დოქტორ, ძალიან ცუდად გავხდი. იქნება მიშველოთ რამე, ზღვაზე პირველად ვარ და გული მერევა. კეთილი ექსელანს. წამობრძანდით. ჩემმა მხლებელმა მოხევემ ბექაურმა უწვნო სადილი გაგვიშალა: ხიზილალა, დოში, ორაგული, ზურგიელი, მოხრაკული ინდაური, მოხარშული ქათამი, ხილი, კახური ღვინო და სარაჯიშვილის სამვარსკვლავიანი კონიაკი. კუჭის გავსება ერთადერთი წამალი იყო ითიმად უდ დოულესთვის, რომელსაც კონიაკი დავუსხი და მივაწოდე. ციებ-ცხელება მჭირს, ბატონო ექიმო. – თავი იმართლა ვალიმ, როცა კონიაკი დაინახა. წამალიც ეს არის. მიირთვით, ექსელანს. ვსვამ, როგორც წამალს, თორემ… ა ვოტრ სანტე, მისსიე ლე დოქტორ, ალაჰმა დღეგრძელობა და სილიერი მშვიდობა მოგცეს. ციების გახსენებამ და კონიაკის გემომ მართლმორწმუნე მუსულმანს მაშინვე დაუმშვიდეს სინდისი და ყურანიც დაავიწყებინეს. ნახევარი საათის შემდეგ ითიმად უდ დოულე პირნათლად ასრულებდა სპარსულ ზრდილოას: მადლობის და კმაყოფილების ნიშნად ორივე ხელს მუცელზე ისვამდა და გულმოდგინედ აბოყინებდა. ასე შეათავსა დღევანდელმა ირანელმა ფრანგული ზრდილობა და სპარსული ჩვეულება. კახურმა კონიაკმა ჩემს ,,კამარადს‘‘ პირი გაუხსნა და აალუღლუღა: თუ სავე, მონ ამი, - იცით, მეგობარო, რა დღე დააყარეს საწყალ სპარსეთს ურუსმა და ენგლიზმა? ბულდოგი და დათვი ჩვენს კისერზე მორიგდნენ. ჩვენ არ გვინდოდა ამ ომში ჩავრეულიყავით, მაგრამ ვინ გვეკითხება! ომი ჩვენს ქვეყანაში გადმოიტანეს, ჯარი შემოიყვანეს და აგვიკლეს. ღეკვიზიცია გამოაცხადეს, სამ აბაზიან იონჯას სამ შაურად გვართმევენ, ორმანეთიან ქერში ორ აბაზს გვითვლიან. შამაგიეროდ, სპარსეთი ფულით გაივსო. – ნუგეში ვეცი მე. ღმერთმა დაგვიფაროს ასეთი ფულისაგან! ურუსის ფული წინანდელის ნახევარიც აღარა ღირს და საცაა სულ დაფოლდება. ურუსებს ნავთი, ქსოვილები, შაქარი, და მრავალი სხვა საქონელი მოაქვთ და სპარსულ ყრანებზე ჰყიდიან, თავიანთ ფულს კი თვითონაც აღარ იღებენ. ხალხი ჰგმინავს. ახლა მე ძნელი საქმე დამაკისრეს, ლაშქრის სარდალი ჩერნოზუბოვი ლომია, რომელსაც ალჰმა მელიის ეშმაკობა მისცა. რუსები ჩვენს შინაურ საქმეში ერევიან და ანგარიშს აღარ გვიწევენ. ისე მიჰყავთ საქმე, თითქო მოსკოვში არიანო, თითქო შაჰინ-შაჰ ,,ცარის ჩინოვნიკი‘‘ უოფილიყოს. ვუღუპებით. მძიმე ყოფილა ურუსის ჩექმა, სამაგიეროდ, - ითიმად უდ დოულე გაიბადრა, - ურუსებს ლამაზი ქალები ჰყოლიათ და კონიაკიც საუცხოვო ჰქონიათ, ეხე-ხე! ჩემი ახალი ,,იოლდაში‘‘ კარგა ხანს ურევდა ერთმანეთში ბორძიკით და ლუღლუღით მელა ჩერნოზუბოვსა და იონჯას, ყრანებსა და ქერა ქალებს, მოსკოვურ ფარჩასა და შაჰინ-შაჰს, ოსმალებსა და ნავთს, საბზა-ქიშმიშსა და რუსულ შაქარს, და ზოგჯერ ამ დომხალს კონიაკსა და წუწუნსაც უმატებდა: ვიღუპებით… სპარსეთის ლომი დაბერდა… ურუსი და ენგლიზი საბოლოოდ გაიყოფენ ირანს … მე უძლეველი მიდია მომაგონდა, მომაგონდა იმ საარაკო ხალხის მომდუნებელი განათლება და ფუფუნება, გამახსენდა მიდიელთა საარაკო რაშები, რომლებსაც ასე უბრალოდ ზლეული რაინდებიზლივს მოასხდნენ და უკუნეთს შთაინთქნენ. ითიმად უდ დოულემ უმანკო ფშვინვა გააბა. მოშორებით მისი ამალა საუზმობდა. მაფრაშებისა და სკივრებისაგან აღმართულ ღობის უკან ჩადრებში გახვეულნი ვალის ცოლები გაბუტული ინდაურებივით ისხდნენ. უზარმაზრად ასვეტილი შაჰდაგის კუნძული ისე დაჰყურებდა ჩვენს ორთქლიან კიდობანს, როგორც ცხრათავიანი სპარსული დევი წყალში ჩავარდნილ კაკლის ნაჭუჭს. მერმე ითიმად უდ დოულემ ფშინვის ნაცვლად როყიო ხვრინვა ამოუშვა, მე კი გემის ქიმს გადავეყუდე და თვალი ტივებსა და უცხო სამხრელ ფრინველებს ავადევნე. მზე მიწურულს იყო. დასავლეთით სპარსეთ-ოსმალეთის მოსაზღვრე მთაგრეხილი ლილისა და იის ჩადრით შეიმოსა, ტბა მკრთალი ვარდივით შეწითლდა. აღმოსავლეთით ყოუნ-დაგი და ორმოციოდე სხვა კუნძული და კუნძულაკი ფირუზის საარაკო მთებს და გორაკებს ჰგავდნენ, მათიმწვერვალები თითქო სისხლით მოერწყოთ და ცეცხლის ღვარებით დაესერნათ. გულმან ხანეს ნავთსადგური უბეში ჩაეჩარნა თიხის უზარმაზარ კონცხს, რომელიც წყალში ჩაძირულ დევის მუზარადს ჰგავდა. ნავთსადგურის სანაპირო დამხდური ხალხით გავსებულიყო და ერთმანეთში არეულიყვნენ რუსი სპარსელი მოხელენი: ინტენდანტები, მოიჯარადრენი, ვაჭრები, სალდათები, სეიდები და მოლები, ახალი ვალის დასახვედრად მოსულ დელეგატებს სახელმწიფო და მუსლიმანური დროშები ეჭირათ. მოშორებით ასიოდე სპარსი ყაზახი ჩამწკრივებულიყო. ეტლების კუდი აქლემთა ქარავანში იკარგებოდა. შანამ ვალი და დამხდურნი ერთმანეთს სალამს აძლევდნენ, მე ჩემი ეტლი ვიპოვე. _ გამარჯობა, აღა! – მომაძახა ქართულად თათარმა მეეტლემ და მუსლიმანურ ადათს უღალატა: შუაზე გადაპარსული თავი მუხლამდე დაღუნა, მხიარულად გაჰკრიჭა კბილები და მოტვლეპილი თავი კიდევ რამდენჯერმე დამიკრა. _ გაგიმარჯოს. შენი სახელი? _ მაშადი ჰასან, აღა. _ ქართული სად ისწავლე? _ მე და მამა-ჩემი ქალაქში იყავი, ბორჩალოშიც იყავი. იქ ისცავლე ჰასანმა. _ რამდენი წლისა ხარ? – ვკითხე სუფთა თათრულით. _ მაშადი სიხარულისგან აილანძა: _ ოცი წლისა, აღა ექიმბაშო. კითხვა და პასუხი სეტყვასავით დამაყარა. Uკვირდა, რომ მე თათრული ვიცოდი, და მას აქეთ ქართული აღარ გაუხსენებია. მაშადი ჰასანმა ცხენებს სადავეები აუკრიფა და უცებ დასჭყივლა: _ ლამბალო! _ აბა, გასწი, თათარო! – უბრძანა ბექაურმა და დაუმატა: _ აქაც ურჯულოები ყოფილან. თათარმა მსუბუქი ეტლი მტვრის კორიანტელში გაჰხვია. დაოთხებულ ცხენებს შოლტს უტრიალებდა, უცნაურად უსტვენდა და გაჰკიოდა: _ ჰეი, ჰეეიი! ხაბარდა-ა-ა! ლამბალო. ვინმე საწყალ მგზავრს კოფოდან შოტლს გადაუქნევდა და მიაძახებდა: - იოლ ვერ, - გზა მომეცი ლამბალო! _ მაშადი ჰასან, ნუ ჩქარობ, არავინ გაჭყლიტო. მაშადი არ მეთანხმება: ახალ გუბერნატორს უნდა გავასწროთ, თორემ დაგვეწევიან და მტვრით დაგვახრჩობენ. მაშადის არ უნდა, რომ მის აღას ვინმემ გაუსწროს, თუნდ ითიმად უდ დოულემაც. მე ახალი კაცი ვარ ურმიაში და აქაური ჩვეულებისა არაფერი მესმის, მაშადი კი აქაურია და კარგად იცის აქაური წესრიგიც და ადათიც, ამიტომ მე ისღა დამრჩენია, რომ ჩემი ნებისყოფა მაშადი ჰასანს დავუმორჩილო და ბრმასავით მივყვე. მაგრამ ერთ რამეში მაინც ჩემი გავიტანე: ცხენებმა სირბილს დაუკლეს, საამგიეროდ, მაშადიმ კბილთა ღრეჭას და მხიარულ ლაყბობას უმატა, გაბადრული პირისახე უფრ ხშირად ჩემსკენ აქვს მობრუნებული, ვიდრე ცხენებისაკენ, და ნაკუწ-ნაკუწ მიამბობს თავის ვინაობას. მაშადი იმიტომ დაარქვეს, რომ ბავშვობაში მისმა მამამ წმინდა ქალაქ მეშხეთში წაიყვანა. თვითონ მაშადი ჰასანი მეეტლე კი არ არის, მებაღეა, ჩვენი მებაღე. წითელ ჯვარს ურმიის მახლობლად სოფელ ასკერაბადში იჯარით ბაღი და ბოსტანი აქვს აღებული. მაშადი ჰასანიც იმ სოფლელია, თვითონად იქვე აქვს სახლ-კარი და ბაღი. მაშადი ჰასანი და იმის მამა მაშადი იზათი ორივე მამულის უვლიან. გარდა ამისა, მაშადი იზათს კიდევ რამდენიმე ხელობა აქვს: მირაბია, არხები გაჰყავს, ჭებსა და ,,ილანებს‘‘ იჭერს. _ ილანებს, - გველებს? _ ბალი აღა, გველებსაც იჭერს. თუ ვინმეს ბაღში ან სახლში ბევრი მცურავი შეეჩვია, მამა-ჩემი შეულოცავს და გველებს იმ ალაგიდან განდევნის, და თუ იშვიათI მცურავი შეხვდა, დაიჭერს და გაჰყიდის. ჰასანის მამა მაშადი იზათი ერთ დროს შეძლებული კაცი იყო, მაგრამ გაღარიბდა. მას შემდეგ ჰასანსა და იზათს ყველაფერი გამოუდით ხელიდან. ერთ დროს ქალაქ ,,თიფლისშიც‘‘ იყვნენ. საუცხოვო ქალაქია. ,,ლამბალო‘‘ ქალაქია! ჩოხ იახში ქალაქია! მაშადი ჰასანი ტფილისში ხან მღებავი იყო, ხან ქიშმიშ-ლაბლაბოს ჰყიდდა, ხან ,,ბატი-ბუტი‘‘ დაჰქონდა და კალატოზობაც ისწავლა. ერთი ,,გურჯი იოლდაში‘‘ ჰყავდა – ნიკო ტოXლიშვილი. ნიკოს არ ვიცნობ? მაშ კუკიის საუკეთესო მოჭიდავეს და მოკრივეს ნიკო თოხლიშვილს არ ვიცნობ! კუკიელია, ხაზარია, ისეთი ბიჭისა რომ... ნამდვილი ,,ლამბალოა‘‘, ნამდვილი! ჰაი გიდი, რა ,,იგითი‘‘, - რა გმირი ხალხია გურჯი. _ ლამბალო ხალხია, ლამბალო! _ მაშადი ჰასან, რას ნიშნავს თქვენებურად ლამბალო? მაშადი ჰასანის ხარხარმა ზარივით დაიწკრიალა. ,,ლამბალო‘‘ ჰასანის მიერ მოგონილი სიტყვაა. სხვამ არავინ არ იცის ამ სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობა, თუმცა ურმიაში უკვე ბევრნი ხმარობენ მას. მაშ რას ნიშნავს ეს სიტყვა? ყოჩაღს, შახიანს, კოხტას. _ მერმე, საიდან მოიგონე ეს სიტყვა? ჰასანმა ბავშვივით გამიღიმა. _ ერთხელ მამაჩემს ბორჩალოში ბოსტანი ჰქონდა... მე სიტყვა გავაწყვეტინე: _ დაიცა, ბოსტანი სოფელ ლომბალოშI? სადახლოს გაღმა, სუმბათაშვილის მამულში არა? _ ბალი აღა, ბალი. – გაუხარდა ჰასანს, - ტკბილი სიტყვაა – შაქარ სიოზDდი, შაქარ! გულში ჩამრჩა, ენაზე მომეკიდა და აღარ მომეშვა. – აბა ყური მათხოვეთ: და მკვეთრად წამოიძახა: _ ლა-ამბა-ალო-ო-ო-ო... მერე წვრილი, მძლავრი და სუფთა ხმით ერთ კილოზე გააბა ოპერის მომღერალივით: _ ლა-ამბა-ალო-ო-ო-ო... ჰასანის სმენამ და იშვიათმა ხმამ გამაცოცხლა. _ მაშადი ჰასან, აბა ერთხელ კიდევ დასძახე ეგ სიტყვა. და მაშადი ჰასანის ვერცხლის ხმამ ერთხელ კიდევ შეაჟღრიალა ჰაერი: _ ლა-ამბა-ალო-ო-ო- ო... და ისე დაუმდაბლა თანდათან, რომ ვერც კი გავიგე, როდის შესწყდა ზარი. ასეთი სუფთა ტენორი, ასეთი წრფელი კილო, ამგვარი მძლავრი ხმა და იშვიათი პიანო აქ, მავარდნილ უდაბნოში, ქურთისტანის სამზღვარზე, მიყრუებულ აზერბაიჯანში?! _ ერთხელ თიფლისში ყურძენს ვყიდდი, - მომიბრუნდა ჰასანი. _ დავდიოდი და ვიძახდი ,,ვი-ონოგრა-ა-ად!‘‘ ერთს რომ დავიძახებდი მთელი ქუჩა ფანჯრებს გააღებდა ხოლმე. ყველანი ჩემგან ყიდულობდნენ. ჩემს უბანში ვეღარავინ ვაჭრობდა. მალე გავმდიდრდებოდი, მაგრამ კონტოები შურით დაიხოცნენ. ბნელ ქუჩაშI მომეპარნენ და ბებუთი დამცეს. კინაღამ მოვკვდი. თავი დავანებე და წამოვედი. უცებ უკნიდან ყიჟინი და თქარათქური მომესმა. მივიხედე. ჩაფრები ოფლში გავლებულ ცხენებს მოაჭენებდნენ და ჭყივილით ემუქრებოდნენ ჰასანს: _ იოლ ვერ, იოლ ვერ! – გზა! გზა, ქოფა-ოლღი, თორემ... და მათრახების ქნევით ჰასანზე მო-დიოდნენ. მე ბრაზი მომივიდა და უმალვე ნაგანი შევაპრიალე ჰაერში: _ ხელი არ ახლოთ, თორემ... ბექაურმა თოფი მოიმარჯვა და მოხევურ კილოზე შეუტია. _ ახლავე მოგკლავ, ურჯულოვ! გულგახეთქილმა ჩაფრებმა ნაზალადევად გამიღიმეს და ცხენები უკანა ფეხებში მოდრიკეს. მერმე რუსული სამხედრო სალამი მომცეს და წინ მიმავალ თათრებს დაედევნენ. დაფეთებული თათრები ვირებიდან გადმოცვივდნენ, სახედრებს თავი მიანებეს, ქუდები მოიშვლიპეს და გზიდან პანტაპუნტით გადაცვივდნენ შამბიან ჭაობში. იმავე წუთს გვერდით გრიგალმა გამირბინა. მე და ითიმად უდ დოულემ ერთმანეთს ძლივს მოვკარით თვალი, გაბღენძილი და მრისხანე სპარსელი ისე გაჭიმულიყო ეტლში, თითქო იმ ქვეყნის ბატონ-პატრონი გენერალი ჩერნოზუბოვი კი არ ყოფილიყომ არამედ შაჰინ-შაჰის მიერ წამოგზავნილი ვალი ითიმადი. ჩემს ხელში რევოლვერს მოჰკრა თვალი და ოდნავ შეკრთა. მის გაქანებულ ეტლს დგრიალით და კიჟინით ორმოციოდე ეტლი და ორიოდე ასეული იასაული, სარბაზი. ჩაფარი და სპარსელი ყაზახი მოსდევდა. ისეთი კორიანტელით დააყენეს, რომ კარგა ხანს მაშადი ჰასანისზურგსაც ძლივსღა ვარჩევდი. როდესაც თქარათქური მისწყდა და მტვერიც გაიბნა, ჰასანმა შეშინებული თვალები შემომანათა, გაპარსული თავი გააქნია და თქვა: _ აღა, ცუდად არის ჩემი საქმე. _ რა ამბავია, ჰასან? რამ შეგაშინა? _ ვალი არ მაპატიებს. გზა ვერ მივეცი. და ტყუილად ამოიღე ეგ რევოლვერი. ვალაჰ, ისევ ის სჯობდა, რომ ჩემთვის რამდენიმე მათრახი დაეკრათ. _ ნუ შეშIნდი, მაშადი ჰასან. – ვალი ხელსაც ვერ გახლებს. თუ დაგიპირა რამე, შემატყობინე. ვალი ჩემი ,,იოლდაშია‘‘. ვამშვიდე, მაგრამ ვერ დავამშვიდე. ვეღარც ,,ვინაგრადი‘‘ ვათქმევინე და ვეღარც ,,ლამბალო‘‘ ვამღერე, დაღონდა და ცხენებს სადავე მოსწია. ეხლა მე ვჩქარობდი, ჰასანი კი თითქო განგებ იგვიანებდა. ერთ სოფელში შევედით. გზა დიდ მანძილზე სისხლით იყო მორწყული. ვალის პატივსეცემლად იქაური ხელისუფალნი ითიმადის ფეხთა წინაშე შუა გზაზე ცხვრებს ჰკლავდნენ და დახოცილ საქონელს გზის ერთ ნაპირზე ჰყრიდნენ, ხოლო თავებს – მეორეზე. გზა და მოედანი მორჩილი გლეხუდებსა და გლეხებს, მაშადი ჰასანმა ცხენები შეაყენა. _ ჰასან, მეჩქარება. გარეკე! ჰასანმა თვალებით მთხოვა შებრალება. _ გარეკე მეთქი! _ აღა, ვალის რისხვას ვერსად წაუხვალ. _ შენ გარეკე, დანარჩენი მე ვიცი. მაშადი ჰასანი ერთხელ კიდევ შეიშმუშნა, მერმე ზანტად მოსწია სადავეები და ცხენები ნაბიჯით დასძრა. _ ჰასან, გარეკე მეთქი! – შევუტიე შეშინებულ მეეტლეს. გზა ძლივს გავიკვლიეთ. ყველანი გვიბღვეროდნენ. მე კი შაჰინ-შაჰის მოხელეებს გულგრილად შევსცქეროდი. ვალის ეტლს რომ გავისწორდით, ითიმად უდ დოულემ მაშადი ჰასანი თვალებით განგმირა, მე კი ტუჩებით გამიღიმა და რუსული სამხედრო სალამი მომცა. მეც ღიმილით და ასეთივე სალამით ვუპასუხე. მაშადი ჰასანმა ისე გარეკა ცხენები, რომ ვეება კორიანტელი ააყენა და თანაც უკან იხედებოდა. ქალაქში შევდიოდით, უკვე დაღამებული იყო. ითიმად უდ დოულე ერთხელ კიდევ წამოგვეწია. უცხო სანახავს წავაწყდი: ვალის ასიოდე მაშხალა – ჟინჟღალი მოსდევდა ორ რიგად. სამიოდე ათასი ქალაქელიც ჟინჟღლებით და ფერადი ფარნებით გამოეგება. ათნაირი შუშხუნა ტკაცუნით და შხუილით სერავდა ცას. გზის ორივე ნაპირზე ცეცხლის ორი ლარი იყო გაჭიმული. თვალწარმტაცი ფარშევანგები ნელ- ნელა იფურჩქნიან ცეცხლის კუდებს; ცეცხლისავე ველოსიპედისტები წინ და უკან დასრიალებენ; ასეთივე ყოჩები რქებით ჭიდაობენ. ზემოთ ორი წარწერა კამკამებს: ,,იცოხლოს მარადის ირანის შაჰინ-შაჰმა‘‘ და ,,მშვიდობაში შენი მობრძანება, ვალი ითიმად უდ დოულე‘‘. მოედანზე სპარსელი სალდათები – სარბაზები ცეცხლმოკიდებული ლანდებივით დარბიან ანთებული რომაულ სანთლებით, უცებ ჯერ ერთ ცოცხლა მაშხალას მოეკიდა ცეცხლი, მერმე მეორეს, მესამესაც და სამივენი ისე ჩაცვივდნენ დიდ აუზში, როგორც გადასროლილი მუგუზლები. _ ვალ-ი-ი, ხოშ გელდი- ი-ი! – გრიალებდა ხალხი. დამხდურთა შორის ერთ ახოვან გენერალს მოვკარი თვალი. ზიზილ- პიპილოებით იყო მორთული და ითიმად უდ დოულეზე უარესად იბღინძებოდა. ლაშქრის სარდალი ჩერნოზუბოვი არსად არა სჩანდა, ხოლო იმ გენერლის იქ ყოფნა ამბობდა: ,, მე რუსეთი, - გენერალი ჩერნოზუბოვი, - ამ ქვეყნის ნამდვილი ბატონი, არა ვარ და აქვე დავრჩები, შენ კი, ითიმად უდ დოულე, ჩემი პატარა სტუმარი ხარ და მეტი არაფერი. პირველად შენ უნდა მეწვიო. ჯერჯერობით მცირე პატივი და თავაზიანობა არაფერს გვაწყენს, მერმე კი, როცა ომი გათავდება... მერმე ვნახავთ დანარჩენს‘‘. ურმიელებმა ასე გაიგეს ჩერნოზუბოვის უსიტყვო სიტყვა და არც მოტყუებულან. მეორე დღეს გრძელმა და საამურმა შეძახილმა გამაღვიძა: _ ლა-ამბა-ლო-ო-ო. – და უმალვე დააყოლა. – ვი-ინაგრა-ა-ად... ხალათი გადავიცვი და ფანჯრიდან გავიხედე. _ საბახ ხეირ ოლსუნ, - დილა მშვიდობისა, აღა! _ გაგიმარჯოს, მაშადი ჰასან! _ ნეჯასიზ? ქეიფინ, ჰალინ? – როგორ ბრძანდებით? ქეიფზე როგორა ხართ? როგორ გეძინათ? _ მადლობელი ვარ, ჰასან. მაგ ყურძენს ჰყიდი? არა, არა ჰყიდის. მაშადი ჰასანმა ეს ნობათი თავის ახალ ,,ყონაღს‘‘ მოართვა. არ შეიზლება, უნდა მივიღო. სულ ოციოდე გირვანქა იქნება: მშვენიერი ფერადი ყურძენი, ბროწეული, ლეღვი, ვაშლი, მსხალი, ატამი, თხილი და ერთი კოჭობი ნაღები. მე ფული ამოვიღე. უარმა და ურთიერთის თავაზიანობამ ხუთიოდე წუთს გასტანა. ბოლოს მაინც მომტეხა, ძღვენი მივიღე. ეს ხილი ჰასანის ბაღისაა, ხოლო დანარჩენი ოთხი კალათი სამკურნალოს ბღიდან მოაქვს ავდმყოფთა და თანამშრომელთათვის. უცებ იასამნის ბუჩქებიდან უცნაური ვინმე გამოვარდა და ჯოხის ქნევით, დორბლით და უშვერი ლანძღვით დაეტაკა მაშადი ჰასანს. თათარმა კალათები დაჰყარა, გაიქცა და ბუჩქებს მოეფარა, უცხო ვინმე კი ჰასანს დასდევდა და ჰყვიროდა: _ შენ ისევ აე ხარ? მურდალო, ღორო, მაჰმადის ძაღლო! ქოფა-ოღლი! დონღუზ! ორივენი ბუჩქებს გარშემო ურბენდნენ. ჰასანი მოქნეულ ჯოხს გაუსხლტა და ჩემსკენ გამოიქცა. ოცნობიც დაედევნა. _ შესდქით! ხელი არ ახლოთ, თორემ... – რუსულად შევძახე მე. უცნობმა მოქნეული ჯოხი ჰაერშივე შეაყენა და მე მომაჩერდა: სტაფილოს ფერი სახე; ამავე ფერის წვერ-ულვაში და თმა არწივის მოშლილ ბუდესავით აბუნრძგნული და გაფანტული; ჩაყვითლებული და ჩამტვრეული კბილები; ხახვის მსგავსი მოლურჯო ცხვირი, ლობიოს ოდენა ბოროტი თვალები და ავაზაკური, დაბალი შუბლი. მოსრულსა და მოგრეხილ ტანზე გახუებულ-დაგლეჯილი ანაფორა ეცვა, რომელიც ქუსლებამდე სწვდებოდა. _ ვინ ბრძანდებით? ამ ბაღში რა გნებავთ? – შევუტიე უცნობს. სტაფილოს პირსახე ნელ-ნელა გაიბადრა. ყოველივე ასომ ტკბილად: თვალებმა, შუბლმა, ცხვირმა, ღია პირმა და წვერ-ულვაშმაც. მერმე ნელი ჩიფჩიფით და დაშაქრულად მიპასუხა: _ ჯერ არ მიცნობთ? სამწუხაროა, ძალიან სამწუხაროა. მე კი გიცნობთ. თქვენ ამ სამკურნალოს ახალი გამგე ბრძანდებით, არა? _ ჩემთვის სულ ერთია მიცნობთ თუ არა. გეკითხებით, თქვენ ვინ ბრძანდებით-მეთქი? პასუხის ნაცვლად სტაფილო დადნა. მოშლილი ბუდე გააქნივ-გამოაქნია და მისაყვედურა: ვაა, რა მკაცრი ექიმი ყოფილა! _ მასხარობა გაათავეთ! ერთხელ კიდევ შევუტიე სისხიანად, - ან პასუხი გამეცით, ან აქედან მიბრძანდით. უცნობის მაგივრად მაშადი ჰასანმა მიპასუხა: _ ყაშა ლაზარე გახლავთ, აღა. ყაშა ლაზარემ ისე შეუტია და შესძახა, რომ დაფეთებული ჰასანი სამ ადგილზე გადახტა, მერმე ქვას დასწვდა და შესძახა: _ ლამბალო, ქოფა-ოღლი! მაგ წითელ თავს გაგიჭეჭყავ! _ ჰასან, გაჩუმდი! – დავამშვიდე გულმოსული თათარი და ყაშას მივუბრუნდი: - მეტყვით თუ არა თქვენს ვინაობას? _ გეტყვით, რატომ არ გეტყვით! – იპრანჭებოდა ყაშა. – მე ყაშა ლაზარე გახლავართ, ესე იგი, ასურელი მღვდელი ლაზარე ვარ. _ მერმე აქ რა გნებავთ? _ მე რა მნებავს? – გულწრფელად გაიკვირვა უცნაურმა მღვდელმა და პასუხის მაგივრად ისე ამაყად მიმითითა თავის მკერდზე, სადაც წითელი ჯვრის ნიშანი ეკიდა, თითქო თეთრ გიორგის ჯვარს იკვეხნიდაო. ის ჯვარი ანაფორას ნაოჭებში წეღან ვერ შევამჩნიე, ახლა კი დავინახე და ვკითხე: _ რა საქმეს ასრულებთ სამკურნალოში? _ აგენტი გახლავართ. _ კეთილი. ახლა კი ამ თათარს თავი დაანებეთ და მიბრძანდით. – ყაშა ლაზარემ მაშადი ჰასანს მძულვარებით გახედა, ჯოხით დაემუქრა, მერმე ანაფორა აიკრიფა, ამოიხვნეშა და გესლიანი მუქარით წავიდა. _ დამაცადე, შე უწმინდურო, შენა! განანებ, ხვალვე განანებ, შე წუნკალო, შე წუწკო! _ ლამბალო! – ყუმბარასავით მიახალა ჰასანმა ასურელ ყაშას და მხიარულად გადაიკისკისა. ეხლაღა გამახსენდა წითელი ჯვრის მთავარი რწმუნებული გოლუბევის სიტყვები, რომელმაც წამოსვლის დღეს მითხრა: _ ურმიის სამკურნალოს გამგე იქაურ ხელისუფლებას ვერ მოურიგდა, ჩვენი ეპისკოპოსის პავლეს გული ვერ მოინადირა, იმ ექიმის მაგივრად თქვენ გგზავნით და გთხოვთ ისე წაიყვანოთ საქმე, რომ ჩვენი ხელისუფალნიც და სპარსელებიც მოიმადლიეროთ. ნურაფერს მოერიდებით, დაურიგეთ, რაც გექნებათ: შედედებული რძე ღვინო კონიაკი და... ერთი სიტყვით, თქვენი თავაზიანობის იმედი მექნება. უფრო ჩვენს მართლმადიდებელ მისიას მიეშველეთ. ისინი ათასობით ინახავენ ლტოლვილ სომხებს და სურელებს. ჰო, მართლა: სამკურნალოში ვიღაც მღვდელი მსახურობს. მათი უსამღვდელოესება პავლე მწერს: უპატიოსნესი ადამიანია, წმინდანია, თავმდაბალი, მშრომელი და ჩვენი ერთგულიო. სამკურნალოს გამგე იმ ღვთისნიერს თურმე ძალიან აწუხებს. გთხოვთ იმ მღვდელს მფარველობა გაუწიოთ... ძალიან მასიამოვნებთ. მაშ თქვენი იმედით ვიქნები. გზა მშვიდობისა! ღმერთმა ხელი მოგემართოთ. ღმერთმა თუ სხვა ვინმემ მართლა ხელი მომიმართა და ის ,,ღვთისნიერი ყაშა‘‘ პირველივე დღეს წინ დამახვედრა. ლაზარეს ზურგს თვალი გავაყოლე და გავიფიქრე: აი ვინ გადააყენა ჩემი წინამორბედი ამ სიშორეზე ამ ხუცესმა ჩამომიყვანა? ამასთან მექნება საქმე? მაშ ამას უნდა გავუწიო მფარველობა? კეთილი და პატიოსანი. ერთმანეთი გავიცნოთ, გავზომოთ და მერმე გამოჩნდება. ნახევარი საათის შემდეგ ჩემმა წინამორბედმა სამკურნალოს სასადილოში შემიყვანა. დიდი დარბაზი საექიმო და საადმინისტრაციო პერსონალით იყო სავსე – სათნოების დებით, ექიმებით, ლალებით, აგენტებით და მრავალი სხვა მოხელით. ერთმანეთი გავიცანით და ჩაიზე დავსხედით. ყაშა ლაზარე მოუსვენრად იჯდა, უშნოდ იღრიჭებოდა, საიდუმლოდ ჩურჩულებდა და უსაქმოდ ჰფუსფუსებდა. უცებ ერთ დას მიუბრუნდა და ხმამაღლა მიაძახა: _ დაო სოფიო, თქვენი ავადმყოფები ჩივიან, კარგათ ვერ გვივლისო. უკანასკნელად გაფრთხილებთ. მაშინვე მოსხლტა და დარბაზიდან გავარდა. სიჩუმე ჩამოვარდა. ჩემს ახალ თანამშრომლებს გაკვირვებით გადავავლე თვალი. აქა-იქ ჩუმი ფრუტუნი გაისმა. ჩემმა წინამორბედმა თავი ჩაღუნა. იმავე წუთს ეზოში ყაშას გრგვინვამ იფეთქა: _ ლამოვ, შე მამაძაღლო, სად მიათრევ მაგ შეშას?! კალიჩენკო, შე არამზადავ, ეგ ძაღლი გადააგდე მანდედან, თორემ კბილებს დაგამტვრევ! და სანამ დილი საუზმეს გავათავებდით, ყაშას რისხვა და ლანძღვა ხან ერთი მხრიდან ისმოდა, ხან მეორედან: _ გაეთრიე – მეთქი აქედან!... რას დაეხეტები ამ ეზოში! გადადგი ეგ ფეხები, წელი ნუ გწყდება!... აბა, კარგათ მოსუვი ეგ ცოცხი!... შენ, ჰეი, მუქთახორავ, წყალი მომართვი! თან ყოველ შეძახებას ისეთ უწმაწურ სიტყვას დააყოლებდა, რომ ხელზე მომსახურე რუსი სალდათიც კი ჭარხალივით გაწითლდებოდა. დარბაზი დაცარიელდა. მარტო მე და ჩემი წინამორბედი დავრჩით. იმ ექიმს ჩემთვის სამკურნალო უნდა ჩაებარებინა და ტფილისში დაბრუნებულიყო. მე ვკითხე: _ ერთი მიბრძანეთ, რა კაცია ეს ყაშა? ექიმმა გაიღიმა. _ ყაშა ლაზარე ამ სამკურნალოს გამგეა. _ მართლა? ნამდვილი გამგეა? _ ნამდვილზე უნამდვილესი. პასუხისმგებელი მე ვარ, პატრონი კი ეგ არის, ორ თვეში ამ სამკურნალოდან თხუთმეტი სათნოების და, შვიდი ექიმი და ოციოდე ლალა და თანამშრომელი გაიქცა. დანარჩენებიც სიხარულით წავლენ აქედან. წასვლე მეც მიხარიან, მაგრამ თქვენ მებრალებით. _ გმადლობთ თანაგრძნობისათვის, ძალიან დავაშავე, რომ წავმოვედი, მაგრამ ნაგვიანევ სინანულს შეჩვეული არ ვარ. რაკი გაბრიყვდი, უნდა ბოლომდისაც გავიტანო. კიდევ მიამბეთ რამე. კიდევ მიამბო: _ მოკლედ მოგახსენებთ, ყაშა აქაურია. ათიოდე წლის წინათ ქურდობდა, კონტრაბანდას იზიდებოდა და ჯაშუშობდა. მერმე მამა შემოაკვდა. _ მამა? ვისი მამა? _ თავის ღვიძლი მამა მოჰკლა. მძინარეს მიეპარა. ყელი გამოსჭრა და მერმე ჩვენს მისიონერებს შეაფარა თავი. მათ ჯერ შეინახეს, მერმე რუსეთში გააპარეს. სტავროპოლში ლუდის დუქანი გახსნა. დუქნის უკან ბნელი ოთახი ააშენა, ხოლო ეზოში სამი კახპა გაიჩინა. _ საროსკიპო? _ დიაღ, ნამდვილი საროსკიპო მოაწყო. ამავე დროს სასულიერო სემინარიაში შინაურ კაცად ითვლებოდა, ბერები, სემინარიელები და ყაშა ერთმანეთის მუშტრები იყვნენ. დიდხანს ჰბანეს ერთიმეორეს ხელები. ერთხელ ყაშას დუქანში ქალებმა მუშტარი დაახჩვეს. ყაშას სისხლის საქმე დაუმტკიცეს და დააპატიმრეს. ისევ ბერებმა უშველეს: საპატიმროდან გამოიყვანეს. ანაფორა ჩააცვეს და სამშობლოში დააბრუნეს. ხელი ვერავინ ვერ ახლო. რუსეთის ქვეშემდომია! მისიონერია! მართლმადოდებელი ეკლესიის ერთგული მუშაკია! _ ზოგი რამ გადაჭარბებული იქნება. – ჩავურთე მე. _ არც ერთი სიტყვა. ბევრიც დავაკელი. აქაურს სამხედრო გამომძიებელს სქელი საქმე აქვს შედგენილი. ყაშას ჯაშუშობასაც კი აბრალებენ. _ მერმე, როგორ გადარჩა? _ ძალიან ადვილად. ჩვენი ეფისკოპოსი პავლე უფრო ხელს მოიჭრის, ვინემ ლაზარეს დასთმობდეს. ეგზარხოსი, მეფის ნაცვალი, მიტროპოლიტი, სინოდი, ობერპროკურორი და... მეფე-დედოფალიც კი უფრო ეპისკოპოსს პავლეს ენდობიან, ვიდრე საკუთარ თავს. _ ეს ყაშა რაღად სჭირდება ეპისკოპოსს? _ ჩვენი მისიონერები მართლმადიდებელთა სულებს ნადირობენ. აქ სხვებიც არიან: კათოლიკები, ნესტორელელები, იაკობიტები, ამერიკელები ინგლისელები. აგერ, იმ მთების გადაღმა ნამდვიილი ომია გაჩაღებული, მაგრამ აქაური იმო სიმძაფრით და კაპასობით იქურსაც კი არ დაუვარდება. _ რით იბრძვიან? _ ყველაფრით: ფულით, ხორბლით, მკურნალობით, მფარველობით, დაშინებით, დაპირებით და ... ტყუილით. მაგრამ ჩვენებმა ყველას გადააჭარბეს. რუსი ვარ, მაგრამ არა ვმალავ: ეხლა ჩემი რუსობისა მრცხვენიან. _ ყაშა ალბად მძლავრი მებრძოლია. _ ძალიან. საოცარი შხამით, ათასი ხრიკით, კბილებით და ფრჩხილებით იბრძვის. იბრძვის გამოდებით, გულმოდგინედ, მძაფრად და დაუნდობლათ. არაფერს არ ერიდება. პავლემ რომ უთხრას, შენი დაწინაურებისთვის საჭიროა ყველა ასურელი ამოხოცოო, ერთსაც არ გადაარჩენდა: არც ასურელთა პატრიარქს – მარშიმუნს და არც საკუთარ ცოლ-შვილს. _ ცოლიცა ჰყავს? _ მონათლული ურია ჰყავს, ცოლის მონათვლით დაიწყო ნათლისმცემლობა და მოძმეთა სულის ცხონება. სარწმუნოება ცხრაჯერ გამოიცვალა. მართლმადიდებელ ეკლესიას ეხლა ჯაჭვითა ჰყავს დაბმული. მაინც ცუღლუტობს. ცოლი რუსეთში მუშაობს: ყაშაც შუამავლობით საკუთარ მრევლს ხან კათოლიკეთა ეკლესიას მიჰყიდის ხოლმე, ხან ანგლიკანურს, ხან კიდევ ეპისკოპოსს პავლეს. _ და ყველგან ფულს იგებს, ოხო-ოხ! _ და რა თქმა უნდა. აკი მოგახსენეთ: ასურელები ისე ჰყიდნენ თავიანთ სულს, ხოლო მისიონერებიც ისე ჰყიდულობენ, როგორც ქათმებს, ყველსა და ბრინჯს. ყაშა ლაზარეც ყოველთვის მაჭანკლობს და ფულებს აგროვებს. ტფილისში სახლიც კი იყიდა. _ რამდენჯერ შეიძლება რჯულისგამოცვლა? _ წელიწადში გინდ თორმეტჯერ. _ მაშ ასურელებს მოსაგები ხელობისათვის მიუგნიათ. _ არც ვამტყუნებ. გავაბრიყვეთ, ავაჯანყეთ და ოსმალებს და ქურთებს უამრავი გავაჟლეტინეთ. თუ ომი წავაგეთ, აქაური თათრებიც მრავალს მიუძღვნიან. _ ვინ მიიღო სამსახურში ყაშა? _ ტფილისიდან მოვიდა ბრძანება. ეპისკოპოსმა პავლემ მოახერხე. ეხლა ის სამკურნალო უფრო პავლეს ეკუთნის, ვინემ წითელ ჯვარს. სამკურნალოში ზოგჯერ დაჭრილი სალდათებისთვისაც კი არ არის ხოლმე ადგილი, ავადმყოფ ასურელს კი უარს ვერ ვეუბნებით. _ მერმე? ჩერნოზუბოვი რას ამბობს? _ იღრინება, მაგრამ კისერს იდრეკს, ვინაიდან ეპისკოპოსს დიდი გავლენა აქვს ზემოურებში, ეშინიან, არ გადამაყენონო. კიდევ დიდ ხანს ვაბაასეთ. ეზოში რომ გამოვედით, ყაშას ყვირილი და დედაკაცების წივილი მოგვესმა. ყაშა ლაზარეს ანაფორა აეკრიფნა, დამკლავებული დასდევდა დედაკაცს ჯოხით და გაჰკიოდა: _ მომპარა! საპონი მომპარა! ლაჯებში ვუოპოვნე. ჰაი, შე ქურდო, კახპავ, ჰარამზადავ! ყაშა ლაზარეც და მრეცხავი დედაკაციც სირბილით მიეფარნენ შენობას. ორივებ გულიანათ გავიცინეთ. _ ორივენი იპარავენ. – სთქვა ექიმმა. – ალბათ დღეს ვერ მორიგდნენ. გაძარცვა ყაშა ლაზარემ სამკურნალო, სულ გაძარცვა. საცვალს, ქერს, საბნებს და სანოვაგეს ურმობით ჰყიდის. _ ამ რამოდენიმე დღეში მოვიშორებ მაგ ავაზაკს, ან მეც ტფილისში გაგყვები. – ვუთხარი მე ჩემს წინამორბეგს და ცხენს მოვაჯექი. ურმიელ დიდებულებთან და წარჩინებულებთან სადარბაზოდ მივიდოდი. ჯერ კიდევ კორპუსის ექიმი ვინახულე, მერმე ორივენი გენერალ ჩერნოზუბოვს ვეწვიეთ. ჩემი გვარი რომ გაიგო, შუბლი შეიკრა და წაიბურტყუნა: _ თქვენც ქართველი ხართ? _ დიაღ, გენერალო, მეც ქართველი გახლავართ. – მტკიცე ხმით ვუპასუხე და ბრძოლისათვის მოვემზადე. მაგრამ ბებერმა, გამოქნილმა და ჭკვიანმა მელამ დროზე დაიხია და მიყუჩდა. მცირე ბაასის შემდეგ ვკითხე: _ თქვენო მაღალაღმატებულებავ, წინააღმდეგი ხომ არ იქნებით, რომ ყაშა ლაზარე სამკურნალოს ჩამოვაშორო? _ თუნდ კისერიც მოსტეხეთ, რა ჩემი საქმეა! _ მაგაზე მეტი არ მინდა-რა. გმადლობთ, თქვენო მაღალაღმატებულებავ, მშვიდობით ბრძანდებოდეთ! _ მშვიდობით იყავით. ეცადეთ საქმე გამოასწოროთ, თორემ ეგ სამკურნალო კი არა, მეძავეების და ქუედების ბინაა. ეს სიტყვა გულში მოხვდა, მაგრამ თავი შევიმაგრე, რადგან გენერალი ამ საყვედურს მე ვერ დამიმიზნებდა. სამკურნალოში რომ დავბრუნდი, სამნეო ნაწილის გამგე დავიბარე და ვუბრძანე, რომ გენერალს ჩერნოზუბოვისთვის და ითიმად უდ დოულესთვისაც ეხლავე გაეგზავნათ ღვინო, კონიაკი, გალეტები, შედედებული რძე, მოცვის წვენი და სხვა გემრიელი სანოვაგე. ასე მქონდა დაბარებული ტფილისიდან: არავის აწყენინოთ, ყველანი მოიმადლიერეთ და არაფერს არ მოერიდოთ. მეც კარგათ ვიცოდი გემრიელი სასმელ-საჭმელის ძალა ამ ქვეყანაში და ეს თილისმა უმალვე მომვიხმარე. მერმე ისვე ცხენს მოვაჯექი და ოციოდე წუთის შემდეგ მართლმადიდებელ მისიის მეთაურის ესპისკოპოს პავლეს საკანში შევედი. წესი შევასრულე: მაღალს, პრანჭიასა და მეტად ლამაზ ეპისკოპოსს ფაფუკ ხელზე ვემთხვიე, კურთხევა ავიღე და მივიხედ-მოვიხედე. საკანი სახლის ჰგავდა. კუთხეში ყაშა ლაზარე უმაკო კრავივით მობუზებულიყო. უკვე გაფრთხილებული ვიყავი: პავლე მეტად ზრდილობიანი კაცია, მაგრამ თუ ოდნავ მაინც საკუთარი უფლება და აზრი გამოიჩინეთ, მაშინ ენა ტკბილი ბერი დაუნდობელი და მოურიდებელიაო. მისი თხოვნა ბრძანებაა, ხოლო აზრი – უდაო ჭეშმარიტებაო. _ დაბრძანდით, ბატონო ექიმო, როგორ იმგზარეთ? როგორ მოგეწონათ აქაურობა? – ალერისთ გამოკითხა ეშხიანმა ვაჟკაცმა და ბოლოს მკითხა: - თქვენ ქართველი ბრძანდებით, არა? _ დიაღ, ქართველი გახლავართ. - ხაზგასმით ვუპასუხე. მან თანაგრძნობით და ნუგეშით მიაპასუხა: _ ქართველობა დიდი უბედურება არ არის, რადგან ქართველიც ადამიანია და კეთილი ქრისტიანი ქართველებშიც მოიპოვება. მე თვალებში შევხედე, მაგრამ ამარიდა. _ მართალს ბრძანებთ თქვენი უსამღვდელოესებავ, - ეპისკოპოსის ლმობიერ კილოზევე დავუდასტურე მე. – კეთილი ადამიანი როგორც ქართველებში, ისე რუსებშიც მოიძებნება. ერთმანეთი თვალებით დავხრიტეთ. ჩემმა სიტყვამ გაკრავებული მგელი შიგ გულში დასჭრა. _ ისიც უდიდესი ჭეშმარიტებაა რომ ,,ქართველიც ადამიანია‘‘, - თავმდაბლად დავუმატე მე. _ რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, - წაუბუტბუტა წაბლისფერ წვერში მართლმადიდებელ მისიის მთავარ – მოძღვარმა. – მე მოგახსენეთ ქართველობა... _ თქვენ ბრძანეთ, - ჩამოვართვი სითყვა, - თქვენ ბრძანეთ, ქართველობა დიდი უბედრურება არ არისო. _ მართალია, მაგრამ... _ მაგრამ, - ხელმეორედ ჩამოვართვი სიტყვა და ხმაში ფოლადი ჩავისხი, - გულრწფელად მოგახსენებთ, თქვენო უსამღვდელოესებავ რომ ქართველობა ჩემთვის უდიდეს ბედნიერება გახლავთ. _ ვოოტ კა-ა-ა-კ? – მაშ ეგრე, - წრფელის გულით გაიკვირვა ბერმა და ლამაზი წვერი მარმაროს ხელით მოიალერსა. _ დიიაღ! – ცულით გამოკვეთა ერთი სიტყვა, და მცირე დუმილის შემდეგ ერთხელ კიდევ მოვუჭერი: დი-ა-ა-აღ! პავლეს პირსახეს არეულობა დაეტყო: იისფერი ფარჩის ანაფორა გადაიკეცა, ჯიბიდან უმსხოსი ქარვის კრიალოსანი ამოღო და ნერვიულათ აათამაშა. მე წამოვდექი. _ თქვენო უსამღვდელოესებავ, ნება მიბოძეთ... გეახლებით. ეპისკოპოსმა ჩემს რისხვას უმალვე თავაზისა და ბოდიშის ფარი შეუშვირა. _ მოითმინეთ ბატონო ექიმო, მოითმინეთ. დაბრძანდით. თუ გაწყენინეთ რამე, მაპატიეთ. ქართველები მეტისმეტათ ამაყები ვართ. _ არა, ამაყი კი არა, თავმოყვარე გახლავართ. _ შესაძლოა ეგრეც იყოს. არ გედავებით. დაბრძანდით ცოტა კიდევ ვილაპარაკოთ. მისი ბოდიში ვიკმარე და ისევ დავჯექი. ცხადი იყო, რომ გაბერებული მგელი არაფერს მაპატიებდა, არც ,,ქართველობის ბედნიერებას‘‘ და არც თავის ბოდიშს დაივყებდა. ხელისუფალი იარაღი დავყარეთ და უხილავით უხილავით აღვიჭურვენით. ეპისკოპოსი მოთქმას და ჩივილს მოჰყვა: მართლადიდებლებს ყველანი სდევნიან: ნესტორიელი პატრიარქი ,, მარშიმუნი‘‘, ბენიამენი ცრუ ფლიდი და უსახლკარო ლტოლვილი, რომელსაც რუსეთი ინახავ; ამერიკელი მისიონერი – მზაკვარი დოქტორი შეედი, რომელიც დოლარებით ყიდულობს ასურელების საცხონებელ სულებს; რუსეთის მოკავშირე ფრანგი იეზუიტი მონსინიორი დეკრო, რომელსაც გაიძვერობაში მუსლიმანების კი ვარ დაეწევიან; ინგლისელი მისიონერი ბრაუნი – ორპირი და გამოქნილი ფარისაველი, რომელმაც სტერლინგებით გაავსო ურმია. ეს კიდევ არაფერი: სპარსელებიც – წუნკალი, ველური ,,პერსიუკებიც‘‘ კი ჩუმ-ჩუმად სდევნიან მართლმადიდებელ ასურელებს და ათასი ხრიკით იბრძვიან თავიანთი ,,უწმინდური‘‘ მუსლიმანების დასაცავად! არა, სად გაგონილა რომ ურმიაში, ,, წმინდა რუსეთის განუყრელ აზერბაიჯანში‘‘ აქვე თავზარში სპარსეთის ტახტის მემკვიდრე ,,ვალიაგდი‘‘ იჯდეს და ჰფიქრობდეს, ვითომ თავრიზი და ურმია სპარსეთს უკუთნოდეს! როგორ არა! ვერ მივართვით! რუსებმა აქ კი არ დაღვარეს ესოდენი სისხლი, რომ მერმე ბარგი აიკრიფონ და უკანვე დაბრუნდნენ. სანამ ეპისკოპოსი პავლე ცოცხალია ,,პესიუკები‘‘ ამას ვერ მოესწრებიან! მართლამდიდებელთა მისიის მეთაური უვარგისის დიპლომატი გამოდგა. ალბათ ეგონა ეს ექიმი თანამებრძოლად გამოდგებაო, ამიტომ მოურიდებლათ გაიღეღა გული და შიგ ჩამახედვინა. მინდოდა მშვიდობიანი მეზობლობა გაეწია, მაგრამ ჩვენი გზები თავიდანვე გაიყარა. აუცილებელი შეტაკების გადასადებლად მობაასეს სიტყვა გავაწყვეტინე: _ მამაო, - ვუთხარი, - მე, რა თქმა უნდა დაგეხმარებით, მაგრამ, სამწუხაროდ, ტფილისიდან შესაფერი დარიგება ვერ წამოვიღე მე კამერჰერ გოლუბევს ხვალვე მოვთხოვ დარიგებს, მაგრამ სანამ პასუხი მოვიდოდეს, გთხოვთ მობრძანოთ, როგორ შემიძლიან ვემსახურო ჩვენს,,საერთო საქმეს‘‘? _ როგორ უნდა ემსახუროთ? წითელ ჯვარს მრავლად აქვს ფული, საცვალი, სასმელ-საჭმელი და ათასნაირი ქონება. _ სახაზინო ფული და ქონება. – მოვაგონე მე. პავლე თითქო ვერ მიმიხვდა როგორ განა ერთი ჯიბიდან არ მოდის მისიის, წითელი ჯვრის და ლაშქრის ქონება? ვინა არის დამთვლელი, ვინ არის პასუხის მომთხოვი ბოლოს და ბოლოს ჩემს სამკურნალოში საქმე ისედაც კარგათ არის დაყენებული. ოღონდ დღევანდელს ნუ შევცვლი და ხალხს ნურაფერს ნუ დავადგენ. _ მეტი არაფერი საჭირო ყაშა ლაზარეს გაჰყევით და ყველაფერი რიგზე წავა. მეტი არაფერია საჭირო! ოღონდ ეს მცირე დარიგება უნდა შევუსრულო პავლეს. ყაშა ლაზარეს ხსენებაზე კუთხეში მიკუნჭული სტაფილოს თავი შეინძრა, ყურები სცქვიტა და თვალები ააცეცა. _ ყაშა ლაზარე წმინდა კაცია. – განაგრძო პავლემ. ,,წმინდა კაცმა‘‘ თავი მკერდზე ჩამოიგდო და ხელები მკერდზე დაიკრიფა. ბერს თვალი თვალში გავუყარე. ეპისკოპოსი მიმიხვდა: _ ნუ დაიჯერებთ თუ ავი რამ გითხრეს. _ ქვეყანა შურით არის სავსე, - ჩაიკნავლა ყაშა ლაზარემ. _ ავი არაფერი გამიგია, - ვიყალბე მე, - მაგრამ ყაშა ლაზარეს თავის საქმე აბარია. _ რა თქმა უნდა, მაგრამ... – გააგრძელა პავლემ და აღარ დაამთავრა. არც იყო საჭირო. ერთმანეთისა კარგათ გვესმოდა. ბერმა ბაასის საგანი განმარტა: _ აი, მაგალითად, დღევანდელი ამბავი. ვინა ჰგდია ,,ახლად მოთრეული წუწკი პერსიუკი‘‘ – ურმიის გენერალ-გუბერნატორი, რომ იმოდენა საჩუქარი გავიგზავნეთ? _ თქვენო უსამღვდელეოსებავ, ჩვენ სპარსეთში ვიმყოფებით, - გავახსენე მე. _ ტყუილია! – წამოიძახა ეპისკოპოსმა და მაგიდას ხელი დაჰკრა. – ტყუილი მეთქი! თქვენ ალბათ გენერალმა კულებიაკინმა დაგარიგათ. _ არც ვიცნობთ და არც გვინახავს. _ სულ ერთია ისიც მაგას ამბობს. გენერლებიც გაგიჟდნენ. რუსული საქმისა აღარაფერი არ ესმით ის კულებიანკინი მეფის ამალის გენერალი რომ არ იყოს, ორ დღეში გავაგდებდი აქედან. თუმცა, - ეპისკოპოსმა ლმობიერი ზიზღით გაიღიამა, - თუმცა პოეტ გენერალს ბევრი არაფერი მოეთხოვება. ეპისკოპოსი ისევ ისვე როსულ რაშს მოაჯდა. თუ ჩვენი საქმე ასე წავიდა, უნდა აქედან ავიყარონოთ ყველანი გვიბრიყვებენ და დაგვცინიან. ,, წუწკი თათრებიც‘‘ კი იმარჯვებენ მართლმადიდებელ ეკლესიაზე. ,, წმინდა რუსეთის საქმეებმა ‗‘ ნახევარ საათში გამაბრუა. იქიდან დაღლილი წამოვედი და ჭეშმარიტი რუსული საკმეველით გატენილი თავი ძლივს გავიგრილე. ცხენი ნელი ნაბიჯით მიმყავს დახურულ ბაზარში. უზარმაზარი ქარვასლა დაყრუებულია ასნაირი ხმებით, ისმის ცხენების ჭიხვინი, ვირების ყროყინი, აქლემების ბღავილი, მეჭურჭლეთა რახარუხი, გამყიდველთა კივილი და ჭრელი ხალხის კიჟინა, ფუსფუსი და ჩოჩქოლი. ჩადრებში გახვეული დედაკაცები დუქნებში ჩაცუცქულან და საქონლის არჩევანში არიან. ზოგჯერ პირსახვევს ოდნავ გაიხსნიან და მამაკაცს უჩინარ თვალის ელვას სტყორცნიან. იქვე ცის ქვეშ ხრაკავენ, სწვავენ, ხარშავენ და სჭამენ მწვადს, ხინკალს, ყაურმას, ფლავსა და მრავალნაირ მწვავე აღმოსავლურ შეჭამანდს. ცხენმა მცირე ფორზე გამიყვანა. ერთ ალვის ხეს ხალხი ეხვევა. ხეს თათრის გადაპარსული თავი მიჰკვრია. გვერდით გავუარე და ჩემი ლამბალო ვიცანი. მაშადი ჰასანი ერთი ყურით იმ ხეზე იყო მილურსმული და ცალი მკლავით ხეს შემოხვეოდა. მეორე ხელი მათრახივით ეკიდა. ყურიდან სისხლი თქრიალით ჩამოსდიოდა. ნაცრისფერი პირსახე ჯვარცმულს მიუგავდა. თვალები მილულული ჰქონდა. გაცრეცილი ტუჩები უთრთოდა. ტანში ბრაზისა და ძრწოლვის ჟრუანტელმა დამიარა. ცხენი შევაყენე და აკანკალებული ხმით დავუძახე ლამბალოს: _ მაშადი ჰასან! ლამბალომ თვალები ძლივს გაახილა, უაზროდ შემომანათა და ისევ მილულა. _ მაშადი ჰასან! – დავუძახე კიდევ ერთხელ. _ მაშადი ჰასან, მიცანი? ლამბალოს ტუჩებზე დაგრეხილმა ღიმილმა გადაჰკრა. მიცნო. უძირო ოხვრით ამოიოხრა და ჩურჩულით გადმოაგდო: _ აღა, აკი მოგახსენეთ, ვალი არ მაპატიებს მეთქი. _ მაშ კეთილი, _ ძლივს ამოვიხრიალე, _ ეხლავე ითიმად უდ დოულეს ვნახავ. ხალხში კმაყოფილების ჩურჩულმა გაირბინა. უცებ სტაფილოს თავს მოვკარი თვალი. ყაშა ლაზარე ვიღაცას ამოჰფარებოდა და მეფისტოფელის ღიმილით იკლაკნებოდა. _ ყაშა ლაზარე, _ დავუძახე, _ ამ საქმეში თვენი ხელიც ხომ არ ურევია? ლამბალო მიმიხვდა. ოდნავ თავი დამიქნია და ყაშა ლაზარეს თვალები დაუბრიალა. ცხენი მოვატრიალე. ჯერ გაქანებული ჩორთით მივუშვი და მერმე ნავარდზე გადავიყვანე. ხუთიოდე წუთის შემდეგ ვალის დარბაზში შევედი. ვიღაც მოხელე და ერთი წვერ შეღებილი, დაბალი, წელმოხრილი და მოხუცებული მდაბიო თათარი ერთმანეთს ჩურჩულით ევაჭრებოდნენ. არ მომერიდნენ და ვაჭრობა განაგრძეს. ალბათ იფიქრეს, ამ ურუსს თათრული არ ეცოდინებაო. მოხუცი ტიროდა: _ შემიბრალეთ... მაპატიეთ... ათი თუმანი ვინ მომცა! _ ამაზე ნაკლები არ შემიძლიან, _ მტკიცედ უპასუხა მოხელემ. _ ხუთიც ძლივს ვიშოვნე, შვილი მიპატივეთ. ბაზარში ყურით გაკვრა ჩემი სირცხვილია... უცებ მივხვდი. მოხუცებულს ზედ მივადექი და თათრულად ვკითხე: _ თქვენ მაშადი ჰასანის მამა ხომ არა ხართ? მოხუცი აცქმუტუნდა და მიპასუხა: _ დიაღ, აღა, დიაღ... მაშადი იზათი გახლავართ. _ ვაჭრობას თავი დაანებეთ. ერთი კრანიც არ მისცეთ. საქმეს ეხლავე გაგითავებთ. _ ალაჰმა ხეირი მოგცეს ღვთისნიერო! _ და მოულოდნელად ხელზე დამწვდა. მოხელემ ბრაზით გადმომხედა, მაგრამ ჩემს თვალებს რომ წააწყდა, მოიკაკვა და იმ ოთხიდან თაგვივით გაცუცუნდა. მალე მეორე მოხელემ მეორე დარბაზში შემიყვანა. ითიმად უდ დოულე ხალიჩებში და აბრეშუმის ბალიშებში იყო ჩაფლული. ფეხზე წამოდგა, ორივე ხელი გამომიშვირა და მხიარულად მომაძახა: _ აა, მონამი, მონ შერ ამი, _ ჩემო ძვირფასო მეგობარო! თქვენი საჩუქარი მივიღე. გმადლობთ, დიდად გმადლობთ, ჩემო ,,იოლდაშო‖. ჩემი პირსახის სუსხმა სიტყვა გააწყვეტინა და ფერი აურია. _ ვალი, მადლობა მერე იყოს. _ მშრალად მოვუჭერი თავაზიანობა. _ მე სხვა საქმისათვის გეახელით. _ დაბრძანდით, მესიე დოქტორ, ჯერ დაბრძანდით. მისი პატიჟი არ მივიღე და გავაგრძელე: _ გმადლობთ, მესიე ვალი. გთხოვთ გამაგებინოთ, რისთვის დასაჯეთ ასე სასტიკად მაშადი ჰასანი? _ ვინ არის მაშადი ჰასანი? დღეში მე ორმოციოდე კაცს ვსჯი და ყველას სახელს ვერ ვიხსომებ. _ მაშადი ჰასანი ჩემი მებაღე და მეეტლეა. გუშინ გიულმანხანედან მომიყვანა. თქვენც დაინახეთ ის კაცი... გაიხსენეთ. ვალიმ თავი მოიკატუნა, მხრები შეიშმუშნა, თვალები ჭერს მიაპყრო და წაიბუტბუტა: _ არ ვიცი... არ მახსოვს. იმოდენა მეხსიერება სადა მაქვს, რომ ერთხელ ნახული ვიღაც მეეტლე დავიხსომო. _ თქვენს მდივანს მაინც ჰკითხეთ, იმას ეცოდინება. _ მდივანი უკვე წავიდა. წეღანდელი ვაჭრობა გამახსენდა, მაგრამ ჯერჯერობით ეს იარაღი შევინახე! ვალი გულგრილობის და ოფიციალობის ნიღაბში გაეხვია, მაგრამ მე ჩემი დავიჟინე. _ მესიე ვალი, ის კაცი დღეს არის დასჯილი. გაიხსენეთ ყაშა ლაზარე, ქერა მღვდელი. _ ააა, _ მოიგონა დოულემ, _ მახსოვს, მახსოვს! მე და თქვენმა მუშტეჰიდმა, ეპისკოპოსმა პავლემ, უკვე გავიცანით ერთმანეთი. ჯერ პირისპირ არ შევხვედრივართ, მაგრამ დღესვე მოციქული გამომიგზავნა და პირველი მსხვერპლი მომოთხოვა. _ თქვენც დაუთმეთ, არა? _ კე ვულე ვუ, _ მაშ რა ვქნა? რუსის ჯარი აქვეა. _ რა ბრალი დასდეს მაშადი ჰასანს? _ სამკურნალოდან დღეს დილით ცული მოიპარაო. _ ექსელანს, სამკურნალოს გამგე მე გახლავართ. ეს გუშინვე მოგახსენეთ, მე ცულის მოპარვა პირველად მესმის. _ ურმიაში რამდენიმე სამკურნალო ყოფილა. მე არ ვიცოდი, რომ მაშადიმ თქვენ მოგპარათ ცული. _ მაშადის ცული არ მოუპარავს. ყაშა ლაზარე ჩემს სამკურნალოში მუშაობს, მაშასადამე, ეს ამბავი მეც უნდა მცოდნოდა და საჩივლელადაც მე უნდა მოვსულიყავი, მაშასადამე... _ მაშასადამე, ურუსმა მუშტეჰიდმა მომატყუა? _ ყაშა ლაზარე მაშადი ჰასანის მოსისხლე მტერია. _ ეხლა კი მესმის. გამოვიძიებ და... _ მაშადი ჰასანი უბრალოა, გთხოვთ საჩქაროდ გაანთავისუფლოთ. ითიმად უდ დოულემ გაკვირვებით შემომხედა: _ რად ჩქარობთ, მესიე დოქტორ? ვიღაც ჰამბალისთვის აგრე რიგად თავი არ უნდა შეიწუხოთ. გუშინ პირველად დაინახეთ ის უნიფხო და დღეს უკვე მაგრე ცხარედ ესარჩლებით? _ ექსელანს, მე უცხოელი ვარ. სპარსეთს იმოდენა ჰმართებს გურჯებისა, რომ ასი ათასმა თქვენისთანამ რომ ჩამოიხრჩოს თავი და სპარსელის ხსენებაც მოისპოს, ჩვენი ვალიდან მაინც ვერ ამოხვალთ, მიუხედავად ამისა, მე თქვენი ისტორიული მტერი და რუსეთის ქვეშევრდომი, თქვენს ქვეშევრდომს ვესარჩლები, ხოლო თქვენ, სპარსეთის გენერალ- გუბერნატორი, თქვენს უცოდველ ქვეშევრდომს ოდნავადაც არ იცავთ. _ ტრე ბიენ, მონ ამი. _ კეთილი, ჩემო მეგობარო. მერსი ბიენ. მაგრამ... არ შემიძლია... ძალა არა მაქვს. _ ბურტყუნებს შერცხვენილი ვალი. ტყუილად ვცდილობ მომაკვდავის წამოყენებას. მაინც ვეუბნები: _ მე უბრალოს ვესარჩლები, ვალი. _ თუნდ აგრეც იყოს. ყველა მართალს რომ გამოუდგეთ, სიცოცხლე ჩაგიმწარდებათ. მე და ვალის _ ფიცხსა და სიმართლის მდევარს ქართველს მოშლილი ირანის ლაყე შვილს ერთმანეთისა არ გვესმის, ამიტომ უმალვე შევიცვალე კილოც და გეზიც: _ ვალი, მე ვიღაც მაშადის კი არ ვესარჩლები, არამედ რუსეთის უფლებას და სახელს ვიცავ. ითიმად უდ დოულემ მაშინვე გაიგო ჩემი ნათქვამი: _ ჰოო, ეხლა კი მესმის. ეგ სულ სხვა საქმეა, თქვენ სამკურნალოს დირექტორი ბრძანდებით. ყაშა ლაზარე თქვენი ხელქვეითია. ცული თქვენ მოგპარეს, თუ რა თქმა უნდა, მართლა მოგპარეს, მაშასადამე... _ მაშასადამე, გთხოვთ დარღვეული სამართალი დაუყოვნებლივ აღადგინოთ. _ ეხლა კი მესმის. მაგრამ ყაშა ლაზარეს ჩემი მოტყუებისათვის რა ვუყოთ? _ თქვენს მაგივრად სამაგიეროს მე მივუზღავ. _ დიდი მადლობელი ვარ, მონ შერ ამი, დიდი მადლობელი გახლავარ. ვერცხლის ზარი დააწკარუნა და იმ მოხელეს, რომელიც წეღან მაშადი იზათს ევაჭრებოდა, მოკლე ბრძანება მისცა. მე და ის მოხელე ერთად გამოვედით. მაშადი იზათი კვლავ ატირდა და ისევ ხელზე დამწვდა. _ აბა, დააჩქარეთ! _ ვუთხარი მოხელეს და ცხენს მოვახტი. _ ვერ მოგყვებით. მე ნაბიჯით უნდა ვიარო. პასუხად ხელში სამ მანეთიანი ჩავუდე. მან მოლა ნასრედინის ნიშადურივით გასჭრა და სპარსელი ისეთი სირბილით დამედევნა, რომ კინაღამ ცხენიანს გამასწრო. დუქნის წინ ცხენი იყო მიბმული. იმ მოხელემ ვიღაცას რაღაცა მიაძახა, იმ ცხენს მოაჯდა და გვერდით ამომიდგა. უკან მივიხედე. მაშადი იზათი ქაქანით და ჩანჩალით მოგვდევდა. ხუთი წუთის შემდეგ იმ მოხელემ მიბნედილ მაშადი ჰასანს გაზით ლურსმანი ამოუღო ყურიდან და გაათავისუფლა. მოხუცი მამაც სწორედ ამ დროს მოლასლასდა და მოწყვეტილი შვილი მკერდზე მიისვენა. ვიღაცამ წყალი მოარბენინა. მეორემ მიბნედილ ლამბალოს პირში პაპიროსი ჩასჩარა. ხალხი აჩოჩქოლდა და სამართალს შეუჩვეველი თათრები სიხარულით აჩურჩულდნენ: _ გურჯი აქიმბაშია, გურჯი! _ ქართველი ექიმია, ქართველი! _ ალაჰმა მშვიდობა მისცეს... ალაჰ იყოს მაგის შემწე... ალაჰ ონა ხეირ ვერსინ. ზოგნი ხელს მართმევდნენ: _ ჩოხ საღოლ, აღა, ჩოხ! _ მადლობელი ვართ, ბატონო დიდი მადლობელი! მაშადი ჰასანს ჩემი ხელსახოცით შევუხვიე ყური და ვუთხარი: _ ლამბალო, წამომყე, მე უნდა მოგარჩინო. ლამბალომ ძლივს გაიღიმა. აქა იქ სიცილი ასტეხეს: _ ლამბალო... ლამბალო... რა კარგი სახელია! ზედ გამოჭრილია!... ლამბალო, როგორა ხარ?.. ლამბალო, გურჯი ექიმს გაჰყე. მაშადი იზათმა ვიღაც თათარი ჩამოსვა ვირიდან, ზედ ლამბალო შესვა, სადავე ხელში დაიჭირა და გზას გაუდგა. მივდიოდით და უკნიდან წამდაუწუმ გვესმოდა: _ გურჯიდი, გურჯი! _ ქართველია, ქართველი! დიდი სახელი ჰქონდათ მაშინ გურჯებს სპარსეთში. _ ლამბალო, ყოჩაღად იყავი! ლამბალო მადლობა არ დაგავიწყდეს!.. ლამბალო, ალაჰს მადლობა შესწირე! _ არიგებდნენ უკანიდან მაშადი ჰასანს მისი მოძმენი. და იმ დღიდან ყველამ იმ თათრის ნამდვილი სახელი დაივიწყა და ზედმეტი ,,ლამბალო‖ დაიხსომა. ცულის მოპარვა ტყუილი გამოდგა. მეორე დღიდან სამკურნალოს ჩაბარებას და მოწესრიგებას შევუდექი. ჯერ აუარებელი ქონება ავწერეთ და მერმე ყველას თავის საქმე მივუჩინე. რამდენიმე დღის შემდეგ ყველანი თავიანთ სკამებზე ისხდნენ. ყველგან სასტიკი სამართლიანობა დამყარდა. მოშლილი საათი გაიწმინდა, ხრიალის მაგივრად რიგიანად აკაკუნდა. ჩემმა წინამორბედმა მითხრა: _ ერთი დიდი სათხოვარი მაქვს და იქნება შემისრულოთ. _ ბრძანეთ. _ დიდი ხანია დავრწმუნდი, რომ მე საქმის გამგედ არ ვვარგივარ. ადმინისტრატორის ნიჭი მაკლია. პატივი არ მიყვარს და პასუხისგებასაც გაურბივარ. მე უფრო მშვიდობიანი მუშაობა და თავისუფლება მომწონს, ამიტომ გთხოვთ ამავე სამკურნალოში უმცროს ექიმად დამტოვოთ. _ დიდის სიამოვნებით. იმავე დღეს თბილისში დეპეშა გამოვგზავნე და სამი დღის შემდეგ თანხმობა მივიღე. ყაშა ლაზარეს საჯიბინე, საცვლები და სანოვაგის საწყობი ჰქონდა ჩაბარებული. აღწერის დროს ნაღდი დავთრებს შევადარეთ. დიდძალი ქერი, თივა, საცვალი და საკვები აკლდა. ოქმი შევაყენე და ყაშას განგებ ისევ წინანდელი საქმე ჩავაბარე, თან თვალყურის დევნას ვუმატე. ერთ კვირაში ცხენები მოსუქდნენ, საცვალიც უკეთესად ირეცხებოდა და საკვებიც გაუმჯობესდა. ყაშა ლაზარე მოიკუნტა, მოიბუზა, იშვიათად მოჩანდა. მერიდებოდა, აღარც მისი ჭყვირილი და ქუხილი ისმოდა. ასიოდე ცხენს დიდძალი საკვები სჭირდებოდა. რადგან ინტენდანტი საკმაო საკვებს არ გვაძლევდა, ამიტომ ყაშა ლაზარე ბაზარზედაც ყიდულობდა. ერთხელ მაშადი ჰასანმა მითხრა: _ აღა, შენი ჭირიმე, მე იაფად მოგიტან ქერს, იონჯას და თივას. ფასი ვკითხე. ლამბალომ ბევრად უფრო იაფად შემომაძლია, ვიდრე ყაშა ყიდულობდა. მოვურიგდი. იმ დღიდან ყაშა ლაზარე თვითონაც იხერხებოდა და არც მე მასვენებდა. წამდაუწუმ მორბოდა და წუწუნებდა: _ წამობრძანდით და ნახეთ, რა ქერი მოიტანა იმ წუნკალმა ,,პერსიუკმა‖, ქერი კი არა ნაგავია, ნაგავი. მეც მივდიოდი და ვსინჯავდი. ,,ნაგავი‖ მშვენიერი ქერი იყო, ხოლო ,,ჭაობის დამპალს თივას‖ ცხენები მადიანად ახრამუნებდნენ. საქმე რომ გაჭირდა, ყაშა ლაზარე საჯინიბოს ჩამოვაშორე და სამაგიეროდ ნავთი და შეშა ჩავაბარე. და იმ დღიდან სამკურნალოს მეზობლებმა ჩვენს ნავთს უფასოდ დაუწყეს წვა, ხოლო ყაშა ლაზარე იმათგან შეშას ერთიორად ყიდულობდა. ჯერჯერობით ვდუმდი და ვიცდიდი. სამკურნალოს წყალი აკლდა, ხოლო უწყლო სამკურნალო სამფეხა ცხენზე უარეს დღეშია. ლამბალო ყოველ დღე მოდიოდა ყურის შესახვევად და თან უამრავი ბოსტნეულობა და ხილი მოჰქონდა. _ ლამბალო, _ ვუთხარი ერთხელ, _ ჭის მთხრელი მიშოვნე. _ მამაჩემმა აგ ხელობაც იცის. _ მიპასუხა. _ მაშადი იზათმა? მაშ დამიძახე. მეორე დღესვე მოვიდა. მოვრიგდით. მაშადი იზათმა ჯერ სამკურნალოს ეზოები მოიარა და ყოველივე ნაბიჯი დაჰსუნა. მერმე ერთ ალაგას დაჰკრა ფეხი და სთქვა: _ ბურდა, _ აქ უნდა გავთხარო. _ დაიწყე. იმ ალაგზე დაჯდა და ,,ნამაზი‖ შეასრულა, მერმე ჭრელი ხელსახოცი გაშალა და ისაუზმა. ორი საათის შემდეგ იზათი წელამდე იჯდა მიწაში. საღამოზე კი აღარც მისი თავი მოსჩანდა. იგი მიწაში ჩამძვრალ თხუნელას ჰგავდა, რომელიც დროგამოშვებით თავის სოროდან მიწას ჰყრის ხოლმე. მეორე დღეს მაშადი იზათი და ლამბალო მოვიდნენ. მამა ისევ ორმოში ჩაძვრა სათხრელად, შვილს კი საბელზე მიბმულ რკინის ბადით ამოჰქონდა მიწა. ყაშა ლაზარე ჭას შორიახლო უვლიდა, ულვაშებს იკვნეტავდა და რაღაცას ფიქრობდა. მეც იქვე ბაღში ვიჯექი. ყაშა ლამბალოს მიუახლოვდა. ლამბალომ გახედა, ჯერ ეჭვიანად შესცქეროდა ყაშას, მერმე ქვას დაავლო ხელი და შეუტია: _ ლამბალო, ქიოფა – ოღლი! აქედან დამეკარგე, თორემ... _ ყაშა ლაზარ! _ დავუძახე მე. _ მაგ ჭას მოშორდით. თქვენ მაგ ხალხთან საქმე არა გაქვთ. თავჩაღუნულმა ყაშამ გვერდით გამიარა და წვერებში ჩაიბურტყუნა: _ უწმინდური ,,პერსიუკის‖ წყალი ქრისტიანს არ დაელევა. ცოდვაა, დიდი ცოდვა. მე გულში გამეცინა. ლამბალომ მითხრა: _ აღა, ეს ყაშა სახეიროს არაფერს ფიქრობს. რაღაცას გვიპირებს. _ რას უნდა გვიპირებდეს, ლამბალო? _ არ ვიცი, მაგრამ... მაგის ხელიდან და თავიდან უწმინდურობის მეტი არაფერი არ გამოდის. აი ნახავთ, ბილწ რასმეს დაგვმართავს. მესამე დღეს ჭის თავზე ხარიხა გასდეს და მიწის ამოსაზიდი ორი ბადია მიაბეს. საღამოზე მაშადი ჰასანმა მომაძახა: _ ლამბალო, სულ გეთტი! _ წყალი წამოვიდა! მაშადი იზათმა დაუმატა: _ დილამდე ჭა გაივსება. ხვალ ისევ მოვალთ და მიწას ავალაგებთ. ისე მოხდება, როგორც თავიდან მოგახსენეთ: გაზაფხულამდე წყალი ცოტა გექნებათ. აპრილში გეახლებით, ამ წყალს დავაშრობ და ერთ ადლზე კიდევ გავთხრი. მაშინ ბევრი წყალი წამოვა. ჭას ზამთარში სთხრიან, მაგრამ დიდი ზამთარი მხოლოდ გაზაფხულიდან წამოვა ხოლმე. _ აღა, შენი ჭირიმე! მშვიდობით ბრძანდებოდეთ. _ გამარჯვებით იყავით, ლამბალო! შუაღამე რომ მოვიდა, მთელი სამკურნალო და მისი მიდამო აყროლდა. იმ დღეს ფეხსალაგი არ გაუწმენდიათ. ამიტომ იმ სამყრალემ გამაკვირვა, დილით ყოველივე გამოირკვა. _ ლამბალო! _ ყუმბარასავით იფეთქა ჩემი ფანჯრის ძირში მაშადი ჰასანმა. _ ლამბალო, ქიოფაოღლი! ით! დონღუზ! ძაღლო! ღორო! _ რა ამბავია, ლამბალო? _ გადავძახე ფანჯრიდან. იმავე წამს თვალი მოვკარი ყაშა ლაზარეს ანაფორას, რომელმაც ბუჩქებში გაიფრიალა. _ აბრძანდით, აღა! აბრძანდით და ნახეთ ,, დონღუზის‖ ნაქნარი. ავდექი და ვნახე: ჭიდან განავლის ძლიერი სუნი ამოდიოდა. _ აი, უყურეთ, აღა, უყურეთ _ მიმითითა ლამბალომ ნაკვალევზე. ჭიდან ეზოს კუთხისკენ ნაფეხარი მოდიოდა. ჭის ერთი ნაპირი მიწისგან იყო გაწმენდილი. მაშინვე მივხვდი: ფეხსალაგიდან თვლებზე დადგმული დიდი ყუთი გამოეგორებინათ, უწმინდურება ჭაში ჩაესხათ და ყუთი უკანვე შეეგორებინათ. ასეთი ბინძური საქმე მართლა მხოლოდ ყაშა ლაზარეს ბინძური ხელიდან თუ გამოვიდოდა. _ ყაშა ლაზარეს დამიძახეთ! _ ვუბრძანე სანიტარს. სამი წუტის შემდეგ სანიტარი დაბრუნდა: _ ყაშა ლაზარემ კარები ჩაიკეტა. ავად ვარო, ვერ მოვალო. მაშინ მე თვითონვე წავედი მხეცის ბუნაგისკენ. ლამბალოც გამომყვა. _ ყაშა ლაზარ, კარი გააღეთ. _ არ შემიძლიან, თავი მტკივა. _ დაიკნავლა ყაშამ. _ ექიმიც მე ვარ, მოგარჩენთ. _ ექიმისა მე არაფერი არა მწამს. მე ლოცვაზე ვდგევარ და გთხოვთ ხელს ნუ მიშლით. ყელში ბოღმა მიტრიალებდა, მაგრამ მოვერიდე. მხოლოდ ვუთხარი: _ თუ დღეს არ აპირებთ ლოცვის გათავებას, გასაღები მაინც მომეცით. მაგრამ გაფრთხილებთ, რომ დღესვე რევიზია უნდა მოვუხდინოთ თქვენს საწყობებეს. მცირე დუმილისნ შემდეგ კარი ოდნავ გამოაღო, გასაღები გადმომიგდო და ისევ ჩაიკეტა. _ დონღუზ!.. ით!.. ანასინი!.. _ ცხარობდა ლამბალო. _ მაშადი იზათი, _ ვუთხარი დაღვრემილ მოხუცს, _ ეგ ჭა გაავსე და ახალი ამოთხარე ნუ შეშინდები, შენ შენსას მიიღებ. მაშადი იზათი ეზოს მეორე კუთხეში ჩაჯდა. წრე შემოივლო, ალაჰს ლოცვა შესწირა, ისაუზმა, ყალიონი გააბოლა და მერმე ნელ-ნელა მიწა აჩიჩქნა. ყაშას საწყობს მაშინვე დარაჯი მივუჩინე და კომენდანტის წარმომადგენელი დავიბარე. მეორე კაცი სამხედრო გამომძიებელთან გავგზავნე, რომელიც სამიოდე დღის წინათ ვნახე. გამომძიებელი დამპირდა, თუ საჭირო იქნება, ყაშა ლაზარეს საქმეს გათხოვებთ ასლის გადასაღებადო. მე ყარგუზართან წავედი და ვუთხარი: _ მე დანამდვილებით ვიცი, რომ ამადაამ სახლში წითელი ჯვრის ქონება ინახება, ამიტომ გთხოვთ გაჩხრეკის ნება მომცეთ და თქვენი წარმომადგენელი გამოგზავნოთ. ყარგუზარი _ საგარეო საქმეთა მოხელე _ შეჩვეული იყო პირუკუღმას: თუ ქრისტიანის გაჩხრეკა ან დაპატიმრება დასჭირდებოდა, მას თვითონვე უნდა აეღო ნებართვა ჩერნოზუბოვისაგან ან რუსეთის კონსულისგან, ეხლა კი მასვე სთხოვდნენ ნებართვასაც და დასწრებასაც. ერთი საათის შემდეგ იზათი წელამდე იჯდა მიწაში. ლამბალო მუქარით და ლანძღვით წავიდა. ყაშა ლაზარემ დაინახა, რომ მისმა ხრიკმა ვერ გასჭრა და ამიტომ ბუნაგიდან გამოსვლა იკადრა. სტაფილოს თავი საბნისოდენა ჭრელი ძონძით ჰქონდა შეხვეული. _ აჰა, ლოცვა გავათავე და გეახელით. რა გნებავთ? მე ხმა არ გავეცი. კომენდანტის მოხელემ ჰკითხა: _ ამ ჭაში უწმინდურება თქვენ ჩაასხით? _ მე? მე ჩავასხი? _ გაიოცა ყაშამ და უკბილო პირი დააღო. _ მე? რა ბრძანებაა, რა საკადრისია! ღმერთმა შეგინდოთ და მოგიტევოთ შეცოდებანი თქვენნი, უგუნურნო! მაგრამ მელიის ფიცმა ვერ გასჭრა. ათIოდე სანიტარი დაადგა პირში. ყველანი ერთსა და იმავეს იმეორებდნენ: _ მთვარიანი ღამე იყო. ყაზარმიდან ოთხი ასული დავინახეთ. ჩეჩმიდან ყუთი გამოათრიეს და ჭისკე გააგორეს. ყაშა ლაზარეც მისდევდა. მათ წაჰბილწეს ჩვენი ჭა. _ მე? მე მივდევდი? ღმერთო დიდებულო! მოინანიე ეგ ცოდვა, მართალმადიდებელო, თორემ ძე ღვთისა იესო ქრისტე პასუხს მოგთხოვს, მოახლოებულ არს ჟამი განკითხვისა! ბოლოს მაინც გამოტყდა: _ ჩეჩმა გავაწმენდინე, ყუთი უნებლიეთ გადაუბრუნდათ და... _ ჯერ ერთი, ჩეჩნის გაწმენდა ვინ დაგავალათ? _ ვიკითხე მე. _ მაგ საქმეს ყოველთვის თათრები აკეთებდნენ. მეორე: თქვენ ძალიან კარგათ იცით, რომ ყუთი აგერ იმ კარებში გააქვთ, თქვენ კი ჭისკენ წამოაღებინეთ. მესამე: ჭის გარშემო მიწა ეყარა ეხლა ის მიწა აკრეფილია, მაშასადამე გამოტყდით. გამოტყდა. ერთი საქმე გავათავეთ. ჩხრეკავნი დაბრუნდნენ და ორი ურემი საქონელი მოიტანეს: საცვალი, საბნები, კარვები, სანოვაგე, იარაღი და ათასი მსხვილმანი და წვრილმანი. გაჩხრეკილი სახლის პატრონიც მოიყვანეს. მან ყაშა ლაზარეს დაადო ხელი და სთქვა: _ მე ყაშას მივაქირავე ის ოთახი, სადაც ეს საქონელი იპოვნეს. ის ოთახი მაგან გაავსო, მე კი არაფერიც არ ვიცი. _ მოინანიე შე უბედურო, მოინანიე!.. მოახლოებულ არს ჟამი განკითხვისა! _ გაჰკიოდა ყაშა და თან მკერდს იბაგუნებდა და მეორედ მოსვლით იმუქრებოდა, მაგრამ ამ საქმეშიც მალე გატყდა და ოქმს ხელი მოაწერა. საწყობის აღწერა საჭირო აღარ იყო. ყოველივე რომ გავათაოდ, მე და ყაშა ლაზარე მარტო დავრჩით. ვუთხარი: _ ყაშა ლაზარ! ორში ერთ - ერთი აირჩიეთ: ან ეხლავე მიბრძანდით სამხედრო სამსახურში, ან თქვენი ნებითვე გაბრზანდით სამსახურიდან. ყაშამ, რა ტქმა უნდა, მეორე გზა აირჩია. _ მაგრამ, _ დავუმატე, _ მე მაინც ხელს ვერ დავაფარებთ. ამ ოქმებს ტბილისში გავაგზავნი. თქვენ კი ეპისკოპოს პავლეს სთხოვეთ, რომ გადაგარჩინოსთ. ხელმარჯვე და გავლენიანი კაცია და ადვილად მოახერხებს. _ აგრე ვიზამ. _ ამოიკნავლა მობუზულმა ყაშამ. მაინც მშიერი მხეცივით იბღვირებოდა, რომელსაც პირიდან ხორცის ნაჭერი გამოსტაცეს. _ გაფრთხილებთ, მეორე ჭას თქვენი ჯამაგირით გათხრევინებ. _ როგორც გნებავდესთ. ანგარიში გავუსწორე და ვუთხარი: _ ყაშა ლაზარ, მშვიდობით იყავით. იმედია, მე და თქვენ ერთმანეთს არსად აღარ შევხვდებით. იმედი არ გამიმართლდა: ყაშა ლაზარე ბედმა კიდევ რამდენჯერმე შემახვედრა. ომის ჩარხი უნდილად ტრიალებდა. დასავლეთით და სამხრეთით _ გიავარის ზეგანზე და სოუჯბულაღის ხეობაში ოსმალების და რუსის ჯარები ერთმანეთს მოსწყდნენ. თოფი იშვიათად გავარდებოდა, ზარბაზანი აღარ ჰქუხდა და სისხლის მდინარეც თითქოს დაიწრიტა. სამაგიეროდ მისიონერები უწინდელზე უფრო ანჩხლად იბრძოდნენ. ეპისკოპოსი პავლე კვლავ ჰქუხდა და ხუთივე მხარეს ებრძოდა: ნესტორიელთა პატრიარქს ბენიამინეს, ,,წუნკალ პერსიუკებს‖, დოლარებით გატენილ დოქტორ შეედს, ინგლისელ ბრაუნს და ფრანგ კათოლიკებს, რომელნიც ასურელთა საცხონებელ სულებს პავლეს ხშირად ჰპარავდნენ და მრევლს იმრავლებდნენ. მებრძოლი პავლე არც თავიანთებს ინდობდა: _ ღმერთი დაივიწყეს, _ ღაღადებდა კვირა-უქმე დღეობით ცარიელ ეკლესიაში, _ ქრისტე ფუფუნებაზე და სამსახურზე გასცვალეს. სირცხვილი და დამარცხება მოგველის. მოინანიეთ, მართმადიდებელნო! ინტენდანტები იძულებით ჩამორთმეულ სამაბაზიან იონჯას სამშაურად ყიდულობდნენ, ხოლო ორმანეთიან ქერში ორ აბაზს აძლევენ. თათრები და სპარსელები ჩუმად ჰგმინავდნენ, გარეთ რუსის ჯარს კი მაინც პირში უღიმოდნენ. რუსეთის კონსულის ნარატოვის ბინა ნოტარიუსის კანტორად გადაიქცა. ის დილით საღამომდე სავსე იყო ბუდაღიან-მინასიან-ჯამგარიანებით, თავრიზელ მუჟიკებით და აფიცრებით. თათრებისაგან და ქურთებისაგან სარწყავ მინდვრებს სამიოდე მანეთად ათი-ათას დღიურობით ყიდულობდნენ და მოუთმენლად ელოდნენ თავრიზის გუბერნიის დაარსებას, რათა თითო დღიური სამ თუმნად მაინც გაეყიდნათ. ითიმად უდ დოულე კვლავ ტავისა წუწუნებდა. _ ვუ სავე, მონ ამი, ურმიაში მე უძლური ვარ. ნამდვილი ვალი და სარდარი გენერალი ჩერნოზუბოვია, ხოლო თავრიზში ვალიაგდის-სპარსეთის მემკვიდრის-მაგივრობას ურუსის გენერალური კონსული ბელიაევი ასრულებს. ურუსევმა დაფოლებული ქაღალდის ფულით გაავსეს სპარსეთი. საბრალო სპარსელნი!.. საწყალი სპარსეთი!.. ვიღუპებით!.. ირანის ლომი დაბერდა... ირანის ლომი სულსა ღაფავს. მე გულგაშავებულ და გარინდულ ვალის ვამხნევებდი, ნამდვილად კი ისევ უკუნეთს წასული მიდიელნი მაგონდებოდნენ. ოდესღაც ამ ტბის გარშემო მათი რაშები დაჰქროდნენ. იყო დრო, როდესაც ურმიის მიდამოებში ქართული რაშები, ტაიჭები და ქურანებიც ჭიხვინებდნენ და ჩვენი ალმებიც ჰბიბინებდნენ. ეხლა კი ამავე გზებს დონის ცხენები სთელავენ და სამფეროვანი ბაირაღები აჭრელებენ. მარადიულობისათვის და მსოფლიოს ტრიალისათვის განა სულ ერთი არ იყო?! და ზოგჯერ უკვდავი რუსთაველიც მაგონდებოდა: ,,იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა‖. ფეხმარდი ქურთული რახსი ცხენი მყავდა. ალიონზე ავდგებოდი, ცხენს მოვაჯდებოდი და ორიოდე საათით ხან დილმანისკენ წავიდოდი, ხან გიულმანხანესკენ გავისეირნებდი, ხან კიდევ სოუჯბულაღის გზას დავადგებოდი. ერთხელ დიდ გზას გადავუხვიე და მოლა თოჯასარის მთის კალთებზე გავედი. ერთ ფერდობზე ვირი და ორი კაცი დავინახე. დავაკვირდი და მაშადი იზათი და ლამბალო ვიცანი. _ ხოშ-ხოშ! _წყნარად იძახის იზათი. ფერდობის გარდიგარდმო ვირი ნელი ნაბიჯით მოდის. ზედ ხურჯინი ჰკიდია. ლამბალო იმ ხურჯინიდან დროგამოშვებით თეთრ ქვებს ილაგებს კალთაში და ვირის ნაკვალევზე ჰყრის. მე ხის ძირში ვდგევარ და ვუთვალთვალებ. _ საბახ ხეირ ოლსულნ, მაშადი იზათ! _ დავუძახე ბოლოს შორიდან. მიცნეს, ვირი გააჩერეს და თავქვე დაეშვნენ. _ ლმბალო! _ დაიძახა მაშადი ჰასანმა. _ ჩემი ყარდაშია, ჩემი ძმა აქიმბაშია! _ საბახ ხეირ, აღა! _ დილა მშვიდობისა, ბატონო საიდან? აქ რამ მოგიყვანათ? როგორ ბრძანდებით? ერთმანეთი მომიკითხეთ. ისე დამიხვდნენ, როგორც დიდი ხნის უნახავ ძმას. მერმე ვეკითხები: _ თქვენ რაღას აკეთებთ აქ? _ რუ გაგვყავს. _ წყალი? ეგ ვირი და კენჭები რაღად გინდათ? _ აი, მობრძანდით და ნახეთ. ავედი და ვნახე. _ ეს ქვები არხის კვალია. _ მეუბნება მაშადი იზათი. _ არხი სწორედ ამ კვალზე უნდა გავჭრათ. _ სადაური კვალია? _ მიკვირს მე. _ ვირი თავის ნებით მიდის. ან აღმა აუხვევს, ან დაღმა ჩამოვა. მაშადი იზათი იღიმება. _ არა, აღა, ვირი ლარივთ სწორედ მიდის. მხოლოდ ქვების ტვირთს იგი ოდნავ თავდაღმა მიჰყავს. მეც ეს მინდა. არ დავუჯერე: _ შეუძლებელია, რომ ვირი არ შესცდეს. თუ ვირი ძლიერ დაქანდა, მანძილს წააგებ. თუ ამ პირუტყვმა ერთი ნაბიჯი მაინც გადასდგა თავაღმა, მაშინ წყალი ვერ ავა. მაშადი იზათი ისევ ტკბილდ იღიმება. _ არა, აღა, ვირი არ შესცდება. ასე მუშაობდნენ სპარსელები მაჰმადისა და შაჰ აბასის დროსაც, ასე მუშაობდა მამაჩემიც. ასე ვმუშაობ მეც. არასოდეს ერთი გოჯითაც არ შევმცდარვართ. ათიოდე გრძელი არხი მაქვს გაყვანილი. ყველგან ისე მიდის წყალი, რომ მოურწყავი ერთი ადლიც არ დაკარგულა. მინდორზე გავედით. ვირი შესდგა. ლამბალო ორმოციოდე ნაბიჯით გაიქცა წინ და ერთ ალაგზე სარი ჩაარჭო. მაშადი იზათმა ფეხთ გაიხადა, ვირი გვერდით მოაყენა და იმის ნაფეხარზე გულაღმა დაწვა, ფეხები და პირი ლამბალოსკენ გაიშვირა. ცხენზე ვზივარ და უცნაურ ჰიდრავლიკებს შევცქერი. იზათმა ფეხის ცერა თითები ერთმანეთს მიაბჯინა და დარჩენილ ჭუჭრუტანაში გაიხედა. იზათის თვალი პირველი წერტილია, ეს ჭუჭრუტანა _ მეორეა, ლამბალოს სარი _ მესამე. მე კი ჩემთვის ვფიქრობ: ,,გაკოტრდა ევროპული გეოდეზიაც და ჰიდროტექნიკაც‖. იზათი ლამბალოს რაღაცას ანიშნებს ხელით. ლამბალოც ხან წინ წამოვა, ხან მარცხნივ მიუხვევს, ხან მარჯვნივ მიდგება. ბოლოს, როგორც იყო, იზათმა საძებნელი წერტილი იპოვნა, წამოდგა დ აიმ სარისაკენ წავიდა. _ ხოშ-ხოშ! _ უთხრა ვირს და თან გაიყოლა. მეც ავედევნე. გაგონილი მქონდა რომ უბრალო სპარსელები ევროპელებს ირიგაციის საქმეში პროფესორებად დაუდგებიანო. ურმიაში სპარსელი მირაბის საკვირველი საქმიანობა მქონდა ნახული. უსაათოდ მუშაობდა, მაგრამ ისე ანაწილებდა წყალს, რომ არავის ერთი წითითაც არ დაუგვიანებდა და არც ერთ წვეთს არ დააკლებდა, არც მოუმატებდა. მზე და ალღო მათი საათი იყო. წყლის კანონდებულება და განაწილების სისტემა ბაბილონის მეფის ჰამურაბისგან შეითვისეს. მაგრამ არ მეგონა, რომ უსწავლელი თათარი ასეთი მარტივი გეოდეზიური იარაღით _ ფეხის თითებით და ვირის ნაბიჯით _ ნიველირის მაგივრობას გასწევდა და ურჩ წყალს ასე ადვილად დაიპყრობდა. მაშადი იზათი სარის ალაგზე დაწვა, მაშადი ჰასანის გზას დააცქერდა და უცებ წამოიძახა: _ ლამბალო, ყაშა ლაზარს ვხედავ! ქვემოთ, უგზოუკვლოდ, ცხენზე შემჯდარი წითელი მაიმუნი მოჰქრის. გახუნებული ანაფორის კალთები ფრთებივით აქვს გაშლილი. მხედარი ისე მოკუნტულა, თითქო ორივე ხელით ცხენის ფაფარს ჩაებღუჯაო. ლამბალომ სარი მოიმარჯვა და სირბილით დაეშვა თავქვე. ფეხმარდი თათარი მიჰქრის და გაჰკივის: _ ლამბალო, ქიოფა-ოღლი!.. ით!.. დონღუზ! იავაშ! ტუურ! _ მოიცა! შესდექი! ყაშა ლაზარემ ლამბალოს მოჰკრა თვალი და ცხენს გეზი შეუცვალა. ლამბალომ დაატყო, რომ გზას ვერ მოუჭრიდა, და მქროლავ მაიმუნს ჯერ სარი ესროლა და მერმე ქვებიც მიაყოლა. ერთი ქვა ყაშა ლაზარეს ზურგში მოხვდა და კინაღამ გადმოაგდო. _ ლამბალო _ ო-ო! ურა-ა-ა! _ ძლევამოსილი კიჟინით იძახის თათარი და მადიანად ხარხარებს. ცხენიანი მაიმუნი კი ბაღს მიეფარა. ლამბალო სიცილით დაბრუნდა. _ ზურგი ხომ ავუქავე წითელ ღორს! მე ამაზე მეტიც არა მინდა-რა. არა, დაინახეთ, როგორ მოიფხანა?! ოხო-ხო! იხი-ხი! მეც მეცინება. მაშადი იზათი წითელ წვერში ხითხითებს. მერმე ჩაფიქრდა და სთქვა: _ მაინც... აქ რაღაც ამბავია. მიკვირს, რად მოაჭენებს წითელი ყაშა უგზოუკვლოდ? აქ რაღაც ამბავია მეთქი... ,,რაღაც ამბავი‖ ერთი საათის შემდეგ გამოირკვა, სამკურნალოში ტელეფონოგრამა დამიხვდა: ,,გიბრძანებთ დაუყოვნებლივ გამოჰყოთ წითელი ჯვრის მოწინავე რაზმი ოცი საკაცით‖. ერთი საათის შემდეგ მზად ვიყავით: სამოცამდე ცხენი, ამდენივე სანიტარი, ოცი საკაცე, სანოვაგე და დოსტაქრის მასალები. რაზმის მეთაურობა მე თვითონვე ვიკისრე. წინ წითელი ჯვრის უზარმაზარი ბაირაღით გოლიათი ,,მახევე‖ ბექაური მიმიძღოდა. ქვეითი და ცხენოსანი ჯარი წინ წავიდა, ჩვენც ნაბიჯით მივყევით. ძველი ნაცნობი ასისთავი, გიორგი მინდიაშვილი, დამეწია. ვკითხე: _ გიორგი, ერთი მითხარი, შენი ჭირიმე, სად მივდივართ? _ სოფელ მავანაში. _ სად არის ეგ სოფელი? გიორგიმ დასავლეთის მთებისაკენ გაიშვირა ხელი. _ იქით არის. _ მალე ჩავალთ? _ შუადღეს იქ ვიქნებით. _ რა ამბავია, რა მოხდა? _ იქაური ქურთები აჯანყებულან, ამბობენ, ქრისტიანებს თავს დაესხნენ და მრავალი გაჟლიტესო. მშვიდობით, ჩემს ასეულს უნდა დავეწიო. _ მშვიდობით იყავი. ცხენს მათრახი გადაჰკრა და მიიმალა. იმავე დროს გვერდით ერთმა ჯგუფმა ჩამომიარა: ოთხ ცხენოსან ყაზახს ხელშეკრული ლამბალო მიჰყავდა. თავჩაღუნული მაშადი იზათი ჩანჩალით მოსდევდა. ლამბალომ გამიღიმა და თავი ისე ჩაიქნია, თითქო ამბობდა: ეჰ, არ მასვენებენ, ისევ შარი მომდესო. მე ცხენი შევაყენე: _ მაშათი იზათი, რა ამბავია? რა მოხდა? მოხუცებულმა თათარმა ჩემს უზანგს ორივე ხელი ჩასჭიდა და მუხლი ცრემლით დამისველა, თანაც ძლივს ამოიოხრა: _ ბილმერამ, ვალაჰ ბილმერამ, _ არ ვიცი, ღმერთმანი, არ ვიცი. მე წითელი მაიმუნი გამახსენდა: _ ყაშა ლაზარეს ოინი იქნება. _ ალბათ... მეც აგრე მგონია. _ წადი, ნუ ჩამორჩი. ეხლა ვერაფერს ვერ გიშველი. საღომოზე ან ხვალ დავბრუნდები. ნუ გეშინიან, ყაშას მოჭორილი იქნება. ვერ გასჭრის. მშვიდობით იყავი. _ სალამათ ოლ, აღა, სალამათ! აცრემლებული თვალები ერთხელ კიდევ შემომანათა და ჩანჩალით გამოუდგა ლამბალოს. ქედი გადავლახეთ და ნაზლუ-ჩაის ხეობაში ჩავედით. ქურთების სოფლები _ ბარაკენი, არზინი და ითხიოდე სხვაც _ ბოლსა და ცეცხლში იყო გახვეული. აქედ- იქიდან თოფის ხმა ისმოდა. გზადაგზა ასურელები ჰფუსფუსებდნენ: აწიოკებულ ქურთების სოფლებიდან ნადავლი მოჰქონდათ: ვარცლები, ქვაბები, კასრები, ქოთნები და ასნაირი წვრილმანი. ზოგიც მოტაცებულ ოთხფეხს მოერეკებოდა, რომელიც იმ ხეობას გულსაკლავი ბღავილით ავსებდაბ. მე სოფელ მავანაში დავბანაკდი. ნახევარ საათში ჩემი ბარგი გავშალე და დაჭრილთა მისაღებად დავემზადე. შივე-შიშალის და ზოიტის მთებზე _ სპარსეთ-ოსმალეთის საზღვარზე _ ბრძოლა გახურდა. ათასი თოფი კაკანებდა, რამდენიმე ზარბაზანი ჰქუხდა. მალე დაჭრილებიც მოიყვანეს. ჩვენ ჩვენს საქმეს შევუდექით: დაჭრილებს ჭრილობებს ვბანდით, ვუხვევდით და ვუვლიდით. სანამ ჯარი იბრძოდა, ასურელებმა ქურთების უპატრონო სოფლები მოჰპარსეს. ნამდვილი ამბავიც მალე გავიგე. მავანელ ასურელებს და მეზობელ ქურთებს თურმე მიწის, საძოვრებისა და წყლის გამო უბრალო ჩხუბი მოსვლოდათ. ერთმანეთს მეათასეჯერ თითო-ოროლა ცხვარიც მოსტაცეს და შეახრამუნეს. ყაშა ლაზარემ არც აცივა, არც აცხელა: რუსული თოფი ათიოდეჯერ დასცალა, ირგვლივ ქოთი ასტეხა და საომარი ცეცხლი დაანთო. მერმე ცხენს მოაჯდა და ურმიისკენ მოჰკურცხლა. სანამ ჯარი მოვიდოდა, ასურელები და ქურთები თავთავიანთ სოფლებში ისხდნენ და ერთმანეთის დასაშინებლად ცასა და კლდეებს სცხრილავდნენ, მერმე კი, როცა რუსები გამოჩდნენ, ქურთები დედაბუდიანად აიყარნენ, წინ საქონელი გაირეკეს და მიუვალ კლდეებს შეეხიზნენ. რუსის რაზმის მეთაურმა იარაღის აყრა მოუნდომა. თავმოყვარე და ჭკუა- ნასწავლი ქურთები არ დანებდნენ და ძალას ძალა დაუხვედრეს. ასე დაიწყო უსახელო ,,ომი‖. სანიტრებმა ერთი საკაცე კიდევ მომიდგეს. ზაფხულის წამოსასხამი ავხადე და შევკრთი: საკაცეზე გაფითრებული და გონდაკარგული გიორგი მინდიაშვილი იწვა. მკერდი სისხლით ჰქონდა მოსვრილი. უმალვე მის საგულეს დავაკვდი და გულის ფეთქვა ძლივსღა ვიგრძენი. მიმქრალ სიცოცხლეს კბილებით ჩავებღაუჭე და ძლივს მოვასულიერე. _ გიორგი, მიცანი? ოდნავ გაიღიმა და წაიჩურჩულა: _ მივდივარ... ყაშა ლაზარეს ბრალია... უბეში წერილი მაქვს... გაგზავნე. გაცრაცილი ტუჩები კიდევ კარგა ხანს აცმაცუნა, მაგრამ სათქმელი ვეღარ სთქვა. შემდეგ თვალები მიჰბლიტა, პირსახე გაიყინა და თვითონაც გახევდა. ისევ საგულეს და მაჯას დავაკვდი. დიდხანს ვეძებე სიცოცხლის ნიშანი, მაგრამ ვეღარ ვიპოვე. მეტი მუშაობა აღარ შემეძლო. გიორგის გვამი კუთხეში გადავიტანე და ზეწრით შევსუდრე. ჩემი ხელსაწყო უმცროს ექიმს დავუთმე და გარეთ გამოვედი. უცებ ეზოში ჩოჩქოლი და ყვირილი ატყდა. გადავიხედე და ისევ ყაშა ლაზარეს წავაწყდი. წითელი მაიმუნი და ბაიკალელი ყაზახი ერთ გრძელ ხალიჩას ჩასჭიდებოდნენ და თავთავიანთკენ ეწეოდნენ. _ пушааай, рыжий дьяволь, а тооо... ბურტყუნებდა ყაზახი.‖ _ пускай окаянный! кавер мая... я купила _ გაჰკიოდა ყაშა‖. სანიტარები და დაჭრილები იცინოდნენ და ორივეს აქეზებდნენ. ყაზახმა იცუღლუტა: ხალიცა ჯერ მძლავრად დასჭიმა, მერმე ანაზდად ხელი გაუშვა და ყაშა ყირამალა გადაატრიალა. სანამ ის წამოდგებოდა, ყაზახმა ნოხს ხელი დასტაცა და ჭიშკარს ეცა. ყაშა ლაზარე ანაფორაში გაიხლართა. მაინც დროზე წამოხტა და კარს სწორედ იმ დროს მისწვდა, როცა ყაზახმა იგი მძლავრად მიიჯახუნა. სანიტარების ხარხარი ყაშას ბღავილმა შტანთქა. წითელმა მღვდელმა ოთხი თითი მოიწეწკა. სისხლი თქრიალით გადმოსდიოდა. ბღავოდა, წკმუტუნებდა და რეტიანივით დაჰბორიალლებდა. ბოლოს ტრიალ-ბორიალით მე მომაწყდა, შესდგა, მომაჩერდა და გაოცდა. ალბათ ნამეტანი რისხვა და ელვა ეწერა ჩემს პირსახესა და თვალებში. მხიარული ხარხარი თითქო მახვილით მოსხიპესო, ყველანი ჩვენ მოგვაჩერდნენ. იმ ეზოში მეხის სუნი დატრიალდა. _ თქვენ... ჩემს სახლში ხართ? _ გაოცდა ყაშა. მე გამიკვირდა და ძლივს ამოვიხრიალე: _ არ ვიცოდი, თორემ... სანამ თქვენ მარადიორობდით და ქურთების სახლებს სძარცვავდით, მე თქვენს მრავალ მსხვერპლს იარებს ვუხვევდი... აგერ იქ სხედან და წვანან. ზოგმა უფალს უკვე სულიც მიაბარა.... მინდიაშვილიც მოჰკლეს. _ მე არ ვიცი, ვინ არის მინდიაშვილი, _ გესლით გამკრა ყაშამ, თუმცა ძალიან კარგად იცნობდა ურმიელთა საყვარელ გიორგის. _ ძალიან კარგად იცნობთ. დღევანდელი სისხლი თქვენის ხელით დაიღვარა. წამობრძანდით, ასისთავს მინდიაშვილს გაჩვენებთ. ვთქვი, მაგრამ ნათქვამისა მე თვითნონვე შემეშინდა. ოთახში რომ შემოსულიყო, იმ ყაშას ალბათ გიორგის გვამზე მივახჩობდი, ან ზედ დავაკლავდი. _ მე თქვენი დაჭრილებისთვის და მკვდრებისთვის არა მცალიან. ეხლავე გაეთრიეთ ყველანი ჩემი სახლიდან, თორემ... ყაშამ სიტყვა ვეღარ დაამთავრა, მე ორივე მუშტი ავღმართე, მაგრამ მოქნევა აღარ დამცალდა: ბექაურმა გაგიჟებულ ბუღასავით გაიელვა ჩემს წინ და გესლიანი მაიმუნი ბურთივით ააგდო ჰაერში. დაჭრილებმა წამოიწიეს. ზოგი ზეზეც წამოვარდა და ყველას ჟინიანი სიხარული აღმოხდა: _ ბეი ევო!.. ლუპიი!.. _ დაჰკა!.. მიდი!.. აგრე!.. ერთი კიდევ, ერთიც! ხუთიოდე წუთს იმ ეზოში მხოლოდ ბაგუნი, კვნესა, ჩახუნი, ოხვრა და ხრიალიღა ისმოდა. ბექაური გაგიჟდა თუ გამხეცდა. ყაშა პირველივე დაკვრით გააბრუა და დაარეტიანა, მერმე სულიც აღარ მოათქმევინა: წაქცეული მღვდელი ძლივს წამოიწევდა ხოლმე, მაგრამ მუშტი და ქუსლი სეტყვასავით მიდიოდა. _ ბე-ე-ეი! ბე-ე-ეი! _ ისტერიულად გაჰკიოდა ერთი დაჭრილი რუსი და თვითონაც ყაშასკენ იწევდა. ბოლოს გაანჩხლებული მოხევე დარეტიანებულ ყაშას იღლიებში შეუძვრა და ისე მძლავრად მოსწურა რკინის მარწუხებით, რომ ნეკნებს ლაწალუწი დააწყებინა. ყაშა ახრიალდა. თვალები შუბლზე გადმოჰყარა და კბილები ააელვა. უცებ ავი მაიმუნის მკერდმა კნაწუნი მოიღო და ყაშას ტუჩებზე სისხლმა გადმოჰხეთქა. დაჭრილებს სისხლის დანახვაზე და კნაწუნის გაგონებაზე უცნაური საერთო ოხვრა აღმოხდათ და ის ოხვრა შიშსაც ჰგავდა და სიხარულსაც. _ ბექაურო, გეყო!.. _ მეც წამოვიძახე იმავე წუთს. ბექაურმა ორივე ხელი გაუშვა. ყაშა ლაზარე მოჭრილი ნამორივით გაიშალა. _ რაღაც ჩასწყდა შიგნეულობაში. _ მითხრა ოციოდე წუთის შემდეგ უმცროსმა ექიმმა, რომელმაც გულწასული ყაშა ჩაიბარა. მძიმედ დაჭრილები ოცი საკაცეთი გავგზავნე ურმიაში. ქურთები ბარადოსტის მთებში გაიხიზნენ. ჯარი მაღლობიდან დაბლობში ჩამოვიდა. სალდათები ჰბურტყუნებდნენ: _ აკი გვითხრეს, ოსმალები მოდიანო. ასკერის მაგიერ კი უიარაღო ქურთებზე მოგვისიესო. ბანაკი დაჰკრეს, ასიოდე ცეცხლი დაანთეს და აკლებულთა საქონელი დაჰკლეს. ასურელებმა არაყითა და ქალებით ივაჭრეს. ვახშამი ლხინად გადაიქცა. სალდათური სიმღერები გააბეს, გარმონი ააჭყვიტინეს და რუსული ,,კამარინსკი‖ ჩაჰბუქნეს. პატარა ეკლესიაში პაწაწა ზარი ჩამოჰკრეს და ძლევის პარაკლისი გადაიხადეს, მერმე ძილის საყვირი დაჰკრეს, ცეცხლი ჩააქრეს და ბანაკი წყვდიადსა და სიჩუმეში ჩააწვინეს. შუაღამემ მოატანა. მთების კალთებზე რამდენიმე ჭიაკოკონა კიდევ ენთო. ქურთების სოფელში ხანძარი თანდათან შენელდა და მერმე გადამწვარი სოფლების ხსენებაც კი გაჰქრა. უპატრონოდ დარჩენილი ძაღლები ხევხუვებში ჩავიდნენ. ჯერ ერთმა დიყმუვლა, მეორემ და მესამემ უპასუხეს. შემდეგ კი მთელი ხეობა ისეთი სასოწარკვეთილი და უიმედო კვნესით აღმუვდა, თითქო ათასი ჩაცუცქებული ძაღლი თავიანთ უბედურებას და დაობლებას ზეცას შესტიროდა. დღევანდელ დღიდან ის ძაღლები ასურელთა სოფლებს მიეტანებიან და ლუკმა პურისთვის ახალ პატრონებს დაუწყებენ ძებნას. მაგრამ ახალი ხალხი ქურთების ძაღლებს არ შეიკედლებს და საცაა იმ ძაღლებზე ნადირობასაც დაიწყებენ. აგერ, დაიწყეს კიდევაც; ჯერ ერთი თოფი გავარდა, მერმე მეორე და მეათეც მოჰყვა. დაჭრილი ძაღლების გმინვა და წკმუტუნი ზეცას მისწვდა. მაგრამ ზეცაში ურღვევი მყუდროებაა. სრული მთვარე კიდევაც იღიმება. ჩამუქებული ცის გუმბათზე გაფანტული უთვალავი ვერცხლის მანეთიანები ისევ ისე ჰკამკამებენ და თრთიან, როგორც ,,ბებერი აქლემის‖, პართიელებისა და მიდიელების მოსვლისა და წასვლის დროს ციმციმებდნენ. ღმერთიც სდუმს, როგორც მაშინ სდუმდა. მეორე დღეს გამარჯვებულ ასურელთა და ქურთების ნასოფლართა ფერფლის დასაცავად მავანაში ერთი ასეული დარჩა, ხოლო დანარჩენები მოკლულთა გვამებით, დაჭრილებითა და სამარცხვინო ნადავლით ისევ ურმიაში დავბრუნდით. მე გიორგის გვამს მოვდევდი. გზაში აკლებულთა მეზობელი ქურთები და იქაური თათრები დაგვიხვდნენ. წინ ასკერაბადელი კაიდარ-მოლა მოუძღოდათ. მე და მოლამ ერთმანეთი ვიცანით. ჯერ საიზეიმო სალამი მოგვცეს და მორჩილების ფიცი დასდეს. მერმე დახოცილთა გვამები ჩამოგვაღებინეს, პირსახეებიდან ზეწრები მოხსნეს და თავიანთებური პანაშვიდი გადაუხადეს. _ ალაჰ, ილ ალაჰ... ბისმილაჰ... _ ჰბუტბუტებდა მოლა. მუსლიმანები რომ ხელებს ალაჰისკენ აღაპყრობდნენ ხოლმე, მათი ამკლები ქრისტიანი სალდათებიც განიერ პირჯვარს იწერდნენ, ხოლო გაფითრებული ყაშა საკაცედან გესლს აფურთხებდა და დათვურად ჰბურტყუნებდა: _ ჯერ ხალხი დაგვიხოცეს და ახლა კი ლოცულობენ? უწმინდურები! წუწკები! ფუ! ღმერთო შეიცოდე, ფუ! ისინი ალაჰს ლოცულობენ, ეს ბრიყვები კი პირჯვარს იწერენ და ქრისტეს სახელს ახსენებენ. ღმერთო, შეუნდე, ფუ, ფუ! ასკარაბადელი კაიდარ-მოლა და თათრები ურმიამდე მოგვყნენ და წამდაუწუმ გიორგი მინდიაშვილის სახელს ახსენებდნენ. გენერალი ჩერნოზუბოვი, შტაბი და გარნიზონი ზეიმით და ზათქით დაგვიხვდნენ. იმავე საღამოს ჩერნოზუბოვმა დამიბარა. ვეახელი და ჩემი რაზმის ანგარიში მივართვი. სასწრაფოდ გადაავლო თვალი, შუბლი შეიკრა და მკვახედ მკითხა: _თქვენ თქვენი ვალი პირნათლად შეგისრულებიათ, მაგრამ... ასეთი მშრალი კილო... რატომ არავის არ ასახელებთ? თქვენ ჯილდოს მოგცემთ, მაგრამ სხვები? _ მადლობელი ვარ, გენერალო, ნუ ირჯებით. ღირსი არა ვარ, რადგან მავანაში ბრძოლა არ ყოფილა. _ როგორ თუ არყოფილა? მე ჩემი ვუთხარი: იყო ყაშა ლაზარეს პროვოკაცია, იყო უბრალო ხალხის აკლება, იყო ცეცხლი, ძარცვა და საქმის გაბერვა, მაგრამ ბრძოლა არ ყოფილა-მეთქი. გენერალმა დამიბღვირა. უმალვე მივუხვდი: გუშინდელი ამბავი ომის ისტორიაში და გენერლის სამსახურის სიაში საგმირო საქმედ უნდა ჩაწერილიყო და ამ ,,სასტიკ ბრძოლაზე‘‘ ასიოდე თაბახი უნდა დაწერილიყო. ათიოდეს თუ ასიოდეს სამხედრო ჯილდო უნდა მიეღო, მე კი გამარჯვების სიმღერას ხმა ვერ შევუწყე. მის ბღვერას პასუხი მივაგებე: _ თუ გნებავთ, რამდენიმე სანიტარს დავასახელებ ჯილდოსთვის. _ დანარჩენი? ექიმები? სათნოების დები? ყაშა? _ ყაშა წითელი ჯვრის სამსახურში არ ითვლება, ხოლო დანარჩენები ვეცდებით, რომ პირველივე დიდ ბრძოლაში თქვენი ყურადღება და ჯილდო დავიმსახუროთ. _ კეთილი, აგრე იყოს. ეხლა მიბრძანეთ, ვინ იყვნენ ის ქურთები, გუშინ დილით რომ ელაპარაკებოდით? _ მე? ქურთებს? გუშინ დილით? _ დიაღ, თქვენ, ქურთებს, დილის შვიდ საათზე. _ სად, გენერალო? _ აგერ იმ მთის კალთაზე. _ არაფერი არ მესმის. _ მე კი მესმის. ერთი ქურთის სახელიც ვიცი. _ სახელიც? _ დიაღ, მოგახსენებთ: აბდულ რეზაკი, ბარადოსტიდან გადმოსული ქურთების ბელადის ისმაილ აღა სიმკოს კაცი იყო. არ გაგონდებათ? _ ჩემს სიცოცხლეში ჯერ ერთ ქურთსაც არ დავლაპარაკებივარ. _ სად იყავით გუშინ დილით? უცებ გამახსენდა: დილის სეირნობა, მაშადი იზათი, ლამბალო, ცხენზე შემჯდარი წითელი მაიმუნი და ლამბალოს ხუმრობა. _ ყაშა ლაზარ! _ წამოვიძახე ღიმილით. _ დიაღ, ყაშა ლაზარემ დაგინახათ. გენერალი არ ხუმრობდა. მეც ავღელდი და ავშფოთდი. ფიცხად და გულწრფელად ვუამბე ყოველივე: ყაშას იონები, ქურდობა, თვითნებობა, ჭის წამურტვლა, ბაასი ეპისკოპოსთან და გუშინდელი სეირნობაც. _ ვიცი... ვიცი. _ ხშირად მაწყვეტინებდა გენერალი. თანდათან მოლბა და გამოტყდა: _ საზარელი ადამიანია: მავნე, ფლიდი, მკვლელი, არ ვიცი, რა მოვუხერხო. ძლიერი მოსარჩლე ჰყავს. გუშინ განცხადება შემოიტანა. საქბე შედგა. უნდა გამოვიძიოთ... ეხლა კი გამომძიებელთან მიბრძანდით, ჩვენება მიეცით და ისევ თქვენს საქმეს დაუბრუნდით. ლამბალო გამახსენდა: _ ამ საქმეზე უდანაშაულო თათარია დაპატიმრებული. _ ვიცი, გამომძიებელს სთხოვეთ. შტაბიდან ორი საათის შემდეგ იმ იმედით გამოვედი, რომ იმავე საღამოს ლამბალოსაც გამოუშვებდნენ. მაგრამ იმავე დღეს ლამბალოს განთავისუფლების მაგიერ ბექაურიც დააპატიმრეს. დაჭრილები და სანიტარები აღელდნენ და დაკითხვის დროს ეერთხმად წაესერჩლნენ ამხანაგს, რომელმაც მათი და საკუთარი შეურაცხყოფა მუშტით ჩამორეცხა. საქმეს სახიფათო გეზი მისცეს: ბექაურმა ბრძოლის დროს სახელმწიფო მოხელეს სცემაო. ამ ბრალდებას დახვრეტის სუნი ასდიოდა. ყველას გვიკვირდა _ ბრალმდებელსაც და გამომძიებელსაც _ რომ ყაშა ლაზარე, ბერების ბაღლინჯო, მოხელედ ჩასთვალეს და ქურთების ხაბაკ-ხუბაკის მოტაცებაც უზენაეს ვალის მოხდად გაანაღდეს. ასე მოისურვა ეპისკოპოსმა პავლემ და ამიტომ ლაშქრის სარდალი ბერის ბრძანებას ვიღაც მოხევეს გულისთვის არ დაარღვევდა. ჩერნოზუბოვმა მითხრა: _ თქვენი საქმე მოვსპე. ის თათარი გავათავისუფლე, მაგრამ იმ სანიტარისთვის სხვა გზით იზრუნეთ. მე კი ამაზე მეტი აღარაფერი შემიძლიან. გენერალ კულებიაკინს შევჩივლე. მოიფიქრა და დარიგება მომცა. _ თუ ახირდით, იმ სანიტარს დაჰღუპავთ. ასე მოიქეცით: ჯერ ყაშა ლაზარეს უჩივლეთ ცილისწამებისათვის, მეორე მხრივ პავლეს მოელაქუცეთ. მერმე თქვენ ყაშა დაუთმეთ, ის კი სანიტარს დაგითმობთ. გაიგეთ? ამ დარიგებას გავყევი. ან რა უფლება მქონდა, რომ ბექაური დამეღუპნა და ჩემი თავმოყვარეობა კი შემენარჩუნებინა? შაბათი დღე იყო. თავი მოვიდრიკე, მისიის ეკლესიაში შევედი და საღამოს ლოცვა ბოლომდე მოვისმინე. მთავარმოძღვარი პავლე წირვის დროსაც ბალერინასავით იპრანჭებოდა და ხშირად იხედებოდა ჩემსკენ. ცისკრის ზარი რომ ჩამოჰკრეს, მე ისევ ეკლესიაში ვიყავი. ვილოცე, დავბრუნდი და ეპისკოპოსს ერთი ურემი საჩუქარი გავუგზავნე: საცვალი, სურსათი, კონიაკი, წამლები და მრავალი მსხვილმანიც და წვრილმანიც. წირვა საზიარებლად გამზადებულ ბერივით მოვისმინე. ჯვარს და ფაფუკ ხელს რომ ვემთხვიე, პავლემ წამჩურჩულა: _ მოითმინეთ, თქვენი ნახვა მინდა. ანაფორა რომ გადაიცვა, ხელი მკლავში გამიყარა და მისაყვედურა: _ თქვენ თურმე მორწმუნე ყოფილხართ. რატომ აქამდე არ დადიოდით ეკლესიაში? _ ცოდვა შემინდეთ, მამაო, არ მეცალა. სამკურნალო დანგრეული იყო. ამიერიდან კი მოცლილი ვარ და გეახლებით ხოლმე. _ მოინანიეთ და ღმერთიც შეგინდობთ, შვილო. მეც შემინდვიხართ. სადილად დამპატიჟა, საუბარი შორიდან დავიწყეთ. ძველი შხამი დავივიწყეთ და ენები მოვითაფლეთ. ჩემმა კონიაკმა, კახურმა და პორტვეინმა გულში მამაშვილური სათნოება აღმგვიძრეს და ბექაურსაც უშველეს. სადილი ტკბილი ბაასით დამთავრდა, ვუთხარი: _ თქვენი ყაშა შხამიანი კაცია. _ მართალია, მაგრამ არ დაგითმობთ. _ არცა გთხოვთ. ღმერთმა დამიფაროს, რომ ეკლესიის შინაურ საქმეში ჩავერიო. _ არც თქვენი ბექაური ყოფილა ანგელოზი. ველურია, წარმართია. _ ბექაური ქართველია, ესე იგი ქრისტიანია. _ აგრე იყოს. მაინც ველურები ხართ. მუდამ მუშტსა და ხანჯალზე გიჭირავთ თვალი. ეხე-ხე! _ ეგეც მართალია. ჩხუბი ძალიან გვიყვარს, მაგრამ არც ყაშა ყოფილა ღვთის კაცი. თუ ვინმე თითს გაჰკრავს, ყაშა ორივე ყბას მოამტვრევს, ოხო-ხო! _ ოხო-ხო! აბეზარი კაცია ყაშა! იხი-ხი! _ აბეზარი, გესლიანი და ფლიდი. ცილი დამწამა. საპყრობილე არ ასცდება, საჩივარი შევიტანე. ჩვენი ბაასი მტკივე ზავით დასრულდა. შევთანხმდით: პავლე ქრისტეს გაიხსენებს, ჩერნოზუბოვსაც გაახსენებს, და ბექაურის თავს მაჩუქებს, მე კი საჩივარს დავიბრუნებ და სამუდამოდ დავუბრუნდები ეკლესიას. პირობა ორივემ შევასრულეთ: ბექაურს დახვრეტა ხუთი წლის პატიმრობით შეუცვალეს, მე კი საჩივარი მოვსპე და... ეკლესიაც და პავლეც დავივიწყე. მაგრამ ბედმა არც ღვთის მოსავი პავლე და არც მისი მსახური ყაშა დამავიწყა. დღე არ გავიდოდა, რომ დილით მაშადი ჰასანის წვრილს, ძლიერსა და მშვენიერ ძახილს არ გავეღვიძებინე: _ ლა-ამბალო-ო-ო... ვი- ინოგრა-ა-ა—აად! _ გამარჯობა, ლამბალო! _ გადავსძახებდი ხოლმე ფანჯრიდან. _ საბახ ხეირ ოლსუნ, აღა! _ შემომხაროდა მხიარული თათარი. აი რა მოგიტანე. და საუცხოვო ხილს, გემრიელ ნაღებს, კარაქს, საბზას, ნუღას და რაჰათლუხუნმს გადმოალაგებდა ხოლმე. ერთხელ კბილები ჩვეულებრივზე მეტად გააღრიჭა და მითხრა: _ აღა, ლამბალოს ქორწილი აქვს. _ შენი ქორწილი? მართლა, ცოლს ირთავ? _ ვირთავ. ერთი ,,ყიზი‖ ვიშოვნე, ისეთი ლამაზია, როგორც ,,ურუსის კუკლა‖. და გაბრწყინებულმა თათარმა საკუთარ ტუჩებს სამის თითით მოსწყვიტა კოცნა და მადიანად დააყოლა. _ ლამბალო! ლა-ა-ზათ!.. მერმე პირისახეზე ხვეწნა და მორცხვობა აისახა: _ აღა, ლამბალო, ,,ბალაჯა ადამიანია‖, _ პატარა კაცია. ღარიბია, მაგრამ... ვალაჰ, ტკბილი გული აქვს. ლამბალოს ისე ვუყვარვარ, როგორც ღვიძლი ძმა. ვალაჰ., ძმაზედაც მეტად ვუყვარვარ და მამაზედაც. ჩემთვის თავს გასწირავს, თუნდ ურმიის ტბაში გადავარდება, თუნდ ურუსის ხიშტზე აეგება.. _ თუნდ ყაშა ლაზარეს გაჰყვება ყმად, არა? არა, არა! ყაშას მეგობრობას ურუსის ხიშტიც ურჩევნიან. ნუ ვეხუმრები ლამბალოს. ყაშას სახელსაც ნუ გავახსენებ. ყაშას ღიმილს გველის შხამიც კი სჯობიან, ხოლო ლაზარეს რისხვა უფრო სანდოა, ვიდრე მისი ძმობა. მაშ ასე: ლამბალოს ჩემსავით ჯერ არავინ შეჰყვარებია. ვკითხე: _ არც რუსული კუკლა? _ აღა, ნუ სტანჯავ ლამბალოს! რას ჩააცივდი ყაშა ლაზარეს და რუსულ კუკლას? _ თუ მართლი გინდა, ლამბალო შენი გულისთვის დღესვე თავს დაანებებს ,,ყიზის‖. _ ლამბალო, მართლა არ დაანებო თავი, თორემ მე მოვიტაცებ. _ ინებე, აღა, ინებე, მოიტაცე. ოღონდ შენ ისიამოვნე, თორემ იმ ქალის მოტაცებაში ლამბალოც გიშველის და ნოქრადაც გაგყვება. ღმერთმანი, გაგყვება, ახა-ხა! იმ ქალს მოიტაცებს და მოგიყვანს, ოხო-ხო! _ იოლდაშ, ლამბალო, ის ,,ურუსული კუკლა‖ შენთვის დამითმია, მაგრამ ერთი პირობით: მე მეორე თათრული ,,კუკლა‖ უნდა მიშოვნო, შევირთავ, მაჰმადის სჯულსაც ვიწამებ და აქ დავრჩები. ლამბალო ჭყვირილ- ხარხარით ამოცოცდა ფანჯარაზე და ხელი კეტივით ამოფშიკა: ახა-ხა! გურჯი იოლდაშო, ხელი მიეცი ლამბალოს, ხელი! ,,ალ ვერ ალ!‖ დღესვე მოგიყვანს ლამბალო პირველ მზათუნახავს, თუნდაც ორს, ხუთს, ათსაც და ასსაც, იხი-ხი! მოლაც აქვეა, ხუთ წუთში მოგნათლავთ. კაიდარ-მოლა გალესილ დანას აიღებს, ერთხელ დაიქნევს, ჩიკ! და გათათრდება ექიმბაში, იხი-ხი! ოხო-ხო! აღა, ხელი მიეცი ლამბალოს, ხელი! ლამბალომ ვერ მოისვენა, სანამ არ მათქმევინა: _ კარგი, ლამბალო, კარგი, პირობას გაძლევ, რომ ხვალ შენი სტუმარი ვიქნები. ხტუნვით გაიქცა, ვირს მოაჯდა, ერთხელ კიდევ მოიბრუნა გაბადრული-გრუზა პირსახე. თავი დამიქნია და ვირი იორღით დასძრა: _ ხოშ! ხოშ-ხოშ! და ზარის ხმით თავისებური გააბა: _ ლა-ამბალო-ო-ო-ო!.. ვი-ინოგრა-ა-ად!.. სოფელი ასკერაბდი ურმია-დილმანის გზაზეა გაშენებული. მაშადი იზათი და ლამბალო იქაურები არიან. სუფთა სახლ-კარი და კოხტა ბაღი აქვთ. იმ ბაღს გვერდით ორი ბაღ- ბოსტანი აკრავს. ერთი წითელ ჯვარს აქვს აღებული იჯარით, მეორე კი ეპისკოპოსს პავლეს. ჩვენს ბაღს მაშადი იზათი და ლამბალო უვლიან, მისიონერებისას კი _ ყაშა და ვიღაც ასურელი. იმ ბაღს და ასკერაბადს შევეჩვიე. ხშირად წავალ ცხენით, იქაურობას მოვივლი, მერმე მაღლა აივანზე ჩამოვჯდები და ახალ ხილს შევექცევი ხოლმე. ლამბალოს და იზათს მუდამ მოაქვთ იმ აივანზე მცირე ნობათი: ჩაი ფინჯნით, ნაღები და სპარსული ტკბილეული. არც მე ვიღებ ვალს: ურმიის ბაზრიდან მცირე საჩუქარი მიმაქცს და იზათის ჯალაბ-ჯულაბს ვუგზავნი მე ლამბალო ,,იოლდაშები‖ ვართ. ისე დამტრიალებს თავთ, რომ ბუზიც ვერ მოახლოვდება ხოლმე. ლამბალო მანებივრებს. მრავალჯერ დავუშალე, მაგრამ იწყინა. რა მექნა! ასე ესმოდა თათარს ჩვენი იოლდაშობა. ზოგჯერ იქვე ჩამოჯდება, ყურს ხელის გულზე დაიდებს და აღიღინდება: _ აი ბალამ, ბალამ... ნა ტურუვსან, ტაღ ბაშინა ნართაქი, მამალარინ ვერიფ ეივან ყართაქი, აი ბალამ, ბალამ... როცა ცხენს მოვაჯდები და წამოვალ, ჩემი იოლდაში უეჭველად მომაყოლებს უკნიდან: _ ლა-ამბალო-ო-ო!.. ვი-ინოგრა-ა-ად!.. მეორე დღეს ასკერაბადში ადრე წავედი. ლამბალოს ,,თოი‖ _ ქორწილი იმ დღისათვის იყო დანიშნული. სტუმრად მისვლა ჯერ ადრე იყო. ჩვენი სახლის მაღალ აივანზე გავედი და იქაურობას გადავხედე. დიდ გზაზე ქარავანი მოსჩანს. ოციოდე თათარი მოდის _ ზოგი ფეხით, ზოგი ვირით და ზოგიც ცხენით. საზეიმო ნაბიჯით მოაბიჯებენ და თან ჭრელი სკივრები, ბალიშები, საბნები, ჭურჭელი და მრავალი ახალი ნივთი მოაქვთ. მივხვდი: დედოფლის მზითევი ლამბალოს სახლში გადმოჰქონდათ. უცებ ქვემო ბაღიდან ვირზე შემჯდარი ყაშა ლაზარე გამოვიდა. ცალ ხელში უზარმაზარი გაშლილი ქოლგა ეჭირა, ხოლო მეორეში _ გადაფურცლული ლოცვანი. ქარავანი რომ დაინახა, ვირი შეაყენა და ლოცვანი დაჰკეცა. მომავალნი რომ გაუსწორდნენ, ყაშამ უცნაური პრანჭვა დაიწყო: წითელ თავს და გრძელ ხელებს იქნევდა, იღრიჭებოდა, გაუგებარ რამეს ჰბოდავდა და ხითხითებდა. ხან ქოლგას აიქნევდა საქონლის დასაფრთხობად, ხან დაუსტვენდა, ხან პრუწუნებდა და ხანაც იმ თათრებს ცოფიან მაიმუნივით აფურთხებდა. ალბათ თათრებიც კარგად იცნობენ ყაშა ლაზარეს. წინამავალმა თათარმა დანარჩენებს რაღაც გადასძახა. მისი ბრძანება ერთმანეთს გადასცეს და ისე გაუარეს გვერდით, რომ ზედაც არ შეხედეს, თითქო დორბლიანი ქრისტიანის ნაცვლად იმ ალაგზე ნეხვი ეგდო. ყაშა ამან უფრო გაახელა. პრანჭვას, დორბლსა და პრუწუნს უმატა. მგზავრები _ მუსლიმანები და ასურელები შესდგნენ. მუსლიმანები იცინოდნენ, ასურელები კი დაღონდნენ. სამი მათგანი ყაშასთან მივიდა, შეარცხვინეს და დამშვიდება სცადეს, მაგრამ ამაოდ. ქარავნის კუდს კიდევ რამდენჯერმე მიაფურთხა, მუქარა მიაყოლა და შესტვინა, მერმე ვირი მიაბრუნა, ქოლგა გაშალა, ლოცვანი ისევ გადაჰფურცლა და წავიდა. ქარავანი ლამბალოს ეზოში შევიდა. მას მაშადი იზათი და ჯალაბ-ჯულაბი მიეგება. მზე ჩასავალს იყო. მაშადი იზათი და ხუთიოდე მოხუცი ჩემს ბაღში გადმოვიდნენ, შუაში ჩამიყენეს, წამიყვანეს და დიდი პატივით შემიყვანეს მოზრდილ დარბაზში. კაიდარ-მოლა და პატივცემული თავ-კაცები ფეხზე ამიდგნენ და უღრმესი სალამი მომცეს. მეც ასეთივე სალამით ვუპასუხე. აგურით ნაგები იატაკი, ხალიჩებით და ფარდაგებით არის დაფენილი, შუა დარბაზში გრძელი ლურჯი სუფრაა გაშლილი. ზედ მრავლად ჰყრია ყვავილები, მწვანილი, ლავაშები, მრავალნაირი ყველი და ჩემთვის ჯერ უნახავ-უჭმელი მშრალი სანოვაგე. ჭამა-სმას ჯერ არ შედგომიან. ჯერ დედოფალი არ მოუყვანიათ. სტუმრები კედლების ჩაყოლებაზე დგანან და ჩემს დაჯდომას ელოდებიან. მაშადი იზათი საპატიო ალაგს მთავაზობს. მე სანამდის არ დავჯექი, მანამ ჩემს გვერდით მდგომი მოხუცი მოლა არ დავსვი. ჩემი ზრდილობა ესიამოვნათ. მერმე ყველანი მუხლის თავებზე ჩაცუცქდნენ და გახევდნენ. ლამბალო ,,კუკლას‖ მოლოდინით და ჩემი სტუმრობით არის აშლილი და აღარ იცის, როგორ მასიამოვნოს, ჰფუსფუსებს, თავს მევლება და იძახის: _ აღა, აქ დაბრძანდი. აღა, ხომ არაფერი გნებავს? აღა, როგორ ბრძანდები? აღა, შენ გენაცვალე, არ მოიწყინო. კაიდარ-მოლამ მავანას ,,ბრძოლა‖ და მინდიაშვილი გამახსენა. მალე გარედან ზურნის ჭყვიტინი და კიჟინი მოისმა და ეზო ხალხით გაივსო. ჩადრში გახვეული დედოფალი ცხენიდან ჩამოსვეს, დარბაზში შემოიყვანეს და მისი ფუნჩულა ხელი ლამბალოს თათში ჩაუდეს. დილითვე მცირე საჩუქარი გამოვგზავნე _ ტკბილი ღვინო და კონიაკი, ხოლო ლამბალოს მაჯის საათი და ლალის ბეჭედი გადავეცი. ეხლა ის საათი ლამბალოს ჰქონდა მაჯაზე, ხოლო ბეჭედი იმის ,,კუკლას‖ ფუნთუშა ხელს უმშვენებდა. სანამ კაიდარ-მოლა ყურანიდან შესაფერ სურას კითხულობს, მე შავ ფარჩაში გახვეულ ,,კუკლას‖ შევუყურებ და ვფიქრობ: აი აღმოსავლეთი, აი მაჰმადის მსხვერპლი. ვიღაც უცნობი და უხილავი შავს კუბოში ჩასვეს, ეს კუბო ,,კუკლა-ყიზიმ‖ სიკვდილამდე უნდა ატაროს. ვინ არის შიგ? მახინჯი თუ მშვენიერი? ქერა თუ შავგვრემანი? ავი ალქაჯი თუ კეთილი ანგელოზი? რა უწერია თვალებსა და გულში _ ღიმილი თუ ქუში, სიხარული თუ დარდი, სევდა თუ შვება? არ ვიცი, არაფერი არ ვიცი. არც სხვებმა იციან. ჩემთვის ეს ქალი და ქალებიც, ,,კუკლას‖ რომ შემოეხვივნენ, ჩადრში გახვეული მოძრავი ჩონჩხებია და სხვა არავინ. თითქო ქალი მხოლოდ ერთისთვის ცოცოხლობს, ისიც მხოლოდ ოთხი კედლის შუა, ისიც მხოლოდ მაშინ, როცა იქ უცხოს თვალი არ მოსჩანს. კაიდარ-მოლამ ლოცვა გაათავა და ვერცხლის სურიდან ნეფე-დედოფალს ხელებზე ერთი მუჭა წყალი გადაასხა. მერმე ლამბალო და ,,ყიზი კუკლა‖ მეორე ოთახში შეაცილეს. მე კი ისევ ვფიქრობდი: იქ, იმ ოთახში, ის უცნობი პატარა ქალი იმ შავი კუბო-ჩადრიდან გამოვა და, ვინ იცის, რა ცეცხლით, რანაირი თვალებით, ტუჩებით, მკერდით და ტანით მიეგებება ფაფარაყრილ ლამბალოს. ვინ იცის... მაგრამ სულ ერთია: იყავ ბედნიერი, მაშადი ჰასან! მისაცემი მიუძღვენ პატარა ,,ყიზის‖ და შენი ხვედრიც მიიღე. მშვიდობაში და გახარებაში, ჩემო ,,იოლდაშო‖ ლამბალო! დედაკაცები თავიანთ ოთახში _ ,,ენდერუნში‖ _ გავიდნენ, მამაკაცები კი ,,ბაირუნში‖ სუფრას შეუდგნენ. ყველანი ჩოქით ისხდსნენ. მე ბალიშზე მოვიკეცე. კაიდარ-მოლამ და მაშადი იზითმა შუაში ჩამისვეს. ერთმა მოხუცმა მოლას რაღაც ჩასჩურჩულა. კაიდარ-მოლამ წვერულვაშში ჩაიცინა და განაცხადა: _ ვისაც აცივ-აცხელებს, იმას ნება აქვს შეითანის სასმელი დალიოს. კარგი წამალია. ,,კარგი წამალი‖ ჩემი ღვინო და კონიაკი გამოდგა, ხოლო იმოდენა ხალხში ერთიც არ აღმოჩნდა, რომ ციებ-ცხელება არ ჰქონებოდა. შერბეთი, კონიაკი და ტკბილი ღვინო ერთმანეთში აირია. თარს ჭიანური მოსდევდა, ჭიანურს ზურნა, სალამურს ბაიათი. ღვინომ ნელ-ნელა შუბლი გაგვიშალა, გული გაგვიხსნა და ეერთმანეთის ,,იოლდაშ-ყარდაშ‖-ებად გადაგვაქცია. აქეთ-იქიდან წამ-და-უწუმ მესმოდა: _ გურჯი აღა... გურჯი აქიმ... გურჯი ყონაღ. მალე გამოირკვა, რომ მე, შორეული გურჯი, და ის მდაბიო თათრები, თურმე ღვიძლი ნათესავები ვიყავით: რომ მე და ინით შეღებილი ჯალილები, თავმოპარსული რაზახები და სუნიანი ჯებრაილები სადრაც და ოდესღაც ერთად შევიზარდენით და იდუმალი მეგობრული ჯაჭვებით შევიჯაჭვენით. ვინ, როდის, რად ან როგორ გააბა ეს უხილავი სიმები _ არც ეხლა მესმის. რას ელოდნენ დაშრეტილი სპარსები და თარაქამა თათრები ოდესღაც თავიანთივე ხელით დაწრეტილი ერთი მუჭა გურჯებისაგან? შველას? არ შეგვეძლო. დაჩაგრულთა იდუმალ კავშირს? აგრე მგონია. თანაგრძნობასაც? ვგრძნობდი, მესმოდა. დიდი დრო იყო. გულში დიდი იმედები გვქონდა და დიდ მომავალს მოველოდით. ნადიმი გაგვიგრძელდა. მზე ამოვიდა. კარებში ლამბალოს თავს მოვკარი თვალი. ღიმილით და თითით მანიშნა გავსულიყავი. მეც ავდექი და ეზოში გავედი. _ აღა იოლდაშ, _ მითხრა ლამბალომ ჩურჩულით, _ მუსლიმანს აკრძალული აქვს ქალის ჩვენება, მაგრამ შენ ჩემი იოლდაში ხარ და ძმასავით მიყვარხარ, ამიტომ. . . აქეთ წამოდი, არავინ დაგვინახოს. ეზო გამატარა და ბაღში შემიყვანა. დაბურულ შამბიანში შავს სუდარას მოვკარი თვალი. _ ზეკია ყიზი, _ უთხრა ჩადრში გახვეულს ლამბალომ, _ აი ჩემი ძმა და მამა. შენი პირით გადაუხადე მადლობა. ეგ ჩადრი მოიხსენი, ნუ გრცხვენიან. . . არავინ არა გვხედავს. შავი ფარჩიდან ნელ-ნელა ჯერ შავი თმა გამოჩნდა, მერმე თეთრი შუბლი გადაიშალა, შემდეგ ორმა თვალმა _ დიდრონმა, შავმა და ბავშურმა თვალებმა შემომანათეს. ლამბალო მიეშველა: თითი ჩადრს გამოსდო, ჩამოსწია და სუდარა-კუბოდან თოთხმეტიოდე წლის პირსახემ მორცხვად გამიღიმა. მართლა ―კუკლას‖ ჰგავდა, მაგრამ უფრო თათრულს, ვინემ რუსულს. _ ზეკია ხანუმ, _ წრფელი გულით გავახანუმე ზეკია ყიზი, _ დაქორწინებას გილოცავ. ძალიან კარგი ქმარი გიშოვნია. მაშადი ჰასანი პატიოსანი, მხიარული და მშრომელი კაცია. ერთგულად ემსახურეთ ერთმანეთს და თქვენს ბედნიერებას დასასრული არ ექნება. _ მეც აგრე ვუთხარი, აღა _ ჩაერია გაბადრული ლამბალო და ―კუკლას‖ მიუბრუნდა: _ ყიზი, მდლობა მოახსენე აღას. _ ჩოხ რაზიამ. . . ჩოხ საღოლ, აღა, ჩოხ! – მადლობელი ვარ აღა, დიდი მადლობელი, _ წაიჩურჩულა ზეკია ყიზიმ. მერმე უცებ ხელზე მაკოცა, შალში გაეხვია და ბუჩქებიდან გავარდა. მე თვალი დავადევნე პაწაწინა ფეხებს, რომელნიც პაწაწა ქალს მარდად მიარბენინებდნენ. უკვე ჩამოცხა, როცა ―იოლდაშ‖ მასპინძლებს მხურვალე მადლობა გადავუხადე და ჩვენს ბაღში გადმოვედი. სანამ ცხენს მომიყვანდნენ, მაღალ აივანზე გადმოვდექი და ურმია-დილმანის დიდ გზას გადავხედე. გზა სავსეა მგზავრი თათრებით და ასურელებით. აქა-იქ რუსული სამხედრო ურმებიდა ყაზახ-სალდათებიც მოსჩანან. ქვეიდან გრძელი სამხედრო აღალი მოდის. ზევიდან აქლემის ქარავანი მოაბიჯებს. იმ გზაზე თვალი კაიდარ-მოლასაც მოვკარი, რომელსაც წეღან გამოვემშვიდობე. მისი თავჩაღუნული ვირი მარდად მიაბიჯებს. კაიდარ-მოლაც თავჩაღუნულია. ცალ ხელში გადაშლილი ყურანი უჭირავს და კითხულობს, მეორეში კი გაშლილი ქოლგა აღუმართავს. ქვეიდან მეორე ვირი გამოჩნდა. ზედ წითელი ყაშა ზის, იმასაც ქოლგა და ლოცვანი უჭირავს. ორივე ღვთის მსახური ისეა გართული ქრისტესი და მაჰმადის ნაქადაგარით, რომ ვერც ირგვლივ ამჩნევენ ვინმეს და ვერც ერთიმეორეს ხედავენ. აქლემების ქარავანი და რუსული ―აბოზი‖ ერთმანეთს შეხვდნენ და გზა გასტენეს. ყაშასი და მოლას ვირები დარჩენილ ვიწრო ბილიკს გაჰყვნენ. ბოლოს ერთმანეთს თავებით დაეტაკნენ და შედგნენ. ყაშამ და მოლამ ერთსა და იმავე დროს მოსწყვიტეს თვალები წმინდა წიგნებს და ერთმანეთს შეაჩერდნენ. მერმე, როგორც მოწმენი ამბობდნენ, ასეთი ბაასი გააბეს: _ რატომ გზას არ მაძლევთ? – გაიკვირვა ყაშამ. _ რატომ თქვენ არ მაძლევთ? – გაოცდა მოლაც. _ მე წმინდა სახარებას ვკითხულობ, _ რიხით გაახსენა კაიდარ-მოლას მართლმადიდებელმა. _ მე კი წმინდა ყურანს ვკითხულობ, _ აისხლიტა ყაშას საბუთი მუსლიმანმა. _ რომ კიდევაც დამენახეთ, ქრისტიანი ყაშა წარმართ მუსლიმანს გზას არ დაუთმობდა, _ შეუტია წითელმა მღვდელმა. _ ყაშა ლაზარ! თქვენი პირიც ისეთივე უწმინდურია, როგორც თქვენი ფეხი, რომელსაც წელიწადში ერთხელაც ძლივს დაიბანთ ხოლმე, ხოლო თქვენი სიტყვაც ისეთივე უწმინდური, როგორც თქვენი ვირის ყროყინი, _ დინჯად მოუჭრა ჭაღარა მოლამ. _ ჩემი კი არა, თქვენი ვირია უწმინდური, _ გაკაპასდა ყაშა. _ ჩემი ვირი თავრიზის მუშთეჰიდის საჯდომი ვირის ჩამონავალია, _ გაახსენა თურმე ყშას კაიდარ- მოლამ თეთრი ვირის ჯიშიანობა, _ ხოლო თქვენ და თქვენი ვირიც ერთი უწმინდური სულიერის ნაკეთები ბრძანებულხართ. აივნიდან დავინახე: ყაშა ლაზარემ ქოლგა დაჰკეცა და მისი წვერი მოლას ვირს დაატაკა. კაიდარ-მოლამაც დაჰკეცა თავისი ქოლგა და მისი წვერი ყაშას ვირს უჩხვლიტა. ეხლა კი მკაფიოდ მომესმა მათი მუქარა და კივილი: _ გზა მომეცი, შე უწმიონდურო! _ აფეთქდა ყაშა. _ давай дарогу, басурман паршивый – й – й! _ დოღუზ-ით! _ გაცხარდა კაიდარ-მოლაც. ყაშა ლაზარემ ქოლგა მოიქნია და კაიდარ მოლას დინჯად დაჰკრა შუბლში, თანაც დააყოლა: - Вот теве, чорт окаянный! კაიდარ-მოლამ ქოლგის წვერი ყაშას წაჰკრა და აფრიანი ქუდი მტვერში გადმოუგდო. ყაშა გაცხარდა და გაგიჟდა; ვირიდან გადმოხტა, მოხუცი მოლა ვირიდან გადმოიღო და მტვერში აგორავა. მუშტით და ფეხით სცემდა და იმეორებდა: _ Вот теве! Вот теве! _ ესეც შენ! ესეც შენ! რუსი სალდათები იცინოდნენ და იძახოდნენ: _ Аи да по- оп ! Ай – да мулла –а! ქარავანს ხუთიოდე თათარი მოსწყდა. კაიდარ-მოლას გაგიჟებული ყაშა ააგლიჯეს და ააბურთავეს. ყაშას ათიოდე მგზავრი ასურელი მოეშველა. მოლასაც ათიოდე თათარი წაესარჩლა. ყოველი მხრიდან კივილით და მუქარით მორბოდნენ. ჰაერში ჯოხი ტრიალებდა. მოჩხუბარნი მტვრის კორიანტელში გორაობდნენ. უცებ მარჯვენა მხრიდან ნაცნობი კიჟინა მომესმა: _ ლამბალო, ქიოფა-ოღლი! მაშადი ჰასანი მტვერში შეერია. განზე ყაშა ლაზარე ერთ თათარს სჯიჯგნიდა, ლამბალო ყაშას წაადგა და შესძახა: _ ყაშა ლაზარ, ლამბალო! მობრუნდი! ყაშამ ანაფორა გაიძრო ერთმანეთს ეცნენ და წესიერი კრივი გაიმართა, არც ძიძგილი, არც ჭიდილი. ყაშას კრივი ალბათ რუსეთში ჰქონდა ნასწავლი, ლამბალოს კი ტფილისში, ავლაბარში ან ვერაზე. მათი მუშტების ბრაგაბრუგი მეც მესმოდა. რუსები და ზოგი მოჩხუბარი გარს შემოეხვივნენ და წესიერ კრივს ხალისით, კიჟინით და წაქეზებით უცქეროდნენ. ყაშა უფრო ღონიერი იყო, მაგრამ ლამბალო უფრო მარდი აღმოჩნდა. მუშტი და სილა სეტყვასავით დააყარა. როცა სავსე მუშტს ფერდში მისცემდა ან გაშლილ სილას ყბაში გაულაწუნებდა, ზედ მხიარულ ყიჟინასაც მიაყოლებდა: ლამბალო, ქიოფა-ოღლი! _ Так его, так его! _ ამხნევებდნენ სალდათები, _ ოხო-ხო! ყაშა რამდენჯერმე წატორტმანდა და წაიქცა. ლამბალო წაქცეულს ხელს არ ახლებდა, მაგრამ წამოწეულს სულსაც არ მოათქმევინებდა. ყაშა უკვე ლასლასებდა და ხელებს ჰაერშიღა ასავსავებდა. _ ლამბალო! _ მიაძახა ერთხელ კიდევ თათარმა და ისე მძლავრად დასცა ორივე მუშტი, რომ გულაღმა გადაქცეული ვეღარ ქამოდგა. _ ოხო-ხო! _ იფეთქეს რუსებმა. კრივი გათავდა. დანარჩენი მოჩხუბარნი სალდათებმა გააშველეს და მალე ლანძღვა-გინების ნაცვლად სიცილიღა ისმოდა, ხოლო საერთო სიცილს ჰასანის გულუბრყვილო ხარხარი ჰფარავდა. დოინჯშემოყრილიFფალავანი შუა გზაზე იდგა და იძახოდა: _ ლამბალო, ყაშა ლაზარ! . . ახა-ხა! თქვენ ჰეი, კურტანჩი, ქვას და ჯოხს თავი დაანებეთ და ვაჟკაცურ კრივში გამიდით. ისე გაკოტრიალოთ, როგორც ბურთი, ოხო-ხო! ნელ-ნელა დაიშალნენ. აღალი და ქარავანი თავიანთ გზას გაჰყვნენ. კაიდარ-მოლამ ისევ გაშალა ქოლგა, ყურანიც გადაჰფურცლა და თავრიზის მუშტეჰიდის ვირი თოხარიკით წაიყვანა. ლამბალომ ლიტრით მოარბენინა წყალი და ყაშა მოასულიერა. მერმე მისი ქოლგა, ანაფორა და სახარება იპოვნა და ჩააბარა. ბოლოს ვირიც მოუყვანა, ზედ შესვა და გაისტუმრა, თანაც ლმობიერი და ,,იოლდაშური‖ დარიგება მიაყოლა: _ ყაშა ლაზარ, გული არ გაიტეხო, ვალაჰ, კარგი კრივი გცოდნია. ალაჰმა სხვებთან მოგახმაროს, მე კი თავი დამანებე. მერმე ჩემსკენ მოიხედა, კბილებით გამიცინა, ორივე ხელი ყურებთან გაიშალა და ჩემი საყვარელი ჰანგი ზარის ლარივით გააბა: _ ლამბალო-ო-ო-ო! . . ვინოგრა-ა-ად! . . ერთი საათის შემდეგ ქალაქში დავბრუნდი. სამკურნალოს მახლობლად უცნაური ქარავანი შემხვდა. სისხლით შეთხუპნილი, ვირზე შემჯდარი ყაშა ასიოდე ჩამოფხრეწილ ასურელს მოუძღოდა. დაკეცილი ქოლგა იღლიაში ამოეჩარნა, ხოლო მეორე ხელში გაშლილი ლოცვანი ეჭირა. მრავალი ასურელიც დასისხლიანებული იყო. წუწუნით და ოხვრით მილასლასებდნენ. თათრები და სპარსელები უცნაურ ქარავანს ღიმილით შესცქეროდნენ და ჩუმ-ჩუმად ოხუნჯობდნენ. ჩემი თანაშემწე ექიმი შემხვდა და ღიმილით მითხრა: _ ყაშას ლაშქარს თურმე სისხლიანი ბრძოლა ჰქონია თათრებთან. სასტიკად დამარცხებულან. აი რამდენი დაჭრილი ჰყოლიათ. _ ეხლა სად მიდიან? _საჩივლელად, თავიანთ მთავარსარდალთან, ეპისკოპოს პავლესთან მიდიან. ჩემმა თანაშემწემ ბრძოლის აღწერილობა მოისმინა და ისევ გაიცინა: _ პატარა ბიჭებს ასეთი სურათი უნახავთ: ყაშამ ერთ ეზოში თანამებრძოლნი და ხუთი იმდენი მათხოვარი შეჰკრიბა, ხუთიოდე ქათამი დააკვლევინა და მათი სისხლით თვითონაც მოისვარა პირსახე და ოციოდე ასურელიც შეთხუპნა. შემდეგ ვირს მოაჯდა და ნაბრძოლ ასურელებს ქრისტესავით წარუძღვა. შედეგსაც მალე ვნახავთ. ,,დაჭრილები‖ დახმარებას მიიღებენ. ეს კიდევ არაფერია: აირევა მონასტერი. მონასტერი მართლა მალე აირია. მართლმადიდებელ რუსულ ნისიაში ,,დაჭრილებს‖ მოუალერსეს: გაცვეთილი საცვალი და თითო მუჭა თამბაქო დაურიგეს და შემდეგისათვისაც მრავალ დაჰპირდნენ, თუ ,,დაჭრილები‖ რათქმა უნდა, უკან არ დაიხევდნენ და საქმეს ბოლომდე მიიყვანდნენ. ეპისკოპოსი პავლე თურმე ლამაზ წვერს იგლეჯდა და ჰგრგვინავდა: _ მაშ ქრისტიანი არა ვყოფილვარ, თუ უწმინდურებს ასეთი თავხედობა შევარჩინე. ჩამოვახრჩობ! ციხეში დავალპობ! აქაურობას ავიკლებ და შევმუსრავ! მერმე თურმე ყაშა ლაზარე დაარიგა: _ ყველანი ითიმად უდ დოულესთან წადით და საჩივარი შეიტანეთ. თუ ის წუნკალები არ დასაჯა, ყველაზე მეტი მაგას მოხვდება. ,,დაჭრილები‖ ვალისთან წავიდნენ ხოლო ქრისტიანი ეპისკოპოსი იმავე დღეს, წირვის დასასრულს, ასე უქადაგებდა კორპუსის სარდალსა და აფიცრებს: _წმინდა რუსულ საქმეს ამ დაწყევლილ ქვეყანაში ლამის აღსასრულის დღე დაუდგეს: უწმინდური მუსლიმანები ისე გათამამდნენ, რომ მართლმადიდებელ ქრისტიანებს გზაზე გავლაც კი აღარ შეუძლიათ. უმანკო ასურელებს თავთ ესხმიან და ქვებით ქოლავენ. მერმე სად და როდის ხდება ასეთი თავხედური ამბები? იგი ხდება ჩვენს ქვეყანაში, ურმიაში. დღეს ძლევამოსილი რუსის ჯარი წმინდა სისხლით რწყავს აქაურობას, ხოლო აქვე, ჩვენს თვალწინ, ამავე დროს, თავგასული ,,პერსიუკები‖ ჩვენი ერთმორწმუნე ხალხის სისხლს ღვრიან. ჩვენი ხელისუფალნი კი თითქოს ვერაფერს ხედავენ. მართლმადიდებელნო! ხელისუფალნო, მეფისა და რუსის ერთგულნო, როდემდის უნდა ვითმინოთ ასეთი სირცხვილი?! როდემდის უნდა ვზიდოთ ასეთი დამცირება დიდისა და წმინდა რუსეთისა? როცა წირვა გათავდა, სარდალი ჩერნოზუბოვი მრისხანე ეპისკოპოსს გაეპარა. სამაგიეროდ მეომარ ბერს ხელში კონსული ნერატოვი ჩაუვარდა. დიპლომატმა თურმე ასე იმართლა თავი: _ ომი ჯერ არ გათავებულა, ვითარება მეტად რთულია. ჩვენი მოკავშირენი აქვე სხედან და თვალყურს გვადევნებენ. ცოტაც უნდა მოვითმინოთ. ჯერ ჯერობით სპარსეთში ვართ. _სპარსეთში?! _ იფეთქა თურმე მოუთმენელმა ბერმა. _ სპარსეთში კი არა, რუსეთში ვართ, რუსეთში! სადაც რუსის სისხლი დაიღვრება და სადაც რუსის სამხედრო დროშა ჰფრიალებს, ის ქვეყანაც ჩვენია _ მეთქი! ჭკვიანი და მომთმენი კონსული თურმე ძლივს მოსწყდა სულწასულ ბერს. იმავე დღეს მითხრეს: თურმე პავლემ ექვსი მრისხანე დეპეშა გაუგზავნა სინოდს, სამხედრო და საგარო საქმეთა მინისტრებს, მეფის ნაცვალს ტფილისში, რუსეთის გენერალურ კონსულს თავრიზში და რუსეთისავე ელჩს თეირანში. აღვირაგლეჯილმა ბერმა თაგვების კინკლაობა მუსლიმანების აჯანყებად და ქრისტიანების ამოწყვეტად გადააქცია და ყველას აბეზღებდა: ჩერნოზუბოვს, ნერატოვს, ითიმად უდ დოულეს და ურმიის კომენდანტს ბერეზოვსკის. ყველამ თურმე პირი შეჰკრეს ქრისტიანობის ამოსაჟლეტად და მახმადის მწვანე დროშის ასამაღლებლად. საღამოზე ითიმად უდ დოულეს სანახავად წავედი და დიდ ქუჩაზე ისევ მოხეტიალე ქარავანს წავაწყდი. ვირით მიმავალი ყაშა დაღვრემილი იყო და არც იმის ჯარს ეტყობოდა მხნეობა და ძლევამოსილება. ითიმად უდ დოულემ მომჩივნები რუსეთის კონსულს გაუგზავნა. ნერატოვმა საჩივარი მოისმინა და იმოდენა ბრბო ისევ ვალის დაუბრუნა. ვალიმ ორი საათი აცდევინა და ისევ ეპისკოპოსთან გამოჰგზავნა, ხოლო მისიის მთავარმოძღვარმა ჩერნოზუბოვს მიუსია. _ ირანი იღუპება, _ ატირდა ჩემი მასპინძელი, თან სარაჯიშვილის კონიაკს ციებ-ცხელების წამლად მიირთმევდა და მეც მასმევდა. _ აი დღევანდელი მაგალითი. ერთმა ყაშამ ლამის მთელი სპარსეთი აიკლოს. მის წვრილმან გაიძვერობას თავი დავანებოთ. ჯერ ურუსის ჯარს ქურთების სოფლები დააწვეინა და რამდენიმე ათასი ჩვენი ქვეშევრდომი ოსმალეთში გადახიზნა. ეხლა კი ოციოდე მამლაყინწის კინკლაობა ლამის აჯანყებად გადააქციეს. _ ყოველივე პავლეს ბრალია. _ ჩავურთე მის წუწუნს სამი სიტყვა. ვიცი. ვუსავე. მონ შერ ამი, თქვენი მუშთეჰიდი პოლი ცხვარივით მშვიდს მუსლიმანებს ბოლოს მართლა ააჯანყებს. ვინ იცის, იქნება საბაბსაც ეძებდეს. მთელს ქვეყანას დეპეშები გაუგზავნა და ისე ასწერა საქმე, თითქო... _ ვიცი, როგორც ასწერა. _ ნამდვილად კი აი თურმე როგორ ყოფილა. _ ეგეც ვიცი, თავით-ბოლომდე ჩემივე თვალით ვნახე. _ მართლა? _ გაუხარდა ვალის. _ მიამბეთ, მონ შერ ამი, სრული სიმართლე მიამბეთ. თხოვნა შევუსრულე. ვალის იმედი მიეცა: _ მაშ მოწმედ გამოდგებით? _ დიდი ხალისით, მონ შერ ვალი. _ თქვენი მოწმობა დანარჩენ მოწმეებს ათჯერ მაინც სჯობიან, ვინაიდან თქვენ ურუსის ჯარის ექიმი და ქრისტიანი ბრძანდებით. _ მესმის. იქ რუსის სალდათებიც იყვნენ. იპოვნეთ და დაიმოწმეთ. ვალი დაიმედებული დავტოვე, მაგრამ მეორე დღეს ორივეს იმედი გაგვიცრუვდა. პავლე ბერმა რუსეთის სარდალსაც და კონსულსაც მტკივანი ალაგები უპოვნა და ზედ დააბოჯა. სარდალიც და კონსულიც ითიმად უდ დოულეს მიაწვნენ, იმასაც ასეთი ალაგი უპოვნეს და ორმოციოდე თათარი საპყრობილეში ჩააყრევინეს. მაშადი იზათი ისევ ჩემს კარებთან აიტუზა. _ მაშადი ჰასანს დიდი ბორკილები დაადეს. შენ მეტი მშველელი არავინა გყავს. ჰასანის ,,არვადიც‖ _ ცოლიც გეხვეწებათ. საწყალი ხეკია ყიზი! მხოლოდ ორი დღე-ღამე გაატარა თავის ქმართან. ადრე გაჰყარეს. ვინ იცის, როდისღა შეეყრება ხელმეორედ მხიარულ ლამბალოს? სპარსული საპყრობილე ადვილად გააღებს ხოლმე შავ პირს ტუსაღის ჩასაყლაპავად, უკანვე კი ძალიან ძვირად გადმოაგდებს. მაშადი იზათი დავამშვიდე და ვექილობას შევუდექი. თავდაპირველად გენერალ ჩერნოზუბოვს ვეწვიე და ვუთხარი: _ თქვენო აღმატებულებავ! მაშადი ჰასანი ჩვენი მებაღეა. გარდა ამისა, ის ჩხუბი თავით-ბოლომდე ჩემი თვალით ვნახე. დაწვრილებით ყოველივე ვუამბე. _ მესმის... მაგრამ... საკვირველია, რაღა ყველგან თქვენ შეეჩეხებით ხოლმე ყაშა ლაზარეს? _ ყაშა ჩემი მოსამსახურე იყო, გენერალო, ამოტომ... _ ვიცი, მაგრამ... რადგან... ვინაიდგან... ერთი სიტყვით, ეს ჩემი საქმე არ არის. რუსეთის მოხელე ,,პერსიუკებს‖ არ უნდა ესარჩლებოდეს, ისედაც მთელი ქალაქი ჩემზე ლაპარაკობს. ბაზარში ისე არ გავივლი, რომ თათრებმა ჩურჩული არ ასტეხონ: გურჯი მოდის, გურჯიმ სთქვა, გურჯი წავიდა. რა არის ამის მიზეზი? რა კავშირი მაქვს ,,პერსიუკებთან‖? რუსებს და სომხებს უბღვერენ, ქართველებს კი უღიმიან და შეხარიან. აქ რაღაც საეჭვო ამბავია. ჩერნოზუბოვმა კარგად იცის იდუმალი სარჩული იდუმალი მეგობრობისა, მაგრამ... ერთი სიტყვით სჯობია საეჭვო ვექილობას თავი დავანებო, ხოლო თუ ჩემივე ნებით წავალ სპარსეთიდან, უკეთესიც იქნება ჩემთვის. _ მოვიფიქრეთ, _ დაასრულა ჩერნოზუბოვმა ჩემი დატუქსვა. _ გმადლობთ დარიგებისათვის, გენერალო, მოვიფიქრებ. მშვიდობით ბრძანდებოდეთ. ნახევარი საათის შემდეგ კონსულს ვეწვიე. _ ა-ა-ა, ესკულააპ, _ მხიარულად გააბა კონსულმა. _ ჩემი ძვირი სტუმარი! _ მე იმისთვის გეახელით, რომ... _ ვიცი, ვიცი, _ გამაწყვეტინა კონსულმა. _ ყველაფერი ვიცი, მაგრამ მეგობრულად გთხოვთ ჩვეულებას ნუ შემაცვლევინებთ. ჯერ კონიაკი, სიგარები, ჭორები, ქალები და მერმე... მერმე ჭუჭყიანი ყაშა ლაზარე. ჭუჭყი ბოლოსთვის დავტოვოთ. სმა-ჭამაში მწარეს სჯობია დასაწყისში, ბაასში კი პირუკურმა მირჩევნიან. სპარსულ ოთახში მოვიკეცეთ. ჩემი კონიაკი ვსვით, ძველი სიგარები გავაბოლოთ, ქალებს სიტყვით ტანთ გავხადეთ და ბოლოს ჭუჭყიანი ყაშა გავიხსენეთ. ჯერ მე ვთქვი სათქმელი და მერე კონსულმა ჩამომართვა სიტყვა: _ თქვენი ქართული გული მშურს. სიმართლე გწამთ და დაეძებთ. მე კი ურწმუნო ვარ. ტან პი ურ მუა, _ ბრალი ჩემი! _ ჩაურთო ფრანგულიც. ეხლა მოკლედ მოვჭრი: პეტერბურგი გადასჭრის, თეირანს უკარნახებს, თეირანი ითიმა უდ დოულეს უბრძანებს და ითიმადის ათიოდე თათარს დასჯის. ასე დასრულდება ეს სამარცხვინო საქმე. ვერც მე და ვერც თქვენ ვერაფერსაც ვერ შეცვლით, ამიტომ გირჩევთ, თავი დაანებეთ თათარსაც, ყაშასაც და პავლესაც, ხვალ დილით ავტომობილში ჩავსხდეთ და დილმანში წავიდეთ. შუა დღეს ჩავალთ. იქვე ასურელთა სოფელ ხოსროვასი წიტელი ჯვრის სამკურნალოა. მისი გამგე ჩემი მეგობარია. რაც ქვეყანაზე ლამაზი ქალები იყვნენ, ყველამ იქ მოიყარა თავი. თურმე სათნოების დები კი არა, იმ ექიმის ოდალისკები არიან. _ ჰარამხანა გაუხსნია. _ოღონდაც! ის ექიმი თქვენ კი აღარ გგვანებიათ. სამკურნალო მონასტრად გადააქციეთ,ხოლო თქვენი სათნოების დები, რომელთაც ყოველ მწყურვალს სათნო უნდა ჰყონ, მონაზნებად შესულან. არც საკვირველია: რაც წითელ ჯვარში ჯოჯო მოიძებნებოდა, ყველანი თქვენ გამოგიგზავნეს. _ მიზეზიც ცხადია: ტფილისშიც იცოდნენ, რომ იმ ქალებს თქვენისთანა მეზობელი ეყოლებოდადა იმიტომ სეგირჩიეს. საღამო ოხუნჯობაში გავატარე, მაგრამ გულდათუთქული წამოვედი. კონსულმა დამაჯერა, რომ ლამბალოს სასჯეკი არ ასცდებოდა. წითელმა მაიმუნმა ჯერ ბექაური გამომგლიჯა და ახლა ლამბალოც ჩაიგდო ხელში. ისევ იმ გზას დავადექი, რომელმაც ბექაური გადაარჩინა სიკვდილს. თავმოყვარეობის სამოსელი გავიხადე, თავი დავღუნე და ისევ ეპისკოპოსის წინაშე მოვიდრიკე კისერი, მაგრამ ვერ მოვიგე-რა. ყაშას ხელით ანთებული ავი ცეცხლი ურმიაში ვეღარ ჩაჰქრებოდა. იგი თურმე შორეულ პეტერბურგსა და თეირანში გადაიტანეს. ლამბალოს ერთი მედუქნე ჩემის ხარჯით უგზავნიდა სადილის ნარჩენს. ერთხელ მოვიცალე და ვალის ნებართვით სპარსულ საპყრობილეში შევიხედე. მყრალსა და ბნელს სარდაფში სანთლით ძლივს გავიგენი გზა. დარაჯმა კარი გამიღო და ერთ გვირაბში შემიყვანა. ისეთი სუნი მეცა, რომ კინაღამ გავიგუდე. ძალ- ღონე მოვიკრიფე და დირეს ძლივს გადავაბიჯე. ჭრაქის მკრთალ შუქზე ოდნავ გავარჩიე პატიმრები. ათიოდე ტუსაღი პირისპირ ისხდა ორ რიგად. შუაში ორი სქელი ფიცარი ჰქონდათ გადებული, რომელნიც ერთმანეთზე რკინით იყვნენ მიჭედილი. ფიცრებში ორი მრგვალი ნახვრეტი იყო ამოჭრილი. პატიმრებს ამ ნახვრეტებში კოჭებამდე ეწყოთ ფეხები. გარდა ამისა, ხელები ჯაჭვით ჰქონდათ იმ ფიცრებზე მიბმული, ქვემო ფიცარი უძრავი იყო. როცა დარაჯები ზემო ფიცარს ახსნიდნენ ხოლმე, პატიმრებიც მხოლოდ მაშინღა წამოდგებოდნენ ზეზე. _ აღა, სანსან? _ შენა ხარ? _ მომესმა ნელი ხმა. დავაცქერდი და მიბნედილ-მოლეული ლამბალო ძლივსღა ვიცანი. ლამბალო მეორე ჯგუფში იყო ჩაბმული. მათ ფეხები თავისუფალი ჰქონდათ, სამაგიეროდ ყველანი ერთმანეთზე ისე მოკლედ იევნენ გადაბმული ხელებით, რომ მხოლოდ ერთად შეეძლოთ ადგომაც, დაჯდომაც და მოძრაობაც. _მაშადი ჰასან, ავად ხომ არა ხარ? _არა, აღა, მაგრამ... მაჯა გავუსინჯე. მეტისმეტად დასუსტებულიყო. გული ყალბი სიტყვებით გავუმაგრე: _ მალე გაგიშვებენ... ნუ შეშინდებით... გამაგრდით... აი, ცოტაოდენი ფულიც მოგიტანეთ. ერთად დახარჯეთ. ტუსაღებმა მადლობის ნიშნად კნავილი და ბღავილი ასტეხეს. ქაღალდის ფული ლამბალოს ჩავუყარე კალთაში, ერთი ქაღალდიც დარაჯს მივაჩეჩე ხელში და ითიმად უდ დოულეს მივუვარდი: _სირცხვილია, ვალი!... ასეთი საპყრობილე... მეოცე საუკუნეში... თქვენ ევროპაში ბრძანდებოდით... _ დამშვიდდით, მონ შერ ამი, ჯერ ერთი, რაც სხვაგან სირცხვილად ითვლება, ის ჩვენში სამარცხვინო არ არის. მეორე: დღეს ევროპაში მეოცე საუკუნეა, სპარსეთში კი მეშვიდე ან მეთორმეტეა. მესამე: ევროპულ საპატიმროს შენახვა მდიდარ ევროპელებს შეუძლიათ, ჩვენ კი... _ ბოდიშს ვიხდი, მონ შერ ვალი, მე თქვენს შინაურ საქმეში არ ვერევი, მაგრამ ლამბალო... მაშადი ჰასანი მაინც შემინახეთ კარგად. _ კეთილი, ტრე ბიენ, მონ შერ, ბრძანებას გავცემ. ალბათ დანაპირევი არ შემისრულა, თორემ ორი კვირის შემდეგ ლამბალო ადვილად აიტანდა იმ განსაცდელს, რომელიც წითურმა მაიმუნმა შეუმზადა. ერთი კვირის შემდეგ რამდენიმე დღით წითელი ჯვრის მოწინავე რაზმის სანახავათ წავედით ქალაქ უშნუეში. ურმიაში რომ დავბრუნდი, მეორე დღეს ასეთი ტელეფონოგრამა ჩამაბარეს: ,,დღეს თორმეტ საათზე რუსულ მართლმადიდებელ მისიის ეზოში უნდა გაჯოხილი იქნეს თხუტმეტი მუსლიმანი ქრისტიანების დარბევისათვის. თითო დამნაშავეს უნდა დაჰკრან ორმოცდაათი ჯოხი. გიბრძანებთ აღნიშნულ ეგზეკუციას დაესწროთ და, თუ გარემოებამ მოითხოვა, დასასჯელებს საექიმო დახმარება აღმოუჩინოთ. კორპუსის სარდალი ჩერნოზუბოვი.‖ უკვე თერთმეტი საათი სრულდებოდა. წამლები და არტაშანები ფელდშერს გავატანე მისიაში, მე კი ათი წუთის შემდეგ ითიმად უდ დოულეს შეუვარდი. დაღვრემილმა სპარსელმა ძლივს წამოიწია: _ ვუ სავე, მონ შერ ამი. _ დაიწყო ირანის გლოვა ითიმადმა. _ ხედავთ, როგორ დაეცა ოდესღაც მრისხანე ლომი?... _ შველა შეუძლებელია? გადავაწყვეტინე მე. _ დაგვიანებულია. ყოველივე გათავებულია. გუშინ კონსულსაც და სერდასაც ბრძანება მოუვიდათ პეტერბურგიდა, ხოლო მე თეირანიდან: ყველა დამნაშავე გაჯოხეთო. _ მერმე? მერმე ვაჭრობა დავიწყეთ. თქვენს მუშთეიდ პოლს თვითონვე რომ თვითონვე მოენდომებინა ჯალათობა, არ გამიკვირდებოდა. ჯერ ორმოცი მსხვერპლი მოითხოვა, ძლივსძლივობით ჩამოვიყვანეთ თხუთმეტამდე. შემდეგ გაჰბედა და სთქვა, თხუთმეტში ის მოლაც უნდა გავრიოთო. _ კაიდარ-მოლა? _ გავიკვირვე მე. _ მოხუცი კაიდარ-მოლაც უნდა გაეჯოხნა? _ დიახ, მონ შერ ამი, დიაღ. მოხუცებული კადარ-მოლაც მოგვთხოვა. ძლივს გავაგებინეთ და დავაჯერეთ, რომ ამის გამო ხალხი აჯანყდებოდა, სისხლი დაიღვრებოდა. _ მხეცი, ანაფორაში გახვეული მხეცი! _ მერმე დაიჟინა: თითოს ასი უნდა დავარტყათო. თქვენი ლაშქრის უფროსმა ექიმმა ძლივს დაარწმუნა, რომ მეტად მისუსტებული ტუსაღებისათვის ორმოცდაათიც ბევრიაო. ესეც დაგვითმო და შემდეგ ადგილის გამო ახირდა. ან მისიის ეზოში უნდა დავჯოხოთ, ან დიდ მოედანზეო. მე დავუთმე. ჩვენს შერცხვენას მთელ ქალაქს ვერ ვაჩვენებდი. მუსლიმანები ძალიან შფოთავენ. პატრულები გამახსენდა. ქალაქი რუსის ჯარით იყო სავსე. გორაკებზე ზარბაზნები აეტანათ. _ რაღა მე დამავალა ჩერნოზუბოვმა იმ ჯოჯოხეთში წილის მიღება?! _ ამოვიკვნესე მე. _ რა ჩემი საქმეა! გამოცდილი არა ვარ... _ თქვენ დაგავალათ? _ მკითხა ითიმად უდ დოულემ და მწარედ გაიღიმა. _ მესმის. არშივეკ პოლის ნაკარნახევი იქნება. დაე მუსლიმანებმა გაიგონ, რომ მათი მოსარჩლე გურჯიც ურუსის სალდათიაო. _ მართალია, აგრე იქნება, მაგრამ მაინც... მაინც გალიაში დამწყვდეულ და შეუჩვეველ მხეცივით ვეძებდი გასაძვრენს, მაგრამ ვერ ვიპოვნე. თავი მომეავადმყოფებინა? უშნუედან მხიარული დავბრუნდი. ,,გარდა ამისა, _ ვეკითხებოდი ჩემს თავს, _ იქნება სჯობდეს კიდევაც, რომ მე დავესწრო? მე რომ უარი ვთქვა, იქნება ისეთი მხეცი დანიშნონ, რომ უბედურება რამ დაატრიალოს.‖. _ ვალი, ბრძანების შესრულება მიმძიმს, მაგრამ მეტი გზა არ არის. ასე გავიმაგრე გული და ვალიც დავამშვიდე. _ ვალი, ქომაგ ელა-ა-ა, _ ვალი, გვიშველე! _ მოისმა ამ დროს ქუჩიდან რამდენიმე ხმა. ვალი გაფითრდა. _ ვალი, ქომაგ ვე-ე-ერ! _ იგრიალა რამდენიმე ასეულმა ხმამ. ითიმად უდ დოულე თრთოდა. გაფითრებული შემომცქეროდა, თითქო ჩემგან მოელოდა რჩევას და შველას. მე აივანზე გავედი. ქვეით თხუთმეტი ტუსაღი იდგა, სპარსულ სარბაზებისა და ყაზახრუსების რკალით შემორტყმული. ფორზე ათასამდე თათარი და სპარსელყ შეკრებილიყო. და აქეთ-იქიდან კიდევ მორბოდნენ ჯგუფ- ჯგუფად. ტუსაღთა შორის ლამბალოს მოვკარი თვალი და ძლივსღა ვიცანი. ოცი წლის პირტიტველი ღაჟღაჟა თათარი ყვითელი სანთელივით დამდნარიყო. დიდრონ თვალებს ანათებდა და თეთრ კბილებს აელვებდა, უნდილად გაიღიმა. მერე ისე ჩაიქნია გრუზა თავი, თითქო მეუბნებოდა: ვაი დედასა, რა ბედი ერგო შენს ,,იოლდაშს‖ ლამბალოს! შემდეგ კელაპტრებივით ამომიშვირა ხელები და ამომძახა: _ გურჯი ყარდაში, ქომაგ ვერ, _ ძმაო ქართველო, მიშველე! და ასიოდე ხმამ მაშინვე გაიმეორა: _ გურჯი აქიმბაშ, ქომაგ ვე-ე-ერ! უძლურების ნიშნად მე ხელებიღა გავშალე. გვერდით ვალის თანაშემწე ყარგუზარი ამომიდგა. ისიც თრთოდა და თვალთაგან ცრემლს იწმენდავდა. შემდეგ ათასთა ბღავილი და გრგვინვა აღარ შეწყვეტილა: _ ვალი, ქომაგ ელა-ა-ა!.. ვალი, ქომაგ ვე-ე-ერ! _ დაიშალენით... გაჩუმდით... ასეთია შაჰინ-შაჰის ბრძანება... წადით... დამშვიდდით... _ სლუკუნით ჩიფჩიფებდა აცახცახებული ყარგუზარი. მე დარბაზში დავბრუნდი. _ აი, ხომ ხედავ, მონ შერ ამი, _ ბორძიკით წაიბუტბუტა ვალიმ, _ ამოდენა ხალხს ხომ ხედავთ... ხო გესმით მათი რისხვა და მუდარა... მაგრამ რა ვქნა?.. მირჩიეთ, რა ვქნა? ნონ, სე ტრო პურ მუა, სე ტრო, _ არა, ეს ჩემთვის მეტის მეტია, მეტის მეტი! ორივე ხელი პირსახეზე აიფარა და ლასლასივით მეორე ოთახში გავიდა. მეც თავჩაღუნული წამოვედი. უკნიდან კიდევ დიდხანს მომდევდა ხალხის ბღავილი და მუდარა: _ ვალი, ქომგ ელა-ა-ა... ვალი ქომაგ ვე-ე-ერ! ნაბიჯს მოვუმატე, თითქმის მოვრბოდი. მათლმადიდებელ მისიის დიდი ეზო სავსეა მორეკილ ქრისტიანებით, ყაზახებით, სარბაზებით და ჩაფრებით. შუაში დიდი მოედანია დატოვებული. იქვე ერთ ჯგუფად დგანან ითიმად უდ დოულესი, კონსულისა და ჩერნოზუბოვის წარმომადგენელნი. სისხლიან თამაშის მეთაურსა და მასპინძელს მართლმადიდებელ ეპისკოპოსს თავის მხრივ იმ გოლგოთის მთავარი ავტორი _ წითელი მაიმუნი, წითელ ჯალათად გადაქცეული ყაშა ლაზარე დაენიშნა. ყაშას ანაფორა გაეხადნა. ნიდაყვამდე დაემკლავებინა და მტავარ ჯალათს პირველობას ეცილებოდა: ბრძანებას ბრძანებაზე გაჰკიოდა, გრძელ ხელებს წარამარად იქნევდა, იორღით დარბოდა და იძახოდა: _ გახადეთ!.. აქ დააწვინეთ!.. ზედ დაასხედით! მაგრად დაიჭირეთ!.. _ არ დაიწყოთ, სანამ ყველას გულს არ გავუსინჯავ, _ განვუცხადე მე ეგზეკუციის გამგეს, ირმიის კომენდატს ბერეზოვსკის. პასუხი ჯერ ყაშამ მომახალა: _ ,,ბარიშნები‖ ხო მარ არიან, რომ არშიყობაც დავუწყოთ. _ საჭირო არ არის, _ დაუდასტურა ბერეზოვსკიმაც. _ თქვენ რას იტყვით? _ ვკითხე წარმომადგენლებს. _ სულ ერთია. საჭირო არ არის, დაგვიანდება, _ სთქვა კონსულის მსივანმა ბაბალიანსმა. _ ვაცხადებ, რომ მე პასუხს არ ვაგებ, თუ რამ უბედურება დატრიალდა, _ განვაცხადე მე. გაშიშვლებული თათრები შუა მოედანზე გამოიყვანეს და ერთ რიგზე პირქვე დააწვინეს. თითოს სამი ასურელი მიუჩინეს: ორნი კისერზე და ფეხებზე დაასხდნენ, მესამემ კი ჯოხი მოიმარჯვა. ლამბალო ისევ იღიმებოდა. სანამ პირქვე დაწვებოდა, მანამ რამდენჯერმე შემომხედა, მაგრამ თვალი ვერ გავუსწორე და ზურგი შევაქციე. _ ჯალათობა რაღა ასურელებს დაავალეს? _ ვკიტხე ვალის მოხელეს. _ ასე ინება ურუსების მუშთეჰიდმა. ურუსებმა არ იკადრეს, მუსლიმანებს კი არ ენდვნენ, მაგრად არ დაჰკრავენო. _ ჯალათები ყაშამ დაარჩია, _ ჩავიბუტბუტე მე, _ მათი დაკვრა ორ ჩვეულებრივს უდრის. რა თქმა უნდა, თითქოს ორმოცდაათი აპატიეს, მაგრამ ნაპატივები სხვანაირად აინაზღაურეს. კომანდანტმა ბერეზოვსკიმ დაიძახა: _ აბა დავიწყოთ! ერთი თათარი მოხელე მიწაზე გაწვენილ თათრებს თავთ დაადგა. ჯალათებმა ჯოხები აღმართეს. _ ბი-ი-ირ! _ გრძლად შესძახა იმ თათარმა და აშვერილი ხელი დაიქნია. იმავე წუთს მიწიდან თხუთმეტის გმინვამ და ყმუილმა ამოხეთქა. _ ბი-ი-ირ! _ ერთხმად გაიმეორა თხუთმეტმა ჯალათმა და თხუთმეტი ჯოხი კვლავ აღიმართა. _ იქი-ი! _ დაიძახა თათარმა და აწეული ხელი მეორეჯერ დააქნია. გმინვამ და ღრიალმა კვლავ გასტენეს მართლმადიდებელთა ეზო და შენობები. _ იქი-ი! _ გაიმეორეს ჯალათებმაც. მერმე ერთმანეთში აირია ჯოხების სისინი, ლაწუნი, კივილი, გმინვა, მთვლელის კარნახი და ჯალათების გამოძახილი: _ უ-უჩ!.. დო-ო-ორთ!.. ბე-ე-ეშ! ალთი-ი-ი! თათრები თევზებივით ფარტხალობენ. მათი ხორცი ჯერ წითლად იზოლება, მერმე ლურჯდება, იბურცება და სკდება. ზურგები, გავები და ბარკლები სისხლით ირწყვება და იკეპება. კომენდანტი ბერეზოვსკი პაპიროსს აბოლებს და ისე არხეინად სცემს ბოლთას, თითქოს საკუთარ ბაღში დასეირნობსო. ვალის მოხელე ულვაშებს იკვნეტავს და შენობების კედლებს ათვალიერებს. კონსულის მდივანი ბაბალიანცი ფრჩხილებს იპრიალებს. ჩერნო ზუბოვის მხლებელი გალაკებულ ჩექმების წვერებს იშინჯავს. თხუთმეტის გვინვა ყაშა ლაზარეს ძლევამოსილმა კიჟინმა შთანთქა. პირველივე დაკვრაზე თვითონაც ისე აიგრიხა, თითქო თხუთმეტივე ჯოხი იმ თათრების მაგივრად წითელ ყაშას მოხვედროდა. მერე აცქმუტუნდა და ახტუნავდა. გრძელ ხელებს და მოგრეხილ ფეხებს უცნაურად იქნევდა. წითელ წვერს აცანცარებდა და გიჟივით ხითხითებდა. ჯალათები რომ ჯოხებს აღმართავდნენ ხოლმე, ყაშა მარჟვენა ხელს ჯოხივით აჰფშეკავდა, თვითონაც აესვეტებოდა და უცნაურად გაიზრდებოდა. ჯალათები რომ ჯოხებს დაიქნევდნენ, ყაშა აშვერილ ხელს ჯოხივით წამოიღებდა და ისე მძლავრად დაუშვებდა მიწამდე, თითქო ერთი დაკვრით მთელ მუსლიმანობას თავს უჭეჭყავდაო, მერმე ისევ გასწორდებოდა და ჯალათებთან ერთად დაიქუხებდა ხოლმე: _ ბირ!.. იქი!.. უუუჩ!.. დოჰკუუზ!.. ოოონ!.. ყაშა უფრო ლამბალოს დასტრიალებს. მას ახოვანი ჯალათი მიუჩინა და მანვე ჩასჩარა ხელში იმ ჯალათს სქელი და მაგარი ჯოხი, რომელსაც ისე მძლავრად სცენდა, რომ ერთი მისი დანაკრავი სხვების ორსაც უდრიდა. მე კომენდანტს იმ ჯალათზე მივუთითე და განვუცხადე: _ ის კაცი მეტად მძლავრად ურტყამს. ჯოხიც მეტად სქელი აქვს. ის თათარი ვერ გაუძლებს. _ კისერიც მოუტეხნია, თუნდ ახლავე გაფშიკოს ფეხები, _ მომიგდო ბერეზოვსკიმ. _ ეს თქვენი საქმე არ არის. როცა მოკვდება, მერე მოუარეთ, _ მომიჭრა გესლით, გატრიალდა და არხეინად გააბოლა. უცებ მეორე სართულის სარკმელში იისფერ ანაფორას მოვკარი თვალი. მართლმადიდებელ კაიაფას მკლავები მკერდზე დაეწყო და ფაფუკ ხელს თავის ლამაზ წვერს უცაცუნებდა. ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდა. არ მახსოვს, რა ეწერა ჩემს პირსახეზე, ეპისკოპოსი ოავლე ელდანა კრავივით მოსწყდა სარკმელს. თათრები წეღანდელივით აღარ იგრიხებიან. მათი ფართხალი თანდათან კლებულობს. ყვირილისა და ბღავილის შემდეგ ჯერ აგმინდნენ, მერე აკვნესდნენ, ბოლოს ხრიალი ამოუშვეს. მათი ხორცის ნაფლეთები და სისხლის წვეთები აქეთ-იქით იფანტება. _ ონ საჰკიზ!.. ონ დოჰკუზ!.. იგირმი! _ სთვლიან თათარი ჯალათები და ყაშა. ლამბალო სხვებზე ადრე ახრიალდა. მერმე გაჩუმდა. ყვითელი კუნძივით ეგდო და ერთ კუნთსაც აღარ ანძრევდა. _ შესდექი! _ მივაძახე ლამბალოს ჯალათს და მაჯაში მივწვდი. იმავე წამს ორივეს ყაშა ლაზარე დაგვეჯახა. ჯალათს ჯოხი გამოჰგლიჯა, ორივე ხელით აღმართა და დაფლეთილ ლამბალოს სეტყვასავით დაუშინა. თავსა, კისერსა და ხერხემალში სცემდა და გააფთრებით ღმუოდა: _ ვოტ ტებე! ვოტ ტებე! _ ესეც შენ, ესეც შენ! _ ბატონო კომენდანტო, _ შევძახე ბერეზოვსკის, _ ეს გიჟი გააჩერეთ, თორემ ამ ადამიანს მოჰკლავს! კომენდანტმა გაიღიმა და ყაშას ურჩია: _ ყაშა ლაზარ, გეყოფად, აკმარეთ. ყაშამ ბერეზოვსკის დარიგება ვერც კი გაიგო. მის ჯოხს ლამბალოს თავზე კვლავ ჩახუნი გაჰქონდა. თვალთ დამიბნელდა და გონება დამებურა. ორივე მუშტი მძლავრად დავატაკე ყაშას მკერდს და გაჯალათებული მღვდელი მიწაზე გავშოტე.ის მაშინვე წამოდგა და ჯოხი მომიღერა. აღარ დავაცადე: ჯოხს ხელი შევაშველე, გამოვგლიჯე და შორს ვისროლე. გამგელებული ყაშა ისევ გამოქანდა მაგრამ ჩაფრებსა და სარბაზებს ჩაუვარდა მკლავებბში. ჩემსკენ იწევდა და გაჰკიოდა: _ გამიშვით!.. დაჰკარით!.. ესეც მუსლიმანია!.. უწმინდურია!.. პერსიუკია!.. _ იგირმი დორთ... იგირმი ბეშ. _ სთვლიდნენ ჯალათები. _ ტურ! იეთარ! _ შესდექით კმარა! _ დაიძახა მთვლელმა. ჯალათებმა გაათავეს. მე ლამბალოს დავსწვდი. ფერდშერი დანარჩენების მოსულიერებას შეუდგა. ასურელები რკინის სარწყულებით წყალს ეზიდებიან და გულწასულ თათრებს ასხამენ. ლამბალოს გულისცემა ძლივსღა მესმის. მისი მაჯა ოდნავ ჰფეთქავს. პულსი ოროცსაც ვეღარ აღწევს. გავიდა ხანი. ლამბალოს გარდა დანარცებები მოსულიერდნენ. _ ეს მუსლიმანი ოცდახუთ დაკვრას ვეღარ აიტანს, _ ვუთხარი კომენდანტს და ლამბალოზე მივუთითე. _ სტყუის, სტყუის! _ ჰკივის ყაშა, _ ეგ თათარი ამ ექიმის მეგობარია და ამიტომ ესარჩლება მე ნებას არ გაძლევთ, ბატონო ექიმო, ნებას არ გაძლევთ! _ ყაშა ლაზარ, მე თქვენ არც გეკითხებით. მე ხელისუფალთა წარმომადგენლებს ველაპარაკები. _ მე კი მათი მაღალღირსების წარმომადგენელი გახლავართ და რადგან ეს უწმინდურები ამ წმინდა სახლში ისჯებიან, ამიტომ აქ ბატონ-პატრონიც მე ვარ. ნებას არ მოგცემთ მეთქი! ვალისმოხელემ პირი ძლივს გააღო. სხვებმაც ხმა ამოიღეს და ლამბალოს სასჯელის შესრულება მის მოსულიერებამდე გადასდეს. _ ბირ!.. იქი!.. უჩ!.. _ დაიცყო ხელახლა თათარმა. _ბირ!.. ი!.._ მიჰყვნენ ჯალათებიც. კვლავ აბღავლდა თოთხმეტი თათარი. ბრავილს ისევ გმინვა მოჰყვა და გმინვა კვლავ კვნესათ გადაიქცა. _ ტაკ ევო! ტაკ ევო! _ ისევ გაჰკივის ყაშა და კვლავ უცნაურად იკლაკნება, დახჰხტის და ხითხითებს. ექიმი ვიყავი და ყაშას სენი მალე გავიგე: უეჭველია, წითელი ყაშა სადისტი იყო. _ ონ, ბენ!.. ონ ალთი!.. ონ იედდი!.. _ ითვლიდნენ ჯალათები. თათრებმა ხრიალი ამოუშვეს. საუბედუროდ, ლამბალომ თვალები გაახილა. ჯერ გონს ვერ მოსულიყო. მერმე მიცნო და გამიღიმა. _ ლამბალო, თვალები დახუჭე, _ ჩავჩურჩულე ჩემს იოლდაშს, _ თვალები დახუჭე-მეთქი... გონს ნუ მოდიხარ, თორემ... ლამბალომ ჩემი ნათქვამი ვერ გაიგო. _ უბედურო, არ გესმის? თვალები დახუჭე-მეთქი, არ გაინძრე, თორემ... _ მოსულიერდა! მოსულიერდა! _ ყურში ჩამძახა ყაშამ. _ ურაა, მოსულიერდა! აბა, ჯოხი! _ იგირმი დორთ... იგირმი ბეშ... ტურ, იეთარ! ყურთულდი, _ შესდექი, კმარა, გადავდა!.. _ შესძახა მთვლელმა. მეც მიშველე ფელდშერს. რამდენიმე თათარი ხიფათშია. დასჯილთა ნათესავები ეზოს კარებთან დგანან. მოსულიერებულნი თითო-თითოდ გააქვთ და ნათესავებს აბარებენ. ქუჩაში ტირილი და წყევლა-კრულვა ისმის. ყაშა გაკაპასებულ მუსლიმანურ ბრბოსკენ მიიწევს, მჯიღს უქნევს და ემუქრება: _ დონღუზლარ! ითლარ! _ ღორებო! ძაღლებო! ურუსების და ქრისთიანების ძალას არც ეხლა დაიჯერებთ?! ეს ერთი ხომ მიიღეთ, ათასი კიდევ იქნება. დაიკარგეთ აქედან, თქვე წუნკლებო, ძაღლებო, მურდლებო! სანამ ყაშა იგინება და იმუქრება, მე ლამბალოს გადარჩენას ვლამობ და კომენდანტს და სხვებსაც ვაჯერებ: ,, მართალია, მოსულიერდა, მაგრამ მეტისმეტად დასუსტდა. აი, შეხედეთ, რამდენი სისხლი დააკლდა. ოცდახუთ დაკვრას ვერ აიტანს. მოკვდება. _ მოკვდეს, _ არხეინად აცხადებს ბერეზოვკი და მერმე უმატებს: _ ნიძლავს დავდებ, რომ ადვილად აიტანს. სხვებზე ჯანმრთელი მოსჩანს. თუ ყაშას მოერია. _ მართალია, მართალია! _ მორბის ამ დროს ყაშა. _ ეს ძაღლი მაშინ იმიტომ მომერია, რომ დაღლილი და დასუსტებული ვიყავი. მაინც ღონიერი ღორია, ამიტომ მე ნებას არ მოგცემთ, რომ... -ბიიირ!.. იქი-ი-ი!.. უ-უჩ... – ითვლიდნენ მთვლელი, ყაშა და ჯალათი, რომელსაც ყაშამ ისევ წეღანდელი ჯოხი ჩასჩარა ხელში. იისფერი ანაფორა ერთხელ კიდევ გამოჩნდა სარკმელში. ვალის მოხელე ეხლა ერთ ფანჯარას მისჩერებია. კონსულის მდივანი ბაბალიანცი ფრჩხილების მაგიერ კბილებს იჩიჩქნის. კომენდანტი ისევ ბოლთას სცემს და აბოლებს. ყაშა დასაბმელია: სიხარულისგან ფეხზე ვეღარ დგება და წვრილი ხმით წკმუტუნებს: - Ничавоо, голувчик, ничавоо! Сладко, а? Потерпи, миленкай, потерпиии. - ონ ბირ... ონ იქი... ონ უჩ... – კვლავ ითვლიან მთვლელი და ჯალათი. უცებ შორეული და მივიწყებული სურათი გამახსენდა. ბავშვი ვიყავი, ოთხი თუ ხუთი წლისა ვიქნებოდი. ჩემს მეზობელ გლეხს ბოძზე საბელით ძაღლი მიება და სქელ ჯოხს უწყალოდ ურტყამდა. სისხლით მოსვრილი და ძვალდამტვრეული ძაღლი საზარლად ჰყმუოდა, წკმუტუნებდა და თან მილეული თვალებით შესცქეროდა ჯალათ გლეხს და უძირო მუდარით ევედრებოდა შენდობას. მაგრამ გლეხი ბრმა და გულდახშული იყო. არც ძაღლის თვალებს ხედავდა, არც მისი ხვეწნა-წკმუტუნი ესმოდა, კვლავ ბრაზით სცემდა და უცნაურ რამეს ჰბოდავდა. უცებ იდუმალმა ძალამ ძაღლზე მიმაგდო. ზედ დავეცი, ჩემი ტანით დავუფარე ჩამტვრეული ნეკნები, ორივე ხელი მოვხვიე კისერზე და მეც გლეხს შევღაღადე: - ეყოფა, ძია ეყოფა!.. ეყოფა!.. ეყოფა!.. გლეხი შედგა. ძაღლმა წკმუტუნი დაალბილა. სისხლიანი ენით მლოკავდა და ბავშვივით სლუკუნებდა. მეც ვტიროდი და ისევ ჩემსას გავიძახოდი: - ძია ცოდოა, ცოდო!.. ეყოფა- მეთქი! გლეხმა ჯოხი დააგდო და მოგვშორდა. ჩვენ კი, მე და ძაღლმა, ერთმანეთის ალერსსა და ტირილში ჩავიძინეთ, და როცა გავიღვიძე, ძაღლი უკვე მომკვდარიყო. ჩვენს ბაღში გადმოვათრიე, მიწა გავათხრევინე და დავმარხე. ყოველდღე ლიტრით წყალი მიმქონდა და ძაღლის საფლავს ვრწყავდი. მოკლულს წყურვილს ვუქრობდი და ვიცრემლებოდი. - ონ ბეშ!.. ონ ალთი!.. ონ იედდი!.. ორმოცი წლის წინათ დამარხული ამბავი სამარხიდან წამოდგა და განმეორდა. ეხლაც ვიღაცამ თუ რაღაცამ წამკრა ხელი. უცებ ლამბალოს გადავეფარე და ჯალათის ჯოხს შევწვდი. - კმარა!.. გეყოფათ!.. ლამბალო კვდება!.. ჯალათი შედგა. მთვლელიც გაჩუმდა. მაგრამ ყაშამ ჯალათს ჯოხი გამოსტაცა და მიხრწნილ ლამბალოს წეღანდელივით დაუშინა, თან გაჰკიოდა: - იგირმი!.. იგირმი ბირ!.. იგირმა იქი... გამწარებული ისე დავეტაკე ყაშას, რომ ხუთ ნაბიჯზე წატორტმანდა და გაიშალა. ბერეზოვსკი და ჯალათები შემომეხვივნენ. - დამშვიდდით, გოლუბჩიკ, დამშვიდდით. – მაწყნარებდა კომენდანტი. მერმე ყაშას მიუბრუნდა: - ყაშა, გაათავე! ყაშამ ერთ წუღში გაათავა: - იგირმი უჩ!.. იგირმი დორთ!.. იგირმი ბე-ე-ეშ! გათავდა! ეხლა წაიყვანოს და უწამლოს! დოინჯი შემოიყარა და ძლევამოსილმა ჩაიხითხითა. ლამბალოს მაჯის ფეთქვას და გულისცემას დიდხანს ვეძებდი, მაგრამ ვეღარ ვიპოვე. ვიღაცამ სარკის ნაჭერი მომაწოდა. ლამბალოს პირზე დავადე და გავსინჯე. ნაორთჯლი აღარ მოსჩანდა. ლამბალო მოკვდა. წელი ძლივს ავითრიე და მკვლელებს თვალი გადავავლე. ჩემს განაჩენს მოელოდნენ. - ნუ-უ? – მკითხა ბერეზოვსკიმ. - მოკვდა, - ამოვიხრიალე. - კიდევ კარგი, რომ ჩემი ნიძლავი არ მიიღეთ, თორემ წავაგებდი, - წაიბუტბუტა კომენდანტმა, თან გატრიალდა და ეზო დინჯად გადასჭრა. - Ах, чорт! – ამბობს ბაბალიანცი და კომენდანტს მისდევს. ყაშა წითელ თავს იფხანს და თავისთვის ჰბუტბუტებს: - Вот свинъя? – ღორი! თავის სახლში მაინც მომკვდარიყო, - მერე გასწორდა და გული გაიმაგრა: - თუმცა, наплеватъ! ძაღლს ძაღლური სიკვდილიო. ტვინში თითქოს ნაკვერცხალი ჩამიგდეს. - ყაშა! ყაშა ლაზარ! – ვიფეთქე და ყაშას წავეტანე, მაგრამ არ დამიხვდა: უცებ ზურგი მაჩვენა და მახლობელი კარი შეანგრია. ასურელებს გადავხედე. ყაშას გაქცევის გამო ყველანი იღიმებიან. - მხეცია, - ჰბუტბუტებს ერთი. - ამ თათრების ჯავრს ჩვენზე ამოიყრიან. – ეშინიან მეორეს. - ძალიან დავაშავეთ, რომ გამოვყევით, - ნანობს მესამეც. აქეთ-იქით ვიხედები. არც კონსულის მდივანი სჩანს, არც კომენდანტი და აღარც ჩერნოზუბოვის მხლებელი. ვალის მოხელე კი ისევ ულვაშებს იკვნეტავს. გადავხედე მას და ერთხელ კიდევ გამახსენდა უკუნეთს მიმავალი რაში, მაგრამ ეხლა იმ რაშზე მიდიელის მაგიერ მილეული, მიხრწნილი სპარსელი იჯდა. მეორე დღესაც ყოველდღიური ჩვეულება გავიმეორე: რიჟრაჟზე მოვაჯექი ცხენს და დილმანის დიდ გზას დავადექი. მარძვანის, შიხანის და აღ-დაგის მთების ნაოჭებში მკრთალი ლილისფერი ნისლი წევს, ხოლო მწვერვალებს მოწითალო ლეჩაქები წამოუბურავთ. ურმიის ტბა ღვინონარევ რძესა ჰგავს. მაღლა ასვეტილ ყოიუნდაგის და შაჰ-დაგის კუნძულებს თავზე ცეცხლის გვირგვინები დაუდგამთ, ხოლო მცირესა და დაბალ კუნძულაკებს სქელ ბურუსში სძინავთ. სოფლები ჰფუჩუნებენ. ისმის წათმების კაკანი, ბატების ყიყინი, საქონლის ბღავილი, აქმელების და ვირების ყროყინი. გზაზე მოდიან თათრები და ასურელები, ბაზარზე გასასყიდი სანოვაგე მიაქვთ. მარტო მივდივარ, მხლებელი არ წამომიყვანია. დასვენებული ცხენი ლაგამს ღრღნის, მხიარულად ჰფრუტუნებს და ლამობს ჩორთზე გადავიდეს, მაგრამ მე თავს ვუჭერ და ნაბიჯით მიმყავს. ერთ ალაგას უკნიდან ჭიხვინი მომესმა. ჩემმა ცხენმა ხვიხვინით უპასუხა. მივიხედე და დავინახე: მოსახვევში თეთრი ცხენი მორბის თოხარიკით. წითელი ცხენი ხუთიოდე ნაბიჯზე მოსდევს. ცხენებს შუაში გრძელი და კუბოს მსგავსი საკაცე ჰკიდიათ, ტილოთი შეხვეული და კანაფით შეკრული. წინა ცხენს ჩანჩალით და ფარფატით მოსდევს წვერშეღებილი მოკუზული თათარი. მორბის ბებერი თათარი და ცრემლნარევი ხმით ხრიალებს. - ჰა, ჰა!.. ჰა, ჰა! მეორე ცხენი პატარა ბიჭს მოჰყავს. ცხენებს მოშორებით ორი დედაკაცი მოსდევს – ერთი მათგანი ლასლასით, მეორე კი – უფრო მარდად. ფარფატით მომავალ დედაბერს ჩადრი მხრებზე ჩამოვარდნია, მეორე კი შუბლამდე შავ მანდილშია გახვეული. მორბიან დედაკაცები, ქვითინებენ და გაჰკივიან: - ჰასააან!... ჰასან!.. დედაბერი წატორტმანდა და დაეცა. ქალი მიეშველა და ძლივს წამოაყენა. - ჰაი ქიში, იავაშ! – კაცო, მოიცა! – ხრინწიანი ხმით იძახის ჩამორჩენილი მოხუცი დედაკაცი. - ჰასაან, დამიცადე! – ჰკივის ჰასანის ―ყიზი კუკლა‖. მაშადი იზათმა ცხენები შეაყენა და ორივე ხელით ოფლი მოიწურა. ლამბალოს ―ანა და არვადი‖ – დედა და ცოლი, ძლივს მოაბიჯებენ და ჯვლავ ხრიალებენ: - ჰასაან!.. ჰასაააან!.. თეზ ელა, - დააჩქარე! – უყვირის მაშადი იზათი და ცხენებს კვლავ თოხაკირით მოარბენინებს, ვინაიდან იქაური წესით ცხედარი ერთი ალაგიდან მეორემდე სწრაფად უნდა გადაიტანონ... ―ანა‖ და ―კუკლა- ყიზიც‖ ისევ სირბილით მოსდევენ შესუდრულ ლამბალოს, რომელიც ეხლაც ისევ იგრიხება, როგორც გუშინ მართლმადიდებელთა ეზოში იგრიხება. მე ცხენი შევაყენე და ქუდი მოვიხადე. მოხუცი დედაკაცი ერთხელ კიდევ წაიქცა: ჰაი ქიში, იავაშ! მაშადი იზათმა ცხენები და ლამბალოს ცხედარი ჩემი ცხენის წინ შეაჩერა. მაშადი იზათ, - დავიწყე ათრთოლებული ხმით და გავჩუმდი. ენა პირში ჩამივარდა, სიტყვა ვეღარ ვიპოვნე. ან რას ვეტყოდი? ღა უდა მეთქვა? თავჩაღუნული იზათი მიწას დასცქერის, მძიმედ ხვნეშის, მჯიღით ცრემლს იწმენდავს, მერმე იმავე მჯიღს გადაღეღილსა და ჩაშავებულ მკერდზე იბაგუნებს და გაუგებარ რამეს ჰბურტყუნებს. ვეღარ მოვითმინე და მაინც წავიბუტბუტე: მაშადი იზათ, ალაჰმა უწყის, რომ მე ბევრს ვეცადე, მაგრამ ვერ გადავარჩინე. ბილეამ, აღა, ბილეამ, - ვიცი, ბატონო, ვიცი, - სალამათ ოლ. ალაჰ სანა ხეირ ვერსინ. – მშვიდობით იყავი, ბატონო. ალაჰმა ხეირი მოგცეს. ცხენები დასძრა და თვითონაც ჩანჩალით გაჰყვა, ორი დედაკაცი კი იქვე დარჩა. ლამბალოს დედა დაღუნულია და წინდას ან ჩუსტს ისწორებს, ხოლო ზეკია-ყიზის ჩადრი ჩამოეხსნა და ისე შემომცქერის ცრემლით სავეს ბავშური თვალებით, თითქოს მეკითხებოდეს: ხომ არაფერი იცი? სათქმელი ხომ არაფერი გაქვსო? ბევრი ვიცოდი, სათქმელიც მრავალი მქონდა, მაგრამ... რა უნდა მეთქვა ბავშვი ქვრივისთვის შარა-გზაზე, ისიც ამ დროს? - გედახ, - წავიდეთ. - სთქვა დედაბერმა და ლასლასით გაიქცა. ზეკია-ყიზიმ ნამტირალევი შველის თვალები ერთხელ კიდევ შემომანათა, მერმე ჩადრი ჩამოიბურა და დედამთილს გაჰყვა. დიდხანს ვუცქირე ჩქარი ნაბიჯით მიმავალ ცხენებსა და ფრიალა ჩადრებს. დედაბერი ერთხელ კიდევ წაიქცა. ცხენები ერთხელ კიდევ შედგნენ და მერმე ყველანი რობეს მიეფარნენ. მეც დავსძარი ცხენი. მოვდიოდი და ყურებით და გულით კიდევ დიდხანს მომქონდა ლამბალოს დედისა და ქვრივი ზეკიას ქვითინი. ―ჰასა-ა-ან!.. ჰასა-ა- ან‖... ასკერაბადში მივდიოდი. ჩვენი ბაღი უკვე ახლოს იყო, მაგრამ მე ცხენი მოვატრიალე და გაქანებული ჩორთით უკანვე წამოვიყვანე.