კომისარი გიორგაძე
კომისარი გიორგაძე ავტორი: რევაზ მარგიანი |
იმ ბნელ ღამეს ნისლი იწვა
აღელვებულ ზღვაზე,
თითქოს ზეცაც ჩამოიქცა
მრისხანებით სავსე,
წერტილივით სჩანდა მიწა
ზღვების დასავალზე.
ჩვენ მიწისკენ მრისხანებით
ვისწრაფოდით ყველა,
ჩვენი ლურჯი ხომალდებით
ძმების დასახსნელად,
კავკასიის მეომრები —
მტერთან საბრძოლველად.
იმ ბნელ ღამეს, როცა რისხვით
ზეცა აიშალა
აირია ზღვა და ნისლი —
ჰორიზონტზე შავად,
კვამლი გაჩნდა ხომალდისა
გრძელი, როგორც შარა.
სუსხი იდგა დეკემბერის
ცა არ სჩანდა ლურჯად,
ხველა ატყდა ქვემეხების
მიწა გადარუჯა,
ზღვის ნაპირთან იდგნენ მტრები
ჩვენ გვიტევდნენ ურჩად.
გემს ტალღები ახეთქებდა,
ჟამი იდგა ბრძოლის,
ზღვა ღელავდა, ქვესკნელს ჰგლეჯდა
იმსხვრეოდა ბროლი,
ცაში მუქად ირეოდა
ყუმბარების ბოლი.
და ნაპირთან ახლოს მისვლა
იყო ძნელზე-ძნელი,
ზარბაზნები ჰქუხდნენ მტრისა,
ტყვია წვიმდა ცხელი,
ნისლი იდგა შავი ზღვისა
შავი, ჟანგისფერი.
და ნაპირთან ახლოს მისვლა
ვერ გაბედა ვერვინ:
ზარბაზნები ჰქუხდნენ მტრისა,
მძვინვარებდა მტერი,
შეძახილი კომისრისა —
მართალი და წრფელი,
ძმებს მოესმათ მტრების რისხვად
სიტყვა სანატრელი:
— გამარჯვება ან სიკვდილი,
ჩემო ღვიძლო ძმებო!
მოიგონეთ ძუძუ ტკბილი,
მარად საოცნებო,
თქვენი კერა და სახლკარი
მუდამ სანაქებო.
— მომყეთ! სთქვა და გადაეშვა
ტალღებს ლეწდა მხრებით,
ათასები მიჰყვნენ ერთხმად
შეფიცული ძმები —
კავკასიის არწივები
გამრჯე ვაჟკაცები.
მიჰყვნენ, რისხვით გადალახეს,
მიაღწიეს ხმელეთს,
ერთი გრგვინვით შემოსძახეს
და დასჭყივლეს მერე,
მტერს ეკვეთნენ გამეტებით,
მკერდით დაეძგერენ.
მტერი უკან მიიწევდა,
ვერ გაუძლო რისხვას,
კომისარის შეძახილმა
ფრთები გამოისხა,
გრგვინვა ატყდა საზარელი,
მტრისკენ დაინისლა.
ის ძმებს დროშად მიუძღოდა
რისხვით სავსე გულით,
ვაჟკაცურად მიიბრძოდა
ცეცხლად ანთებული,
მისი დედის სანაქებოდ,
ხალხის სიყვარულით.
იქ ის იყო, სადაც მოძმის
კვნესა მოესმოდა.
სადაც ჰქუხდა ნაღმსატყორცნი,
სადაც ტყვია ჰქროდა —
შავგვრემანის თვალთა ცეცხლი
ველებს დანათოდა.
ის მწყურვალიც მტერს ებრძოდა,
ვერ აკრთობდა წყლული,
მოძმეს — ტკბილად მოესმოდა
კომისარის თქმული:
— ყველაფერი: შენი ძალა,
შენი სიყვარული,
უნდა შენს ხალხს ანაცვალო
შენის წრფელის გულით.
როცა მოვა გაზაფხული,
კვირტი გახსნის თვალებს,
როცა ახლად გაიღვიძებს
ხუნდშეხსნილი მხარე,
ამ მხარეში შეხედავენ
საქართველოს ქალებს.
მოცლენ ჩვენი ჩანგურების
უნაზესი ხმებით,
მოვლენ მზიან საქართველოს
ფერის ყვავილებით —
ამხანაგი გიორგაძის
სიყრმის დობილები.
და სიმღერად თაობებში
წავა მათი თქმული.
აქ, მშობლიურ ყირიმისთვის
ხალხის სიყვარულით,
ვაჟკაცურად დაიფერფლა
გიორგაძის გული.