Jump to content

კაფია (ალექსანდრე საჯაია)

From Wikisource
კაფია
ავტორი: ალექსანდრე საჯაია


კაფია

ვახტანგ ჭელიძეს

არაფერია, წვიმას აპირებს!
ქარი, ავდარი და მისტერია! . . .
ფიქრებმა ერთხელ მეც ამატირეს,
შენ კი მითხარი: - არაფერია!
ლამაზი იყო, მზე იყო მხოლოდ;
თეთრი სიზმარი, თეთრი ფერია.
მე სიყვარულიც დავკარგე ბოლოს,
შენ კვლავ მითხარი: - არაფერია!
ცრემლები დაშრენ. დღეს დღენი მიჰყვა. . . 
გზებს ია-ვარდი დაუფენიათ.
არაფერია, მე ბავშვი ვიყავ,
თორემ ცრემლებიც არაფერია. . . 
მოიტათ ღვინო. . . სულში ფარული
არ დარჩეს კიდევ ჩრდილი პატარაც,
ვხედავ, მეწვია მე სიხარული,
მაგრამ ძნელია მისი ატანაც.
მოიტათ ღვინო. . . ღვინო სისხლს ერთვის,
შეგათრთოლებს და სისხლის ფერია. . .
ვგიჟდები. . . ახლაც მაღირსე ერთი,
ძმავ, ეგ ძვირფასი: - არაფერია