Jump to content

კავკაზის მთები მაშუკის მთიდგან

From Wikisource
კავკაზის მთები მაშუკის მთიდგან
ავტორი: ალექსანდრე ორბელიანი
1861; ჟურნალი ცისკარი #12


(ფანტაზია, როცა ახლად გათენდება)

«აგერ საგულოვნო, რა მზე ამოელვარდება!
ანუ საასპარეზო დღე, ვითარ მოებზადება,
მაგრამ აღარავინ არარიან შეჯავშნილ-შეზოსტრილნი,
და მოოქროვილის მუზარადებით მოხდენილნი,
რათა ძველებრივ მეჩოგნეობა ასტყდებოდეს,
რომ ცხენთა ნქრევა გადმოესიამოვნებოდეს,
ვით ფრიალოს ქვეშ მჯდომარესა, დამგრიალებდეს ქარი,
და მეორის მხრივ ჩარდახიდამა მშვენიერი ქალი,
დამარცხებისა ჯილდოსა გაიღებს,
და ჭაბუკს ყელზედ გადაავლებს დამღიმარი.
მაშინ მითხარი, ვითარ ბედნიერი იქნები შენ ჭაბუკო?»

დღეს დილით, ამ გაკამკამებულს, ცის მოლაჟვარდულობაში,
დავინახავ იქით შორსა, იმ ჰაერობაში,
კავკაზიის ბორცვთ მოკიდურთა, თავის ქედებით;
თავის დახავსებულის თეთრის წვერებით,
რომელზედაც მზის შარავანდი დანებიერობს,
და ღვთაების გამოსახული დიდება,
მეტის დაშვენებით, ზედ რო განისვენებს»

«ბრუტოს, ბრუტოს! შემოვყურებ შენს თოვლიანს სპეტაკოვნებასა:
შენს გამომჭვრეტს მობზინვარობასა და შენს ამაყად მოღერებასა!
კავკაზიის მთებს შორის თვით მოყელყელაოდ,
და გმირ-ფალავნებრივ რო შემოგიცრცვია ღრუბელი,
ვით ვიღასაც შეერკინო ტიტველი!»

«იქით მოძმე შენი, მყინვარე მთა აწოდვილი,
ხელსა გაწვდენს მკლავ გაშლილი,
შენთანა სწორად – შენებრ უშიშრად –
შენებრ აღმართული, და სდგას შენებტ განძვინებული,

რათა თოვლების ზვავები შეიგლიჯოთ,
და ღრიღლოვანს ღრანტეებში გადმოანარცხოთ,
ზარ ახდილის გრგვინვის შეძრწუნებით,
რომ შვილნი თქვენნი წარმოსთქმიდნენ გაკვირვებით,
და იტყოდნენ თავიანთ სახლეულობაში,
რომელთ გაშტერებით შეჰყურებდნენ მათ მოანბეთა
ვით შეეხეთქეთ ზვავნი, ანუ ხეობაები როგორ ჩამოახერგეთ.»

«აგერ ბორცვთ კლდეები კავკაზო და ფრიალონი,
მდუმარ დაყმენდილნი სვავნი, ზედ რო დაჰფართოებენ,
და გაფაციცებულის თვალით მძოვრსა ეძებენ,
რათა ჩაილუკმონ და ჩაიგემონ.»

«აგერ შორს შეღრმაებულნი შენი ხეობაები:
სადაც ყურთ ხმა აღარ ისმის, მკვირცხლთ მდინარეთ ვარვარებით,
რომელ მთაში თავს მოიკვლენ ზვირთი ზვირთზე ქაფთ ჩქარებით.»

«შენი არ თანასწორი, გრძლად გადაჯაჭვილება,
შავ ზღვით კასპადმდე, იმისი მოფერხულება,
მოიტაცებს გონებას, გაწოლილო კავკაზო!
რომელზედაც მისნი ქალნი დათამაშობთ ნაზნო, და შექცევით დასეირნობთ.
მეც თქვენს ძმასა გადამიტანთ, მის შეკრულებაში და მის შეჭმუხვნილებაში:
ჯერ მე თქვენთან ვმუსაიფობ, ლამაზ ახალ მოლზე;
მოლზე მსხდომარენი და წმიდას მოწანწკარეს წყაროს პირზე,
მესმის თქვენი სანუგეშო სიტყვანი!
მიამბობთ თქვენსა ანბავსა აქამომდე.
კარგო ქალებო ვინ გითხრათ ეგ? —
არის მამაპაპის სიტყვაო ეს.
შემდგომ მიბრძანებთ და თქვენი ნებისამებრ
თქვენგნით წავალ კავკაზის ბორცვების ქედებზე;
თუ ნება მეცით, მაშ რაღათ გამამატანთ ცრემლსა,
ცრემლსა გულის საკვლავსა? —
სდუმთ ქალებო? მაგ დადუმებამ ხომ სულ გამიქრო,
ვაი ჩემს თავს, ახლა გამიწყრებით და მიბრძანებთ:
წადი, წადი ეხეტე იმ მთებზედა რას დასდეო.
რახ ასე, მაშ წავალ ისევ, წავალ მის კლდეებზე,
რომელზედაც დავნადირობ ჯიხვთ რქიანთა;
ეგრეთა ვდევნი დიდრონთ ირმებს ქორბუდიანთა,
და ნებისამებრ მიმოვიარები, მთით მთაზედ,
მთის ზეფიროსის, მორბედობის სიამოვნით....»

«მიყვარს შენი შენზედ შეკმაზულნი ღრუბელნი,
როდისაც არაზმულებრივ შემოგემართების,
და წყნარ-დაზანტებით, რო გცოცავს ზედ და განგერთხმის.»

«მიყვარს შენნი დაგუნდებულნი ბნელნი ღრუბელნი,
უფრო მაშინ, — მალანაზდნი ელვარებანა რო დაგეგრაგნება.»

«მიყვარს კავკაზო, შენი ესრეთი ცეცხლებრ აღლაშქრულება,
და შენი ძახილით ადრტვინვებული ღაღადება,
ნამეტნავად მაშინ, ოდეს ცის საყვირნი დაგყივის შენ,

«სად ერთ საყდრად სუფევ, კავკაზიის თან შეზრდულო,
და ერთი მუცლის ძმა არარატო!
გემდური და შემომძახე, — სად განშორებულხარ, —
შუბ დაყრდნობილს თეთრ დევსავით, რო გაველებულხარ,
რათა უამხანაგოთ იდგე და უმეგობროდ?
სტირდე, სტირდე დაობლებული შე არარატო;
შენსა ძმასა მხარს არა უშვენებ და ხწუხ მარტო,
გადმობუკე მაინც არარატო და აღზარი
იგი წარღვნის მოწამე, არარატზედ დამდგარი,
ნოეს კიდობანი იგი,
რომელიცა გადმოვიდეს ჩემთან, სწრაფის ქროლვით;
ჩემს მშობელს ქვეყნად, ჩემს გადასაყვანად,
რომ მისი ჰაერი, ბუნება, წყალი კიდევ განვიცადო,
და კუკლუცნი ქალნიც ვნახო:
სულზედ უფრო სულის სულნი იგინი!....
თორემ ბედმან მომწყლა; აღარ მახსოვან ისინი მე,
შენ არარატო! წმინდა იაკობის ტარბნი
მაინც გამოგზავნე, ჩემი სულისაგან მკალნი
შემუხრონ და მოსპონ, არარატო, არარატო!»
«ახ! ჩემო საყვარელო კავკაზო!
არა წადილით საყვარელო,
არამედ ძლიერის ვნებით სასურველო!....,
კავკაზო მშვენიერო, და კავკაზო განსაცვიფრებელო!
შენ თეთრ ფრთოსანი ორბი გამომიფრინე,
და თან შენი საუცხოება გამოატანე;
რაოდენის წლების მკვარდს გულზედ, ფრთებით დამნიაოს:
უკვდავებად მივიღო და კვალად გამომაცოცხლოს...
გესმის ძველთ უძველესი კავკაზო,
და პირველ ქმნულ კაცათ ბუნებათა ბუდეო!
მე ვარ ძე შენი, — ძე შენი კავკაზო,
და ძველ ივერიანელი ქართველი,
რომელიცა ამით მოვამაყობ!
შენ გემგოსნი,
შენ გინატრებ,
შენ შეგამკობ,
შენ შემოგტრფი,
შენ თაყვანსა გცემ მოწიწებით,
და ახლა ვეღარცკი ვიჭერ, რომ არ შემოგტირო,
საცოდავად და მწარად!...
ახ! ვის უთხრა? — ესე ცრემლი რას ჩაიტანს თვის უფსკრულში.....
რომლისაც მის აზრი გალობს გლოვითა,
მარად ღვთის წინა დაობლებული.
ხომ ჩემი გესმის. — მაშ გულს არ ილმობ? ჰოი შენ ღმერთო!»

თ. ალექსანდრე ვახტანგის ძე ჯ. ორბელიანი.

1839-სა წელსა.
15-ს სეკტემბერს.
ქ. პიატიგორსკს.