Jump to content

დედა

From Wikisource
დედა
ავტორი: ვასილ ბარნოვი



გავიდა ზაფხული და დავღონდი, გული ცამიშავდა. რად მიყვარს ზაფხული? იმისთვის მომწონს და მიყვარს რომ მზე მაღლა სდგას, თავს დამყურებს, უხვად მაფრქვევს ცხოველმყოფელ სხივებს, გულს მიშუქებს და მითბობს; მთელ არსებას მინათებს. იცი, რა სიამოვნებასა ვგრძნობ, როცა მის ბრჭყვიალა სხივებში ვარ გახვეული, როგორც სატრფოს სურნელოვან თმაში?! რად გიხარიან მზის სიახლოვეო! ბარემ ისა მკითხე, რად ვნეტარებ მშვენიერის უბეში... მზეც ხომ მშვენიერებაა და თვით სიცოცხლე. თუ გიყვარვარ, ნუ ემალები მზეს! დატკბი მისი ელვარებით, მადლი შესწირე მადლით მოსილსა, თაყვანი ეცი მას: ღვთის თვალია იგი; თვით შემოქმედია იგი ჩვენის ქვეყნისა და ცხოვრების მომცემელი... კიდევ იმისთვის მიყვარს ზაფხული, რომ ნიავივით თავისუფალი ვარ მაშინ. სხვა დროს მიჭედილი გულსა ქენჯ საქმეზედ და თავჩაკრული, ზაფხულობით ახსნილი ვარ, აშვებული, უბორკილო. ისე მომსურვილდება ზაფხული, როგორც სწყურის თავისუფლება ხელსაფქვავზედ მიჯაჭულ მონას, რომელიც შეუფეხებლივ დადის ირგვლივ ერთფერად, რომ ატრიალოს დოლაბი და ფქვას საფქვავი. ტურფა ფერებიღ არის ჩემთვის ზაფხული გაფერადებული იმ თვალწარმტაც საღებავებით, რომლებიც მხოლოდ სინათლეს და თავუსუფლებას შეუძლიანთ შეაზავონ. აკი ვსარგებლობ კიდეც იმ უძვირფასეს წუთებით. ხან ვზივარ მზის სხივებით გარემოცული, შევმზერ სივრცეს და ვსტკბები ჩემის ყოფნით, ვნეტარობ იმ შეგნებით, რომ ვარ, ვცოცხლობ, ვსუნთქავ, ვსულდგმულობ; რომ გამოვრკვეულვარ არარაობათა წყვდიადიდან და მომმადლებია ძვირფასი ნიჭი არსებობისა. სხვა დროს, ძალდატანებითი შრომის ჟამს, ამას ვერა გრძნობს ადამიანი, მაშინ ის არ არსებობს ცალკე, იგი მხოლოდ გორგოლაღაა უზარმაზარი მანქანისა, რომელს ვერ შეუძლიან ან შედგეს, ან აჩქარდეს თავისთავად... ხან დავდივარ სოფლიდან სოფლად, თვალს ვადევნებ ბუნებას თუ ცხოვრებას და გული მევსება სიხარულით ან სევდით, როცა ვხედავ სიცოცხლის გაფურჩქვნას თუ მის ჩაჭკნობას. ახ, მალე გადის ძვირფასი წუთები თავისუფლებისა და მხოლოდ მოგონებაღა მრჩება დაღონებულს... წლეულაც გაველ სოფლად. ნაცნობი ჩამაცივდა, მივდივარ ხალხურ სიმღერების ჩასაწერ-შესაკრებად და წამოდიო. ნეტავ არ წავყოლოდი! ისეთ შემთხვევას წავაწყდი! ისეთი სურათი ჩამეჭრა გულში, რომ ჩამიმწარა ყოფა, ჩამიშხამა იგი ზაფხული. ივრის ხეობაზედ გადავედით, იმ ადგილას, სადაც ერწოს მთებსა და ცივ გომბორს შუა იორს გზა გაუკვალავს, ღრმა ღელე გაუჭრია. მარჯვნივ თუ მარცხნივ მრავალი ღელე თუ ნაკადული უერთდება აქ მდინარეს. მარჯვნითვე ჩამოუდის მოზრდილი წყალი ღელვარა. ისიც იორივით კალმახიანია. სადაც ეს ხევი უერთდება იორს, იქ არის გაშენებული სოფელი თინათკარი. ახლომახლო სხვა სოფლებიც ჩამოსჩანან. სამოცამდინ კომლი ითვლება. სოფელში თავადი არა სცოხვრობს. ერთი კომლი აზანაური მოსახლეობს, თინაშვილი. ქვითკირის მოზრდილი შენობა ედგა თეთრად შელესილი. სოფელში რომ შევედ ით, იმ სახლისაკენ მოგვითითეს, სტუმართმოყვარე ოჯახიაო. სახლი ღარიბი ჩანდა, მაგრამ სუფთად შენახული. კარმიდამოს, ოთახებს, ავეჯს თუ ჭურჭელს, საფენს თუ ფარდა-სუფრას - ყველაფერს მზრუნველი ხელი ეტყობოდა, ფაქიზი. ტკბილად მიგვიღო დიასახლისმა, გულით გაეხარდა ჩვენი მისვლა. ისე გვექცეოდა, თითქოს დიდი ხნის ნაცნობები ვყოფილიყავით. ქართულად იყო ჩაცმული მუქებში. შუათანა ტანისა. სუფთა აგებულობისა. ქალის სახის უძვირფასესი სამკაული იყო მისი თვალები. ეს თვალები უძირო ტბა იყო გულკეთილობისა და პატიოსნებისა. კახეთიდან ყოფილიყო გაღმა მხარიდან. სასწავლებელი დაემთავრებინა. ადრე დაქვრივებულს ყმაწვილქალობა თავის ვაჟისთვის შეეწირნა. განვითარებული აღმოჩნდა ქალი, ნაკითხი. - მეუღლის გარდაცვალების შემდეგ სოფლიდან ფეხი არ გამიდგამს. მთელი ჩემი დრო და ღონე ჩემს პატარა მამულს შევალიე, რომ როგორმე მეცხოვრა და უავალოდ გამომეზარდნა შვილი. - გვითხრა ქალმა. შემოვიდა მისი შვილიც. ძალიან ცოცხალი ახალგაზრდა ჩანდა. დედის ლამაზი თვალები დაჰყოლოდა, დიდრონი, მაგრამ იმის თვალებში ბედისადმი მორჩილების მაგივრად ვაჟკაცური შემმართებლობა იხატებოდა, ხოლო თვალის კილოებში ოდნავ დამცინავი ღიმილი. გულღიად მოგვესალმა. დედა ყოველ მის მოძრაობას სიყვარულით ადევნებდა თვალს. ჩემი თანამგზავრის გვარი რომ გაიგო ყმაწვილმა და ჩვენი მოსვლის მიზანი, ძალიან ესიამოვნა. - მე თვითონაც მიყვარს სიმღერა, მასალაცა მაქვს შეგროვილი, - სთქვა ფარნამ. და გამოიტანა რვეული, რომელშიაც საკმაოდ ჩაეწერნა სიმღერა თუ საგალობელი. - განა თქვენ იმდენი იცით, რომ სიმღერის ჩაწერაც შეგიძლიათ? - ჰკითხა თანამგზავრმა. - როგორ არა, ბატონო, - მიუგო ფარნამ. და იქვე ჩვენ წინ წაიმღერა ჩაწერილი ხმა. ჩემი თანამგზავრი მუსიკის მოტრფიალე იყო და მაშინვე დაუმეგობრდა ახალგაზრდას, შეიტკბო იგი. ხუთი დღე დავრჩით იქ და ამ ხნის განმავლობაში არც ფეხი ჩაუდრეკიათ, არც პირი დაუყენებიათ: დღე სოფელ-სოფელ დადიოდნენ და სწერდნენ ყველა ხმას, რომლის ჩაწერაც კი შეიძლებოდა; ღამე კიდევ მოსვენებას არ გვაძლევდნენ: ღიღინებდნენ, მღეროდნენ, უბანებდნენ, შესძახოდნენ; იმეორებდნენ იმ ხმებს, რაც კი გაეგონათ და ჩაეწერათ. რა შეგვეძლო მოთმინების მეტი?! მე კი იმ სოფელს აღარ მოვცილდი. დიასახლისმა იტვირთა ჩემი წინამძღოლობა და გართობა; მეც მისი კალთა დავიჭირე და ავედევნე. ქალმა გამაცნო თავისი პატარა, მაგრამ ეშხიანად მოწყობილი ოჯახი: დამატარა კარ-მიდამო, კალო-საბძელი, სათამბაქოე თუ ბოსტანი, სახნავი, სათიბი. ტყის პირასაც ავედით. ყველაფერი პირიანად იყო მოვლილი. ამიწერა, საიდან რა შემოსავალი ჰქონდა, რას ახმარებდა იმ შემოსავალს. - სჩნას, უდიდესი ნაწილი სემოსავლისა თვქენი ფარნას აღზრდაზედ გიხარჯნიათ, - შევნიშნე მე. - თითქმის მთელი შემოსავალი! რა ვქნა: ტფილისში ყველაფრის სიძვირეა, ჩემს ფარნას კი არ შეუძლიან მომჭირნეთ ცხოვრება: სუსტია, ნაზი და დაიჩაგრება. სოფლის მიდამო მთლად შესწავლილი ჰქონდა; იცოდა, სად რომელი ბალახი იზრდებოდა და როდის ყვაოდა, ან თესლს როდის იკეთებდა; მათში რომელი და როგორ იხამარებოდა საღებავად თუ წამლად. ისეთ სახელებს მეუბნებოდა მცენარეებისას რომ არც გამეგონა, ვერც ლექსიკონებში ვნახე, ჩაწერილი მაქვს ის სახელები; ბევრგან სახელთაგან გამხმარი ბალახი თუ ყვავილიცა მაქვს ჩაკრული. არც თვითონ სოფელი გაეშვა ქალს უყურადღებოდ. თვითოეულ კომლს დაახლოვებით იცნობდა, ყველას ავლა-დიდება გაეგო, სუყველას დარდი თუ გასაჭირი გაეთვალისწინებინა, ნდობა და სიყვარული დაემსახურებინა. ყველგან სიხარულით ეგებებოდნენ, როგორც სასურველ სტუმარსა და მეგობარს. - ბევრი შრომა დამჭირდა, დაფიქრებით თვალის დევნება, სანამ ხალხს შევიჩვევდი და თავს შევაყვარებდი. ქმრის დროსაც ალმაცრივ მიყურებდნენ, თითქმის მტრულად; მხოლოდ იმის ცდაში იყვნენ, რამე ეზარალებინათ, წაეგლიჯნათ. მარტო რომ დავრჩი, ჩემს ოჯახს ისე დაუწყეს ყურება, როგორც ყვავ-ყორანი დაჰყურებს დავარდნილ ცხოველს, მათ საჯიჯგნად გადაქცეულს. ნელ-ნელა შევიჩვიე სოფელი. ეხლა - ვგონებ ადამიანი არ მოიძებნება აქ ჩვენი ავის მდომელი. უსათუოდ კი უნდა შემეყვარებინა თავის სოფლისათვის რადგან ეს იყო ჩემი საცხოვრებელი ადგილი; აქ უნდა ამეზარდნა ჩემი პატარა და სოფლის მტრობა ხელს შემიშლიდა, გზას დამიცარავდა. - მაინც როგორ მოახერხე ქალო, ეგ ყველაფერი და მეტადრე ეხლა, როდესაც უფრო გადაუვალი შეიქმნა ზღვარი ხალხისა და მამულთა შორის? - თითონ მე დაუახლოვდი ხალხს: დავუწყე სოფელს დახმარება, არა ვზოგავდი არც შეძლებას, არც შრომას, ოღონდ შეღავათი რამ მიმეცა გაჭირვებულისთვის. სესხი დასჭირდებოდა თუ თხოვება. დასაწერი რამ იქნებოდა თუ წასაკითხი, ავათ გაუხდებოდათ ვინმე, თუ სხვა რამ რჩევა დასჭირდებოდათ, ყველაფერში ვეხმარებოდი ყველას შეძლებისდაგვარად. უფრო ავადმყოფობის დროს დახმარებამ გამიკვლია მათკენ ბილიკი. ამ მხარეს ექიმი არ მოეპოვება და ჩვენი თავისთვის ჩვენვე უნდა გვეშველნა. შევიძინე ცოტა რამ აფთიაქის წამლები, შევისწავლე სოფლური ექიმობა და წამლების შენზადება, მოვიპოვე კარაბადინი თუ ახალი საექიმო წიგნები და შევუდექი საქმეს. თავს არა ვზოგავდი: რაც უნდა ძნელი და საშიში ავადმყოფობა ყოფილიყო მაინც შევბედავდი და ვშველოდი წამლით თუ დარიგებით. ვძრწოდი შიშით, ავადმყოფობა არ გამომყვეს და ჩემს ფარნას არ გადავსდო-მეთქი, მაგრამ მაინც ვბედავდ ი. ყველა ამან გაადნო ის ყინულის ზღუდე, რომელიც ამართულიყო ჩვენსა და მაგათ შორის, - მითხრა ქალმა. და მიჩვენა ხელის ყუთი, რომელიც სავსე იყო ათასგვარი წამლებით და ბალახ-ბულახით. - ჩემი ფარნაც ბევრჯერ მომირჩენია ამ წამლებით! - თქვა კმაყოფილებით. - ის რაღაა, ქალო, რომ ყველა ნათლიას გეძახის? ნათლი, მობრძანდი! ნათლი, როგორ ბრძანდები? ნათლი ვინ სტუმარი მოგსვლია? ნათლი, ფარნა სადა გყვას? - ეგეც ერთი ხერხია ჩემი მაგთთან დაახლოებისა: აქ ძალიან სწამთ ნათლიობა, ნათესავათ მიაჩნიათ ნათლია და ამით ვისარგებლე. იშვიათი ოჯახია, ნათლული არა მყავდეს. მართალია, ხარჯი უნდა ამას, რადგან არ შეიძლება ნათლულს ყურადღება არ მოვაქციო,მაგრამ ეს ყველაფერი აუცილებელია. თუ სოფელია არ შევიყვარე და არა ვარგე რა, არც სოფელი შემიყვარებს, არ მასიამოვნებს. - თქვენი კეთილი გული და ლმობიერი ხასიათია ტქვენი ხალხთან დაახლოების მიზეზი, თქვენ კი ყველაფერს იმას აწერთ, მითომ მეტი გზა არა გქონდათ. ამ მიალერსებაზე ქალმა მორცხვად დახარა წამწამები, შეფერიანდა. ერთხელ ბოგირზედ გადავდიოდით და ქვეშ, ჩალიანში, გველი დავინახეთ. ქალს ფერი ეცვალა, გაშეშდა ადგილობრივ, თვალის იერი დაჰკარგა; გული მიდიოდა. ძლივს დავაშოშმინე. გონს რომ მოვიდა მითხრა: ძალიან მეშიანიან გველისა. მისი შიშით დანქრეული ვარ ზაფხულობით. რა საშუალებას, რა წამალს არ ვხმარობ, რომ სახლის ახლო არ გავაწანწანო წყეული! მას აქეთ დამიშინდა გული, რაც ერთხელ ჩემი ფარნას აკვნის კამარაზედ ვნახე მცურავი გადახვეული. ეხლაც თრთოლა მომდის, როცა გამახსენდება ის საშინელება. - ბევრი იცის აქ გველი? - ძალიან ბევრი! მეტადრე ამ ხევში. მე ხომ ესე შემზარავს ხოლმე მცურავის დანახვა: ჩემს ფარნას კი სრულებით არ ეშინიან; რამდენჯერმე კიდეც მოკლა. მე რომ იმ ადამიანს ვათვალიერებდი და ყურს ვუგდებდი, ის მაკვირვებდა: ყველა საგანი შვილს აგონებდა, ფარნაზედ უთითებდა. რაც უნდა ამბავი დაგვეწყო, მაინც ფარნას ხსენებით გათავდებოდა. ადგილს რასმე მივაქცევდი ყურადღებას თუ მოქმედებას, მის თვალებში საგანიც, ადგილიც, ყოველი მოძრაობაც იმდენად შეფასდებოდა, რამდენადაც დამოკიდებულება ჰქონდა ფარნასთან. სხვა საზომი არ ეჭირა ქალს ხელში. თავისი თავი მხოლოდ იმდენად ახსოვდა, რამდენადაც იგი საჭირო იყო ფარნას აღორძინებისა და კეთილდღეობისათვის. დედა აღარ არსებობდა, როგორც ცალკე პიროვნება შვილისაგან განკერძოებული; ვერც ვაჟი წარმოედგინა ცალკე, მისგან უკვე განყოფილ გვამად: ფარნა მხოლოდ განგრძნობა იყო დედის არსებისა, განგრძობა განახლებული და სააუკეთესო. გამიკვირდა მეთქი, რადგან არ მეგონა ადამიანს შეეძლო ამ ზომამდინ მისცემოდა თავის დავიწყებას, თავის ყოფნის ჩადნობას სხვის არსებობაში. ფარნა ერთადერთი ნათელი იყო დედიასთვის ამ ბნელ ქვეყნიერებაში და მცირე ღრუბელსაც კი რომელსაც ოდესმე გადაევლო შვილის ბედის ცაზედ, უხავად ეწურნა ცვარი ცრემლისა დედის დაღონებულ თვალებიდან. ესეთი იყო ის პაწაწინა ოჯახი, რომელმაც იტვირთა ჩვენი ასპინძლობა და რომელმაც ისე შეგვითვისა, თითქოს ამაგდარი ნაცნობები ვყოფილიყავით. ჩვენს ხომ გული ჩამოგვიხდა იქ და სიამოვბენით განვაგრძობდით იქ ყოფნას. ბოლოს კი ცუდი ამბავი დაგვატყდა თავს და შეგვირყია მყუდროება, შეგვიცვალა სიხარული სიმძიმილად; გუნება მოგვიშხამა. ეზოში, იქვე ახლო, პანტა იდგა და იმის ქვეშ ტახტი იყო გამართული. იქ უყვარდა დისახლის საღამოობით დასვენება. ჩვენ იმ ხის ქვეშ ვიყრიდით თავს ვახშმის მოლოდინში. იმ საღამოსაც იქ შევიყუჟენით, ჯერ მარტო მე და დისახლისი ვისხედით და ვმუსაიფობდით. მერე ფარნა და ჩემი თანამგზავრიც მოვიდნენ. კარგ გუნებაზედ იყვნენ, მხიარულად: ვინმე მომღერალს შეხვედროდნენ და ახალი რამ ჰანგი ჩაეწერნათ, იქვე გვიმღერეს. მაგრამ როცა ნახეს, რომ ჩვენ, მე და დიასახლისი ვერ მოველით ისეთ აღტაცებაში, როგორსაც მოელოდნენ, იწყინეს და იმ სიმღერის დამატკბობელ მიხვრა-მოხვტას გვითვალისწინებდნენ. ამ დროს მოირბინა ჩვენთან ერთმა ახალგაზრდამ და ამბავი მოგვიტანა შემაკრთობელი: ბოქაული ჩამოხდა მამასახლისისას შიარეღებული მხლებლებით და ფარნას სახელს ახსენებნ, ფარნას კითხულობენო. ფერი ეცვალათ დედა-შვილს, ფარნაც წამოხტა, შინ შეირბინა, დამბაჩა ჩაიდო ჯიბეში და იმ წამსვე გამოვიდა კარზედ. - სჯობს ცოტა ხნით გავეცალო სადმე; მიწყდება ხმაურობა და ისევ მოვალ, - სთქვა მან. - განა დანაშაული რამე მიმიძღვის? - ვკითხე მე. - სრულებით არაფერი! მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივა; ალბათ ვინმემ მიმტრო, დამაბეზღა, რამე ცილი დამწამა. ჩამოგვართო ხელი, გადაეხვია დედას და გავიდა ეზოდან. ხომ ვსთქვი სახლის წინ ხევი ჩამოიდა-მეთქი. ნაკადის გაღმა შამბი იწყებოდა ბუერიანი. ჭაბუკი იქით დაევა. დედა ერთ ხანს გაქვავებული იდგა და რეტათ აყოლებდა თვალს დაფანტული. მაგრამ როცა ფარნა გაემართა ქალი გონს მოვიდა, ფეხდაფეხ გაჰყვა შვილს. ალბათ ჰაზრადა ჰქონდა ტყის პირამდინ მაინც მიეცილებინა. ჭაბუკი გასცდა წყალს, შამბიანში შეერია. იქით ნაპირს ბექობი იყო დაქანებული. აღმართზედ ახალგაზრდა დაიხარა და ერთ ალაგს ხელებიც მიიშველა. უცაბედად ხელი დააჭირა აქ მწოლარე გველს. მცურავი მსწრაფად შეიხლაკნა, ყელზედ მძალავრად შემოეჭდო ყმაწვილს და სისინით ჩააცხრა ლოყაში. ფარნას დაკივლებაზე დედა გადახტა ვეფხვივით, დაავლო წყეულს ხელი, აჰგლიჯა და გადსტყორცნა. რომ ნახა ჩაშხამული ლოყა ჩააკვდა ნაკბენს ტუჩებით და ამოწოვა. ბეჩავს გაეგონა, თუ ახლად დაგესლილი ადგილი ამოიწოვა, შხამი ამოვა და გადარჩება დაკბენილიო. გავფრინდით მათკენ, მივცვივდით. გაკაწრული თუ ჰქონდა ქალს ღრძილი ან ლოყა შიგნიდან გაფხაჭნილი: მალე შეაჩნდა მას პირში სიმსივნე. 1908 წ