Jump to content

დათვი

From Wikisource
დათვი
ავტორი: ვაჟა-ფშაველა
1909 წელი


I

გამარჯვებული დათვი სარკეში იცქირებოდა; წვერს ივარცხნიდა, ულვაშებს იწკეპავდა, იმშვენებდა; თვალებს, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, დიდად ხან გაახელდა, ხან მიჰლულავდა და გუნებაში ამბობდა: „იჰ, იჰ, რა ბიჭი ვარ, ძალიან მოხდენილი ვარ, ძალიან! ჩემზე ლამაზი დედამიწის ზურგზე არც ერთი ცხოველი არ მეგულება. ლომი? – კატაა. ვეფხვი? – ისიც ხომ კატაა. მგელი? – ძაღლია, ძაღლი. ტყუილია ჩემისთანა. ამ ტოტებს უყურებთ? რა ტოტები მაქვს, თუნდა მოვდვა და ეს ჭანდარი ეხლავე პირქვე დავცე?!“ – სთქვა რა ეს, უკანა ფეხებზე შედგა, ტოტი ტოტს შემოჰკრა და სიამოვნებით გაიღიმა. „არა, – განაგრძო დათუნამ, – მე რომ წინ მიდგებიან, ვითომ რაო? რა ჰგონიათ? არ იციან, რომ დავლეწავ, დავფშვნეტ, ყველაფერს ნაცარ-მტვრად ვაქცევ? ვინა ვარ მე? ვინ? ვის უბედავენ? – რადა სჭამო? – ჯერ ერთი, მშიან და ამასთანავე ძალაც შემწევს. მაშ ძალა, ღონე არ მოვიხმარო? გიჟი ვიქნები არ მოვიხმარო და თავს სიამოვნება მოვაკლო. ვერ მოხვდათ? ვერ იგემეს ჩემი ტორები? ეგრე უნდა, ბიჭმა იცის!“ ამას, იცით, ჩვენი დათვი როდის ამბობდა? – ომგადახდილი იკვეხოდა თავის სამფლობელოში, დაბურულს, უღრანს ტყეში, – მაშინ, როცა მთელი ნინიას ოჯახი და მისი მეზობლები გმინავდენ და ტიროდენ დიდიან-პატარიანა თავპირდამსხვრეულნი, ტანდალეწილები ბიძია დათუნიას წყალობით. დათვი ნინიას სიმინდში დაეჩვია: ჯერ საქონელი გაულაგა ბაკიდან, რაც კარებზე პანტა-პუნტები ედგა, ის ჩამოლეწა და ახლა სიმინდს მიჰყო ხელი… გამწარებულმა ნინიამ ვეღარ მოითმინა, თითონ არ ჰქონდა თოფი და რის ვაინაჩრობით ქართული ჯაზეირი იშოვა, მთელი სოფელი შემოიარა იმის გულისათვის. მთელი ერთი კვირა მართა. როგორც იყო, ჩახმახი მოაკოწიწა, ტალიც ძლივძლივობით იშოვა, – ერთი-ორი სროლა ტყვია-წამალი, და ჩაუსაფრდა თავის დამღუპველს და გამაჩანაგებელს: „თუ ვერ მოვკლავ, გაფთხება მაინც ეგ ვერანაო“, – ამბობდა ნინია.

დათვი ჩვეულებრივ შებრძანდა სიმინდში და დაუწყო ტაროებს ლეწა-მტვრევა. ნინიამ თოფი დაახალა დათვს, მაგრამ ააცდინა. დათუნია ეცა ნინიას, ამოიდო ქვეშ და დაუწყო ბეგვა; კარგად მიტორა. ნინიამ მორთო ყვირილი: „მიშველეთ, მომკლა დათვმაო“, – ღრიალებდა საცოდავი კაცი. ქმრის ყვირილზე მოვარდა ნინიას ცოლი ნენე, დედას მოჰყვნენ თან შვილები, ჯოხებით და კეტებით შეიარაღებულნი. დათვმა ყველასაც ის დღე დააყენა, რაც საბრალო ნინიას, შეიქნა საშინელი წივილ-კივილი, მოცვივდენ მეზობლები კეტებით ნინიას მისაშველებლად. დათუნიამ არავინ გააბედენა, ყველა ერთმანერთს მიაკლა, ადგა და უჭირველმა გასწია თავის ბუნაგისაკენ. მოიგონა გარდახდილი ბრძოლა, უსამართლობა ადამიანისა, წინააღმდეგობა, ურჩობა, გამარჯვებამ თავი მოაწონებინა და სამერმისოდ გაამხნევა.

„როცა იციან მაგ ბრიყვებმა, – ამბობდა კვალად დათვი, – რომ ვერაფერს ჩამომრჩებიან, რატომ თავისთვის არა ყრიან?! არ ეტევიან თავიანთ ქერქში? მე დავტევ ძალით! ჩვენი შრომაო, ჩვენი ოფლი დათვს მოუნდაო, – გაიძახიან. მომინდა? ალბათ შამერგება კიდეც. თუ არ შამერგება, წაიღონ! ეცადონ, ვის, ან რაღას ელიან?! აი მე და აი ისინი! გაგიხარიან, კარგად მოვტორე ყველანი, ვგონებ რომ ვეღარ გაბედონ კრინტის დაძვრა. ბრიყვები, სულელები! ჰმ, ჰმ, ვერ უყურებ მაგათ თავხედობას!“ – ბურტყუნებდა თავისთვის დათვი კალხზე შემდგარი. უსვამდა ტოტებს წიფლისა და მუხის ბონცვრებს, ამსხვრევდა, ჰლეწდა, – ეგონა, ისევ სიმინდში ვარ და ხალხს ვეომებიო.

როცა გული მოიჯერა ბობოქრობით და ორონტრიალით, დათვმა მიიხედ-მოიხედა, შემდეგ დაყუნთდა, თავი დაქინდრა და დაფიქრდა. "ჰოო, – წარმოსთქვა დაბოლოს, – ვიდრე ერთი ურჩია ქვეყანაზე, ჩემი ბედნიერად ცხოვრება ყოვლად შეუძლებელია. სრულს ბედნიერებას მხოლოდ მაშინ მოვიპოვებ, როცა ურჩნი მთლად გასწყდებიან, აღიფხვრებიან პირისაგან ქვეყნისა. ამიტომ საჭიროა ყველას გონების ჩარხი ასე მოიმართოს, ასე ფიქრობდეს და სხვაგვარად არა: დაემორჩილენით უძლურნი ძლიერთა, რამეთუ მათ ხელთ არის სიცოცხლე თქვენი, ე.ი. ჩვენიო".

II

მხეცთა შორის გავარდა ამბავი, რომ ბიძია დათუნას ბრწყინვალედ გაუმარჯვნია. დაჰრევია სოფელში უიარაღო ხალხს, დიდი და პატარა ერთმანერთისთვის მიუყოლებია. ერთს ვიღაცას თოფი დაუხლია. წაურთმევია, დაულეწია და გადაუყრიაო. ამ ამბის გამო მხეცებს თათბირი შაექნათ და გადასწყვიტეს ერთხმად დათვისთვის გამარჯვება მიელოცათ. სწორედ უნდა მიელოცათ, რადგან გამარჯვება დათვისა საერთოდ მხეცთა გამარჯვებას მოასწავებდა ადამიანთა ტომზე: სუსტს ამაღლებდა, ამაღლებულს ხომ სიმაღლეს ჰმატებდა. ამ ყრილობას ვეფხვი და ლომი არ დასწრებიან, ამიტომ მხეცებმა იმათთან დელეგატები გაგზავნეს, რათა შემოერთებოდენ საერთო გადაწყვეტილებას, მხეცთა განაჩენს. ლომს მოწიწებით ეახლნენ მგელი და მელა, სალამ-ქალამის შემდეგ განუცხადეს მხეცთა დადგენილება. ლომი სიბრაზისაგან თვალებიდან და კბილებიდან ცეცხლსა ჰყრიდა, იფრინა ორივენი, როგორც მელა, ისე მგელი, და კუდამოძუებულები გაგზავნა შემდეგის პასუხით: „როგორ? მე, ლომი, ნადირთა მეფე, ვეახლო ტარტლიანს, ყარტლიანს დათუნას, უიარაღო ხალხს რომ დაერია და დაგლიჯ-დაფლითა? დაიკარგეთ აქედან, თქვე არამზადებო, თქვე ქეციანებო, თქვენა!.. მე ათასი და ხუთასი შეიარაღებული მიფრენია, ჩემთვის არავის მოულოცია გამარჯვება, მე წავიდე და სიმშილისაგან გადახრწნეული ხალხის დამარცხება მივულოცო ცინგლიანს მძოვრიჭამია დათვსა?! გასწით და თქვენ მიულოცეთ, რაც ის არის, ის თქვენ ბრძანდებით, როგორიც ალხანა, ისეთი ჩალხანაო“.

ვეფხვმა უფრო ზრდილობიანად დაითხოვა მხეცთაგან გაგზავნილი ჩაფრები: „არა მცალიან, საქმე მაქვს, ვერ წამოვალ. თქვენ წადით და მიულოცეთ. რაღა თქვენ, რაღა მეო“. ამ პასუხით მოიშორა ვეფხვმა თავიდან დელეგატები.

პირველად დათვთან გამარჯვების მისალოცად მგლები წარდგნენ. დათვი დაბღორილი, თავმოწონებული დაუხვდა მგლებს, დინჯად თავს უკრავდა და თითქოს აგრძნობინებდა – თქვენც ცემა-ტყებას მოელოდეთ, თუ ჩემი ხათრი და რიდი არ გექნებათ, ჩემი სახელის დამხობას, აბრუს გატეხას ეცდებითო. მგლებმა დაიწყეს: „დიდებულო, ყოვლად ძლიერო, ორგულთა შემმუსვრელო, ერთგულთა მოწყალევ, ყოვლისა კეთილით აღსავსევ, აღმატებულო, ცათამდე აღტყინებულო, მფლობელო ტყეთა და კლდეთა, მთათა და ბართა, მშვენიერო დათვო! გავიგეთ რა თქვენ მიერ სამაგალითოდ დასჯა ურჩთა და ორგულთა სოფლელთა, რომელთაც გაბედეს და გამოიჩინეს სიბრიყვე და სიჯიუტე თქვენს წინაშე, როცა თქვენ მოისურვებდით იმათ სიმინდისა და ყანის მირთმევასა, გილოცავთ ბრწყინვალე გამარჯვებას იმათზე ყოველ ჟამს, უკუნითი უკუნისამდე. თქვენა ბრძანდებით უფროსი ძმა ჩვენი და გამარჯვება თქვენი არს ჩვენი გამარჯვება. ან რას ჯიუტობენ სოფლელნი და თავში ქვას იხლიან? რატომ არ უნდათ დარწმუნდენ, რომ ჩვენ ვართ იმათი ბატონი და ყოველი მათი სარჩო-საბადებელი ჩვენ ხელთ არის და რომ მოვინდომოთ, ერთს დღეს გავუჩანაგებთ მთელს საცხოვრებელს. ცხვარს ან ძროხას რომ ვიტაცებთ, თოფითა და ხმლით უკან მოგვდევენ და ძაღლებს გვისისინებენ… უსვინდისონი არა ფიქრობენ იმას, რომ ტყე და მინდორი ჩვენი საკუთრებაა და იმათი ცხვარი და ძროხა ამ ჩვენს ტყე-მინდორში იკვებება. უარესად უნდა დავსაჯოთ, უარესად! ცოტაა კიდევაც ეს სასჯელი, რაც აქამდის მივაყენეთ. გაუმარჯოს დიდებულს დათვსა, იმის ხმალსა და ძალასა!..“ ღმუოდენ მგლები, მარჯვენა კლანჭებს ჰაერში იქნევდენ, ხოლო კუდებს დაბლა მიწაზე ატყაპუნებდენ.

დათვმა თავისებურად, დარბაისლურად მადლობა გამოუცხადა: – „გმადლობთ, მგლებო. დიდად გმადლობთ, როგორც მოლოცვისა, ისე კეთილგონიერებისათვის, რომელიც თქვენ დღეს წინაშე ჩემსა გამოიჩინეთ. სწორედ სთქვით, სწორედ ჰბჭობთ. ნუ დაზოგავთ ამიერიდან სოფლელთ ნურაფერში, უფრო მომეტებული ჩვენი ხათრი მაშინ ექნებათ, როცა დაშინებულნი და შეძრწუნებულნი იქნებიან ჩვენ მიერ. ხოლო ერთი უნდა გახსოვდეთ, სახელი ჩემი და აბრუ აღამაღლეთ ქვეყნის თვალში ქებითა და დიდებითა, რათა თქვენც აღმაღლდეთ“.

მელებმა, ვიდრე დათვს ქებას შეასხამდენ, ლომი და ვეფხვი დაჰგმეს. იმათი უზრდელობა, უხეირობა აღიარეს დათვის წინაშე და დათვი კი ცამდე ასწიეს. ფიანდაზად გაეგნენ ფეხთ ქვეშ და დიდი ერთგულობა აღუთქვეს. ტურებიც საბრალოდ ჩხაოდენ მხოლოდ ერთს და იმასვე: „გაუმარჯოს დათვს, გაუმარჯოსო!“ თანაც თვალთაგან გულწრფელობისა თუ გულჩვილობისა გამო ცრემლები ჩამოდიოდათ ღაპაღუპით. მაჩვები დაჩოქილები იდგნენ დათვის წინაშე. ბურტყუნებდენ რაღაცას, იმათ ლაპარაკიდან მხოლოდ ეს გაირჩეოდა: – ჩვენო დათვო, ბატონო, ჩვენც შენის ჯიშისა ვართ, შენი უმცროსნი ძმანიო. მზად ვართ ავასრულოთ შენი ყოველი სიტყვა, ყოველი ბრძანებაო და სხვა…

ტყეში დიდი ამბავი იყო. ხემა და ქვამაც კი გაიგო, რომ მხეცები დათვს გამარჯვებას ულოცავდენ, ყველა მისკენ ქება-დიდების შესასხმელად მიისწრაფოდა. კურდღლებს ამ ამბის გაგონებაზე ტანში კანკალი მოჰკიდა, შეიყარნენ და მოილაპარაკეს: „ჩვენთვის დღესაქამომდე დათვს არაფერი დაუშავებია, არც გამოგვდგომია დასაჭერად და ვაი თუ ამიერიდან, რომ არ მივულოცოთ, გაწყრეს და დაგვემტეროსო“.

ამ ფიქრის გამო გასწიეს იმათაც დათვთან სალმის მისართმევად. ახლოს ვერ მიჰბედეს და შორიდან უცხადებდენ თავიანთ გრძნობებს წვერების ცმაცუნით და ყურების ბარტყუნით, ხტომით და ფუნდრუკით.

კორდზე ვირი ება საბლით, გაიგო, რომ დათვს ულოცავენო, მხეცთა მიდენ-მოდენამ აუტოკა იმასაც გული, გაწყვიტა საბელი და გვერდზე ცხვირგაჭრილი გაიქცა დათვთან სახელის მოსალოცად. აჰყვა ვირიც ფეხის ხმას.

დათვის მილოცვები ორი-სამი დღე გაგრძელდა. ამ ხნის განმავლობაში, რა თქმა უნდა, დათვს მოჰშივდა. ვირის დანახვა ძალიან ესიამოვნა. თუმცა ვირი დაფითა და საყვირით ულოცავდა დათვს გამარჯვებას და თანაც ფუნდრუკობდა, უვლიდა თამაშობით გარშემო დათვის საბძანებელს. დათვი ღრმად მადლობას უცხადებდა, ტოტებზე შემდგარი პირქვე ემხობოდა და უწოდებდა თავისთან: „დიდად გმადლობ, ვირო, სახელოვანო ვირო, – ეუბნებოდა დათვი, – შენისთანად არავის უსიამოვნებივარ, შენისთანა სალამი ჩემთვის არავის მოურთმევია. მოდი, გაკოცო, გენაცვალე, გაკოცო მაგ მშვენიერ ყელში, საიდანაც ეგ მარგალიტი სიტყვები ამომდინარებსო“. ვირს ქებამ თავბრუ დაჰხვია და მიიჭრა დათვთან. დათვმაც მაგრა ტოტები მოჰხვია და დაუწყო ლოღნა. წამოაწვინა და, ვითომ ყელში ჰკოცნიდა, პირს უსვამდა, თან კბილები უკაწკაწებდა ლეშისთვის. ვირმა სული განაბა, თვალები დახუჭა, სიამოვნების მორევში შესცურდა: ხუმრობა საქმე ხომ არ იყო, – დათვი, დიდებული დათვი, ეალერსებოდა. დათვმა, ალერსით გატაცებულმა, ყრონტში კბილი მოუჭირა. ვირმა შეჰყვირა: „ვაჰმეო“, მაგრამ დათვი უფრო უჭერდა კბილს და თან მაგრა ჰბღუჯავდა ვირს ღონიერის, მძლავრის ტოტებით. ვირმა მორთო ღრიალი: „სუ, ჩუმად, რა გაყვირებს? – ეუბნებოდა დათვი: – მიყვარხარ, ძალიან მიყვარხარ, ჩემო ვირო!“ ეუბნებოდა რა ამას, თან მაგრა კბილებს უყრიდა. ამ ალერსში და ხვევნა-კოცნაში, რაღა ბევრი გავაგრძელოთ სიტყვა, ვირი გათავდა. დათვი თავის სატრფოს ყვავსა და ყორანს ხომ არ გადაუგდებდა შესაჭმელად, იმაზე უპრიანი იყო და მიჰყო კიდეც ხელი და არც სინიდისი ჰქენჯნიდა. რატომ არა? იმიტომ, რომ დათვი ძლიერია და ვირი სუსტი, – პირველი ბატონია და მეორე ყმა. ვირი იმიტომ მივიდა დათვთან – ესიამოვნებინა, დათვს კი დღეს მილოცვა აღარ ესიამოვნებოდა, რადგან ჰშიოდა, ცარიელი სიტყვების რახარუხი მას ხომ სასმელ-საჭმელობას ვერ გაუწევდა?! მაშასადამე, სრული, უნაკლულო, ნამდვილი მილოცვა – ვირისა გამოდგა, რადგან მთელი თვისი არსება ძღვნად მიართვა თავის ბატონს. ბატონყმობა, თუ ვიტყვით, ამისთანა უნდა სწორედ. დათვი ასე სჯიდა: ვინც ჩემი ნამდვილი პატივისმცემელია, ჩემი სიამოვნება უნდა, რო შევჭამო, ხმა-კრინტი არ უნდა დაძრასო… დათვის შეხედულება, აზრი მსოფლიო ცხოვრებაზე ასეთი გახლავთ საზოგადოდ: თუნდა სტუმრად მივიდეს ვინმე მასთან, თუნდა მისალოცად, ნამეტნავ მაშინ, როცა ჰშიან, უნდა შაჭამოს. სიმშილი თავისთვის იყოს, – ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო, ნათქვამია.

III

გავიდა ცოტაოდენი ხანი და დათვის სრასახლის კარებზე ჯაშუშების გუნდი გაჩნდა. ვინ გინდა, რომ არა ჯაშუშობდა: მაჩვებიც კი, რომელთა ათი ნახტომი ერთი ადლი არ გამოვა; და ყველა დათვისაგან რაღაც გამოუთქმელს და დიდს წყალობას მოელოდა; ხოლო არავის არა ჰქონდა კარგად გამორკვეული, ეს მოწყალება დათვისა რა ჯურისა, რა თვისებისა იქნებოდა. თუ დათვი გაიმარჯვებდა, ყველა მათგანი უსათუოდ უნდა დიდს ბედნიერებას მოჰსწრებოდა. ასე ჰქონდა ყველა ჯაშუშს აღბეჭდილი წარმოდგენა გულსა და გონებაში. ამიტომ დიდს ფაცაფუცში იყვნენ, მიდიოდენ და მოდიოდენ. ყოველი ჯაშუში იმას ცდილობდა, საუკეთესო რამ ცნობა მოეტანა ბატონისთვის.

პირველად განგაში მელამ დაჰკრა. მოიტანა დათვის წინაშე და დააგდო თავი კურდღლისა. „შეთქმულობაა, ბატონო ჩვენო, შეთქმულობა თქვენს წინააღმდეგ: შეკრებილიყვნენ კურდღლები და ჩურჩულ-კურკულებდენ – უნდა დათვი დავამხოთო, – უყურებ წყეულებს!.. მე დავუქროლე, ერთს ვსტაცე ხელი, წავაგლიჯე კისერი, სხვები შეშინდენ და გაიქცნენ. აი ეს გახლავთ თავი იმ წყეულის ბოროტგამზრახველისა“. – სთქვა მელამ, გადისო ულვაშზე ხელი და თანაც დოინჯი შემოიყარა.

– ყოჩაღ, – უთხრა მას დათვმა: – ტანი რა უყავი, ვსთქვათ, ეს თავი აქ არი.

– ტანი, ბატონო? – განაგრძო მელამ, – ჯურღმულს მივაბარე.

– როგორ, ჯურღმულს? – დაეკითხა დათვი.

– ისე რომ, – განაგრძო მელამ, – ავიღე და კლდიდან ღრმა ხევში გადავუძახე.

მელამ იცრუა: კურდღლის ხორცს თითონ გიახლათ, მაგრამ ამას ხომ არ გაამჟღავნებდა.

– კარგი იქნებოდა, თან წამოგეღო, – სთქვა დათუნამ. – რომ გაგვეროზგნა სხვებთან, სხვების სამაგალითოდ.

– გაბრაზუბულმა რომ ვეღარ მოვისაზრე, ბატონო! – სთქვა მელამ.

– რაღა გაეწყობა – დააბოლოვა სიტყვა დათვმა, – მხოლოდ შემდეგისათვის გაფრთხილდი, თუ კიდევ მოასწრო სადმე, რამდენსაც თავი მოჰკვეთო, მთლიანად აქ მომართვიო.

მელამ თავის მიწაზე დაყრდნობით „ბალი-აღა“ მოახსენა. დათვმა მელა გაისტუმრა ამ სიტყვებით: – მელები, საზოგადოდ, მოხერხებულები ხართ, თქვენი იმედი დიდად მაქვს, ვიმედოვნებ, რომ ჩემი ერთგულები იქნებით ბოლომდე და ჩემს ბრძანებასაც სავსებით შეასრულებთ. ხოლო ამას ნუ დაივიწყებთ, ტყეში ნადირობას დროებით ხელი უშვით და სოფლებს მიჰყავით ხელი. ტყეში ნადირი მუდამ ჩვენს ხელთ არის, სოფელში კი – არა. ხომ გესმის? „მესმის, ბატონო!“ – მოახსენა მელამ თავის დაქინდვრით.

– სწორედ ეგრე მოიქეცი! – სთქვა დათვმა.

მელამ ძუნძულით გასწია. მელიას წასვლა და მგლის მოსვლა.

– ბატონ დათვს გაუმარჯოს! – დაიძახა მან შორიახლოდან.

– გაგიმარჯოს მგელსაც! – მიუგო დათვმა, – ამბავი, ხაბარი?

– ამ დროს დათვი ვირის კანჭალასა ჰხრავდა. მგელსაც მსხვილი ნერწყვები მოუვიდა პირში, მაგრამ რა გაეწყობოდა.

– მშვიდობა, თქვენი კარგად ყოფნა და დღეგრძელობა, – სთქვა მგელმა.

– მაინც შენ უსაქმოდ არ გაირჯებოდი? – განაგრძო დათვმა.

– არც კაი ამბავია, – განაგრძო მგელმა: – თქვენა ბრძანდებოდეთ კარგად, თორემ მაინც არც არაფერი იმითი იქნება.

– რაო! რისაგან რა უნდა იყოს? – სთქვა დათვმა.

– ეჰ, განა არ მოგეხსენება, ბატონო, ბრიყვი ქვეყანაა და თანაც სხვები აბრიყვებენ და თქვენს წინააღმდეგ ამხედრებენ. – სთქვა მგელმა.

– როგორ, ჩემ წინააღმდეგ? ვინ არიან ის ავაზაკები? – სთქვა დათვმა თვალების ბრიალით.

– ჩემი თქმა რა საჭიროა? თქვენც ხომ კარგად იცით.

– მაინც ვინ არიან? ვინ არიან ის ავაზაკები? – ამბობდა დათვი განრისხებული და გამწარებული.

– დასამალი რაა, ბატონო? – განაგრძო მგელმა, – სულ ციყვებისა და კვერნების ბრალია, აბრიყვებენ და აბუნტებენ ქვეყანას.

– ააახ! ვერ უყურებ მაგ მატლებს, მაგათ! მოიცადონ, მე ვაჩვენებ მაგათ სეირს! – სთქვა დათვმა განრისხებით და სამი მუჭა ქაფი გადმოაგდო პირიდან.

– დღეს დილით, – განაგრძო მგელმა, – შეკრებილიყვნენ შვლები, ირმები, არჩვები, ღორები, და ვინ იცის კიდევ სხვა რამდენი… თათბირი ჰქონდათ, მე ჩუმად მივეპარე და ყური დავუგდე…

– მერე რას ამბობდენ? – გააწყვეტინა სიტყვა დათვმა.

– ერთხმად იძახოდენ: „უსათუოდ უნდა დათვი განვდევნოთ, დავამხოთო. მთელი ტყე, ტყისა და დედამიწის მოსავალი მაგას მოუნდაო“.

– ხა-ხააა! ხა-ხააა!! – გადიხარხარა დათვმა: – მერე ვინ მიპირებს დამხობას, ან რით, შენ ეს მითხარი? შვლები? ირმები? არჩვები? ჰმ, ჰმ… – დაეკითხა დათვი გაკვირვებით.

– არა, ბატონო, ისინი არა! – სთქვა კვალად მგელმა, – სხვები გახლავანო.

– ვიღა სხვები? – ჰკითხა დათვმა.

– ტახები… მერე რა ჯონგა-ჯონგა ტახებია! უჰ, ღმერთო, შამიწყალე… თითოს ოროლი მტკაველი კბილი აქვს. იმათ კბილებს რომ ვუცქეროდი, ტანში ჟრუანტელი მივლიდა; თქვენთან საბრძოლველად ისინი ამოირჩიეს ერთხმად, და ტახებმაც თანხმობა გამოუცხადეს, დაიწყეს ეშვების ლესა და ისეთი ხმაურობა გამოსცა იმათმა კბილებმა, თითქოს ცა სჭექდა. თანაც წარმოსთქვეს: „ჩვენ ამოვაშხამებთ დათუნას, რაც ჩვენთანა ზიარი რკო და წიფელი შესანსლაო“.

– მობრძანდენ, იმათ მე გავცემ პასუხს, – სთქვა დათვმა რიხიანად, თუმცა გულში კი რამდენიმე ძარღვი ჩასწყდა. არ ესიამოვნა ტახების ამხედრება. – სხვას ხომ არაფერს იტყვი?

– არაფერს, ბატონო. ეგ იყო ჩემი სათქმელი და მოგახსენეთ კიდეც. – მიუგო მგელმა.

– ძალიან კარგი, – განაგრძო დათვმა: – ყველას პასუხს გავცემ, ხოლო თქვენ, მგლები, – განაზრახე ყველანი, – უნდა ამიერიდან სოფლებში ჰნადირობდეთ. ტყეს ხელი უშვით, აქაური ცხოველი და ფრინველი არსად გაგექცევათ და, რაც შეიძლება, სოფლები შეაწუხეთ, გაიგონე?

– დიახ, ბატონო! – მიუგო მგელმა.

– გასწი და აასრულეთ ყოველივე წმინდად, უკლებლად! – უბრძანა დათვმა რიხიანის ხმით.

– ბატონი ბრძანდებითო! – სთქვა მგელმა და გასწია, ხოლო ვირის კანჭალას თვალს ვერ აშორებდა.

არ გაიარა დიდმა ხანმა, ახლა მაჩვი მობობღდა. დიდის ამბით დათვს: „გაუმარჯოს ჩვენს სახელს, ჩვენს დიდებას, ბ-ნს დათვს!“

ოჰ, ბიძაშვილსაც გაუმარჯოს! – დათვი მაჩვს ბიძაშვილს ეძახდა და მაჩვსაც ამით თავი მოსწონდა.

– სხვა, როგორ რასმე ხარ? როგორ გიკითხო, ბიძაშვილო? – მოიკითხა დათვმა მაჩვი დამცინავის კილოთი, – უსაქმოდ არ გაირჯებოდი!

– საქმე ფრიად საყურადღებო არს, უფროსო ძმაო და ჩვენო ბატონო, ფრიად საყურადღებო. – სთქვა მაჩვმა ბოხის ხმით, ხოლო ნაღვლიანის კილოთი. – მაინც რა ამბავია? – ჰკითხა კვალად დათვმა.

– ეჰ, უბედურება და უკეთურება ქვეყნისა: შეთქმულობა! გუშინწინ სოფელში გახლდით: დიდი ამბებია. ხალხი იარაღს ისხამს და აპირობს თქვენზე თავსდასხმას. დიდს მზადებაში არიან ყველანი, დიდი და პატარა, – სთქვა მაჩვმა ამოოხვრით.

– მერე რას წაიღებენ? ნუთუ აღარ ახსოვსთ ჩემის ტოტის და კბილის გემო? მობრძანდენ და გაიგებთ ყველა, როგორ კუდით ქვა ვასროლინო და ჟანგიანი თოფები თავზე გადავამტვრიო, – სთქვა დათვმა.

– ეგ მართალია, ბატონო, მაგრამ აუტკივარი თავი კაცმა ძალათ რად უნდა აიტკივოს?! – უთხრა დათვს მაჩვმა შთაგონებით. – „სიფრთხილეს თავი არა სტკივაო“, – ნათქვამია.

– ძალას სიფრთხილე არ ესაჭიროება. – განაგრძო დათვმა. – სიფრთხილე სისუსტეს ეწამლება მხოლოდ და უნდა იწამლოს კიდევაც, რომ ფონს გავიდეს. ამ ტოტებს უყურებ? ჰხედავ? კარგად დააცქერდი და! – დათვმა ტოტებს მაღლა ასწია. – ამათი პატრონი და სიფრთხილე?! სასაცილოც არის.

– მე, როგორც ტანითა ვარ პატარა და ღონით სუსტი, რა თქმა უნდა, ჭკუითაც სუსტი ვიქნები – სთქვა მაჩვმა, – შაიძლება ვცდები და მომიტევე, ბატონო!..

– მიპატივებია. მხოლოდ შენ ამას გავალებ, რომ ტყეებს თავი დაანებო და, როგორც ჩვეულება გაქვს, სოფლელთა ხნულში და ბოსტნეულობაში განაგრძე მიწის თხრა. რაც შეიძლო მხნედ იმუშავე. – დათვმა ამ დარიგებით გაისტუმრა მაჩვი და თავად სოროში შებრძანდა, მთელი ერთი წელი სოფელში აღარ გაუჭაჭანია და აღარც ვისთვის რამ დაუშავებია; სამაგიეროდ მგლები, ტურები, მელები, მაჩვები და სხვანი მუშაობდენ სოფლად თანახმად დათვის მიერ ბოძებულის პლანისა: ააოხრეს, დააწიოკეს სოფლელები ქურდობით, ტაციობით, სხვადასხვა ავაზაკობით. სოფლელებმა დათვის ავკაცობა დაივიწყეს; დათვს თითქმის კიდეც ემადლიერებოდენ და ამბობდენ: „დათვს იმის მეასედი ზარალიც არ მოუცია ჩვენთვის, რაც ამ მგლებმა და მელა-ტურებმა მოგვცესო“. დათვსაც ამის მეტი არაფერი უნდოდა, ჩუმ-ჩუმად გუნებაში იცინოდა.

ტახები კი მაინც თავისას არ იშლიდენ, ერთხელ დასკვნილს პირზე იდგნენ. დათვის მეზობლად ყოფნა არ ეჭაშნიკებოდათ, რადგან მთა-ბარს, ტყე-ველს ისაკუთრებდა. აუარებელი რკო და წიფელი უნდებოდა მის გაუმაძღარს კუჭსა. ამის გამო სხვა ცხოველებს, და უფრო კი ღორებს, საზრდო აკლდებოდათ.

ერთს მშვენიერს დღეს ადგა ორი ამორჩეული ტახი და მოადგა დათვს კარებზე.

– დათვო, დარბაისელო დათვო! – იძახოდენ, – სადა ხარ, ბატონო?! გამობრძანდი კარში, მოისმინე ჩვენი საჩივარი.

დათვმა თავი მოიმძინარა, ვითომ არ მესმისო.

– ნუთუ გეკადრება თავის მომკვდარუნება? – განაგრძობდენ ღორები ყვირილს. – თავის მოკატუნება ვეღარ გიხსნის, ბიძიავ, დროა, ანგარიშები გავასწოროთ, ბევრი საუბარი ბევრი თავის ტკივილია. გიჯობს ნებით გამოხვიდე, თორემ ძალით გამოგაბძანებთ. ჩათრევას ჩაყოლა გირჩევნია! დათვი მაინც ხმას არ იღებდა, ტანში ჟრუანტელმა დაუარა. ჰგრძნობდა, ტახების მოსვლა კარგს არაფერს მოასწავებდა.

ოროლი ტახი, – აშკარად დათვის დამარცხების ნიშანი იყო. ცალი თვალით გამოიხედა, და რა დაინახა მათი მოელვარე ეშვები, თავისთვინ წარმოსთქვა: გაგიხმესთ ეშვები, დაგცვივდეთ, აჰადე! ვსთხოვ მეუფეს, რომ დაგცვივდესთ კბილები! ააახ! მექნება თქვენისთანა ეშვები, გაგიხარიანთ, მე თქვენ კუდით ქვას გასროლიებდით, მაგრამ რა ვქნა, რომ კბილებისა და ტოტების მეტი არაფერი მაბადია! – სთქვა რა ეს დათვმა, თვალები დახუჭა, რომ ტახების მოელვარე ეშვები არ დაენახა, უფროც გაიტრუნა, სული განაბა, ფიქრობდა: იქნება დამშორდენ თავიდან, სთქვან – შინ არა ყოფილაო და წავიდენ. მაგრამ ტახები სოროს კარებს ჰსუნავდენ და კარგად ჰგრძნობდენ, რომ დათვი სოროში ბრძანდებოდა.

– ვიცით, – განაგრძეს ტახებმა: – ვიცით, ძალიან კარგად ვიცით, რომ შინა ხარ. სად დაგვემალები?! თუ არ გამობრძანდები, ჩვენ გიახლებით და გამოგაბრძანებთ. – ამ დროს ღორების ეშვების კაწა-კუწი ისე ისმოდა, თითქოს რამდენიმე ფოლადის ხმალს ერთმანერთზე სცემენო. პირიდან ქაფს ისროდენ, ბრაზობდენ, ჯაგარი აუშვეს, მოთმინება გაუწყდათ და დაუწყეს თხრა სოროს. საღამო ხანმა მოატანა, როცა მოშავფრო, დიდრონმა ტახმა უკვე დათვის ბეწვი აღმოაჩინა მიწის ქვეშ და დაუყვირა თავის ამხანაგს: „თეთრონო! აქა ბრძანდება, აქ არის ვაჟბატონი! როგორ მაგრა დასძინებია ამ სულკურთხეულის გაზდილს და! ისიც როდის?.. როცა ამისთანა ძვირფასი, ოქროს სტუმრები ვეწვიენით. აბა, მოთხარე ცოტაც კიდევ და მისი აღმატებულება ჩვენ ხელთ იქნება! – სთქვა რა ეს, ამოჰკრა მაგრა მიწას დინგი ისე, რომ დათვსაც კი მოახვედრა გვერდებში. დათვმა იღმუთუნა, იუკადრისა. აუდგომლობა, ხელის შეუბრუნებლობა შაუძლებელი გახდა. ამოდგა დათვი და შედგა კალხზე.

– ჰაი, თქვე უნამუსოებო, თქვენა! – წარმოსთქვა დათვმა: – უჯეროა, ოროლი მესხმით თავსა? თითო მობრძანდით, თითო, თუ ბიჭები ხართ! განა ეგრეც არი? არა გრცხვენიათ? ვაჟკაცობაზე თავსა სდებთ და სულ უბრალო წესი ბრძოლისაც არ იცით, თქვე მოუნათლავებო, ურჯულოებო, თქვენა!

– თეთრონო! – დაუყვირა მოშავფრო ტახმა, – შენ შორს დადეგ, სეირს უყურე მხოლოდ. ვნახოთ, მართლა ღირსია ბატონად იყოს, თუ არა.

თეთრონი ტახი გვერდზე გადგა, შავფერა ტახმა მოიღრიცა ოდნავ გვერდზე კისერი და მიესია დათვს. დათვი ჯერ ისევ კალხზე იდგა, იცოდა, რომ ღორი პირველი დაუტევდა და ფიქრობდა ქერჩოს ვტაცებო, მაგრამ მოტყუვდა. ტახმა კბილი მუცელში ამოჰკრა. ჭრილობა დათვს ემწვავა, დაიბღავლა. რამდენჯერაც ტახი კბილს გაჰკრავდა, დათვი თვითეულს ჭრილობას ბღავილით ამოწმებდა. მეორე ტახს, თეთრონს, სილაჩრე დათვისა ძალიან გაუკვირდა. „ეგ უბედური რა ლაჩარი რამ ყოფილა და ქვეყანას კი როგორ აშინებდაო“ – ამბობდა თეთრონი ტახი.

დათვმა უკან-უკან იწყო დახევა, თან შავფერა ტახს ტოტებს უქნევდა, ცდილობდა პირი ჩაევლო, მაგრამ ვერ ახერხებდა. ტანიდან სისხლმა დაუწყო დენა, დათვი წყლულებმა შეაწუხეს და მოიწადინა გაქცევა, მაგრამ ამ დროს თეთრონი ტახი წინ გადაეღობა.

– სად გაჰრბიხარ? დადექ, თუ ბიჭი ხარ! – ვეღარ მოითმინა, იმასაც ბრძოლის, ომის ჟინმა მოუარა და გაუსო დათვს ყელში კბილი ისე მარჯვედ, თითქო სასულეში ძროხას ყასაბმა დანა დასცაო; დათვს წარმოსქდა თქრიალით სისხლი, საზარლად დაიღრიალა, დაიჩოქა და უკვე განემზადა სასიკვდილოდ.

– ეყოფა, არა?

– ყოჩაღ, მარჯვედ დაჰხვდი ბიჭო! – უთხრა შავფერამ თეთრონს ტახს. – მეტი აღარ უნდა, მაგისი საქმე მორჩაო.

– დამითმია, აღარა ვცემ! – წარმოსთქვა თეთრონმა ტახმა და გაჰშორდა. დათვი ამ დროს აღარა ღრიალებდა, არამედ ყელში ხრიალებდა. ტანმა რყევა უწყო, ფამფალებდა და… დაგორდა, უზარმაზარი ტანით ჰგვიდა რაც ფერდობზე ხე, ფოთოლი და ქვა შეჰხვდა. მელა წამოსულიყო დათვთან რაღაც ამბის მოსატანად. რა ნახა ტახების და დათვის ომი, იქვე შორიახლოს დაიმალა, ხოლო თვალ-ყურს ადევნებდა ბრძოლას: დათვის სიკვდილი კიდევაც ესიამოვნა გუნებაში. ტახების თვალი რომ იცდინა, ჩუმად მივიდა დათვთან და მთელი ჩალაღაჯი მოაღრღნა, თუმცა ცხოველების წინაშე სწყევლიდა ტახებს, ჰგმობდა, კისრად ძრახვას ადებდა: „ბატონი დათვი ღალატით მოჰკლეს იმ უღმერთოებმაო“, – ამბობდა. ყველა მტაცებელი ცხოველები აღელვდენ: – როგორ გაბედეს ღორებმა ჩვენის ბატონის მოკვლაო, გაიძახოდენ. სწყინდათ დათვის უდროვოდ სიკვდილი, რადგან იმისგან დიდსა და მდიდარს წყალობას მოელოდენ. ხოლო წმინდა, ალალის ლუკმის მჭამელი ცხოველები სიხარულით ცას დაეწივნენ. კურდღლები, რომელნიც გუშინ დათვთან მისალოცად გარბოდენ, დღეს ცმუტავდენ, ხტოდენ, სიხარულით აღარ იცოდენ, რა უნდა ექმნათ.

ჩვეულებისამებრ ყოველდღე დათვს ამორჩეული ჯაშუშები ატყობინებდენ ვინც რა ამბავსაც გაიგონებდა. მელა ხომ მოვიდა, გამოძღა ბატონის ხორცით და წაბრძანდა, ხოლო ცხოველებს შეატყობინა დათვის სიკვდილი; მელას მოჰყვა ტურა, ნახა ნაომარი ადგილი, – სისხლი, მიეყუდა მკვდარს დათვს, ახლოს მისვლას ვერ ჰბედავდა, მაგრამ რაკი დარწმუნდა, რომ მკვდარი იყო და თანაც ლეშიც რაღაცას ეჭამა, ტურამაც არ იუკადრისა პირი გაესველებინა… კარგად რომ გამოძღა დათვის ლეშით, გაიპარა და ტყეში ჩხავილს მოჰყვა გლოვისა და ტირილის ხმაზე. როგორც მელამ და ტურამ დაიტირეს დათვი, იმავე წესით მგელმა, აფთარმა და სხვებმა. ასე რომ მეორე დღეს, როცა მთელი ცხოველების კრება მივიდა დათვის დასატირებლად, თავიანთ ბატონისა ნახევარი ლეშიღა დაუხვდათ, ისიც ნაჯიჯგნი, ნაჭამ-ნუჭამი, რამაც მხეცები უფრო გააბრაზა და ააღელვა… მართლა სწყრებოდენ თუ არა, ეს ღმერთმა უწყის, ხოლო ერთიმეორეს ისე აჩვენებდენ, ვითომ ძალიან გვწყინსო, უფრო დიდსა და ბევრს ოხრავდენ. ცხელს ცრემლს ისინი ღვრიდენ, რომელთაც მკვდარი დათვი არ დაინდეს და იმის ლეშს გიახლნენ. დათვის სხეულის გაჯუღურებაც ღორებს დააბრალეს; გვამი დათვისა დიდის ამბით და დიდებით მიწას მიაბარეს. ძეგლად დაადგეს კოშკი ძვლებისა, რომელიც მოკრიბეს ტყე-ღრეებში მხეცთაგან გამოხრული. ერთხმად გადასწყვიტეს დათვის მოღალატე მხეცები სასტიკად დაესაჯათ. საშიშარი, ეშვიანი ღორების გზებზე ორმოები მოთხარეს, რათა ბნელს ღამეში ჩაცვივნულიყვნენ შიგ და დამრჩვალიყვნენ.

ერთს დღეს მთელს ტყეს მტაცებელმა მხეცებმა ალყა შემოარტყეს, დაჰკრეს საყვირს, ასტეხეს განგაში და მთელს ცხოველებს ერთად მოუყარეს თავი-თავს; კურდღლებიც კი, მუდამ მოხერხებულნი ჯაგებში შესაძრომად და დასამალავად, ვეღარსად დაემალნენ. ყველას კბილებს უღრჭენდენ, ჰგლეჯდენ, სწეწდენ და ისე ერეკებოდენ ერთად, გასასამართლებლად. მოაგროვეს ირმები, შვლები, არჩვები, ჯიხვები, კურდღლები, ნეზვი ღორები და სხვა (ტახები არ ერივნენ, ისინი ხაროებში ჩაეყარათ).

უზარმაზარი ნადირის ჯოგი მოაქუჩეს ერთად, დააჩოქეს ყველა და აბღავლეს: „გაუმარჯოს დიდებულს, ჩვენს ბატონ-პატრონს დათვს, რომელმაც დასდვა თავი სამშობლოსათვის, მხეცთა გვარისა სადიდებლად… ცხონება დათვსა, ხოლო მის ერთგულთ და პატივისმცემელთ დღეგრძელობა და გამარჯვება!“

უცოდინარნი ნადირნი ძალაუნებურად ყვიროდენ, ღრიალებდენ, ჩხაოდენ თავის ჰანგზე, თავის ხმაზე, ხოლო შაერთებული მათი ხმა ჯოჯოხეთის ცეცხლში ტანჯულთა გოდებას მოაგონებდა ადამიანს.

მგლები, აფთრები, მელა-ტურები ამით არ დაკმაყოფილდენ: დაინახეს რა უკბილო ნადირთა მორჩილება, მოწიწება და შიში, მტაცებელნი უფრო გამხნევდენ, აეშალათ საღერღელი. ეს როდი აკმარეს უპატრონო ცხოველებს, დასცეს კიჟინა: „გაუმარჯოს დათვსაო“, დაერივნენ და დაუწყეს ჟლეტა. ნადირნი ზოგნი იხოცებოდენ, სხვანი თავგადაგლეჯილნი გარბოდენ. მტაცებელნი ნადირნი დღესასწაულობდენ. დაჩაგრულნი, უმწეონი, ბეჩავნი წიოდენ, კიოდენ, იმათ გოდებას მთა და ბარი ზეცას აჰქონდა… მთაც მდუმარებდა, ტყეც, მდინარეთაც სახე როდი ეცვალათ, ისევ ძველებრივ მოჩუხჩუხებდენ. გოდება ისმოდა ყოველ მხრით, ხოლო შებრალება არსაიდან.