Jump to content

დავითის ხმალი

From Wikisource
დავითის ხმალი
ავტორი: რევაზ ინანიშვილი


წელი იყო ათას ორას ორმოცდაათი, თვე – ქრისტესშობის, დეკემბერი, წვიმიანი შეღამება, წვიმაში თოვლსაც ურევდა.

სამი თოთხმეტ-თხუტმეტი წლის ბიჭი ფეხაკრებით გადიოდა სოფელ რცხილასთან. სხვა დროს, ალბათ, ღავღავით შეხვედებოდნენ და გააცილებდნენ ბიჭებს ძაღლები, ახლა კი არცერთი არ იღებდა ხმას. ქვეყნად მონღოლობა იყო, მონღოლები თვითონ დასდევდნენ ძაღლებს, დგრიალითა და "ქხოუს" ამოძახილით დააძგერებდნენ შუბს, მეორე მხრიდანაც შემოეშველებოდნენ შუბით, ჰაერშივე გლეჯდნენ წვერ-მოკაუჭებული დანებით და მერე ჯერ ისევ სისხლგამდინარე ხორცს წვდებოდნენ წვეტიანი კბილებით.

წინ წათე მიდიოდა, ყველაზე ტანადი და ღონიერი, მერე – სეზარი, წათეს ერწოელი მამიდაშვილი, ბოლოს – ბექა – თერთმეტი თვით უმცროსი ძმა წათესი. სამივეს მოკლე მხარტყავი ეცვა, დაბალი, გრძელბეწვიანი, ბოხოხები ეხურათ, წათე ჯოხსაც მიიბჯენდა ბერიკაცივით.

ორღობე დაღმართს გადაადგა, თითქოს ცოტაც განათდა, შავი ჯანღებივით ამოჩნდენ ხეები დაბლა, მკვრივმა ნიავმა პატარა წყლის ჩხრიალიც მოიტანა. ფრთხილად დაიწყეს თავქვე ჩასვლა, მოლინჭყულ თიხნარზე ქალამანი ძალიან ცურავდა.

უცებ გაღმიდან ცხენების ხმა მოისმა. ბიჭები ჯერ გაიცქაფნენ, მერე გზის იქით ბუჩქებს ეცნენ, ხვლიკებივით შეძვრნენ შიგნით და ჩაკუნტნენ, ჩაიყუჩნენ. მონღოლთა სამი მხედარი ჩამოდიოდა ხევის იქითა ფერდზე. ცხენები რომ წყალში შემოჭყაპუნდნენ, ფრუტუნი მორთეს, შეჩერდნენ. მონღოლებმა რაღაც დაიძახეს, – აიჰ! აიჰ! –ბიჭები ერთმანეთს ჩაეჭიდნენ. ხედავდნენ, როგორ იდგნენ მონღოლები უკვე ერთმანეთისთვის ზურგშექცეულნი და როგორ ელავდნენ ჰაერში მათი შუბის წვერები. მონღოლებმა ერთხელაც იყვირეს, – აიჰ! აიჰ! – ამ ყვირილს დაადევნეს, – დაღ, დაღ, დაღ! – თითქოს ვიღაცას აქეზებდნენ დასადევნებლად. ბიჭები ერთმანეთს მიეკვრნენ, ცდილობდნენ, არც ესუნთქათ. მაშინ მონღოლები აშკარად უკმაყოპილოდ აჯუჯღუნდნენ, ცხენები დაძრეს, სულ ახლოს უარეს ბიჭებს ღურღუტით. ქვებზე ცხენების ფლოქვების ღრაჭაღრუჭით, მაღლა ავიდნენ და ორღობეში შეიკარგნენ.

ბიჭები შვების ღიმილით გამოძვრნენ ბუჩქებიდან. იდგნენ, სანამ ცხენების ფეხის ხმა სულ არ მიწყდა, მერე ჩაუყვნენ დაღმართს, ჩავიდნენ რიყეზე, დიდ-დიდ ლოდებზე გადახტომით გადავიდნენ ჩხრიალა წყალზე, აიარეს ფერდი და აღმა აუყვნენ ხევის ნაპირს. აქ თხელი, დაბალი მწკნარი იყო, წვიმა და თოვლი პირდაპირ სახეში ეყრებოდათ. წათე მალ-მალე იხედებოდა უკან, თვალის თეთრ გუგებს და თეთრ კბილებს შეანათებდა ცოტაზე ჩამორჩენილ მამიდაშვილს. სეზარსაც ეღიმებოდა მის ღიმილზე,

– ხომ არ დაიღალე? – ჩუმად ჰკითხავდა წათე.

– წადი, იარე, – ჩუმადვე მიუგებდა სეზარი.

და ბუწკნარი გათავდა.

ველი რამ იყო, პატარა, შეცერებული, ახლა უკვე თხელთოვლგაფენილი. მაღლა – სიშავე, დაბლა – იმ თოვლის მქრქალი სითეთრე. მერე – ლატნების ღობე, ლატნების იქით – შავხეებგადავლებული შავი კლდის ძირას, ცეცხლის სუსტი შუქი. შუქს მაღლა – ქვემოდ დაქანებული კვამლის თეთრი ბღუჯები...

წათე ლატნებში გაძვრა, გაჰყვნენ სეზარი და ბექაც. მაგრამ წათემ ისინი იქვე გააჩერა, – თქვენ აქ მოიცადეთ! – თვითონ წავიდა უკვე სიბნელიდან გამორჩეული მიწურის დერეფნისკენ. მიადგა შუქს ქვემოთ კართან, დააკაკუნა ფრთხილად, მერე უფრო ღონივრად. ვიღაც ახავლდა შიგნით. – წათე ვარ, აგაბო პაპა, წათე! – ხმის დაწევით შეჰხავლა წათემაც. კარი ახმაურდა, აჭრიალდა, წათემ ხელი დაუქნია ბიჭებს, კარში თეთრი მოხუცი იდგა, თითქოს კარსა და წირთხლშორის გაჭედილი. გაიწია უკან. გაატარა ჯერ სეზარი და ბექა, მერე წათე. კარი დახურა. ხის მსხვილი ურდული გაუყარა, წავიდა კარისკენ წაღუნული, მუგუზლები შეატოკა, ერთმანეთზე შეაწყო. ალმა ხალისიანად აიწია.

– მოდით, მოახლოვდით, – მიიპატიჟა ბიჭები ცეცხლთან. წათემ და ბექამ უბეებიდან კვერცხები ამოიღეს, კერასთან მდგარ დაბალ ტაბლაზე დააწყვეს. ოცი კვერცხი მაინც იქნებოდა.

– ეგ რაღად გინდოდათ? – თვალები მოეჭუტა მოხუცს.

– დიდედა დარეჯანმა გამოგვატანა.

– როგორ არის საცოდავი დარეჯანი?

– დადის, დახანხალებს.

– კარგი ქალია დარეჯანი. ეს ვიღასია, რომლისა? – სახეში შეაჩერდა სეზარს.

– მამიდა ხორაშანის, ერწოში რომ იყო გათხოვილი.

– მერე? – დადარაჯდა მოხუცი.

წათემ სეზარს შეხედა. უჭირდა თქმა, მაგრამ ბოლოს მაინც თქვა:

– მონღოლებმა თავი მოაკვლევინეს მამიდას.

– ვაიმე, ლამაზო, კეთილო ხორეშანო – მოხუცმა წვერზე მოიკიდა ხელი. ვაი, ქალო, რა ქალო!.. – თითქოს მიწაზე ეძებდა რაღაცას. ისევ ამოხედა ბიჭებს. ახლაღა მიხვდა, უხერხულად რომ იდგნენ ბიჭები, ერთ კუნძს წამოჰკრა ხელი. – დასხედით, დასხედით. ვაი,საცოდავო ხორეშანო...

ბიჭები კუნძებზე, დასხდენ. ბოხოხები გვერდით მოიწყვეს. გაძლიერებულმა ცეცხლმა სწრაფად აადინა ორთქლი მუხლებზე. სეზარი მორიდებით ავლებდა თვალს მიწურს. სულ ახლოს ერი ბოძი იდგა, ერთზე ეკიდა ზუჩი, ფარი, მშვილდი და ცარიელი კაპარჭი, მეორეზე – დიდი მძიმე ტყაპუჭი. ტყაპუჭი ეგდო წნელით შემოწნულ თივაჩაგებულ ჯირკზეც. დაბალი კარი გადიოდა უკან, სიბნელეში. იმ კარის აქეთ-იქით დიდი გოდრები იდგა. კედელში გამოჭრილი იყო თახები. მოხუცი იქ მივიდა, იქ ბორიალებდა ბუტბუტით, წამოიღო მოწითალო თიხის ჯამფილა, შვინდის კერკია, შეექეცითო. სეზარს ჩაუდგა მუხლებში, თან ჰკითხა, როგორა გქვია შენო. ბიჭმა ისე გაუბედავად თქვა თავისი სახელი, მოხუცმა ვერ გაიგო.

– როგორ?

– სეზარ! სეზარ! – წათემ დაიძახა.

– სეზარ... – თავზე ხელი დაიდო მოხუცმა. ამოახედა, – შეექეცით, შვილებო, შეექეცით.

პირველმა წათემ ჩაყო ხელი ჯამფილაში.

– მიხვდებოდი, რისთვისაც მოვიყვანეთ, აგაბო პაპა.

– ჰოუ!

– მამაც აღარა ჰყავს. არავინ აღარ ჰყავს, ჩვენს მეტი. ძლივს მოაღწია ჩვენამდისაც. აქაც ვერ არის კარგად. ჭამის ძალიც არა აქვს.

– ვაიმე, შვილებო, ვიამე ჩვენს დღესა…

– შენ უნდა უშველო, აგაბო პაპა.

– წერაქვით ხომ არ არის სამტვრბი?

წათეს ჩაეცინა.

– არა.

– დავითის ამბები გაუგონია?

– გაუგონია – ღიმილით მიუბრუნდა წათე სეზარს.

სეზარმა მორცხვად ჩაღუნა თავი.

– გაუგონია.

– აბა, ერწუხის ომისა!

– ერწუხის ომისა, სეზარ!

– სეზარს მისჩერებოდნენ ყველანი – მოხუციც, წათეც, ბექაც.

სეზარმა თვალი ჩამოატარა, ერთხელაც გაწითლდა და თითქოს ცეცხლს უთხრა:

– კარავში რომ დაბრუნდა მეფე... სარტყელი რომ შემოიხსნა ჯაჭვის პერანგისა, დაკოლტებული სისხლი ჩამოუვიდა დგრიალით. მაჯიდან იღლიაში ჩასული

– ხომ გჯერა?

– აბა, როგორ!

– მონღოლთა ვაჟკაცობაზე რაღას იტყვი, მოგწონს თუ არა? – მოხუციც დაჯდა, ახლა დაბლიდან უყურებდა სეზარს.

სეზარი აშკარად შეცბა. ამაზე უკვე ვეღარაფერი თქვა. მაშინ მოხუცმა თვითონ დაიწყო:

– მაგარი ვაჟკაცები არიან მონღოლები, თავის გამწირავნი. ხმალს უფრო მეტ ფასს ადებენ, ვიდრე საკუთარ თავს, ეგრეა, ეგრე! ჩვენ ჩვენი ხორცი გვირჩევნია ყველაფერს.

სეზარი გაშტერებული იჯდა. მოხუცმა ხელი გაუწოდა.

– მომეცი შენი ხელი.

სეზარმა მიაწოდა. მოხუცმა ხელი თითქოს აწონა, თავი გააქნია უკმაყოფილოდ.

– ხომ სჭირდება? – აღარ იცდიდა წათე.

– სჭირდება, ყველას გვჭირდება.

– მაშინ მოიტანე.

მოხუცმა ბექადან დაიწყო, ჯერ იმას შეხედა თვალებში, მერე სეზარს, მერე წათეს. ისევ თავიდან დაიწყო. ცეცხლში მუგუზლები შეატოკა.

– გადით ყველანი გარეთა. ადგნენ ბიჭები და წავიდნენ კარისკენ, წათემ გამოაძრო კარს ურდული, გავიდნენ.

– წესი ეგეთია, – თქვა წათემ.

ათიოდე ნაბიჯზე გასცდნენ დერაფანს. სეზარს და ბექასაც მქრქალად ეღიმებოდათ. ახლა უკვე ბრტყელი ფანტელებით თოვდა. სიბნელეში თეთრად გამოჩნდა უტყეო შემაღლებები. ასწევდნენ თავს და გახურებულ სახეზე ადნებოდათ ფანტელები. წათემ იდროვა და ისევ ის წაუძღვა კარისკენ ბიჭებს. იმანაც კი ისე შეაბიჯა კარში, თითქოს რაღაცის ჩამონგრევისა ეშინოდა. ტაბლაზე, თითქმის მთელ სიგრძეზე, ტარმოოქრული კაშკაშა ხმალი იდო. ვადა ჯვრად ჰქონდა გამოყვანილი. ტარის ბოლო – ნისკარტოდნავდაღებულ, ბრიალა წითელთვალიან არწივის თავად. მოხუცი იქით ედგა, თავთით, წათე აჩქარდა, ტაბლასთან ჩაიმუხლა, გადაიწია, ხმალს ტარზე ემთხვია, გაიწია მუხლებით, ემთხვია ბექაც. წათემ ხელით დასწია სეზარი, იმანაც ჩაიმუხლა და ისიც ემთხვია ხმალს. მოხუცს ხელები დაეკრიფა გულზე. ბიჭები ისევ ჩამუხლულები იდგნენ. მოხუცი ხმალს დასწვდა, ოდნავ გაილაჯა, მაღლა ასწია, უყურებდა ხმალს და ქადაგივით ლაპარაკობდა:

– ჩემი პაპის პაპა თექვსმეტი წლისა წაუყვანია ბიძას, დედიძმას, დიდგორის ომში. ხომ იცი დიდგორის ომისაც, სეზარ? ახლა გვჭირდება ერთი დიდგორიც, ახლა... მარტო შუბი სჭერია ჩემს პაპის პაპას. რომ შებრძანებულა ეს პაპის პაპა ომში, რომ უძგერებია შუბი დიდი თათრისთვის, რომ აუწევია და უნდა გადმოაგდოს ცხენიდან, გადამტყდარა შუბი ტარში, გადამტყდარა და... – გამომართვიო! – დაუქუხნია ვიღაცას, პირდაპირ ხელში მიუცია ეს ხმალი. ჩემს პაპის პაპას ისიც დაუნახავს, წამსვე სხვა ხმალი რომ მიუწოდებიათ იმ მქუხარხმიანისთვის, და წასულა და შესულა გრიგალივით ის მქუხარხმიანი ხშირ ომში თავისი თანმხლებებით... ჩემს პაპის პაპას ფრთები გამოუსხია. ისიც გაჭრილა, მაგრამ იმ მქუხარხმიანს ვეღარ მიახლოებია…

მოხუცი იდგა და თითქოს მთელი სხეულით ანათებდა. ანათებდა ზეაზიდული ხმლით. ბიჭებიც ამდგარიყვნენ და ისინიც სასოებით აჰყურებდნენ ხმალს. მოხუცმა ბრძანა:

– გაიხადოს სეზარმა.

წათეც მიუბრუნდა სეზარს.

– გაიხადე.

სეზარმა ჯერ მხარტყავი დააგდო ძირს, მერე ჩოხა, მერე პერანგი.

– მოახლოვდი!

სეზარი მხრების გაშლას ცდილობდა, მაგრამ თითქოს ლავიწები არ უშვებდნენ, – შავ-ყვითელი ფერი დაჰკრავდა გამხდარ სხეულზე.

– ასწიე თავი მაღლა! მოხუცმა ჯერ გარდიგადმო გადაადო ცივი ხმალი მკერდზე, მერე სიგრძეზე, მკერდიდან მაღლა.

– აკოცე!

სეზარმა ხმალს აკოცა.

– აღავსე! აღავსე! აღავსე!

მოხუცმა სამჯერ გაიმეორა ასე, სამჯერ აკოცა სეზარმაც ხმალს, და ბოლოს ეს გაიგონა:

– სულო დავითისავ!

მთლად ბოლოს კი:

– ჩაიცვი!

სეზარი გაბრუებული დასწვდა პერანგს.

ის რომ იცმევდა, გაბრდღვიალებულ წათეს ეჭირა ზეაზიდული ხმალი. მერე ბექას. მერე თვითონაც, სეზარს. ხმალი მძიმე იყო, მაგრამ თან თითქოს მაღლაც ეწეოდა მპყრობელს.

– ღირს იყავთ! ღირს! – შესძახოდა მოხუცი.

მერე გამოართვა სეზარს ხმალი. ისევ გაჩერდა ღონივრად, ისევ ასწია მაღლა, თითქოს ერთხელაც შეამოწმა, როგორ კაშკაშებდა, – ხმალი ასე თეთრ, ლურჯ და წითელ შუქს გამოსცემდა, – და თქვა:

– გადით ახლა გარეთ, გადით და წადით შინა!

ბიჭები უწადინოდ წაილალნენ კარისკენ. გარეთ რომ გავიდნენ, ისევ წათემ განმარტა:

– არ უნდა ვინმემ იცოდეს, სად ინახება ხმალი.

თოვლი მოხშირებულიყო, ახლა უკვე ნამდვილად ბარდნიდა. ნელ-ნელა დაუყვნენ დაღმართს. სეზარი მკლავებს განზე ეწეოდა და თითებს ხან მოკუმშავდა, ხან გაშლიდა. ხარბად ისუნთქავდა ნოტიო ჰაერს. აშკარად გრძნობდა, რომ მკერდიც გაუდიდდა, აუმაღლდა, ფეხები ხომ მთლად დამსუბუქებოდა, თითქოს ხელების ერთი დაქნევა და, როგორც სიზმარში უნახავს, მოსწყდებოდა მიწას, აფრინდებოდა მაღლა. წათე ხომ მიდიოდა და მიდიოდა ღონივრად. ბედნიერ თვალებს მოანათებდა ბექაც.

წყალზე რომ გადავიდნენ და აღმართს შეუყვნენ, ცხენის ფეხის ხმა მოესმათ სოფლის მხრიდან. წათემ ანიშნა და სწრაფად მიიყუნჭნენ ღობისკენ. ისევ მონღოლი მოდიოდა, შუბიანი. ზუჩის აქეთ-იქით მელიის კუდებივით დაჰკანკურებდა ბეწვები.ისიც რაღაცას მოღურღურებდა თავისთვის. ჩასცდა ბიჭებს, ჩაიდაბლა და... უცებ სეზარი ადგილს მოსწყდა, ჩადაბლებულ ცხენს ფოცხვერივით შეახტა, მონღოლმა ერთი ამოიყმუყუნა და სეზარმაც და მონღოლმაც ხრიალი მორთეს ქვებზე, ცხენი ქვევით გავარდა, წათე და ბექა თავზე წაადგნენ მიწაზე დაცემულთ. წათეს დაღერებული ეჭირა ჯოხი. სეზარი წამოდგა, – გავიქცეთო! – გაიქცა. მაგრამ წათემ დაიჭირა.

– მანდეთ არა, წყალ-წყალ!

მიბრუნდნენ, წყალ-წყალ გაიქცნენ, აღმა. კარგა მანძილი რომ გაიარეს, წათემ მაშინ ჰკითხა სეზარს:

– დანა წამოიღე?

– არა, ყელში ჩავუტოვე იმ ძაღლს.

– უნდა წამოგეღო.

– წავიდე?

– არა. აღარა.

აღმა იარეს მამლის მეორე ყივილამდე. მეორე ყივილისას მთის პატარა სოფელს მიადგნენ. ეს წათეს და ბექას დედიძმის სოფელი იყო. თითქოს მაშინვე დასთბათ.

მეორე დღის საღამოს, პირველ ბინდისასვე, ქვემოთ წითლად გაშუქდა მოწმენდილი ცა გორებს შორის. ბიჭები თოვლიან ბექობზე იდგნენ და გამტკნარებულნი უყურებდნენ იმ სიწითლეს. სეზარს ცრემლიც ჩამოსდიოდა ღაპაღუპით, – ჩემი ბრალია ყველაფერიო. არც წათეს, არც ბექას და რაც მათ ჩამოღამებულ დედიძმას არაფერი უთქვამთ სამდურავისა. მხოლოდ ნანია ძალუა იცემდა მუხლებზე ხელებს. სეზარი მაინც ტიროდა. დილით კი სახლში აღარ დახვდათ. მოიკითხეს, თოვლზე დარჩენილ ნაფეხურებს გაჰყვნენ. დიდ მანძილზე არ დასჭირებიათ წასვლა. ველობის პირას ბებერი მუხის ქვედა ტოტზე ეკიდა ხელებ ოდნავ განზე გაწეული, გაშეშებული.

მონღოლებმა წინა დღეს, ქრისტესშობისთვის პირველთოვლობას მოსრეს, გადაბუგეს დიდი სოფელი რცხილისი.