ფლამანდიელმა ფრანცისკანელმა ბერმა ვილემ რუბრუკმა, ან გუილიომ რუბრუკვისმა (1220 — 1293) საფრანგეთის მეფის ლუდოვიკო IX-ის დავალებით 1253-1255 წლებში იმოგზაურა მონგოლებთან. მან თავისი მოგზაურობა 1252 წ. პალესტინიდან დაიწყო, ჩავიდა კონსტანტინოპოლში, საიდანაც ზღვით მიაღწია ყირიმს და იქიდან დიდი თავგადასავლებით გაემართა ოქროს ურდოს ყაენის, ბათუს კარზე. საბოლოოდ კი ის მოხვდა მონღოლეთში, ყარაყორუმში, დიდი მონღოლი მანგუ-ყაენის კარზე. რუბრუკვისმა ყაენს მეფის დანაბარები გადასცა, ხოლო მისგან საპასუხო წერილი წამოიღო და ასტრახანის, დერბენდის, ნახიჩევანის და არზრუმის გავლით 1255 წელს დაბრუნდა კვიპროსზე.
რუბრუკვისმა თავისი მოგზაურობა აღწერა წიგნში "მოგზაურობა აღმოსავლეთის ქვეყნებში", რომელიც ლათინურ ენაზეა შედგენილი და პირველად გამოიცა 1589 წელს. რუბრუკვის თავის თხზულებაში აქვს საინტერესო ცნობები საქართველოს სესახებ. იგი ყაენის კარზე შეხვედრია შანშე მხარგრძელსა და მის ვაჟს ზაქარიას.
ქრისტეს შობიდან 1253 წელს, მაისის შვიდს ჩვენ შევედით პონტოს ზღვაში, რომელსაც ჩვეულებრივ დიდ ზღვას უწოდებენ. ამ ზღვას, ვაჭრების სიტყვით, ათას ოთხასი მილი სიგრძე აქვს და ის თითქო ორ ნაწილადაა გაყოფილი. შუა წელზე მას ორი პროვინცია აკრავს, ერთი სამხრეთით, ხოლო მეორე ჩრდილოეთით. პირველს სინოპოლისი ჰქვია. ის თურქეთის სულთნის ციხე-სიმაგრე და ნავსადგურია; მეორე არის პროვინცია, რომელსაც ლათინები ამჟამად გაზარიას ანუ ცეზარეას უწოდებენ. სამხრეთით, სინოპოლისის მხრიდან ზღვაში კონცხები იჭრება. სინოპოლისსა და ცეზარიას შუა სამასი მილია; ამ წერტილებიდან კონსტანტინოპოლამდე სამოცდაათი მილია სიგრძითა და სიგანით, და სამოცდაათიც აღმოსავლეთით, სადაც ძევს იბერია, რომელიც გეორგიის პროვინციას წარმოადგენს.
გეზარიის პროვინციას სამი მხრიდან ზღვა აკრავს, სახელდობრ - დასავლეთით, სადაც ძევს ხერსონი