Jump to content

გუგული

From Wikisource
გუგული
ავტორი: თედო რაზიკაშვილი
1898


გუგული

თიბათვის დღე იყო. გაჭირვეულებული გუგული თავის “გუ-გუს” გაიძახოდა. ბუდარობის დრო მოსვლოდა და არ იცოდა ჯერ კიდევ არავისი ბუდე, რომ კვერცხი ჩაედვა და გამოეჩიკა, ხმელწვერებიან წიფელზე მჯდომი დაშტერებით მისჩერებოდა ტოტქვეშ გამოხვრეტილ სათვალეს, საიდანაც რაღაც ხმაურობა ისმოდა.
- კუკუუუ! - აჭიანურებდა გუგული, თითქო ვისიმე გაჯავრება უნდაო; თან ჭრელ ბოლოს ხან ასწევ-დასწევდა, ხან ჯარასავით ატრიალებდა.
გუგულის ხერხმა გასჭრა: ნახვრეტიდან ერთი ჭრელი კოდალა გამოძვრა და გააფთრებულმა შემოუტია გუგულს.
- კუკუც შენ გინდა და პანღურიც, შე უმსგავსო შენა! რა დაგემართა, რა ღმერთი გაგიწყრა, დღეს-დილანდელა აღარ მომასვენე. ვითომ კუკუც გინდა ამომკრა ჩემი ბუდიდანა, ჰა?! მანამდე ნურა ჭამე რა შენა, შე საკვნესო შენა!
- ქა გაგონილა! ქრისტიანებო, ჩემი ბუდიდან უნდა მე გამომაგდოს და თითონ შიგ მოიკალათოს. ჰი, თუ თბილად ჩაჯდები და წყალი არ ჩამოგივა, არჩევა კი იცი! შენთვის არ ვეწვალეთ მე და ჩემი ქმარი მთელ ერთ თვეს, სანამ ამ საბუდარს გამოვხვრეტდით. მაშინდელი დანთქრეული ტვინი ჯერაც არ დამდგომია ადგილასა, ლამის შაკიკის ქარად გადამექცეს.
- არა, მე რომ კუკუ უნდა ამომკრა, შენ უფრო კუკუ ამოკრული არ დადიხარ? სახლი შენთვის არსადა ჩანს და კარი, შვილი და ბოლო. გაიგეთ, ქალო, რა ზნისა ბძანდება ეს ქალბატონი? - თვითონ ხო არც კი კადრულობს ბუდის აშენებას, რო მერე შიგ ბარტყები დაზარდოს; აბა თავს რად შეიწუხებს ბუდეში ჩაიწყალოს თვალი და გული. აბა, ხუმრობა საქმე ხომ არ არის, მაგან “კუკუ” ვეღარ იძახოს და ყურები აღარ გამოუჭედოს გამვლელ-გამომვლელს თავის ყბედობითა. ის არ ურჩევნია, ეგრე იწოწიალოს და სხვის ბუდეებიდან კვერცხები იპაროს. - ცხარობდა კოდალა.
- მართლა! ქურდიც არის ეგ ქალბატონი? - შეეკითხა ჩხიკვი, რომელიც აქამდე წიფლის შიმელაზე იჯდა და მუშტრის თვალით იცქირებოდა აქეთ-იქით. აბა, ქალო, მაგისი ამბავი გეცოდინება რამე, ჩვენც გვიამბე.
ამავე აზრისა აღმოჩნდა ტილიანი ძერაც, რომელიც აქვე არყზე იჯდა და სითბოზე იქექებოდა.
- უკაცრავად ნუ ვიქნები, ცოტა მკბენარი დამეხვია, უნდა გავიქექო, - თქვა ძერამ, - ერთი გვიამბე მა გუგულისა რამე, ვიცი, არც ჩხიკვი მოსცდება, ჯერ ჟოლა-მაყვალი არ დამწიფებულა და არც ბალამწარა.
სანამ ესენი ამ ბაასში იყვნენ, გუგულმა შეათვალიერა კოდალას საბუდარი და ხითხითით მოცხრილა ტყისკენ. კაი ხანი ისმოდა იმისი სიცილი.
- თქვენ როცა მანდედან გამეცლებით, მე თვითონ ვიცი მაშინ, რასაც ვიზამ; თუ ჩემს შვილს შენ არ გაგაზდევინებ, რაღა ქალი ვიქნები! - ფიქრობდა გულში გუგული. - ხომ არა გნებავს საძიძაო მოგართვა?


- ქა, კიდეც რო დაგვცინის ეგ სასიკვდილე! - თქვა გულმოსულმა კოდალამ. - მოსულა აქ სისხამ დილაზე და მითვალთვალებს, უნდა გამიტყუილოს; მერე მოვიდეს და ჩემს კვერცხებში თავის კვერცხიც ჩაურიოს. ეგ ხო თავისდღეში ბუდეს არ იკეთებს, სულ სხვას აზრდევინებს თავის ბარტყებს. არა, რა საამურია, შენი ჭირიმე, ვიღაც ოხრის შვილების დაზრდა, როცა ჩემიც გამჭირებია. შარშან არ იყო ემანდ იელიანში, შაშვისთვის რა საქმე ექნა, - შაშვის კვერცხები დაეჭამა და თავისი შიგ ჩაედვა. შაშვსაც ვერა გაეგო-რა, სანამ არ გამოეჩიკა და არ წამოზრდილიყვნენ, ის პატარა არ დასაზრდელები. თურმე უზიდავს და უზიდავს საჭმელს, მაგრამ იმ ღორმუცლებს რა დააძღობდათ. საწყალი შაშვი თითონაც კინაღამ შეეჭამათ, თურმე სულ ჰკბენდნენ და ჰგლეჯდნენ, როცა საჭმელი არა ჰყოფნიდათ. რო ვეღარა გააწყორა, ადგა და იქიდან გადიხვეწა. საწყალი, მე ვნახე, სული ხელთ ეჭირა სიგამხდრითა. - ყბედობდა კოდალა.
- ჰეე, კაი ეშმაკი ყოფილა, - თქვა ძერამ, - თვალით არა ჩანს რა და მოხერხება კი დიდა ჰქონია; ერთი ღმერთმა გააბრიყვოს და ჩემ ბუდეში ჩადოს კვერცხები, ნახავს, როგორ გამოვუჩეკავ, სულ ნაჭუჭებიანად შევსვლიპავ.
- დიაღ, შენისთანა თავდასიებულს ის კვერცხს არ ჩაუდებს, ლამის შენ შენი კვერცხებიც დაჭამო, თორემ სხვისას რას გაუშვებ, - გამოეხმაურა ჩხიკვი. - ამასთან იმისი კვერცხები შენ კვერცხებზე პატარებია და შენი კვერცხები სულ დალეწენ, შენც რო არ დაუჭამო; ისიც იმიტომ თავის ტოლ-ფრინველებს ეტანება, რო კიდევაც იმისმა კვერცხებმა სხვისა დაამტვრიოს.
- ის კი მართალია, ჩხიკვო, - შეეკითხა ძერა, - ვითომ საზრდოდ გუგულისთვის ღმერთს დღეში ერთი ჩიტი მიუციაო; მე ჩემი თვალით მინახავს, ჩიტი რო დასდევნებია გუგულსა.
- ეგ ტყუილია, მარა ის კი მეც მინახავს, რო მართლა ხშირად დასდევს ხოლმე რომელიმე ჩიტი გუგულს. ეს იმიტომ, რომ გუგული კვერცხებსა ჰპარავს და რაკი მოასწრებს ჩიტი ქურდს ბუდეში, გამოეკიდება, მაგრამ რას გამორჩება!
- ყველა, ყველა და მე გამიგონია, ძერავ, შენი და ჯორის ამბავი, არ ვიცი მართალია, თუ ტყუილი, ვითომ შენა და ჯორს სანაძლეო დაგედოთ, თუ რომელი გასძლებს უწყლოდ და რომელი უშვილოთაო. ჯორს უწყლოობა ვერ დაუთმია და უშვილობა ურჩევია, შენ წყლის უსმელობა დაგითმია და შვილოსნობა არა. იტყვიან, ჯორს იმიტომ არ ეძლევა შვილიო და ძერა რო ჰაერში გაჩერდება ხოლმე, წყალი სწყურიან, ვერ დაულევია და ქარსა ჰყლაპავს; თანა წივის და ჯორს აგონებს, აღთქმა არ გასტეხოვო.*
- მართალია, ძერავ, მართლა არა სვამ წყალსა?
- ტყუილია, უწყლოდ რომელი სულდგმული გასძლებს, მე რო ჰაერში ვჩერდები, ძირს გველ-ხვლიკებს ვათვალიერებ, - თქვა ძერამ, - მერე დავეცემი და წავიღებ. ჩემი საზრდო ისინია.
- მშვიდობით იყავით, დამიგვიანდა, მეც ბუდეს უნდა მივხედო, - თქვა ძერამ და შეუარა წიფლიან გორას, საითაც იმისი ბუდე იყო. ჩხიკვიც გაძვრა სადღაც.


როგორც კი კოდალა გაიგულა სხვაგან, გუგული მაშინვე იმის ბუდესთან დაერჭო; ჯერ შეძრომა სცადა, მაგრამ ვერ შეეტია; გამოძვრა ისევ და დაფიქრდა, რა უნდა მოეგვარებინა, როგორ უნდა ჩაედვა შიგ კვერცხი. დიდხანს არ მოუნდა ფიქრს, მაშინვე ბალახებში ჩაჯდა და კვერცხი იქ დადო. მერე ნისკარტით აიღო და კოდალას ბუდეში ჩააგორა. ერთი გულიანდ გაიხითხითა და მოცხრილა ტყისკენ.
- ფრთხილო ქალბატონო, ვნახოთ, შენც როგორ გაგაზდევინო ჩემი შვილი, ძალიან რო თავს იდებდი, - ფიქრობდა გუგული.
კოდალამ ვერა გაიგორა, თუ გუგულმა კვერცხი ჩაუდვა, რადგან გუგულის კვერცხი თითქმის არ ერჩეოდა იმის კვერცხებიდან.
სანამ ქორფა იყო პატარა გუგული, ისიც სხვებსავით ყვითელ ნისკარტს უღებდა ხოლმე კოდალას საჭმლისთვის, მაგრამ როცა მოიზარდა და კისერი დაუგრძელდა, მაშინ კი შეეცილა თავის ამხანაგების საზრდოს, სულ თითონ დაუწყო ჭამა, პატარა კოდალები კი შიმშილით იხოცებოდნენ.
რის ვაი-ვაგლახით დაზარდა კოდალამ ბარტყები. გაიზარდა გუგულიც, ისეთი ამაყი და ავი რამ იყო, რომ საცოდავ კოდალას დააფრინდებოდა ხოლმე საკბენლად, როცა საჭმელს დაუგვიანებდა. კოდალაც ითმენდა ყველაფერს და ერთხელაც არ მოსვლია აზრად თუ გუგულს თავი დავანებოვო.


გაიწურა ზაფხული. დაფთიანებული კოდალები ბუდიდან ამოსხა დედამ და სიხარულით ტყეს მოედვნენ. შეუდგა ერთი ჟივილ-ხივილი ტყის მცხოვრებელთ; შეეხიზნენ ტყეს, თავის მასაზრდოებელს; შემოქმედს მადლი შესწირეს და ბუდეს მოშორებულებმა იწყეს ახალი თავისუფალი ცხოვრება.
გუგული? - ის ისე გაიზარდა, ისე დასქელდა, რომ ბევრიც რო ნდომებოდა სათვალიდან ვეღარ გამოძვრებოდა. ბევრჯელა სცადა გამოძრომა, ჰყოფდა ხოლმე თავს გარეთ, მაგრამ სულ ტყუილად. კოდალა მაინც თავს არ ანებებდა, უზიდავდა კიდევ საჭმელს და შიმშილით არა ჰკლავდა. როცა მოშიოდა ხოლმე საცოდავ გუგულს, საცოდავად ჩხაოდა. ამ დროს ყველა ფრინველი თავისუფლებით ტკბებოდა, ყველა თავის ნებაზე დაფრინავდა. შორიდან ხანდახან ისმოდა, ათასში ერთხელ, გუგულის “კუკუ”, ეს ხმა გულამდე სწვდებოდა საცოდავ დამწყვდეულ გუგულს; გრძნობდა, რომ ის ხმა იყო იმისი სამშობლოს დედაენა; ესმოდა და შურით გული უკვდებოდა, რადგან თითონ მოკლებული იყო იმ სიამოვნებას. თითონ კოდალასავით უნდა ეჩხიკვინა, რომ იმისთვის გაეგონებინა და საზრდოს მოტანა ეთხოვნა.
გავიდა ზაფხულიც. მარიამობისთვის გასულს თან მოჰყვა წვიმა და სიცივე. აქა-იქ ქარს ყვითელი ფოთლები მოჰქონდა. ფრინველნი გასაფრენად ემზადებოდნენ. რიგი მიდიოდა, რიგი წასულიყო, რიგი ახლა ემზადებოდა. გუგულები რა ხანია წავიდნენ. მერცხლებიც იმათ გაჰყვნენ. ჰაერს თანდათან სიჩუმე შეეპარა. კოდალებსაც ადგილის ცვლა მოუნდათ. მთიანი ადგილებიდან ბარისკენ გაიწიეს. ჩვენი გუგულის დედობილი კოდალაც სხვებთან ერთად ბარისკენ წავიდა. გუგული დარჩა ხის ღრუვში გამომწყვდეული.
ნადირობიდან მოვდიოდი და ერთი გულსაკლავი ჭყივილი შემომესმა. შევხედე, გამოეყო სათვალიდან გუგულს თავი და საზარელი ხმით გასჩხაოდა ტყეს, მაგრამ ვის გააგონებდა; მშობელმა ღვიძლმა დედამ იმთავიდანვე არ გაუწია დედობა, დროებით დედამ - კოდალამაც დაანება თავი. მინდოდა როგორმე მეშველა, გამომეყვანა, მაგრამ ისე მაღლა იყო ხეზე, რომ ვერასგზით ვერ მივუდგებოდი.
1898 წ.
 ეს ლეგენდა ფშავშია გავრცელებული. ავტორის შენიშვნა.