Jump to content

გარდამოხსნები

From Wikisource
ქართული სიძველეები





ქართული სიძველეები



გარდამოხსნები







შესავალი

[edit]

ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაცულია ხონის საწინამძღვრო ჯვარი, რომელიც ადრე ხონის ეკლესიას ეკუთვნოდა https://in.pinterest.com/lela4376/%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%94%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9D-%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90embroidery-georgia/

გიორგი VIII-ის გარდამოხსნა

[edit]

გიორგი VIII-ის გარდამოხსნა შემორჩენილ გარდამოხსნათა შორის უძველესად მიიჩნევა. გარდამოხსნის ზომებია 156 x 204 სმ. ეს გარდამოხსნა გიორგი მეფეს სვეტიცხოველისათვის შეუწირავს.

გარდამოხსნას გარს უვის ფართო მცენარეული ორნამენტი, რომელშიც წმინდანებია განმარტებითი წარწერებით, ხოლო ვიწრო ოქრომკედის ზოლებშემოვლებულ რომბებში ჯვრებია. ორნამენტით მორთულ დიდ სარეცელზე, გულხელდაკრეფილი ქრისტე ასვენია. სარეცელის თავსა და ბოლოში ღია ფერის სამოსით მოსილი ორი მთავარანგელოზია, რომლებსაც ხელთ უპყრიათ მრგვალი, ორნამენტებით შესრულებული სამწერობლები, შიგ ჩაწერილი ქერუბიმები, სარეცლის მიღმა მოტირალი დედანი არიან, ოდნავ დახრილი თავებით.

გიორგი VIII-ის გარდამოხსნა

გარდამოხსნის ქვედა არეზე ქრისტეს აღდგომის სცენაა. მარცხნივ პეტრე მოციქულია, იქვე - ორნამენტული საფლავი ოთხი შეიარაღებული მცველით, ორი მენელსაცხებლე დედა სურებით ხელში და საფლავის ქვაზე მჯდომი ფრთიანი ანგელოზი. გარდამოხსნაზე გამოსახული ყველა პერსონაჟი თმახუჭუჭაა.

კომპოზიციის ზედა რეგისტრში ამაღლების სცენა რომბის ფორმის მანდორლაში ტახტზე მჯდომი ქრისტე მაკურთხებლის პოზაშია. მას ორი ფრთაგაშლილი ანგელოზი ამაღლებს. ამაღლების ორივე მხარეს ფრთოსანი დისკოებია. გარდამოხსნაზე ყველა ფიგურა შარავანდითაა. შარავანდი ღვთიური დიდების ჩაუქრობელი ნათელია, შუქი, რომელიც წმინდანებს შიგნით არის დაბადებული და რომელიც ერთიანია მის გარდაქმნილ შუქთან

წარწერა

[edit]

"ქწ. დიდისა მეფეთა-მეფისა ალექსანდრეს ძესა, მეფეთ-მეფესა გიორგის გაუმარჯოს და ცოდვანი მისნი შეუნდვნენ ღმერთმან, რომლისა ბრძანებითა საფლავად დადება მჴსნელისა ჩუენისა იესოს ქრისტესი შეიმზადა".

დათარიღება

[edit]

გარდამოხსნის მეფეთა-მეფე გიორგი, მეფეთა-მეფე ალექსანდრეს ძე, შეიძლება იყოს მხოლოდ გიორგი VIII ალექსანდრე დიდის ძე, რადგან ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს იყოს კახეთის მეფე ავ-გიორგი, ანდა იმერეთის მეფე გიორგი VI, ალექსანდრე IV-ის ძე. ამდენად გარდამოხსნა თარიღდება 1446-1466 წლებით.

გიორგი VIII - მინიატურა სიგელიდან

ამგვარად წარწერაში მოხსენიებული პირებია:

მეფეთა-მეფე ალექსანდრე
მეფეთა-მეფე გიორგი

ამ გარდამოხსნას უკავშირდება შემდეგი გადმოცემა: 1614 წელს, შაჰ-აბასის ლაშქრობის დროს, შაჰმა სვეტიცხოველიდან გაიტაცა ეს გარდამოხსნა და თავის ცხენს უნაგირს ქვეშ გადააფარა და ასე შემოიარა მთელი საქართველო, მაგრამ ამ დროს ამბავი მოუვიდა, რომ სპარსეთში შავი ჭირი გაჩნდა. ქვეყანა ააწიოკა და დიდი გლოვა დააყენა. გამძვინვარებულ ჭირს წინ ვერაფერი დაუდგა.

შაჰ-აბასს უმალ "გარდამოხსნა" გაახსენდა, იგუმანა, რომ სასჯელი თავის ქვეყანას თავად ირანის მბრძანებელმა, თავისი გაუგონარი მკრეხელობით დაატეხა თავს... არც არავის არაფერი უთხრა, ჩუმად ჩამოახსნევინა, გააწმენდინა, შეაკეთებინა და ასევე ფარულად დაუბრუნა სვეტიცხოველს.

ლიტერატურა

[edit]
  1. 1900 - Натроев А. - Мцхет и его собор Свэти-Цховели: Историко-археологическое описание - გვ.428-429
  2. 1914 - Каталогъ предметамъ Церковнаго музея грузинскаго духовенства - Сост. М.Г. Джанашвили - გვ.18-19
  3. 1983 - ვახტანგ ბერიძე - ქართული ნაქარგობის ისტორიიდან - გარდამოხსნები


ბაგრატ მუხრანბატონის გარდამოხსნა

[edit]

ბაგრატ მუხრანბატონისეული გარდამოხსნა სრულიად გაურკვეველ ვითარებაში აღმოჩნდა მოსკოვში ლევშინის შესახვევში მდებარე პოკროვის ეკლესიაში (დღეს მის ადგილას არქიტექტორებისა და მშენებლების სახლია). მოგვიანებით ეკლესია დაანგრიეს, ხოლო გარდამოხსნა 1900 წელს გადაიტანეს მოსკოვის სასულიერო აკადემიის მუზეუმში. ამჟამად ინახება ზაგორსკის "ტროიცე-სერგიევის ლავრის" მუზეუმში.

ბაგრატ მუხრანბატონის გარდამოხსნა

წარწერა

[edit]

"ქ. ქრისტე ღმერთო, ჯუარცმისა, გარდამოჴსნისა, დაფლვისა და აღდგომისა შენისა მადლსა, შეიწყალე და იჴსენ ყოვლისა ბოროტისაგან სულკურთხეულისა მეფეთა-მეფისა კოსტანტინეს ძე ბაგრატ და თანამეცხედრე მათი პატრონი ელენე და ძენი მათნი".

დათარიღება

[edit]

გარდამოხსნას პირველად ყურადღება პოპანდოპულომ მიაქცია. მისი თხოვნით წარწერა ალ. ხახანაშვილმა გადათარგმნა, მაგრამ მან კონსტანტინე მეფის სახელი გამოტოვა და ამდენად ორივე ბაგრატისა და მისი მეუღლის ელენეს სახელების მიხედვით ფიქრობდნენ, რომ გარდამოხსნა ეკუთვნოდა ან საქართელოს მეფე ბაგრატ IV-ს, ან იმერეთის მეფე ბაგრატ III-ს.

ბროსეს მიაჩნდა, რომ გარდამოხსნა ბაგრატ მუხრანბატონის დაკვეთით იყო შესრულებული. ამ აზრს იზიარებს ვ. ბერიძეც და გარდამოხსნას 1505-1529 წლებით ათარიღებს.

ამგვარად წარწერაში მოხსენიებული პირებია:

მეფეთა-მეფე კოსტანტინე
ბაგრატ - კოსტანტინეს ძე
პატრონი ელენე - ბაგრატის მეუღლე

ლიტერატურა

[edit]
1. 1868 - Brosset - Sur une плащаница Georgienne, du XVI siele - კრებულში: 1868 - Melanges Asiatiques, V - გვ.732-736
ინტერნეტ-რესურსები: სტატია
2. 1891 - ა. ხახანაშვილი - საარქეოლოგიო შენიშვნა (წერილი მოსკოვიდან) - გაზეთი "ივერია", 1891, N 95
ინტერნეტ-რესურსები: გაზეთი
3. 1900 - В. К. Попандопуло - Грузинская плащаница въ ц. Покрова Левшинѣ, въ Москвѣ - კრებულში: 1900 - Древности. Труды Московского археологического общества - Том 16 - გვ.146-148
ინტერნეტ-რესურსები: სტატია
4. 1983 - ვახტანგ ბერიძე - ქართული ნაქარგობის ისტორიიდან - გარდამოხსნები
ინტერნეტ-რესურსები: წიგნი