ბაკულას ღორები
ბაკულას ღორები ავტორი: დავით კლდიაშვილი |
1920 |
ის იყო შარაგზით მომავალმა ზენათიმ გზის შესამოკლებლად ღობეზე გადარება დააპირა და ზედ შედგა ფეხი, რომ გამწარებით წამოიძახა:
- ღმერთო მომკალი!.. ღმერთო მომკალი! - ჩახტა ეზოში და ქაქანით გაენთო ეზოს ყურეში ყოფილ პატარა ბოსტნისაკენ.
- უიმე, უიმე!..
ღმერთო მომკალი!.. პიტია!.. სასიკვდილე პიტია... კიკილო! კიკილო!.. თქვენ მოუკვდით თქვენ დედას, თქვენ… პიტია, კიკილო! კი-კი-ლო-ო! - უცნაური ხმით გაჰკიოდა და თან მირბოდა ზენათი.
ამ ყვირილზე დაბალაივნიან სახლიდან გამოვარდა თხუთმეტ-თექვსმეტი წლის ქალიშვილი, რომელსაც უკან გამოსდია თმაგაბურძგვნილმა, ფეხშიშველა პერანგის ამარა პატარა ბიჭმა.
- რა ამბავია, დედა, რა? - იკითხა ქალიშვილმა.
- რა და თქვენი სიკვდილი!.. თქვენი არ გადარჩენა, თქვენ გოუწყდით პატრონს, თქვენ!.. ვეღარ ხედავთ, თქვე გასაწყვეტლებო, რომ ამოგვაგდეს... რომ ერთიანად ამოგვაგდეს?!. თქვენ გაგიწყდათ მიწა... მოისპო თქვენი სახელი!.. დაგიდგათ თვალები!..
მიწა დაგეყარათ გასაწყვეტლებს, მიწა! - და ამ წყევლის შემდეგ შეჩერებული ზენათი ისევ ბოსტნისკენ გაიქცა; უკან დაედევნა პიტიაც.
- ჰა ტრუბია! ჰა ტრუბია! - აყვირდა პატარა ბიჭიც და ამ ძახილზე სახლის ყურიდან გამოვარდა შავი, ბანჯგვლიანი ნაგაზი და ესეც ყეფით გავარდა ბოსტნისაკენ.
- ჰა ტრუბია, ჰა, ჰა! - ყვიროდა ბავშვი და თან მისდევდა ძაღლს.
ბოსტანში მყოფმა ძალზე გამხდარმა ორმა ღორმა და ცხვარმა ალბათ, კარგად იცოდნენ რა დღესაც დააყენებდა მათ ტრუბია. გაფაციცებით უცმაცურებდნენ პირს პრასა, ჭლაკვს, ნიახურს, ოხრახუშს - რაც კი პირს მოხვდებოდა, - შემდეგ ეცნენ ბოსტნის დაბალ რაგვს, ტრუბიას შიშით გაღონიერებულებმა შეამტვრიეს რაგვის ხმელი წკნელი და გასაქცევად გამზადებულები სამივე შეუდგა შეღმართს. ტრუბია ყეფით დაედევნა უკან, დაეწია ერთს, სწვდა გამხდარ კანჭში; ღორი აჭყვირდა, წაიქცა და კოტრიალ-კოტრიალით ჩამოგორდა ქვევით; ნაგაზი ახლა გაეკიდე მეორეს, დაეწია, ამასაც ჩაასო თავისი ბასრი კბილები კანჭში და ესეც აჭყვირებული წააქცია და კოტრიალით გადმოუშვა ქვევით; დამფთხალი ცხვარი კი საცოდავად ხან იქით მირბოდა, ხან აქეთ, შეშინებული, რომ ძაღლს არ ჩავარდნოდა საკბილავად. ტრუბია კი ღორების წვალებით კმაყოფილდებოდა.
დაბოლოს ამასაც მოსწყინდა მათი წვალება, გაანება თავი, შესდგა და თავაწეული მისჩერებოდა კანჭებ დასისხლიანებულ პირუტყვებს, რომლებიც აღმართს შეუდგნენ.
ზენათი კი ბოსტანში ჩამდგარი დაუცხრომლად ქაქანობდა და გაჰკიოდა რაც ხმა ქონდა გულგახეთქილი, რომ ხედავდა ასე შეუბრალებლად მოსრესილს თავის ნამუშევარს.
- ასე კაცის ამოგდება გაგონილა ქვეყანაზე?! თქვენ ამოგივარდათ თქვენი პატრონი... თქვენ ამოგივარდათ თქვენი პატრონი ძირიან ფესვიანად, რავარც თქვენ ეს ჩემი ბოსტანი ამომიგდეთ!.. აოხრდა თქვენი პატრონი, რავარც თქვენ აქაურობა ააოხრეთ!..მოსპო თქვენი პატრონი ისე, რავარც ეს ჩემი ნაშრომი მოსპეთ და გააქრეთ!.. ისე გაქრა თქვენი პატრონი... გაქრა ქვეყნის პირიდან!..
თქვენი პატრონი დასწყევლა ჩემმა გამჩენმა... დასწყევლა და მოსპო მამა ზეციერმა! - ყვიროდა ზენათი რაც ძალა და ღონე ქონდა, რომ შეღმართის წვერზე წამოსკუპებულ ქოხში გაეგონათ მისი გულისწყრომა.
რასაკვირველია, იქ ესმოდათ მისი ქაქანი, მისი ლანძღვა, წყევლა, მაგრამ პასუხს არავინ აძლევდა და არც არავინ ჩნდებოდა. ეს კიდევ უფრო აბრაზებდა ბრაზმორეულ ადამიანს და მის ლანძღვა-გინებას დასასრული არ ეძლეოდა.
- ასე არ შეიძლება, გალაქტიონ, არ შეიძლება, მითქვამს შენთვის! - გაალმასებული დაუხვდა ზენათი სამუშევრიდან საღამოს შინ დაბრუნებულ ქმარს.
- არ შეიძლება გეუბნები! რაცხა უნდა იღონო, თვარა ამოგვაგდეს და ეს არის!.. ამოგვაგდეს ერთიანად!..
ხმა უნდა ამოიღო!.. თუ არა და მითხარი და აღარ შევაკლავ თავს არც ყანას და არც ბოსტანს... ყველაფერს მივატოვებ!.. იმისთვის ვეწვალო, რომ ოხერ ბაკულას ღორებს შევაჭამო ჩემი ნაცოდვილარი?!. ბაკულას ღორების გამოძღომისათვის ვიკლა თავი? მითხარი, ბატონო, თუ არაფერი გვეშველება, მითხარი და აღარ ვიცოდვილებ! ყველაფერს თავს დავანებებ, თუ ბაკულას ღორების საოხრებლად უნდა გახდეს ჩემი ნამუშევარი!.. მივატოვებ ყველაფერს და მოსვენებულად ვიქნები!.. გულის ხეთქას მაინც გადავრჩები! არა, რატომ, რატომ კუჭგამხმარ ბაკულას ღორებს უნდა შევაჭამო ჩემი ნაცოდვილარი?! გაუჩუმდი, გაუჩუმდი...
ნუ გაცემ ხმას!..
- ახირებული ხარ ერთი შენც! - წყენით მიუგო გალაქტიონმა. - ვინ გოუჩუმდა, მარა იმ ოხერთან რომ არაფერი გამეწყო?! პირადად წავეკიდე, კაცებიც მივუგზავნე, დავემუქრე ასე გიზამ, ისე გიზამ-თქვა, მარა სინდის დაკარგულთან რა გაგივა! დასწყევლოს ღმერთმა ის დღე, როცა მაგ ოხერი იმ ჯაგებში დასახლდა!.. რა მოსვენებულად ვიყავით!..
- დასწყევლა ღმერთმა, დასწყევლა ღმერთმა ვიძახოთ!.. რაიმე საშვალება უნდა ვიხმაროთ, თვარა მარტო დასწყევლა ღმერთმას ძახილით ბევრი გაგიკეთდება... მე გეტყვი საშველი დაგადგება!..
ამით არაფერი გვეშველება, ადამიანო, არა, არა!
- მაცალე, ბატონო, ეგებ რამე ვიღონო... მაცალე!
- მაცალე, მაცალე... ამას კაი ხანია იძახი და საქმე თუ ხდება თვარა საშველი არაფერი გვეძლევა!.. როდემდი უნდა იყვეს ასე? ასე რავა უნდა გადაათელიო კაცმა თავი იმ წუნკლიანს!.. სულ შენი ბრალია, შენი ბრალი!.. თითქოს ერიდები იმ გასაწყვეტლებს!..
- ვინ ერიდება, ერთი შენ კიდევ! - გაჯავრებით წამოიძახა გალაქტიონმა.
- ვინ ერიდება?.. რაში უნდა მოვერიდო, მითხარი ერთი?!.
- აბა რაა? სამართალი რავა ვერ ვიშოვო, თუკი კაცი მოვინდომებ!
- ჰო, სუდში ვიჩივლო?
- ვიჩივლებ, აბა!.. მივათრევ ოხერს და მუდრეგს... არაფრით არ დავზოგავ!..
- დიახ, სუდში მიათრევ და დაიმედებული იყავი, რომ შენი სიმართლე გაგამარჯვებინებს, დიახ!.. ვიცი მე სუდის საქმე!..
უნდა გადაჰყვე საჩივარს და ბოლოს, ვინ იცის, რავა შეგიტრიალებენ ნათელ საქმეს!.. არა, შენ გენაცვალე, თელათ რომ ყველაფერი ამიოხროს, სუდში ფეხს ვერავინ შემადგმევინებს, ვერა! - გადაწყვეტილებით წარმოთქვა გალაქტიონმა. - ვიცი მე სუდის ამბავი!.. არა. საქმეს სხვა გზით უნდა შემოუაროთ! - დაატანა მან.
- სადაა მერე ეს სხვა გზა? - ცხარობდა ზენათი.
- გეუბნები მაცალე-თქვა...
მოვიფიქრებ!.. ჯერ ვერ გამოვნახე... მაცალე და გამოვნახავ...
- ა, ბატონო, გვიცლია და ვნახავთ! მარა ეს მითქვამს შენთვის, გალაქტიონ, თუ ასე გაგრძელდა, მე ხელს აღარაფერს მოვკიდებ, იცოდე... რაზე ვიწვალო... რისთვის ვაკლა ჩემი თავი?!. ბაკულას ღორების საძღომის მოსაყვანად ვიშრომო?..
- რაცხას ვიღონებ, შე ქალო! ვიღონებ, ოღონდ მაცალე!..
საიმედო გზას გამოვნახავ და გადავრჩები მაგ დაწყევლილ მეზობელსაც და შენს წყრომასაც! - ღიმილით დაათავა გალაქტიონმა. - კი, შენ ნუ მომიკვდები!
რამდენიმე დღის შემდეგ გალაქტიონი დაბა N-ს გაემგზავრა თავის ცოლის ნათესავთან, ალექსანდრე შარაქაძესთან, რომელიც თარჯიმნად მსახურობდა მაზრის სამართველოში.
დილა იყო, როცა იგი ჩავიდა დაბაში და რადგან ალექსანდრე შინ აღარ დაუხვდა, სამართველოში მივიდა მასთან.
- ოჰ, გალაქტიონს გაუმარჯოს! გაუმარჯოს გალაქტიონს! - მხიარულად შეეგება ყმაწვილი კაცი გალაქტიონს. - საიდან? რა ამბავია, რამ გაგსარჯა?.. ხომ მშვიდობით, კარგად...
- გმადლობთ, შენი ჭირიმე!.. ვართ ღმერთით ერთგვარად, თქვენგან დავიწყებული, დაკარგული!.. ვართ რავარც მოგეხსენება საწყალი კაცის ამბავი! - მიუგო თავის შებრალებით გალაქტიონმა
- ზენათი ხომ კარგადაა?..
- გმადლობთ... არის ისე.
- რა ხანია არ მინახავს!
- მერე ასე უნდა!.. ნამეტანი დაგვივიწყე, შაშა ჩემო!..
სულ აღარ გაგვიხსენე... მართალია, პატარა კაცები ვართ, მარა რაც რომ იყოს, რაც უღირსნი გყავდეთ, მაინც ნათესავები გყავართ... საწყლები ვართ, მარა ამიტომ კი არ უნდა მოგვიძულოთ თქვენისთანებმა... უფრო უნდა შეგვიბრალოთ და შეგვიწყალოთ ხოლმე!
- ღმერთმა ნუ დაგივიწყოსთ, რას ამბობ, შე კაცო!.. აბა კარგად ხართ?
- გახლავართ!.. ვებრძვით საწყლები ცხოვრებას რაც გაგვეწყობა, მარა რაი, მაინც საწყლად ვართ და ვიქნებით ჩვენს დღეში.
- რამ გაგასაწყლათ, შე კაი კაცო! - მხიარულად მიაძახა ალექსანდრემ და მხარზე ხელი დაადო.
- საწყლები ვარო, შენი ჭირი შემეყაროს, უსაშვალონი, აბა რა ვართ! ვისაც უნდა, ჩვენ გვაწუხებს და ჩვენ გვჯობნის!.. შემფარე არავინ გვყავს! - ნაღვლიანად წარმოთქვა გალაქტიონმა.
- ვიღაცას შეუწუხებიხარ, გალაქტიონ, გეტყობა!.. და ძალიანაც შეუწუხებიხარ, გეტყობა!
- სწორედ მასეა და იმიტომაც მოგაშურე, შენი ჭირიმე!.. აგერ მობრძანდი და მოგახსენებ ყველაფერს! - გაიწვია ოთახის თავისუფალ ყურეში ალექსანდრე.
- მართალია, უჩემოთაც ბევრი მაწუხებელი გყავს, შაშა, - დაიწყო გალაქტიონმა, როცა ორივენი დასხდნენ, ისე რომ მათ მუსაიფს ვერავინ შეუშლიდა, - მარა ჩვენთვისაც უნდა შეიწუხო თავი... ღმერთი მოიმადლიერე, ყურადღება მოგვაქციე...
შეგვეწიე! არც ისე შორებლები ვართ, შენი ჭირი შემეყაროს, რომ ჩვენი გასაჭირი არაფრად მიიჩნიო!.. მე თუ არა, შენი ნათესავი ქალი, შენი სისხლ-ხორცი მაინც შეიბრალე!.. ერთობ შეწუხებულია, შაშა ჩემო. მეტისმეტად შეწუხებულია და ამიტომ მოგაშურე!
- თუკი რამე შემიძლია!..
- კი შეგიძლია!.. რავა არ შეგიძლია!.. შენ თუ არ შეგიძლია, აბა ვიღას შეუძლია!
- თუკი მასეა, კი ბატონო...
ვინ ოხერი!.. რაშია საქმე?
- სულ უბრალო საქმე შენთვის...
- ჰო!
- ერთი კაცი უნდა შემიშინო...
- რავა?!. კაცი შეგიშინო?! - შეეკითხა გაოცებული ალექსანდრე.
- დიახ!.. ერთი ოხერი, ყოვლად გაფუჭებული მეზობელი გამიჩნდა, ის უნდა შემიშინო!
- რარიგად, გალაქტიონ?..
შეეშინდება ჩემი?.. - სიცილით ეკითხებოდა ალექსანდრე.
- კი შეეშინდება! და უნდა შემიშინო, შაშა!.. შენთვის ეს არაფერი იქნება, ჩვენთვის კი დიდი რამე! ერთი დღე დაკარგო ჩვენთვის - რა უნდა იყოს შენთვის... ესეც ისე, რომ იმ დღეს ტკბილად გაატარებ და ისიამოვნებ!.. მართალია, ჩვენისთანა საწყალი ნათესავი მაწუხებელია, ჩვენზე უკეთესებს სცნობ და მათთან ხარ გართული, მარა ღმერთი შეგეწევა, ჩვენისთანა საწყალს და გაჭირვებულს რომ გადმოხედავ ხანდისხან!.. ჰოდა იმას გთხოვ, მიკადრო შენი ღარიბი ნათესავი, მეწვიო ჩემს ღარიბ ოჯახში...
ერთი დღე გაატარო ჩემს ქოხში!.. შენთვის ეს არაფერი იქნება, ჩემთვის კი დიდად ეღირება, დიდად დაფასდება. კუთხე-მეზობელი გეიგებს, რომ სულ უპატრონო არ ვყოფილვართ... რომ ჩვენც გვყოლია შემწე და მფარველი... რად ეღირება ეს ჩვენთვის, ჩემო შაშა?!. ერთხელ მაინც ხომ უნდა ნახო შენი ნათესავი... მოხვალ, ისიამოვნებ, დროს გაატარებ და წამობრძანდები...
მე კი ამით ძალიან შემეწევი!
- კი, ბატონო, დიდი სიამოვნებით!.. თუ ამაზე მეტი არაფერია ეს რა! - სიცილით თქვა ალექსანდრემ. - სულ ადვილი საქმე ყოფილა!
- შენ არ მომიკვდე სხვა არაფერი... მარა შენთან ერთად თქვენი სეკრეტარიც მაწვიე, შაშა!
- ჩვენი სეკრეტარი?!. - გაიკვირვა ალექსანდრემ.
- სეკრეტარი!.. უსათუოდ შენთან ერთად უნდა მაწვიო!
- რუსია, კაცო! ქართული ინჩი-ბინჩი არ იცის!
- უსათუოდ უნდა მაწვიო! - მუდარით მიმართა გალაქტიონმა.
- შენთან ისიც დეინახოს ჩემმა კუთხე-მეზობელმა ჩემს ეზო-ნიადაგზე!.. გეფიცებით, სიამოვნების მეტი არა შეგხვდებათ რა... სადილს მიირთმევთ, ისიამოვნებთ და წამობრძანდებით და ეს იქნება!
- კი მარა აქ რაღაც ამბავია! - ვეღარ მოითმინა და ღიმილით უთხრა ალექსანდრემ, - შენ რაღაც სხვა განზრახვა გაქვს!
- არ მოგიკვდეს ჩემი თავი, თუ დამიჯერებ, არაფერი სხვა გარდა იმისა, რომ თქვენისთანა თვალსაჩინო პირებით თავი დევიფარო მაწუხებელ მეზობლისაგან!.. თქვენისთანა პირებს რომ ჩემს ქოხში დაგინახავენ, იტყვიან, რომ სულ უპატრონოდ არ ვყოფილვართ და მტერი შეშინდება, მოგვერიდება, ისე თამამად ვეღარ მოგვბედავს!..
- ეს ჩვენი შესაშინებელი კაცი ვინ არი, გამაგებინე ერთი? ეგებ ისეთი იყოს, რომ თავათ შეგვაშინოს იმის მაგივრად, რომ ჩვენ შევაშინოთ! - იცინოდა ალექსანდრე.
- კაცმა რომ შეხედოს მართლადაც შეეშინდება, ისეთი შეხედულობისაა!
- ვინაა, რა კაცია, გალაქტიონ?
- მეზობელია ჩემი... ჩემი მოგვარე...
ვიყავი ამდენი ხანი, შენ გენაცვალე, ჩემს პაწია კარ-მიდამოზე მოსვენებით... ახლო არავინ მყავდა მეზობლად... არავის ვაწუხებდი, არავინ მაწუხებდა... ვცხოვრობდი ჩემთვის... მიხაროდა!.. მოგეხსენება რა სარიდალია ახლო მეზობელი, და თუ ნამუსსდაშორებული გაგიჩნდა, ხომ გაგიმწარდება ადამიანს სიცოცხლე და ეს არი!.. ასეთი უბედურება მეწია მეც...
გამიჩნდა მეზობელი ყოვლად გაფუჭებული, სინდისდაკარგული ადამიანი... ამიკლო, შაშა ჩემო... ამიკლო, აღარა ვართ მისგან!
- ვინაა?
- ისევ ჩემი მოგვარე!.. ამას წინათ გამოეყო ძმას... წამოიღო რაღაც ქოხი რგებოდა, ჩადგა ჩემს ზევით ჯაგებში. ისეთ ადგილას რავა იფიქრებდი თუ იქ როდისმე ადამიანი დასახლდებოდა... ეგ, რასაკვირველია, მისი საქმეა, ღმერთმა მშვიდობა მისცეს, ჯანდაბაში წასულა, კისერი უტეხია, უარეს ადგილსაც გადაკარგულა - მე არ შევწუხდები ამისთვის, მარა მისმა მეზობლობამ ამომაგდო კაცი, ნამეტან ზარალს მაყენებს, შაშა!..
არა აქვს საჭმელი, არა აქვს სასმელი, ყრიან საცოდავად... ოჯახში, როგორც იცი, ყავს წვრილფეხი მარა რომ არ ყოლებოდა ერჩია...
თავისათვის საჭმელი რომ არა აქვს, პირუტყვს რარიგად შემოუაროს?!. უყრია მშიერი, შეწუხებული, შიმშილისაგან გამწარებული... ჰყავს დამწყვრეული და ეს მშიერი პირუტყვები, კუჭი რომ ეეწვისთ ხოლმე, ისე ჭყვირიან და წკნავიან, რომ იქ დაბლა ჩვენ ვიწვით მათი საცოდაობით, ისეთი ხმა მოდის!.. გული შეგიწუხდება ადამიანს!.. მარა ეს რაა, უბედურება ის არის, ამ შიმშილისაგან გამწარებულებს რომ გამოუშვებენ სამწყვრევიდან...
მაშინ არი ჩვენი შეწუხება... თავის მახლობლად რას ნახავენ, ეკლისა და ბარძგების მეტი არაფერია... დაეშვებიან ჩვენკენ... ეზოს ყურეში პაწია გვარიანი ბოსტანი გვაქვს... ზენათის ნაკეთებია... მოაშურებენ პირდაპირ აქეთკენ უსათუოდ! მოვარდებიან და, ერთი თვალის დახამხამებაში, სულ ერთიან გადაჭამენ, გადასისნიან, აღარაფერს დატოვებენ! კეტი რომ უბრაგუნო, ვერ მოაშორებ ისეთი რაღაც დაწყევლილებია - ალბათ, შიმშილისაგან რომ გამწარებული არიან. ძაღლი მყავს ბედათ იმისთანა, რომ სისხლით შეღებავს ხოლმე მათ და იმისი შიში აქვთ კიდევ, თვარა ჩვენი საშველი არ იქნებოდა!..
ვეხვეწე, ვემუდარე ნუ ამომაგდებ-თქვა, ჩამომაშორე ეს შენი ღორები და ცხვრები-თქვა, კაცებიც მივუგზავნე, ეკლესიაზე ხალხში შევჩივლე, მარა არ იქნა, არაფერი არ გამოვიდა; სუდში ვერ წევედი საჩივლელად... მეშინია! ჯერ საქმეს დასასრული არ მიეცემა, მერე მოწმეების თრევა, მათი ჭმევა-სმევა, ხარჯი, გაცდენა და ბოლოს შეიძლება საქმე ისე შემოგიტრიალონ, რომ ბრალი მე დამდვან, რომ პატარა ბოსტანი მქონებია და საკმარისად ვერ ძღებიან შიგ იმ ჩემი მეზობლის ღორები!
ალექსანდრემ ამაზე გულიანად გადიხარხარა.
- კი, ადვილი შესაძლებელია!.. სუდში სწორედ ვერ შევალ... ცეცხლივით მეშინია. ამიტომ მოგაშურე ახლა შენ... მეტი გზა არ მაქვს! სხვანაირად უნდა შემოვუარო საქმეს...
თქვენი ერთი ფეხის დაბაკუნება ათასწილად მირჩევნია სასამართლოში თრევას და წოწიალს... ერთს თვალებს გადმოუბრიალებთ, ხმამაღლა შესძახებთ ისე, რომ კანკალს დააწყებინებთ ქე რომ იცით, და საქმეც მოგვარდება... ჰოდა იმიტომ გთხოვთ, რომ თქვენებურად შემიშინოთ ის ჩემი მაწუხებელი!
- კი, მარა, რარიგად შევაშინოთ მაინც?.. უჩივლებ და დავიბაროთ, თუ როგორ? - იცინოდა ალექსანდრე.
- არა, შენი ჭირიმე, არა!.. მაგდენზე რავა გაგრჯით!.. თქვენ ოღონდ მობრძანდით ჩემსას, სადილი მიირთვით - დაგინახონ ჩემსას, დაგინახონ რომ თქვენისთანა კეთილები მყავს მფარველად და სხვა არაფერი!
- შეშინდება მერე ამით ის შენი მეზობელი?
- კი შეშინდება!..
რას ბრძანებთ - თქვენ დაგინახავსთ და სული კოჭებში არ ჩოუვა?!. რას ბრძანებ!
- აბა კარგი... რაკი მასეა! - სიცილიო წამოიძახა ალექსანდრემ. - ეგ მართლაც სულ იოლი საქმე ყოფილა!
- მომავალი კვირისათვის უნდა დამავალოთ!.. გზის ნუ შეგეშინდებათ... შორი არ არის, გზა კარგია... კრეულაზე ხიდია ჩატეხილი, მარა ახლა ყველგან მშვენიერი ფონია...
სულ არ შეწუხდებით, სულ!.. სეკრეტარი უსათუოდ უნდა მაწვიო, შენს სულს დავენაცვლე... უსათუოდ!
- აი, ბატონო, წამობრძანდი... ვუთხრათ!
გაიარეს ხალხით გაჭედილი სამართველოს რამდენიმე ოთახი და შევიდნენ ოთახში, სადაც განიერ მაგიდას უჯდა შუახნის გრძელწვერა, თვალებდაბერილი მოხელე, სამაზრო სამართველოს კანცელარიის უფროსი.
- რა ამბავია? - ქართულად ჰკითხა მან ალექსანდრეს და თვალი გალაქტიონს გადაავლო.
- ვასილ ივანიჩ, ეს გახლავთ ჩვენებური აზნაური გალაქტიონ ხოსოლიანი... გთხოვსთ პატივი სცეთ და კვირას ეწვიოთ სადილად ოჯახში! - რუსულად უთხრა მას ალექსანდრემ.
ვასილ ივანიჩი გაკვირვებით მიაშტერდა ალექსანდრეს.
- ჩტო ეტო ზნაჩიტ?!. - იკითხა მან.
- გთხოვთ ეწვიოთ სადილად. სხვა მეტი არაფერი! - მიუგო ალექსანდრემ.
- საიდან!.. მე მაგ თვალითაც არასოდეს არ მინახავს!..
აქ ხრიკი იქნება რაღაც... დაიკარგოს იქით! - წაილაპარაკა ვასილ ივანიჩმა და ისევ განაგრძო შეწყვეტილი წერა.
- არაფერი ხრიკი არაა, ვასილ ივანიჩ!.. მაგას უნდა, რომ ჩვენ შევუშინოთ ერთი მისი მაწუხებელი მეზობელი!
- შევუშინოთო?..
- გაოცდა სეკრეტარი.
- ჰო! - სიცილით უთხრა ალექსანდრემ.
- მერე მე რა საფრთხობელა მნახა?!.
რას მიედ-მოედებით! - წამოიძახა მან.
გალაქტიონი შიშმა შეიპყრო: ეს კაცი ისე ლაპარაკობდა, რომ ეტყობოდა უარს ამბობდა. მაგრამ ალექსანდრემ ერთი გადახედა მას და მერე თავისი მოქნილი ენით დაწერილებიო მოუყვა ვასილ ივანიჩს გალაქტიონის ამბავი იმგვარად, რომ ის კიდეც გააცინა გულიანად.
- ნუ ნაპუგაემ, ჩორტ ვოზმი, ესლი ტაკ! - სიცილით წამოიძახა მან.
გალაქტიონი შეიშუშნა.
- რაო, შაშა... შენი ჭირიმე? - გაუბედავად შეჰკითხა ალექსანდრეს.
- თანახმაა... მოდის! - მიუგო მან.
- ცაუდით!.. ცაუდით! - მხიარულად უთხრა ვასილ ივანიჩმაც.
გახარებულმა გალაქტიონმა დაბლა თავი დაუკრა მადლობის ნიშნად და გახალისებულმა ისევ ალექსანდრეს მიმართა:
- აბა, შაშას ჭირი შემეყაროს!.. კვირას მოგელით უსათუოდ, მიირთმევთ სადილს და წამობრძანდებით გინდ იმ საღამოსვე, გინდ ადრიანად... საქმე არ დაგიბრკოლდება! - ხვანხვალობდა გალაქტიონი.
- ნაპუგაიმ, ნაპუგაიმ! - იცინოდა მდივანი. - ოღონდ ღვინო კარგი იქნეს, თორემ ისე ვერ შევაშინებთ!.. ხომ აქვს კარგი ღვინო?
- რაო, შენი ჭირიმე, რას ბრძანებს? - იკითხა გალაქტიონმა.
- ღვინო თუ გაქვს კარგიო?
- იცოცხლეთ!.. საუკეთესო ღვინოს მოგართმევთ!.. რომ არ მქონდეს, ვიშოვი... თქვენისთანა პირებს ჩემს ოჯახში დავინახავ და ცუდ რამეს მოგართმევთ, რავა გეკადრებათ!..
აბა, შაშა, შენი ჭირიმე, კვირას უსათუოდ!..
- კარკი, კარკი!.. მოუდის, მოუდის! - მხარზე ხელის დარტყმით უთხრა ვასილ ივანიჩმა გალაქტიონს, რამაც ის კიდევ უფრო გაახარა.
გალაქტიონმა რამოდენიმეჯერ თავი დაბლა დაუკრა, სახეგანათებული ოთახიდან გამოყვა ალექსანდრეს და ისევ მიმართა მას მუდარით:
- შენ სულს ვენაცვალე, შაშა!.. თუ ჩემი ოჯახის სიკეთე გსურს, ა... ახლა დევინახავ!.. არ გადამითქვათ დანაპირები!..
გამხადე შენი საუკუნო მონა-მოსამსახურედ!
- კი ბატონო, კი!.. გადაწყვეტილია... კვირას უსათუოდ შენთან ვართ!.. შენსას ვქეიფობთ!
- თუ შეგხვდესთ იმისთანა ვინმე, რომ მხარი დაგიმშვენოსთ და თქვენი სასიამოვნო იყვეს, ნუ დამირიდებთ, წამოიყვანეთ ისიც!.. ერთი სიტყვით ისე მოდით, რომ თქვენდა გულისაჯერად დრო გაატაროთ, მასპინძლობა კი ჩემს კისერზე იყოს!.. ისეთი დრო უნდა გაგატარებინოთ, რომ სამახსოვნოთ გექნესთ!.. კი!..
- აბა ჰე, აბა ჰე!.. ჩვენც მაგისათვის მოვემზადებით! - მხიარულად უთხრა ალექსანდრემ.
- აბა ახლა მე გავსწევ და აქედანვე შევუდგები თადარიგს, რომ თქვენდა საკადრისად დაგიხვდეთ, როგორც თქვენისთანა პატიოსან პირებს შეეფერება!..
აბა ასე, შაშას ჭირიმე, ასე, შენ გენაცვალე! - დასასრული აღარ ეძლეოდა გალაქტიონის მუდარას და ხვეწნას. დაბოლოს როგორც იქნა გამოემშვიდობა ყმაწვილ-კაცს და სიხარულისაგან აფრენილმა, რომ საქმე სასურველად ეწყობოდა, გასწია შინისაკენ.
სახლში დაბრუნებული გალაქტიონი მეორე დღიდანვე შეუდგა სტუმრების მიღებისათვის თადარიგს. ოჯახში დილიდან საღამომდი მხოლოდ იმის შესახებ იყო ლაპარაკი თუ რა მოემზადებინათ და როგორ მოეწყოთ ყველაფერი ისე, რომ სტუმრებს სიამოვნებოდათ.
არც გალაქტიონს, არც ზენათის არაფერი არ ეშურებოდათ ამათთვის, რაკი მათგან დიდ სიკეთეს გამოელოდნენ. მეზობლებშიაც გაიგეს, რომ ხოსოლიანებისას უცხო სტუმრებს მოელოდნენ კვირისათვის და ყველა დაინტერესდა მათი დანახვით. მხოლოდ ბაკულას ღორები და ცხვარი თავისას მაინც არ იშლიდნენ და იმ კვირაში ბარე ორჯერ მოინახულეს მათი საყვარელი ზენათის ბოსტანი.
- მაცალეთ, მალე ყველას გაგიჩენთ მუხლებში კანკალს, მალე, - იმუქრებოდა გალაქტიონი. - მალე სულ სხვა გუნებაზე მეყოლებით ყველა!.. დაგიდგებათ თვალები! - დაიმედებულად ამბობდა იგი.
სანატრელი კვირაც გათენდა.
ზენათის ყველაფერი დამზადებული ჰქონდა სტუმრებისათვის: ცხვარი, ინდაური. ქათმები, აუარებელი ხაჭაპური, გომიჯები, ნაშოვნი იყო მშვენიერი წითელი ღვინო. დილიდანვე მომყოლი კაცი აახლეს დაბაში და კიკილო გზაზე დააყენეს მოდარაჯედ, რომ დროზე ეცნობებია ცხენოსან სტუმრების მოახლოება.
დღე საგანგებო კარგი გათენდა.
ჯერ ადრიანი იყო კიდევ, სტუმრები რომ გალაქტიონის ეზოში ჩამოხტნენ, სადაც მათ დიდი მოწიწებით შეეგებნენ გალაქტიონი და ზენათი თავიანთი შვილებით.
რადგან ჯერ წირვა გამოსული არ იყო და ეკლესიაც ახლოს იყო, სტუმრებმა უარი არა თქვეს ეკლესიაში წასვლაზე, რამაც დიდად გაახარა მასპინძელი. გალაქტიონი ეახლა თავის სტუმრებს და მის სიხარულს საზღვარი არ ქონებია, როცა ხედავდა თუ რა მოწიწებით აძლევდა სალამს მის სტუმრებს ნაწირვებს ეკლესიის გალავანში გამოფენილი ხალხი.
- ნუ ჩტო, პუგაიტსა? - ღიმილით, ხმადაბლა წაულაპარაკა ვასილ ივანიჩმა ალექსანდრეს.
- ალბათ! - სიცილითვე მიუგო მან. - ჩვენი მასპინძელი ერთობ მხიარულადაა... ალბათ, ატყობს! - ეშმაკურად დაატანა მან.
ეკლესიიდან შემატებული კამპანია ჩამოვიდა გალაქტიონისას. უცხო სტუმრებს მიემატა ახალგაზრდა მღვდელი და გალაქტიონის რამდენიმე მეზობელი.
რადგან დღეც ხელს უწყობდა, ეზოშიც ფართოდ შტოგაშლილი ცაცხვი იყო, გადაწყვიტეს სუფრა ამ ცაცხვის სასიამოვნო ჩრდილში გაეშალათ.
ერთ წამში სუფრა აივსო ათასნაირი ნამზადებულობით, ღვინიანი ბოთლებით, პატარ-პატარა ნიტრებით და ჭიქებით. პატარა საზოგადოება მხიარულად შემოუსხდა სუფრას; ამ მხიარულობას ხელს უწყობდა გალაქტიონის გულუხვობა, ზენათის თავგადადებული მსახურება და განსაკუთრებით ის მშვენიერი, მართლაც და სანაქებო ღვინო, გალაქტიონმა რომ სტუმრებს მიუტანა. სადღეგრძელო სადღეგრძელოზე ისმებოდა ძალდაუტანებლად, სიამოვნებით; ყველანი უსურვებდნენ მასპინძლებს სიკეთეს, ბედნიერებას, მშვიდობიან ცხოვრებას, მტრის აშორებას და ყველა მათ შემწუხებელის დამხობას.
ზენათიც და გალაქტიონიც სიხარულისაგან, რომ ასეთი შნოიანი ნადიმი ჰქონდათ, ცაში დაფრინავდნენ. სიხარულმა უფრო იმატა, როცა მეტისმეტად გამხიარულებულმა ვასილ ივანიჩმა, რომელიც უპრაგონოდ სცლიდა სტაქანს სტაქანზე, ზენათისთან, თუმცა ბანცალით, მაგრამ მაინც იცეკვა ლეკური და შემდეგ ჩააცივდა მის გვერდით მჯდომ მოძღვარს და საშველი არ მისცა სანამ ზეზე არ წამოაგდო ლეკურის საცეკვაოდ.
- პლიაში, პოპინა, ჩორტ ტებია პობერი! ნუ! - იძახოდა იგი და ამასთანავე მუშტებს ურტყამდა კისერში მეორე გვერდით მჯდომარე ალექსანდრეს, ხან გულში იკრავდა და უშვერ სიტყვებს თავაზობდა. მღვდელმა შემოიკრა თავისი ანაფორის კალთები და ერთი ორი ჩამოუარა.
საერთო სიცილს და მხიარულებას დასასრული არ ჰქონდა. მადლიერი გალაქტიონი მადლობის ნიშნად ხელზე ემთხვია მოძღვარს, მერე გადაეხვია ალექსანდრეს და გულმხურვალედ გადაკოცნა.
სწორედ ამ დროს მოისმა ტრუბიას გამწარებული ყეფა. ზენათი, რომელიც ალექსანდრეს ფეხთით იყო მორთხმული და ესიყვარულებოდა, ამის გაგონებაზე წამოვარდა ზეზე და ბოსტნისკენ გადიხედა; აქეთკენ გავარდა კიკილო და, რადგან ყეფა არ წყნარდებოდა, აქეთკენვე გაიქცა პიტია, რომელსაც შეშფოთებულმა ზენათიმ გადაულაპარაკა:
- პიტია! გადიხედე, შვილო, რა ამბავია!
მაგრამ გადახედვა საჭირო აღარ იყო ამბის გასაგებად. ცხადად ჩანდა რაც ამბავი იყო. ბოსტნიდან ცაცხვისაკენ გიჟურად მორბოდა ორი ღორი, მათ უკან ორი ცხვარი, მორბოდნენ შურდულივით სადაც სუფრა იყო გაშლილი, უტიფრად ეცნენ და შევარდნენ სუფრის ქვეშ და თუმცა ყოველი მხრიდან რტყმევით და ცემით უმასპინძლდებოდნენ, მაინც არ იცვლიდნენ ფეხს და ფაცურობდნენ, რომ რაც შეიძლებოდა მეტი რამესათვის მოედვათ ტუჩი. ალბათ საჭმელების სუნმა გააბრუა და თავდავიწყებამდის მიიყვანა დამშეული ოთხფეხი და აღარ ერიდებოდნენ აღარც ტრუბიას კბილებს, აღარც იმ ჯოხებს, რომელსაც გალაქტიონთან ერთად თავაზობდნენ სტუმრებიც.
ამგვარი ამათი საქციელი თან აკვირვებდა ყველას, თან უზომო სიცილს იწვევდა.
ალექსანდრე იცინოდა ისე გულიანათ, რომ იქაურობას აყრუებდა.
- ა, ბატონო, ა!.. შეიძლება ამისთანა ამბავი?! - იძახოდა გამწარებული გალაქტიონი. - შეიძლება ამისთანა ამბავი?.. მიშველეთ რამე... ყველას გეხვეწებით, დამიხსენით იმ კაცისაგან!..
მეზობელი კი არა, ამაოხრებელი მტერია ჩემი!.. მიხსენით იმ არაწმინდისაგან - შესჩიოდა იგი ყველას და უმეტესად ვასილ ივანიჩს და ალექსანდრეს.
ამგვარადვე წიაქობდა ზენათიც. ალექსანდრე კი ისევ ხითხითებდა, ხითხითებდა გულიანად.
- ვასილ ივანიჩ, სვინი, ვასილ ივანიჩ! ხა, ხა, ხა! სვინი, სვინი! - ჩასძახოდა იგი ვასილ ივანიჩს.
მაგრამ ვასილ ივანიჩს ამქვეყნის აღარაფერი ესმოდა, ისე იყო მთვრალი და მხოლოდ ლუღლუღებდა.
- ნუ ტებია...
სამ სვინია! კ ჩორტუ!
- მიშველეთ, ერთი ახლა შეუცუცხუნოს საკადრისად... მიშველეთ! - ეხვეწებოდა გალაქტიონი ალექსანდრეს.
- რაღას შეუცუცხუნებს, ვერ ხედავ, შე დალოცვილო, კაცი საიქიოს მიემგზავრება - იცინოდა ალექსანდრე.
- შენ აბა, შენ... მიქენი წყალობა!.. თუ ჩემი სიკეთე გსურს. დაუფთხე ანგელოზები იმ უსინდისოს, მაგ ნამუს დაკარგულს! შაშა, მიშველე! - ემუდარებოდა გალაქტიონი.
- გვიშველე, შენ სულს დავენაცვლე!.. აღარა ვართ მაგისაგან...
გვიშველე, შენი ჭირი შემეყაროს! - ევლებოდა თავის ნათესავს ზენათი.
- გამოფხიზლდება აგერ და მაშინ, მაშინ!.. რა ყოფილა, რა ამბავია ეს... მართლა უცნაურობა რამე არაა?! რა ნახეს ჩემმა თვალებმა! - შეუჩერებლად ხითხითებდა ალექსანდრე.
ღორები ერთი ვაი-ვაგლახით გადადენეს ეზოს გადაღმა, უგრძნობლად მთვრალი ვასილ ივანიჩი იქვე ცაცხვებქვეშ გაშლილ ნოხზე დააწვინეს მოწიწებით, იმის იმედით, რომ ტკბილი ძილის შემდეგ გამოფხიზლებული დაიბარებდა ბაკულას და ცოლ-ქმარის გულის საჯეროთ შეტუქსავდა.
მაგრამ როცა საღამოს ვასილ ივანიჩმა გამოიღვიძა და ალექსანდრეც მოუყვა თუ რა ამბავი დააწიეს გალაქტიონის ეზოში ბაკულას ღორებმა, მან, ბურანში მყოფმა, ხელის გაქნევით წამოიძახა - ა ნუ იხ კ ჩორტუ! და წასვლა აიჩქარა. და რადგან დაჯინებით მოითხოვდა გამგზავრებას, ცხენებიც მოართვეს. და უცხო სტუმრები ისე გამოეთხოვნენ მასპინძელს, რომ მათი მაწუხებელი მეზობელი თვალითაც არ დაუნახავთ და სიტყვაც არ გაუციათ მისთვის.
თუმცა ამან ცოტა არ იყოს გული დასწყვიტა ცოლ-ქმარს, მაგრამ ორივე დიდად კმაყოფილნი იყვნენ, რომ სტუმრებს სანაქებოდ დაუხვდნენ, ასიამოვნეს და იმ იმედით რჩებოდნენ, რომ დღევანდელი დღე თავის გავლენას იქონიებდა წინათ დაურიდებელ მეზობლებზე.
ამის გამო, თუ სხვა მიზეზით, მართლაც ერთ ხანზე ზენათის ბოსტანს შეღავათი მიეცა, შიგ ბაკულას ღორებს ფეხი აღარ შეუდგამთ, შესწყდა წინანდელი ზენათის ქაქანი, ტრუბიას ყეფა, ლანძღვა, გინება, რაც ბოსტნიდან მაღლა სერზე მცხოვრებთ ეგზავნებოდათ. თითქოს სასურველი მშვიდობიანობა ჩამოვარდა, იმედი გამართლებულიყოს და ნახმარ საშუალებას გაეჭრას, ისე ჰგავდა.
ცოლ-ქმარი ხოსოლიანები დიდად მოხარულნი იყვნენ.
მაგრამ სიხარული ხანმოკლე გამოდგა. ორიოდე კვირის შემდეგ ღორებმა ისევ განაახლეს თავისი ჩვეულება, ისევ იწყეს ზენათის ბოსტნის აწიოკება და რაც ხანი გადიოდა, თითქოს ჯინაზე, მეტსა და მეტს ზარალს აყენებდნენ, მეტად და მეტად ჯიჯგნიდნენ იქაურობას.
გამწარებულმა გალაქტიონმა თავის მფარველებს მიაშურა.
- რას შვება შენი მეზობლის ღორები? - სიცილით ჰკითხა ალექსანდრემ გალაქტიონი რომ დაინახა. - შეშინებულია თუ არა?.. კაცო, რა ღორები ჰყოლია... რა ჯიშისაა თუ ღმერთი გწამს?!.
ხა, ხა, ხა!
- იცოცხლე იმას თავისი მოუვიდა... და აქამდისინ თქვენი წყალობით ერთობ მოსვენებული ვიყავით... მარა ახლა ისევ...
- ჰო!
- ისევ წინანდებურად დეიწყეს... ამომიგდეს ნაოფლარი! ვერასგზით ვერ მოვიშორე! ნამეტან ზარალს მაყენებენ, შაშა ჩემო.
- გადუარა შიშმა აბა! - გაიცინა ალექსანდრემ.
- უნდა მიშველოთ შაშა!..
მარა ისე უნდა შემეწიოთ, რომ სამიდღემჩიოდ ჩამომშორდეს... მაგისთანას სხვანაირად უნდა მოექცეთ... რომ გონება დეებნას!
- აბა კიდევ შევაშინოთ... მარა უფრო მაგრად!
ამ დროს ოთახში ვასილ ივანიჩიც შემოვიდა.
- ნუ ჩტო, - მიმართა მან გალაქტიონს, - ისპუგალის?
- გადუვლია შიშს! - რუსულად მიუგო ალექსანდრემ.
- აბა არ შენაგვძლებია შეშინება! - გაიცინა ვასილ ივანიჩმა
- ახლა ის უნდა, რომ სხვანაირად, უფრო მაგრად შევაშინოთ!.. უფრო კარგი ღვინით!..
- აბა მაგის მეტი საქმე აღარ გვქონია...მაგის მეზობლები ვაშინოთ! - წაილაპარაკა ვასილ ივანიჩმა და გაშორდა.
მეტად გულდაწყვეტილი დაბრუნდა გალაქტიონი შინ, რომ არაფრად მიიჩნიეს მისი შეწუხება მისმა საიმედო პირებმა.
- აბა იმისთვის გავწიეთ ამდენი ხარჯი, რომ მარტო შეესვათ, შეეთხვლიპათ ყველაფერი და არაფერში გამოგვდგომოდნენ?.. - წამოიძახა ზენათიმ, როცა გალაქტიონი მოუყვა თუ როგორ შეხვდნენ მას დაბაში. - იმისათვის გაგვაწევიეს ამდენი ხარჯი, რომ ოხერ ბაკულასაგან ვერ დაგვიფარონ?! აბა რაღა შეუძლიათ მაგათთანა ოხრებს!?
გალაქტიონი კიდევ იმედით იყო მათზე და ორჯელ-სამჯერ კიდევ მოიარა დაბა და ინახულა ვასილ ივანიჩიც და ალექსანდრეც; მაგრამ მისთვის არავის სცალოდა, მისთვის თავს არავინ იწუხებდა და, როგორც ეტყობოდა, მისი პურ-მარილიც დავიწყებას ეძლეოდა.
ახლა ბაკულასთან ერთად მათზედაც გული ჯავრით ევსებოდა გალაქტიონსაც და ზენათისაც.
- მოგიკვდეს ჩემი თავი თუ მაგაზე, მაგ უნამუსოებზე ჯავრი არ ვიყარე! რამე არ დავმართე! - გულმოსულად წამოიძახა გალაქტიონმა ერთ დღეს ზენათისთან.
- რა უნდა დამართო, ერთი შენ! - შეუტია ზენათიმ.
- იმ ჩემ პურ-მარილს წავამწარებ! წავამწარებ ორივეს, თუ კაცი ვყოფილვარ!.. მეგონა კაცები იყვნენ!
- არაფერი ისულელო კიდო... არასფერში გეეხვიო, თუ ღმერთი გწამს!.. კმარა ისიც რაც ჩვენს თავზედაა! - უთხრა ზენათიმ.
- ჩემს პურ-მარილს წავამწარებ! - დაჯინებით განიმეორა გალაქტიონმა. - კი!
გულნატკენმა გალაქტიონმა უკანასკნელ ხანებში რამოდენიმეჯერ მოიარა დაბა და ერთ დღეს მაზრის სამართველოშიაც მივიდა ალექსანდრესთან.
- რავა მშვიდობით ბრძანდები, შაშა? - მიმართა გალაქტიონმა მას.
- ვართ, შენი ჭირიმე!
- ბატონი ვასილ ივანიჩი? ხომ კარგად არის?
კარგად არი... მარა გალაქტიონ, გირჩევნია ნუ დაენახვები! - ღიმილით მიუგო ალექსანდრემ.
- რატომ, შენი ჭირიმე?.. საწყენი ჩემგან რა შეხვდა?
- შენგან არა პირადად... მარა შენი გამოისობით კი!
- რავა, რავა შენი ჭირიმე?.. გამაგებინე, შენ გენაცვალე! ღმერთო მომკალი! - შეწუხდა გალაქტიონი.
- გამაგებინე, შენ გენაცვალე... რა იყო, რის თაობაზე?..
- რის თაობაზე და, შენსას რომ ვიყავით, ვიღაცას დანოსი მოუწერია მაზრის უფროსისათვის... უწერია უცნაურად თუ როგორ დავთვერით, ნამეტურ ვასილ ივანიჩი, როგორ დაგვერია ღორები, ევირიეთ ღორებში... რომ მთელი სოფლის სასაცილო გავხდით ვითომ... რომ უგრძნობელი ჩამოათრიეს სახლში... რა ვიცი რამდენი რამე ამისთანები...
ერთი სიტყვით, რაც იყო, რაც არა... ათასი სისაძაგლე. გადარეული იყო მაზრის უფროსი, დეიბარა ვასილ ივანიჩი და ისეთი დღე დააყენა, რომ შენი მოწონებული... სამსახურიდან დათხოვას დაემუქრა, თუ კიდევ ამგვარი რამე განმეორდებაო... აბა!
- ღმერთო მომკალი! ღმერთო მომკალი! - გულში მუშტის ცემით ამბობდა გალაქტიონი.
- ჰოდა ეს მოხდა შენი მეზობლის შეშინებისათვის! მარა ის კი არ შეგვიშინებია, ჩვენ შეგვაშინეს უფრო, შენ გენაცვალე! სიცილით თქვა ალექსანდრემ. - სამსახურიდან კაცი დაგითხოვონ, ეხუმრები შენ?..
- ღმერთო მომკალი! - წუხდა გალაქტიონი. - რა ხალხი ვართ, რა ხალხი ვართ!.. ყველგან შური!.. ახლა რაი და, ამისთანა კეთილები გოუჩნდაო, და აღარაფერს ერიდებიან, რომ თქვენი თავი დამიკარგონ!.. ჰმ! რა უნდა ქნა კაცმა, რაობით უნდა იცხოვრო!? ვიცი ვისიც ნამოქმედარია ეს საქმე!..
რაობით დაუმტკიცებ, თვარა რაღა ლაპარაკი უნდა, რომ იმ ვაჟბატონის, ჩემი მეზობლის, ბაკულის ეშმაკობაა.. რა ლაპარაკი უნდა! მეტი ვინ იზამდა...
ვის რა ენაღვლებოდა თქვენ მყოლებოდით! ქვეყანაზე მეორე არ მოიძებნება იმდაგვარი ყოვლად წამხდარი, გაფუჭებული, ზნედაცემული ადამიანი! თავს დავდებ თუ ეს მისი შტუკა არ არის!.. რაი და ჩემს ჯინაზე ვითომ!.. ღმერთო მომკალი, თქვენ რატომ შეგხვდათ ჩემი გულისათვის ასეთი უსიამოვნება, თვარა ის რაც კაცია, კი ვიცი!.. შაშა, ვნახავ ერთი ვასილ ივანიჩს!
- რათ გინდა?
_ ბოდიშს მაინც მოვიხდი, რომ ჩემი გულისათვის ასეთი უსიამოვნობა შეუხვედრებიათ!
- აჰ, თავი დაანებე! ისეთი გაჯავრებულია, რომ ყველა ჩვენებურს უშვერი სიტყვებით იხსენიებს!.. შენც უცნაურს რაცხას გეტყვის! ტყვილა გაალანძღვიებ თავს... ამ ერთ ხანზე მაინც ეერიდე! - ურჩია ალექსანდრემ.
- ღმერთო მომკალი! - შეწუხებით იმეორებდა გალაქტიონი.
- ღმერთო მომკალი!.. რა ვქნა!.. მომსპო იმ კაცმა ყოველნაირად და ეს არის!.. ნეტავი კაცი მაინც იყოს!
ამ დროს ოთახში ვასილ ივანიჩიც შემოვიდა ქაღალდებით ხელში და რაღაც საქმე მოსთხოვა ალექსანდრეს. გალაქტიონმა მოწიწებით თავი დაბლა დაუკრა, მაგრამ ვასილ ივანიჩს არავითარი ყურადღება არ მიუქცევია და როცა მიუხედავად ამისა გალაქტიონმა მაინც მშვიდობა და კარგად ყოფნა უსურვა, მან წარბებშეკვრით წაილაპარაკა:
- ნუ ვას ვსეხ კ ჩორტუ!.. - და რაკი მოთხოვნილი საქმეც მიიღო, ოთახიდან გავიდა.
გალაქტიონმა მას თვალი გააყოლა და ისევ ალექსანდრეს მიმართა:
- შაშა, ოხერი კაცის გულისათვის ნუ გამრისხავთ თქვენი ჭირიმე!..
ყოველგვარად ნუ დააჯაბნიებთ ჩემს თავს, ჩემს ოჯახს იმ არაწმინდას!.. ამომიგდო, ამომიგდო ნამუშევარი. მადლობა ღმერთს ქონდეს, გოუძლებთ კიდევ, მარა იმ წყეულის წყალობით თქვენისთანა კეთილები რავა უნდა მეკარგებოდეს!.. თქვენი იმედით ვიყავი გაღონიერებული და მედგა სული!.. ნუ გამიმეტებთ, შაშა, ნუ დამღუპავთ, ნუ გამაგდებთ განზე უპატრონოდ!.. გაფიცებთ ყველაფერს!
და ამას ისეთ კილოთი ეუბნებოდა გალაქტიონი, რომ ალექსანდრესაც კი შეეცოდა იგი და არწმუნებდა, თავის მხიარული სიტყვით ანუგეშებდა, რომ იგი კვლავაც მისი შემწე და დამხმარე იქნებოდა სადაც კი გაუვიდოდა.
საღამოს შინ დაბრუნებული გალაქტიონი კი სიამოვნებით ეუბნებოდა ზენათის:
- იცოცხლე ორთავეს სიმწრის დღე მიჰყენებიათ!..
კი!.. ის რუსი კიღამ სამსახურიდანაც დაუთხოვიათ... გამშრალია, ხმას არ იღებს... იმ შენს ნათესავსაც ეტყობა კარგად მოხვედრია... არ ამხელს თელათ, თუ არა, იცოცხლე!.. ამით მაინც ვიჯერე გული!.. არ შეარგოთ ჩემი პურ-მარილი ჩემმა გამჩენმა!..
ხომ წავამწარე!..
- არ გაგიგონ, შე უბედურო, თვარა წამწარებას მაშინ იტყვი შენ! - უთხრა ზენათიმ
- გამიგონ, აბა!.. იმათმა სიცოცხლემ! საიდან გამიგებენ? იმის დამწერი ამ ნიადაგზე აღარ არის - ისეთი კაცი ვიშოვე!.. ნეტავი მეტი რამე შეიძლებოდეს მე ისინი არ დავზოგო და ვერც გამიგებდნენ ვერაფერს!.. ოხრები, ქვეყნის მძარცველები, თავისი თავის მეტი არავინ ახსოვთ, არავის ჯავრი აქვთ! დასწყევლა ღმერთმა ყველა, არავისაგან საშველი არ არის! ყველა გამჟლეტია, ყველა მძარცველია! - გამწარებით ამბობდა გალაქტიონი. - ამათზე ხომ ვიყარე გულის ჯავრი... მოუხდებათ!..
ერთ დღესაც გაწყვეტილან ყველა, ვისაც არ ვებრალებით! ყველა ერთ დღესაც გაწყვეტილან!