Jump to content

ახალი საუკუნე

From Wikisource
ახალი საუკუნე
ავტორი: გიორგი ქუჩიშვილი
1922 წელი


წარსულს გადაჰყვა
ცხოვრება დუნე,
ძველ ადათ-წესებს
ავუგეთ წესი,

იშვა ახალი
ეს საუკუნე
ამბოხებათა
ელვათა მკვესი.

ზანზარებს მიწა
კიდითი კიდე,
ცახცახებს ყველა
მოსისხლე მტერი:

დარღვეული აქვს
სულის სიმშვიდე,
გრძნობს - თავს ენგრევა
სასახლის ჭერი.

არის ჭიდილი
ორ ქვეყნის შორის,
ბრძოლა სასტიკი
და ულმობელი,

ისმის ხეთქება
ტალღათა გორის,
დიდი მომავლის
მახარობელი!

სამყაროვ,
უნდა იცვალო ფერი,
უნდა იცვალო
გული და კანი;

ვეღარ დაგიხსნის
ვეღარაფერი,
ქვეყნის გარდაქმნის
ქშინავს ვულკანი.