Jump to content

ანდრია სინაურს

From Wikisource
ანდრია სინაურს
ავტორი: გიორგი ნაფეტვარიძე


ანდრია, ჩემო,
ანდრია, კარგო,
მე შენთან ყოფნა მესალბუნება,
წავიდეთ სადმე, გადავიკარგოთ,
წავიდეთ სადმე, დაუბრუნებლად.

ვეძმოთ უღრანებს,
ვეძმოთ არწივებს,
ვეძმოთ ჩანჩქერებს,
კლდეებს,
ნაპრალებს,
მთაში დავხარჯოთ ეს სიყმაწვილე,
და ძმობის ვარსკვლავს ნუ გავაპარებთ.

დავხოცოთ ჯიხვნი, ღამენასვამნი,
გავხდეთ ყაჩაღნი,
გავხდეთ ურჯულო,
დავწვეთ მუხებთან და ვაჟასავით
ფოთლებს, ნიავს
და ტყეს ვეჩურჩულოთ.