Jump to content

"ძეგლი ერისთავთა"

From Wikisource

"ძეგლი ერისთავთა"
ავტორი: უცნობი





ქართული საისტორიო მწერლობის ძეგლები







პუბლიკაციები

[edit]

1954 წ. - PDF "ძეგლი ერისთავთა" (ქსნის ერისთავთა საგვარეულო მატიანე) - ტექსტი გამოსცა, გამოკვლევა, ლექსიკონი და საძიებელი დაურთო შოთა მესხიამ

კრებული: 1954 - მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის - ნაკვეთი 30


ტექსტი

[edit]
ძეგლი ერისთავთა

დასაფლავებისათვის საფლავი მისცეს ხოლო ერისთავობა არავისი ინებეს, და ეძიებდნენ კაცსა ესე ვითარსა, რომელმანმცა პატივით იპყრა და არა მძლავრობით და იგიმცა დაამკვიდრეს შუა ქვეყანასა მათსა. და მოსწრაფე იყვნენ ყოველნი შენებასა ლარგვისისა დღითი-დღე ყოველნი ხევნი.

ამათ ჟამთა იქმნა ფრიადი შფოთი ქვეყანასა ოვსეთისასა და იქმნა ფრიადი სისხლთა დათხევა მეფეთა შორის მათთა. მაშინ მძლე ექმნენ შვილნი უხუცესისა ძმისანი და გარდამოიყვანეს მთასა ზახისასა შვილნი უმრწემესისანი - როსტომ, ბიბილაი, წითლოსანი და ძენი მათნი სამოცდაათითა მონითა კეთილითა და მოიყვანეს ქვეყანასა დვალეთისასა. მაშინ შეიკრიბნენ ყოველნი დვალნი და თქვეს: არა გვინდა მეფე მჯდომარე ქვეყანასა ჩვენსა, რათამცა შეგვჭამდა ჩვენ. ხოლო მათ თქვეს ფიცითა მტკიცითა: არა გვერქვას მეფე, არამედ ქვეყანასა მას რომელიც მომცეთ სახელი მისი გვერქვას ჩვენ. მაშინ მისცეს ქვეყანა ბობალეთაი და უწოდეს ბიბილურნი. და იწყეს შენებად ციხისა და სახლებისა დიდ-დიდებისა, რომელ ეგევითარი არა იყო ქვეყანასა დვალეთისასა.

მაშინ გულისხმა-ყვეს დვალთა, შეიკრიბნენ და თქვეს: ვხედავთ, ვითარითა საქმითა იწყეს შენებად ოვსთა ამათ მეფეთა, დაღათუ სახელ-ვსდევით ბიბილურად, მაგრამ სახელი ესე ვერ დაჰფარავს გვარ-ნათესაობასა მათსა; და შემდგომად მცირედისა ეუფლნენ ყოველსა ქვეყანასა ჩვენსა; და მართვეთა სხმამდის და ბოლოითა დაბმამდის განვაძეოთ ორთავი გველი მუცლიდან ჩვენიდან. აიყვანეს და მოასხეს ხევსა ისროლისასა, ნაკაფუანს როსტომ და ყოველნი ძმანი და მონანი მისნი. მას ჟამსა ცხრაზმისხეველნი ბრძოლილ იყვნენ ციხესა გრუისისა ხუთ თვე. მაშინ როსტომ მივიდა შველად მათდა და მას დღე სამ გზის მთამდის ჰომითა გამოასხეს დიდად მოუძლურებულნი და დაკოდილნი ცხრაზმისხეველნი. მაშინ მივიდა როსტომ ძმითა და სამოცდაათითა მონითა და წარუძღვა წინა, ვითარცა ლომი ძახილითა და ვითარცა ვეფხი სიმხნითა და ვითარცა ჯიქი სიფიცხითა. და მივიდა იგი და ყოველი ლაშქარი ციხესა მას და ბრძოლა-უყვეს ბრძოლითა სასტიკითა, რომელ არასოდეს ეხილვა ეგევითარი. და მას დღეს აიღეს ციხე ზემო და გამაგრდნენ გრუველნი ორსა მას ციხესა ქვემოსა და ყვეს ზავი. და მას ღამესა შევიდა როსტომ და აიღო ორივე ციხე. და ვითარცა გათენდა დააქციეს ციხენი იგი ყოვლით ზღუდით და ნაშენებითურთ მისით.

მაშინ თქვეს ყოველთა ცხრაზმისხეველთა: „არა განვიშოროთ ჩვენგან ამიერიდან კაცი ესე გოლიათი, არამედ უყოთ ყოველი, რაცა უნდოდეს მას“.

მაშინ უთხრა მამასახლისმან ლარგვისისამან, ხუციანდაბისძემან: „უკუეთუ გნებავს მკვიდრ ყოფა ქვეყანასა ამას, ითხოვე საფლავი მონასტერსა ამას, რამეთუ ყოველთა დიდებულთა და აზნაურთა საფლავი აქა არს და სოფელნი ესე რომელნი ღმრთივ გვირგვინოსნისა იუსტინიანე აღმაშენებელისაგან შემოწირულ არიან, იყო წინამძღვარ მათდა, თუ ღმერთსა უნდეს“.

მაშინ უთხრა როსტომ. „მე მოვითხოვო ყოვლისა ამის ერისაგან, მაგრამ შენ შემიქმენ მარჯვენით კერძო საკურთხევლისა ადგილსა უმჯობესსა და იყოს ღმერთი შუა ჩემსა და შენსა და შუა ნათესავისა შენისა და ჩემისა, რომელ პატივი და ხელი შენი, რომელი მეფეთაგან მოცემულ არს, არა შეეცვალოს ნათესავსა შენსა უკვე და რომელი სჯობდეს საქმედ ჩემდა, მეტყოდი“.

მაშინ უთხრა გუგაკ: „მე თავი ჩემი დავდვა ერთგულებით მსახურებად შენდა და ღმერთმან წარგიმართოს უმჯობესი ყოველი“.

მაშინ უთხრა ყოველმან ერმან როსტომს: „რა გნებავს, რა ვყოთ შენთვის?“. ხოლო მან მოითხოვა საფლავი ლარგვისს და საჯდომად სახლი შუა საყდრის შვილთა და ცხრაზმას ციხისთავისა ნაქონები მამული. და მისცეს ესე ყოველი ცხრაზმისხეველთა შუა ცხრაზმას ციხისთავისა ნაქონებნი სოფელნი და ქვეყანანი, საფლავი ლარგვისს და საჯდომი ქვენიფნევს და უწოდნეს ქვენიფნეველნი, რამეთუ სხვა სახელი არა ინებეს.

მაშინ იწყეს შენებად ციხისა და სახლებისა დიდ-დიდებისა. და უკუეთუ სადა იყვის ლაშქრობა იგი, იყვნიან წინამძღვარ მებრძოლთა და არვინ იპოვებოდა მარტოდ მებრძოლი როსტომისი, და შეიყვარა ყოველმან ერმან ცხრაზმისხევისმან.

და შემდგომად მცირედისა ჟამისა იქმნა დიდებულთა და აზნაურთაგან თხოვად ერისთავობისა ბირებითა ერისათა, რამეთუ იტყოდნენ: ვისიცა იყოს საფლავი, მას შეჰგავს ეკლესია და ყოველი მიმდგომი მისი.

მაშინ მეფემან იუსტინიანე ბრძანა მოწოდება ყოველთა ცხრაზმისხეველთა წინაშე მათსა. და იხილნა მეფემან, რამეთუ ყოველთა მახლობელთა დიდებულთა და აზნაურთა შეექმნა საფლავი, ნუთუმცა მიუბოძა ქვეყანანი შეწირულნი ეკლესიისათვის. მაშინ ბრძანა მეფემან: ვისისაცა საფლავსა შეჰგავს უპატიოსნება, მისი არს ეკლესია და განსაგებელი ყოველი სამართლად, უკუეთუ ენებოს ერთა. მაშინ იკადრა წინაშე მეფისა კლიტეთმპყრობელმან ეკლესიისამან, ვითარმედ მარჯვენი კერძო საკურთხევლისა წინაშე წმიდისა ტრაპეზისა არს საფლავი როსტომ ქვენიფნევლისა, მიცემული ყოველთა ცხრაზმისხეველთაგან, და უკუეთუ ინებოს მეფობამან თქვენმან, მას შეჰგავს ყოველი განსაგებელი ეკლესიისა, მსახურება თქვენი და მთავრობა შვიდთა მათ ხევთა.

მაშინ იკითხა მეფემან: ვითარ ჰნებავს ერთა? და ცნა, ვითარმედ ჰნებავს იგი ყოველთა ხევთა შუა მკვიდრობისათვის. მაშინ მოუწოდა როსტომს წინაშე მისსა. და ვითარცა იხილა, ბრძანა, ვითარმედ კაცი ესე ღირს არს ყოვლისა პატივსა.

მაშინ მიუბოძა შვიდნი ესე ხევნი, განსაგებელნი ეკლესიისანი და ყოველნი აზნაურნი მკვიდრნი მას შინა და უწოდა ერისთავ ცხრაზმისხევისა. და შემოსა სამოსლითა მით, რომელ ემოსა მაშინ მეფესა, და შეაცვა ბეჭედი და საყური და სარტყელი თვის, საჭურველი და ცხენი თორნოსანი, დროშა და შუბი.

ესე ყოველი მიუბოძა მეფემან იუსტინიანემ როსტომს და წამოგზავნა სიხარულით. მაშინ როსტომ აღაშენა ქალაქი ლარგვისს და განასრულა და შეამკო ყოვლითურთ ეკლესია.

მოკვდა როსტომ და დაჯდა ერისთავად ძე მისი ლარგველი. და შემდგომად იუსტინიანესსა დაჯდა მეფედ დავით ბაგრატონიანი. ამან ფრიად განადიდა ქვენიფნეველი ლარგველი და სახელ-სდვა ერისთავთ-ერისთავად და მისცა მთავრობა ყოველთა დიდებულთა და აზნაურთა, რომელნი მკვიდრ არიან შუა არაგვსა და ლიახვსა და ზემოთ შარასა მინდორისასა. ამათ ყოველთა უბრძანა, რათა შემდგომად მეფისა, იყვნენ მორჩილ და თანამოლაშქრე ერისთავთ-ერისთავისა ლარგველისა.

მოკვდა ლარგველი და დაჯდა ძე მისი დიმიტრი. და გარდაიცვალნენ მეფენი კვ-ნი (26) და ერისთავნი კდ-ნი (24) და წელიწადნი არამცირედნი.

მაშინ დაჯდა მეფედ ადარნასე (ასეთი მეფე არ არსებობდა) და მოკვდა ერისთავი ვირშელი, დარჩა ძე მისი შალვა სამისა წლისად, და აღზარდა იგი მეფემან პატივითა მამათა მათთათა. და მოკვდა მეფე, დარჩა ძე მისი ვახტანგ ექვსისა წლისა. მაშინ მამის ძმამან მისმან დავით (VIII) დაიპყრა მეფობა და აღარა მისცა ძმისწულსა თვისსსა ვახტანგს (სინამდვილეში დავით მერვე გამეფდა დავით ნარინის ძის, ვახტანგ მესამის გარდაცვალების შემდეგ. ხოლო დავით VIII-ის კონკურენტი ვახტანგი, რომელმაც მეფობა წაართვა იყო მისივე ძმა ვახტანგ IV). მაშინ შალვა, გაზრდილი მამისა მისისა არა განეშორა, არამედ ზრდიდა ყრმასა მას. მაშინ დავით მრავლითა სიტკბოებითა და მრავლისა დიდებისა მინიჭებითა ევედრებოდა შალვას, ხოლო მან არა ისმინა, არამედ გაამაგრა ციხენი და შეჰვედრა ერთგულთა მონათა და თვით წაჰყვა ძესა მას მეფისასა ურდოს.

მაშინ მეფემან დავით შეკრიბა ყოველი ლაშქარი თვისი და თათარნი შირვანელნი და ყოველნი მყოფნი კახეთს და მუხრანს, და მოადგა ცხრასავე ხევსა შალვას საერისთავოსა და ჩამოასხა დვალნი და ხადელ-ცხავატელნი და ყოველნი მთიულნი ქვემონი, და დაწვეს და მოაოხრეს ყოველი ცხრაზმის ხევი გარდა ციხეთა, და ციხეთა ებრძოდნენ ქვენიფნევს, ქარჩოხს, ქოლოთს და ისროლს, მაგრამ ვერ აიღეს. და შვიდ წელს გაგრძელდა ომი მათი. ხოლო ციხოვანთა ესეოდენ გაუჭირდათ რომ იწყეს ჭამად ღვედისა. და ესევითართა ზედა მოვიდა ვახტანგ და შალვა სპარსთა ლაშქრითა ურიცხვითა სპითა.

მაშინ დავით იდგა ბაზალეთს. და ვითარცა ცნა მოსლვა მათი, მიჰმართა ციხესა დარიალისასა და მიუდგა უკანა სპა ყოველი, და შეიარეს არაგვი და გარდავლეს ჯვართა ყელი და ჩავიდნენ დარიალს და მოადგეს დავითს ციხესა გველეთისასა.

ხოლო შალვა დადგა ხადას და ესოდენ ძლიერად იბრძოდა, რომელ ერთსა დღესა აიღო ცხრა ციხე და დაარღვია და მას ერთსა კვირიასა დაარღვია ციხე ოცდახუთი, თხუთმეტი იქით არაგვისა. მაშინ მისცა ვახტანგ დავითს ჯავახეთი და ალასტანი და გამოიყვანა გველეთიდან. ხოლო შალვა გაემართა ხევთა დვალეთისათა და მოაოხრა ყოველნი. და მოუხდნენ შავდვალნი ღამესა ბნელსა, დაუხვდნენ მომლოდენი, რამეთუ ესმა შალვას მოსლვა მათი. მაშინ მიაწყვდიეს იგინი მთხრებლსა კლდისასა და ერთიცა მათგანი ვეღარა წავიდა, და მოსრეს სიმრავლე არამცირედი დვალთა. მაშინ მოწვეს და მოაოხრეს ყოველნი ხევნი დვალეთისანი და შემუსრეს და დაარღვიეს ყოველნი ციხენი თრუსუიდან აჩაბეთამდის. მაშინ წავიდა ყოველი სპა სპარსთა. მაშინ მეფემან მიუბოძა შალვას თრუსუ, ღუდა. გაგასძენი, მლეთე, არახუეთი, ხანდო, ყანჩაეთი, აბაზასძეთა მამული, ძაგნაკორნანი, დიღუამი, გავაზი, ... ... აწერისხევი, ბეხუშე, და ყოველთა დიდებულთა მისთა უმჯობეს ხედავდა. ხოლო შალვამ მოიყვანა ცოლად ოვსთა მეფისა ასული, სახელით ბირდი, რომელმან განადიდა პატივი მონასტრისა ამის და შექმნა ყოველი სამსახური ეკლესიისა: ოქროსა და ვერცხლისა ბარძიმი, ტაბაკნი, კანდელი და სხვა ყოველი სამკაული, და მოჭედა ხატნი და შეამკო ხატი თეთროსანი წმიდათა ნაწილებითა და ყოვლითა სამკაულითა.

მაშინ მოკვდა დავით მეფე, და მასვე წელსა მოკვდა ვახტანგ მეფე. მაშინ დაიპყრა მეფობა გიორგიმ (დავთ მერვს სკვდილის შემდეგ აღმ. საქართველოში გამეფდა მისი ძე VI, თუმცა ქვეყანას მართავდა დავითისვე ძმა გიორგი V, რომელიც 1318 წლიდან თვითონვე ეკურთხა მეფედ მეორედ), ძემან დავითისმან. ხოლო აბაზასძე ნავროზ წავიდა სპარსეთად. მაშინ მეფემან უბრძანა შალვას მოდგომად ციხესა ლოწობნისასა. მაშინ შალვა მოადგა ლოწობანს და ებრძოდა სასტიკად ოთხ დღე და მეხუთესა დღესა აიღო იგი. მაშინ მოიყვანა ორნი ხატნი ფრიად მშვენიერნი. ხოლო მეფე გიორგიმ (V) გაილაშქრა მაღაროს, და დიდად ევნო მათგან ვიწროთა მათ ხევთა სიმრავლითა საგორვისათა და დიდად მწუხარე მოვიდა. და კვლავ მეორედ წავიდა დღეთა ყველიერისათა. და იყო სიცივე დიდი, და შიშისაგან საგორავისა წამოვიდნენ გზასა მთისასა, რომელიც იყო გაყინულ. მაშინ უმეტეს ევნო, რამეთუ ინქრეოდა ცხენები და კაცნი იგი მსგავსად მხეცთა, შესვარულნი სისხლითა მოსდევდეს მათ.

ხოლო შალვა ორსა ამას ლაშქრობასა არა იყო იქ, არამედ მხოლოდ ძენი მისნი იყვნენ, რამეთუ ესხნეს ძენი ცამეტნი, ქველნი და გონიერნი. მაშინ შალვა წავიდა ლაშქრითა თვისითა, მივიდა, დასხდა უმჯობესი ლაშქარი მზირად ღამე და განთიად მივიდა მცირედითა ლაშქრითა და მოწვა და მოაოხრა ქვეყანა მათი, და არ აიღო ლაშქარმან ალაფი გარდა აბჯრისა, და წამოვიდნენ. მაშინ მიუდგეს უკანა ლაშქარნი იგი მის ქვეყანისანი და წარჰხდეს მზირთა, და აღდგა ყოველი ლაშქარი დამალული, და მოუბრუნდა შალვა და შეიმწყვდიეს ადგილსა ვიწროსა და მოკლეს მიე (55) კაცი და მრავალი შეიპყრეს. მაშინ კვლავ ჩავიდნენ და დადგნენ და მოაოხრეს და დაწვეს ყოველი ქვეყანა მათი და და წამოვიდნენ გამარჯვებულნი ალაფითა დიდითა. მოკვდა შალვა და დაჯდა ძე მისი ლარგველი ერისთავად. ამან აღაშენა უკანციხე თავსა ისროლის ხევისასა, და ტფილურითა წესითა დარბაზოვანი ქვენიფნევს. ამან შექმნა დიდი ესე ხატი მაცხოვრისა საზომითა ტანისა თვისისათა და მოჭედა იგი. ამანვე შეამკო დიდი ესე ხატი თედორესი და შექმნა ორი კანდელი და დაუკიდა წინა.

ამას ჟამსა ადიდდა ქსანი და წაიღო ერთ კერძი ზღუდე აღმოსავლით კერძო და სამრეკლონი დიდნი და მშვენიერნი.

მოკვდა ლარგველი და დარჩა სამნი ძენი მისნი, და დაჯდა ერისთავად უხუცესი ძე ვირშელი, სრული ყოვლითა კეთილითა.

ამას ჟამსა მოვიდა ამბავი: კლიტენი იერუსალემისანი სპარსთა დაიპყრესო. და დიდად შეწუხდა მეფე გიორგი (V). მაშინ წარგზავნა ძე შალვა ერისთავისა, რომელსა ერქვა პიპა, გზასა ხმელეთასა მრავლითა ძღვენითა წინაშე ნისრელისა (ე.ი. ეგვიპტისა), და წაჰყვა თანა ბანდასძე დეკანოზი იოვანე და მივიდა პიპა წინაშე ნისრელისა, ხოლო მან სიხარულით შეიწყნარა ძღვენი იგი და მისცა კლიტენი იერუსალემისანი. მივიდა პიპა ზედა საფლავსა ქრისტესსა და შეემთხვია, ჟამი აწირვა, ეზიარა და დეკანოზი იოვანე აკურთხეს მოძღვართ-მოძღვრად. და მოუწერეს სამთავნელსა და ერისთავსა ვირშელსა და ყოველსა ერსა ცხრაზმისხევისასა, რომელ მოძღვართ-მოძღვრობა ნურავის ხელ-ეწიფების გარდა ამისსა, და შემდგომად ვინცა იყოს მონასტრის მოძღვართ-მოძღვარი ... ხოლო პიპამან მოილოცა წმიდანი ადგილნი, და შეკრიბა ნაწილნი წმიდათანი და ხატნი მშვენიერნი და წამოვიდა მასვე გზასა ხმელეთით და მოვიდა წინაშე მეფისა და მოიღო იერლაყი შეწყალებისა და აღსრულება ყოვლისა სათხოვლისა მისისა. ფრიად გაიხარა გიორგი მეფემან, რამეთუ მოეცეს კლიტენი ქართველთა.

მაშინ მოადგა მეფე ოვსთა, გორს მყოფთა, და ებრძოდა სამ წელს. ხოლო ვირშელი და ლაშქარი მისი უმჯობეს ებრძოდა სპისა ყოვლისაგან, და აქებდნენ ქებითა დიდითა. რომელი ესე შეიშურეს მთიულთა არაგვისათა და თქვეს: უკუეთუ ომსა ამას გარეგანსა უმჯობეს არიან, მაშინ მივიდეთ მთასა ლომისისასა და იქ შეგვებნენ ჩვენ და იხილოთ რომელნი უმჯობეს ვართ. მაშინ შექმნეს პაემანი და დაემუქარნენ და შემოდგომად გორისა აღებისა აუწყეს ურთიერთსა და შევიდა ვირშელი და ყოველი ლაშქარი მისი მთასა ლომისისასა, ხოლო არაგვისა მთიულნი დადგნენ ღოისთავს და აწვევდეს ლომისას, ხოლო იგი ტყესა მცირესა ღოისთავისასა და ქარაფსა კლდეთასა არა განეშორეს.

მაშინ მოვიდა დავით, ძე გიორგისი და არა ჩაუშვა ომად, არამედ გაყარა ყოველნი, თავის-თავ და წამოვიდნენ ყოველნი აზნაურნი ქართველნი, და წავიდნენ ყოველნი გარდა სამთა მათ ხევთა. მაშინ წამოვიდა ვირშელი და ჩამოვიდა ვაკედ, ხოლო ლაშქარი წყაროთა, მუხათა და წისქვილთა თანა გვერდსა მას ჩამოვიდოდა. და ვითარცა ესმა ესე მთიულთა არაგვისათა, წამოვიდნენ უკანა მათსა და გამოვიდნენ ლომისას.

ხოლო დავით, ძე მეფისა მუხლთა დაუყრიდა და ლომისას მყოფნი ხატთა დაუსვენებდა და ევედრებოდა, რათა არა სდევდენ. ხოლო მათ არა ისმინეს, არამედ მრავლითა გინებითა მოსძახდნენ და საგორავი სასიმრავლესა ჩამოჰყრიდნენ.

მაშინ ვირშელმან შეკრიბა მცირედი ლაშქარნი სამისა ამის ხევისანი და უთხრა მათ: აწ არღარა იქმნების ომი, რამეთუ გაიყარა ლაშქარი ჩვენი, როდესაც კვლავ შევკრიბოთ ლაშქარი ჩვენი, მაშინ ვებრძოლოთ მათ.

არა ინებეს ესე მცირედთა მათ ლაშქართა, არამედ თქვეს: მამანი ჩვენნი მცირედნი მძლავრობდნენ მამათა მათთა დიდთა და მრავალთა და უკუეთუ არა ვართ შვილნი მამათა ჩვენთანი, რაისათვის გვაქვს მამული მათი? მაშინ განიშიშვლეს ფეხები მათი და წაიძღვანეს დროშა და აღემართეს ორსა მას ქედსა მთასა ლომისისასა, და ჩამოეგებნეს ერთსა მას ქედსა ცხავატელ-გარეთნი და ყოველნი მიმდგომი მათი და ერთსა მას ხადელ-მოხევენი და მიმდგომნი მათნი.

მაშინ ჩამოყარეს საგორავი ურიცხვი და ავიდნენ კვლავადცა, რამეთუ დაბერვილ იყვნეს ფარითა, ვითარცა სიპითა, და დაასხეს ქვა და შუბი, მსგავსი წვიმისა. მაშინ შეიქმნა სიმრავლე ისრისა, ვითარცა სეტყვა ხშირი და ფიცვიდნენ ღმერთსა, რომელ ქვემოთ ნასროლმან ისარმან ფარი და ჯაჭვიანი კაცი გაიარის და მიწასა ნახევრად დაესვის.

ამოიწვადეს ხმლები და შეუხდეს და აიღეს და აღემართეს აღმა მთასა და გორვიდეს ჩამოღმა და იგი იყო უმჯობესი მათ შორის, რომელმან დაყარის აბჯარი და ტანისამოსი და შიშველი მირბოდის. მაშინ ვირშელმან ერისთავმან იხილა რა ესრეთ უღონოქნილნი მებრძოლნი მისნი, უბრძანა არა ხოცად მათდა, არამედ პყრობად და დევნად. და მიუდგეს უკანა და გაჰყვეს იქით არაგვისა. და მოვიდა ერისთავი ლომისას და გაუშვა ყოველნი, რომელნიც ხელთა დარჩენოდეს და შეწირა ლომისას არამცირედი. ისტუმრა შინა დავით, ძე მეფისა. და შემოწირა ეკლესიასა ამას სვინაქსარი ესე კეთილი. და ერისთავობასა შინა მისსა იზრდებოდა ქვენიფნევს მიე (55) სახლი უძლურთა და დავრდომილთა და სამარადისოდ ყოველი პატრონისა ტაბლისაგან მიეცემოდა დღითი დღე.

და მოკვდა ერისთავი ვირშელი და მეუღლე მისი გვანცა სამსა დღესა შინა, და დარჩა სამნი ძენი მისნი ქვენიფნეველი, იოვანე და გიორგი, რომელნიც მცირე იყვნენ. მაშინ წინამძღვარ ექმნა ცხრაზმისხეველთა წითლოსანი ბიძა მისი ცხრა წელ.

მაშინ აღიზარდა ქვენიფნეველი და დაჯდა ერისთავად. იყო კაცი კეთილი, მშვიდი და გონიერი, განმზრახი ქებული და მოშიში ღმრთისა და მოყვარე მღვდელთა და ფრიად წარჩინებულ წინაშე მეფეთა. ამან აღაშენა ქვენიფნევს ეკლესია და დარბაზოვანი დიდ-დიდი და მშვენიერი. ამან იწყო შენებად ზღუდეთა ამის მონასტრისათა და აღაშენა სამრეკლოითა და ყოვლითა სამკაულითა შეამკო ეკლესია და შეკრიბა მღვდელნი და მონაზონნი და პატივ-სცა უმეტეს ყოველთა ერისთავთა პირველთა და შემდგომთა და აღაშენა საზეთე და განაჩინა იზ (17) აღაპი და შემოიწირა ცხრა ვენახი და გლეხნი მსახურად ეკლესიისა.

ამათ ჟამთა იყო შალვა ერისთავისა ნათესავი სამოცდათორმეტი შუბოსანი და ყოველნი მორჩილებასა ქვეშე ქვენიფნეველისა.

მაშინ ჩამოვიდნენ ცხავატელნი ჟამურს. და მისცა ღმერთმან გამარჯვება გიორგის, ძმასა ერისთავისასა და გააქციეს აღმა მთისა სიმაღლესა და ვითარცა ავიდნენ მთად, დაუდგნენ წინა მამასახლისნი და აღარ სდევნეს, რამეთუ თქვეს: კმა არს ბრალი ესე, რამეთუ მომკვდარიყო გარეშე წვრილისა ერისა იჱ (18) თავადი ხევისბერი ცხავატელი.

და მეორესა წელსა მოუხდნენ ყოველნი დვალნი მაშინ ბრძოლა-უყვეს ჟამურელთა და იყვნეს ბეგრის მკრეფელნი ცხრაზმელნი და მივიდეს იგიცა და ვითარცა ესმა დვალთა მისლვა ცხრაზმელთა, ზარი დაეცა, და გაიქცნენ და შეიხვეწეს ციხეთა ქნოღოსათა. მაშინ სთხოვდნენ ჟამურელნი, ხოლო მათ აღარა მისცეს და წამოვიდნენ და ჩაითრიეს ყოველი იგი მკვდარი დვალი და მოვიდნენ წინაშე ერისთავისა და და დაასმინეს ქნოღოელნი.

მაშინ განრისხდა ქვენიფნეველი და გაილაშქრა ქნოღოს და დაარღვია ციხენი მათნი და მოწვა ქვეყანა მათი.

ამისსა შემდგომად დვალთა წაასხეს ხვასდაგი ჟამურით. ესმა ერისთავსა და წავიდა, მივიდა სოსხოს და ნახევარი ლაშქარი დასხა მალულად და ნახევარითა მოადგა სამსა მას სოფელსა და ციხესა ზემოსა.

მაშინ შეიქნა ხმა და წამოვიდნენ ყოველნი მამანი ქვემოთა მათ მახლობელთა სოფელთანი და შემოვიდნენ ზემო მალულთა ლაშქართა და გამოუხდნენ ზურგიდან და მიეტევნენ ზემონი და შეიწყვდიეს შუა, და ერთიცა მათგანი არა განერიდა, და დაარღვია ციხენი მათნი და მოწვა ქვეყანა მათი, და აივსეს ყოველნი ლაშქარნი ალაფითა და წამოვიდა დიდად გამარჯვებული, რომელ ერთიცა ლაშქართა მისთაგანი არა მოიწყლა.

ხოლო გიორგი, ძმა ერისთავისა, უმცროსი, ლაშქრობდა იქით არაგვისა და ტყვენვიდა, რამეთუ იყო კაცი გონიერი და შემმართებელი.

ხოლო საშუალი იგი ძმა იოვანე მარადის იყო წინაშე მეფისა, რამეთუ იყო მხნე გოლიათი, ბრძოლათა შინა უძლეველი, განმზრახი ქებული, უშიში, ვითარცა უხორცო, რომლისათვისცა პატივ-სცემდეს მეფენი და საკუთრება და თანამზრახველობა მისი, ვითარცა დიდი შესაძენელი შეერაცხა, რამეთუ მრავალგზის გამოიცადა იგი ჟამსა ბრძოლისასა, რამეთუ იყო ფრიად განთქმულ და სახელოვან და უმჯობეს ყოველთა მბრძოლთა.

ამათ ჟამთა მოვიდნნ თურქნი წინაძღომითა ბაედარის ძისა ხოსიაისითა და მოკლეს მეფე გიორგი და ყოველნი მთავარნი და დიდებულნი ქართველნი. და იქვე მოკვდა ერისთავი ქვენიფნეველი.

ხოლო იოვანე სიმხნითა და სიქველითა თვისითა განერიდა მათგან, სასტიკად ბრძოლილი, მოვიდა და დაჯდა ერისთავად და ახოვანებასა სიმხნესა მისსა ზედა შესძინა სამართალი, რამეთუ იყო იგი მამა ობოლთა, შემწე უღონოთა, ხელის ამპყრობელ დაღონებულთა და ფრიად საზარელ მტერთა და მრისხანე ბოროტისმოქმედთა ზედა, მოშიშ ღმრთისა, მოყვარე მღვდელთა, პატივის-მცემელ მონაზონთა, განმადიდებელ ეკლესიათა, შემამკობელ ხატთა, და სათნო ღმრთისა, საყვარელ კაცთა, საქებელ მთავართა და უნაკლულო საღმრთოთა ქველის საქმითა და ურცხვინელ საკაცობოითა მოქმედებითა. და ნებითა ღმრთისათა იყო სახლი მისი სარწყო აღმომდინარედ კეთილთა და ულევნელ ვითარცა ზღვა.

მაშინ მოიყვანა მეუღლე პატიოსანი, კეთილი, ღმრთის-მოყვარე და სრული ყოვლითურთ. ამან შეჰმატა ღმრთისმსახურებასა და კეთილის ყოფასა დაღონებულთასა.

მაშინ ევედრებოდნენ ღმერთსა ყოვლით ერითურთ მოცემად შვილისა, და შეისმინა ღმერთმან ვედრებისა მათისა და მიეცა მათ ყრმა წული და გაიხარეს სიხარულითა დიდითა ყოვლისა ერისათა და მრავლისა ღამის თევითა, ჟამის წირვითა გლახაკთა და მღვდელთა მიცემითა შეჰვედრეს ღმერთსა.

და რაჟამს ძესა განეყენა, სწავლად წმიდათა წერილთა მისცეს იგი და წაიყვანა მამიდამან მისმან, სრულმან ყოვლითა მეცნიერებითა, სიბრძნითა და გონიერებითა, და ზრდიდა მას შემსგავსებულად სიბრძნისა თვისისა.

და მუცლად-იღო კვლავ და შვა ქალი და მიიცვალა მანიაკი იგი ყოველთა მანდილოსანთა.

ხოლო შემოდგომად რამდენთამე წელიწადთა მოიყვანა იოვანემ ცოლად ასული ღმრთივ-გვირგვინოსნისა დავით (IX) მეფეთ-მეფისა გიორგის ძისა, რომელსა ეწოდა გულშარ, რომლისა ქებასა, თუ შეიკრიბენ ყოველნი ბრძენნი სოფლისახნი, ვერ მისწვდებიან და არცა ენისაგან მიიხვდომვის. და არა ესვა მას ძე, არამედ ორი ასული უნათლესნი მნათობთა ცისათანი.

ამას ჟამსა იყო შფოთი და იპოვეს ჟამი დვალთა და წაასხეს ღუდიდან ძროხა. ესმა ერისთავსა და გაილაშქრა მათ და ზედა მივიდა ერემას, წუხლეთს და წუბენს და დაარღვია ციხენი მათნი და დაწვა და ააოხრა ქვეყანა მათი და წამოვიდა გამარჯვებული.

მაშინ მთიულნი არაგვისანი ყოველნი დაესხნენ გრემისხევს, ხოლო გრემისხეველნი შეიკრიბნენ, შეიბნენ და სვემან პატრონისა მათისამან მისცა ძლევა გრემისხეველთა და გააქციეს და დევნა-უყვეს და კაცი არკა ერთი მოკლეს, არამედ ძარცვიდნენ, და შიშველი განუტევიან, და მოიყვანეს თავად ორმოცი კაცი წინაშე ერისთავისა. ხოლო მან დამოსნა და განუტევა ყოველნი. თუმცა ბოროტად მეტყველსა ვინმე ანდრიას მოჰკვეთა ხელი მარჯვენა და ფეხი მარცხენა.

ამას ჟამსა იქმნა წვიმა მძაფრი და ადიდდა ქსანი და მოჰმართა მონასტერსა ამას და წაიღო ზღუდენი და სამრეკლონი და გამოთხარა ძირი ეკლესიისა. მაშინ ერისთავმან იოვანე მასვე კვიირიასა შინა იწყო შენებად ზემოსა ამის ეკლესიისა, რომელიც სამ წელში აღაშენა და მოაქმნა ბჭე და სამრეკლო და იწყო ზღუდესა ხატვად ეკლესიისა.

ამას ჟამსა ქვემო დვალთა წაასხეს ძროხა აწერისხევიდან. ესმა ერისთავსა იოვანეს და გაილაშქრა. ხოლო ყრმა იგი ვირშელი წუთღა ჩვილ იყო, მაგრამ წინამძღვარ ექმნა ლაშქართა თვისთა და გარდავლეს მთა თვესა ოკდონბერსა, სავსე თოვლითა და ჩავიდნენ თლისისხევს და მოაოხრეს თლე ბიბილურთა და წერღუე, და აივსეს ლაშქარნი ყოვლითა ალაფითა და ნატყვენვითა და წამოვიდნენ გამარჯვებულნი.

მაშინ მოშლილიყო დიდი იგი საყდარი იკორთას, მთავარ-ანგელოზისა მიქელისი და იწყეს შენებად და კვლავ ყანჩაეთს მეორედ აღმაშენებელ იქმნეს ტაძარსა დედისა ღმრთისასა.

ხოლო საქმე ერისთავისა იოვანესი ვითარ გაუწყო: მეფენი შემოხვეწილ სახლსა შინა მისსა მათგან ითხოვდენ მეფობასა და მისცის, რომლისაცა ენების. და მოკვდა კეთილითა სიბერითა და დაეფლა მის მიერ აღშენებულსა მონასტერსა.

და დაჯდა ძე მისი ვირშელი. იყო კაცი მშვენიერი და სრული ყოვლითა კეთილითა, ბრძენი, გონიერი, მშვიდი, უშურველი, სამართლის მოქმედი, მოწყალე, საწადელ და საყვარელ მოყვარეთა და ერთგულთა და საზარელ და საშინელ ურჩთა და წინააღმდგომთა. ხოლო იყო ჭაბუკი ასაკითა და უბრძნეს მოხუცებულთა სათნოებითა. ბრძოლათა შინა უძლეველი და გამომრჩევი ქებული. რამეთუ კარსა მისსა იყო გალობა და ლოცვა დაუცადებელი. და პირველსავე წელსა ერისთავობისა მისისასა აღაშენა ქვითკირითა ეკლესია წმიდისა ნიკოლოზისი.

მაშინ შეკრიბა ყოველი ლაშქარი მისი და უთხრა თავადთა და ლაშქართა ყოველთა: ვინაიდან მამამან ჩემმან დვალთა ესეოდენი მოაწია, რომელთამე წვითა, კლვითა, დაფორიაქებითა, დაქცევითა ციხეთაითა, ტყვეობითა, შიშითა და პატიჯებითა და კვლავ სხვათა სიყვარულითა, გამოსვენებითა, მიცემითა და შემოსითა ფერად-ფერადთა სამოსელთათა, და ყოველი დაივიწყიან და სამარადისოდ ჟამისა პოვნასა მოელოდიან. აწ ჩვენ მოვიცალოთ მათთვის, ან ავაოხროთ ქვეყანა მათი და ან შევქმნათ მსახურ და მობეგრედ ჩვენდა. ნუ თუ მათ იპოვონ ჟამი ჩვენ ზედა, ოდეს ჩვენ უცალო ვიყვნეთ სხვისა შფოთისაგან, მათ შური იგონ. და დატყვენონ ნაპირი, მათ კერძო სოფელი ჩვენი.

მაშინ დაემოწმნენ ყოველნი ლაშქარნი, წარემართნენ და შედგენ მთასა ბეხუშისასა. და ესმა ქვემო დვალთა კოშკელ იოსებურთა, თლეველმუღისველელთა, ზღუბერელ როკაელთა. შეძრწუნდენ და მოუსხეს მძევლები, ძღვენი და ბეგარი და ფიცით აღუთქვეს ერთგულად მსახურება.

მაშინ შეიწყალა ქვეყანა მათი და არა ბოროტი უყო მათ. მობრუნდა და შედგა მთასა სოსხოისასა. და ესმა მაღრან-დვალთა და მოვიდეს ბრუტას შვილნი და კელეურ-კაბუშურნი და ყოველნი სოსხოელ-წუბენისხეველნი, ხოჯაელ-წაელნი მძევლითა, ბეგარითა და ძღვენისა სიმრავლითა. და მოიმტკიცნა ფიცითა და აღუთქვეს ერთგულებით მონება.

მაშინ ჩავიდა თრუსუს და მოეგებნეს თრუსუელნი მრავლითა ძღვენითა და ერთგულობისა ჩვენებითა და ევედრეს შველად მტერთა მათთა ზედა მნას. ხოლო ერისთავმან უბრძანა მნაველთა მოსლვად წინაშე მისსა, მაგრამ მათ არა ინებეს, რამეთუ თქვეს: არა მეშინის შენგან და ვერც რას შემძლებელ ხარ ვნებად ჩვენდა.

მაშინ განრისხდა ვირშელი და შეუძახა ლაშქარი თვისი, დასცეს საყვირსა. და მიეტევნენ ვითარცა მხეცნი და მოადგნენ შუა სამხრის ციხეთა მნისათა. და იყო ბრძოლა სასტიკი, რამეთუ კაცნი იგი იყვნენ მარჯვედ მბრძოლნი, მხნენი და გოლიათნი და აბჯარსრულნი. და იყო სიმრავლე ისრისა, ვითარცა წვიმა ხშირი, და სიმრავლე ქვისა, ვითარცა სეტყვა და საგორავი აუარცხელი. მაშინ მოიკლეს სიმრავლითა ისართათა თავნი და გოლიათნი ქვეყანისა მათისანი: სუნღუ, ფარეჯან, ამსაჯან, ბაღათარ და სხვანი მრავალნი.

და მას ყოველსა ძახილსა და ხმობასა შინა იცნობებოდა ხმა ვირშელისა ვითარცა ხმა ლომისა. მაშინ შესტეხეს კარები და შეიპყრეს ყოველი მებრძოლი და მოიყვანეს წინაშე ერისთავისა და დაწვეს და დაარღვიეს ციხენი და სოფელნი მათნი.

ესმა მოყმეთა და მოვიდნენ ბრძოლად. და ვითარცა იხილეს სიმრავლე ლაშქრისა, შიშით დაიმალეს. უკუმოდგა ერისთავი კობს და მოიღეს მოხევეთა სიმრავლე ძღვენისა და შემდგომად გათენებისა წამოვიდა.

ესმა ხადელ-ცხავატელთა და შეიქმნა ხმა საყვირისა და შფოთი და ენება ბრძოლის ყოფა, და შეიკრიბეს და ვითარცა იხილეს სიმრავლე ლაშქრისა, სიმრავლითა ძღვნისათა მოეგებნენ, რამეთუ შეეშინათ ფრიად.

ხოლო ვირშელმან დაიდვა ნადიმი ვაკესა ხადისასა და ძღვენი ყოველი მიითვალა. აღდგა, ლომისას გამოვიდა და გაუშვა ლაშქარი ყოველი, წმიდა გიორგის შეწირა არამცირედი, ტყვენი ყოველნი მოწამესა აპატია და გაათავისუფლა და გამარჯვებული მოვიდა.

მაშინ გიორგი (VII) მეფემ გაილაშქრა ალინჯას ყოვლითა სპითა ქართველითა, იმერლითა, მესხითა და შირვანელითა. მივიდა ალინჯას და გამოიყვანა ძე სულტნისა, შეყენებული ციხესა ალინჯისასა და დახოცა ლაშქარი თემურ ყაენისა და მოვიდა გამარჯვებული.

მაშინ ერისთავმან ვირშელმან მოიყვანა მეუღლე პატიოსანი ნათესავთაგან დიდ-ტომთა და სამეუფოთა, რომელსა ერქვა თამარ, რომლისა სიტურფე, სიკეთე-უკლებობა უნახავთაგან სანატრელ იყო და ნანახთაგან სატრფიალო, სანატრელ იქმნებოდა.

მაშინ მოვიდა თემურ სამანგნელი ყოვლითა სპითა ჩაღანელ-ქაშანელ სიყალბელი-ნაჰრომელ ინდუსტანელითა და ყოვლითა სპარსეთისა და აღმოსავლისა ლაშქრითა, დიდითა რისხვითა და გულის წყრომითა.

ხოლო გიორგი მეფე წავიდა ლიხთ-იმერეთს. მაშინ ერისთავი ვირშელი უკუდგა ციხესა ბეხუშისასა დედა-წულითა და ჯოგითა, და თანაჰყავდა კათალიკოზი ელიაზ ყოვლითვე საყდრისშვილთურთ და ხიზნითა დიდითა და ჯოგითა და ცხვრითა.

მოვიდა თემურ და წარმოუძღვა წინა ბურდიას-შვილი ვირშელი და შემუსრა ყოველნი ციხენი და დააქცია ყოველნი საყდარნი, მონასტერნი და ეკლესიანი და დაფარა ლაშქარმან მათმან ყოველნი მინდორნი მთანი და ტყენი, კლდენი და ხევნი, და ვითარცა ზღვამან დაფარა ყოველი ესე ქვეყანა. და მიეწია ლაშქარი მათი ქუთათისს ლეკეთს და დარიალსა და მოწვეს და მოაოხრეს ყოველი საქართველო დაყარეს მძორი მკვდრისა, ვითარცა მჭელი თივისა.

მაშინ ვირშელმან უკუაყენა ხიზანი და დედაწულნი ქნოღოს და თვით დადგა ბეხუშეს გარეშე ციხესა.

და მოვიდა მარბეველი ლაშქარი და მიაგება წინა მშვილდოსანნი და იწყეს სროლად და გამოასხეს ... ... ... ...სასა და მოირთეს ძალი და კვლავ შემოვიდნენ უმრავლესნი და მოვიდეს ციხეს, და ჩამოეგებნეს აზნაურისშვილები და იწყეს სროლად ისრითა და დაუხოცეს ცხენები და დაკოდეს მრავალი ისრითა და გამოასხეს ომითა და კვლავ გამოვიდნენ და ჰკრეს ქოსსა და შეიკრიბნენ სიმრავლითა დიდითა და წამოემართნენ ხევთა, ტყეთა, კლდეთა და მოჰმართეს ციხესა ბეხუშისასა.

მაშინ დადგა ერისთავი ზემოთ ციხესა, მოვიდა ლაშქარი ვითარ დაიტევდა სივიწრე ხევისა, დაქვეითდნენ და ჩამოეგებნენ წინა ვირშელი და მოახლენი მისნი და იწყეს სროლად, მერმე ამოიწვადეს ხმლები და ვერ მოეტეოდა ლაშქარი მრავალი და მიბრუნდეს წინანი მბრძოლნი, რამეთუ მრავალი მოკვდა მათგანი და წამოვიდა ყოველი სპა.

მაშინ ერისთავი გამარჯვებული მოვიდა ქნოღოს ხილვად დედა-წულთა.

ხოლო კაცმან ქნოღოელმან, რომელსაც ერქვა ხარება, აუწყა ყოველთა დვალთა, მტერი თქვენ ყოველთა, სახლსა შინა ჩემსა არს, აწ მოვიდით და მოვკლათ ესე, რამეთუ ხელთა შინა ჩვენთა არს. მაშინ შეიკრიბენ ყოველნი დვალნი სიხარულითა და წამოვიდნენ; ხოლო უფალმან არა მისცა მონა თვისი სიკვდილად ხელთა მათ, არამედ აუწყა კაცმან კეთილმან განზრახვა მათი და წამოვიდა ვირშელი ყოვლითურთ. ხოლო ხარება დიდად იხარკა არა წასლვა მათი, არამედ ერისთავმან შეჰმოსა სამოსლითა თვისითა და დადგომა არა უსმინა, წამოვიდნენ. მაშინ მოეწია ხარება და ზოგი რაიმე სალარო წაართვა.

ხოლო ვირშელი წამოვიდა და მას ღამესა მოვიდა ყოველი ლაშქარი დვალთა, ხოლო ხარება დიდად მწუხარე აბრალებდა დვალთა გამოშვებასა მათსა.

მაშინ თემურმა როდესაც მოაოხრა ყოველი და და ტყვენა, წავიდა შამს, ხოლო ტყვე და ალაფი ყოველი გაგზავნა სამარყანდს.

და დარჩა ერისთავსა ზემოსა თავადი ციხე ქვენიფნევს და სახლები, და ციხე ქოლოთისა, ციხენი ისროლისანი, ციხე ბეხუშისა, ციხენი უკანუბნისანი, სახლი ნაკაფოვნისა და სახლი წინაუბნისა და სხვა ყოველი ააოხრეს.

მაშინ დააქციეს ეკლესია ესე აღშენებული ერისთავისა იოვანესგან.

ხოლო ვირშელმა შეკრიბა ლაშქარი, რომელიც დარჩენოდა, მივიდა ქნოღოს, ხოლო ხარება და მიმდგომნი მისნი შეამწყვდია ციხესა შინა და დახოცა ყოველნივე და დააქცია ციხენი მათნი, დაწვა ქვეყანა მათი და აავსო ლაშქარნი ალაფითა და განუტევა შვილი ხარებასი სამისა წლისა ყრმა და მისცა დედასა მისსა და ერთი ძმა ხარებასი და დიდად შური აგო მათ ზედა.

მოუხდნენ დვალნი ბრძოლად, მაგრამ ვერ შეუძლეს. ხოლო ვირშელმა უბრძანა: უკუეთუ გნებავთ ხილვა ჩემი, მე მოვალ ქვეყანად თქვენდა და თქვენ რაცა გნებავთ იგი მიყავთ და უკუეთუ უფალმან ყოს სამართალი, ესრეთვე შური ვიგო თქვენ ზედაცა. და წამოვიდა შინა უვნებლად.

ამას ჟამსა მიეცა მათ ყრმა წული და გაიხარეს სიხარულითა დიდითა, რამეთუ შემდგომად ესეოდენთა ბოროტთა ესრეთ წყალობით მოხედვა-ყო ღმერთმან. და ნათელ-სცა მას წმიდამან მღდელთმთავარმან ქართლისამან და უწოდეს ქვენიფნეველი.

ამას ჟამსა ინება წმიდამან გიორგი ქაშოეთისმან მოსლვა მკვიდრობად სახლსა ვირშელისასა, რომლისა სასწაულნი, რომელთა იქმოდა, აურაცხელ არიან, ვითარცა ვარსკვლავნი ცისანი და ქვიშა ზღვისა. ამას ზედა ფრიად გაიხარა ერისთავმან და შეამკო ჯვარი და კუბო მისი და მოჭედა ვეცხლითა და ოქროითა და იწყო შენებად ეკლესიისა სახელსა ზედა მოწამისასა, საზღვარსა ვარნისასა, ადგილსა მშვენიერსა ყოვლით კერძო.

მაშინ მოვიდა მეფე გიორგი ლიხთ-იმერეთიდან და ესმა დვალთაგან ღალატი ერისთავისა. განრისხდა და განილაშქრა მათ ზედა და შემოვიდა გზასა აჩაბეთისასა და იწყო ტყვენვა და ოხრება მათი.

ხოლო ვირშელმა გაილაშქრა ზემოსა მხარსა და ჩავიდა სოსხოს და აიღო მას დღესა რვა ციხე და სოფელი და ყოველი მოწვა და მოაოხრა გარდა კაცთა მათ, რომელთა აუწყეს ღალატი დვალთაგან, მათი ყოველი უვნებლად დაიცვა. და მეორესა დღესა მივიდეს ყარას და დაწვეს ციხე და სოფელი ხუთი, და ხიზანი მათი შეეყენა ღელესა მთისასა, ადგილსა მაღალსა, ნაპრალსა კლდეთასა შეუვალსა ყოველითუთრ. შეუხდა ლაშქარი სიტყვით დაუჯერებელსა მას სიმაგრესა და აიღეს ყოველი ალაფი მათი.

მაშინ მთიულნი არაგვისა ზედაზნიდან დარიალამდისნი ყოველნი ერთად შეკრებით იყვნენ და უძღოდა მათ ერისთავი მათი სურამელი. ესე ყოველნი ბრძოლ იყვნეს კლდესა ხოჯისასა ორ დღე, და დაჰკლებოდა ხუთი კაცი საჩინო და მოეკლა გამზრდელი ერისთავისა მათისა და ვერა ევნო მისი სოფლისა დვალთათვის.

მაშინ მიეგზავნა მოციქული, ვითარმედ დიდი კეთილი იქმნა მოსლვა ჩვენი თქვენთვის, რამეთუ უკუეთუმცა აქა არა ყოფილ ვიყვენით, მოვიდოდა ვირშელი და ყოველი ლაშქარი მისი და ცუდ იქმნებოდა სიმაგრე თქვენი, ვითარცა-იგი ცუდ ქმნილ არს უშჯობესი სხვათა სიმაგრე წინაშე მათსა, დააქცევდეს ციხეთა თქვენთა, დასწვიდეს სოფელსა თქვენსა, წაგიღებდეს ყოველსა მონაგებსა თქვენსა. დაგხოცდეს მამათა ყოველთა და ცოლთა და შვილთა თქვენთა ტყვედ წაიყვანებდეს, არამედ მოსლვითა ჩვენითა ესე გარე-აგხდა, აწ დავივიწყოთ სისხლი კაცთა, რომელნი მოჰკლენით და მომეცით რაიმე პირუტყვი, რათა იხილონ ლაშქართა მათთა, რამეთუ მრცხვენის მათგანსა დაუქცევა ციხეები და აქვს ყოველი პირ... ... ...ვის უტკივნებია მათთვისა ... ხოლო ჩვენ არარა გვაქვს, მაგრამ კაცნი ესე, რომელ მოჰკლენით, და დაკოდილი ფრიად.

მაშინ დვალთა მოსცნეს კაცნი, მას ომსა შიგან შეპყრობილნი, და ძროხანი ოთხნი. აიყარნეს ორნივე ერისთავნი და ჩაიარეს მაღრან-დვალეთი. მივიდა ვირშელი და დადგა როკას, რამეთუ ვერ ეძლო სლვად ლაშქარსა სიმძიმისაგან ალაფისა და ქვემოთა მთიულთა მიჰმართეს კარად მეფისა. ხოლო ადგილსა მას ლაშქართა ვირშელისათა შეიპყრეს კაცი ივ (16) და მათ ასწავლეს დაფლული მრავალი განძი, რომელი ლაშქართა მეფისათა ვერა ეპოვნა. და მეორესა დღესა მივიდა ვირშელი წინაშე მეფისა, ხოლო მეფემან განიხარა და მიუგზავნა ალაფისაგან ვ (6) საკიდი ჭურჭელი ვერცხლისა და ოქროისა; ჱ (8) საკიდი ლარი, ს (200) ძროხა, ლ (30) ცხენი, ფ (500) ცხვარი, კივ (36) ქვაბი დიდ-დიდი. ხოლო მეფემან მრავალი მადლი წარმოაქო და უბოძა ორი ..., პირუტყვისა და ოქრო და ვერცხლი ურიცხვი...